LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფას მთავარი ექიმის რეკომენდაცია: ბელარუსთან მაინც უმაყურებლოდ?!

84
Dinamo-Arena-Meyer

იცით ვინ არის ტიმ მეიერი? ის უეფას სამედიცინო ჯგუფს ხელმძღვანელობს და, რა თქმა უნდა, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში თავისი ავტორიტეტული სიტყვა ეთქმის.

შოტლანდიური მედიასაშუალება “ედინბურგლაივის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უეფას სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელი რეკომენდაციას აძლევს ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს, უმაყურებლოდ გაიმართოს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების დასკვნითი საპლეიოფო მატჩები და პლუს ამას, ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებიც.

“უეფას ტურნირებსა და შიდა ჩემპიონატებს შორის არსებობს სხვაობა. პრობლემა ნაკლებია, როცა ერთი კონკრეტული ტურნირი ტარდება ერთ რომელიმე ქვეყანაში. მაგალითად, როგორც ვიცით, ჩემპიონთა ლიგა ჩატარდება პორტუგალიაში, კერძოდ – ლისაბონში, ხოლო ევროპალიგის გათამაშება გერმანიაში დაასრულდება…

ერთა ლიგაზე კი ვითარება სულ სხვაა. აქ შემოდგომაზე 55 ქვეყანა ერთბაშად ჩაერთვება გათამაშებაში და ეს ქმნის რისკს, თუნდაც მოგზაურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ევროტურნირების ახალი სეზონი აგვისტოში დაიწყება. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ თამაშები უმაყურებლოდ გაიმართოს…

არის ქვეყნები, სადაც უკვე დაუშვეს მაყურებელი სტადიონზე, მაგრამ ისინი გადაწყვეტილებას იღებენ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით. სხვა საქმეა საერთაშორისო თამაშები. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ მაყურებელს მას შემდეგ დაუშვებენ სტადიონზე, რაც პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება”, – ამბობს უეფას მთავარი ექიმი.

გამოცდილი დასტაქარის მონათხრობში ბევრი რამაა საყურადღებოცა და გასაგებიც, მაგრამ ვერ ვხვდებით ერთს: რატომ არ უნდა იქნას გათვალისწინებული კონკრეტულ მომენტში (ვგულისხმობთ თამაშის ჩატარების თარიღს) ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ვითარება?

ასე მაგალითად, თუ შემოდგომისთვის საქართველოში შენარჩუნდა ის ტენდენცია, რომელიც დღეს არის, რატომ უნდა დავუკეტოთ კარი სტადიონზე შესვლის მსურველ გულშემატკივრებს? ქომაგს ბელარუსთან მატჩში გადამწყვეტი მნიშვნელობაც შეიძლება მიენიჭოს. ცარიელი ტრიბუნები ხომ, ფაქტობრივად, გვისპობს მასპინძლის უპირატესობას?!

იმედია, უეფა გადახედავს თავის მიდგომას, ყველას ერთ ქვაბში არ “მოხარშავს” და თითოეულ მატჩზე მაყურებლის დაშვების საკითხს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე მიიღებს.

 

lelo.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები