LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი ფულის შესახებ: რა ხდება ევროპულ ფეხბურთში

ruedb6b84cb0f

უეფამ საფეხბურთო ფინანსებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ევროპული კლუბების ბოლო 10 წლის ფინანსური ოპერაციები შეისწავლეს.

დასკვნა კი ასეთია – ევროპული ფეხბურთი პირველად ისტორიაში გახდა მომგებიანი. უეფას წარმომადგენელთა აზრით, ეს ფინანსური ფეარ-პლეის დამსახურებაა.

შემოსავალი ”დიდი ხუთეულის” წარმომადგენელ თითქმის ყველა კლუბს მოაქვს (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი). გარდა ამისა, მომგებიანია პორტუგალიის, ჰოლანდიის, ბელგიის და ავსტრიის ჩემპიონატებიც.

ხელფასები

უეფა ფინანსური ფეარ-პლეის მთავარ მიზნად ყოველთვის ფეხბურთელების ხელფასების წილის შემცირებას ისახავდა კლუბების შემოსავლებთან მიმართებაში. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წესები მართლაც შედეგის მომტანია. ამჟამად ხელფასებზე კლუბების საერთო შემოსავლების 61,3% იხარჯება, ეს კი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ყველაზე ჯანსაღი სიტუაცია ამ მხრივ ტოპ 20 ჩემპიონატიდან ბუნდესლიგაშია.
გერმანული კლუბები საერთო შემოსავლების მხოლოდ 53%-ს ხარჯავენ ხელფასებზე, ინგლისისა და ესპანეთის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 65 და 58 %-ია.
ყველაზე ცუდი სიტუაცია კი უკრაინასა და საბერძნეთშია. კლუბები მოთამაშეთა ხელფასებზე შემოსავლის 98 და 97 %-ს ხარჯავენ მაშინ, როდესაც ნორმად 70% ითვლება.

ხელფასები კი ზრდას აგრძელებს.
ტოპ 5 ჩემპიონატში კლუბების მიერ მოთამაშეებისათვის გადახდილი ანაზღაურება მილიარდს აღემატება. პრემიერლიგის 20 კლუბი ხელფასებზე 3 მილიარდ ევროზე მეტს ხარჯავს, რითიც ისინი ესპანეთს მთელი 1,8 მლრდ ევროთი უსწრებენ.

ინგლისის ტოპ 4 კლუბი მოთამაშეებს დაახლოებით 285 მლნ ევროს უხდის, ტოპ 5-8 კლუბი – დაახლოებით 162 მლნ ევროს, მეორე ათეულის კლუბები კი 98 მლნ ევროს.

„რეალი“ მსოფლიოში პირველია სახელფასო უწყებებით. 2017 წლისთვის ის 406 მილიონ ევროს შეადგენდა. საშუალო ყოველწლიური ზრდა ბოლო 10 სეზონის განმავლობაში – 32%.

ტოპ 20-ში შევიდნენ სამი ესპანური, 9 ინგლისური, ერთი ფრანგული, ოთხი იტალიური და სამი გერმანული კლუბი.

ტრანსფერები

აქ ტოპ 5 ქვეყნის დომინაცია ნამდვილად თვალშისაცემია. ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიო ტრანსფერებზე დახარჯული თანხების 71% მოდის პრემიერლიგაზე (26%), სერია ა-ზე (16%), ლა ლიგაზე (12%), ბუნდესლიგასა (9%) და ლიგა 1-ზე (6%).

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში პრემიერლიგის გავლენა სხვა ჩემპიონატებზე კიდევ უფრო გაიზარდა. ტოპ 5 ლიგაზე მოდის მსოფლიო სატრანსფერო თანხების 75 და 76 %.სხვა ევროპული ლიგები მთლიანი სატრანსფერო თანხების 10%-ს ხარჯავენ.

ყველაზე ხშირად ევროპული კლუბები ბრაზილიელებს ყიდულობენ – სატრანსფერო თანხების 14% სწორედ მათზე მოდის. 9% იხარჯება ფრანგების, ხოლო 6% არგენტინელებისა და ესპანელების შეძენაში.

მფლობელები და სპონსორები

ყველაზე მეტი უცხოელი მესაკუთრე პრემიერლიგის კლუბებს ჰყავთ. 20-დან 13 კლუბი უცხოელს ეკუთვნის. იტალიის სერია ა-ს ოცივე კლუბი, ისევე როგორც პრემიერლიგის კლუბები, კერძო საკუთრებაა, მაგრამ 20-დან მხოლოდ 4-ს ჰყავს უცხოელი მეპატრონე. საფრანგეთის ლიგა 1-ის შემთხვევაში ეს ციფრი 6-ია.

პრემიერლიგის კლუბებს ჰყავთ არა მხოლოდ ყველაზე მეტი უცხოელი მესაკუთრე, არამედ სპონსორიც. ლიგის 20 კლუბიდან 17-ს უცხოელი სპონსორი ჰყავს, რაც ევროპული კლუბების საერთო რაოდენობის მესამედს შეადგენს.

შემოსავლები

ამ მაჩვენებლითაც პრემიერლიგა ლიდერობს. 2017 წელს მთლიანი ევროპული შემოსავლების 27% პრემიერლიგის კლუბებზე მოდიოდა. ესპანეთის და გერმანიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 14%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ პირველად ესპანეთი გერმანიას დაეწია.

კლუბებს შორის შემოსავლებით ”მანჩესტერ იუნაიტედი” ლიდერობს (676 მლნ ევრო), მეორე ადგილს კი მადრიდის ”რეალი” იკავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო დროინდელი ტენდენციების მიხედვით, ”იუნაიტედის” შემოსავლები იკლებს, ”სამეფო კლუბის” კი იმატებს.

ევროპული კლუბების ტოპ 30-ში (შემოსავლების მიხედვით) 2017 წლის მონაცემებით 13 კლუბია პრემიერლიგიდან, მხოლოდ 3 ლა ლიგიდან, 6 ბუნდესლიგიდან, 5 სერია ა-დან და მხოლოდ 2 ფრანგული კლუბი.

დასწრება

ერთი გულშემატკივრისგან ყველაზე დიდ თანხას ”პსჟ” და ”ჩელსი” იღებენ – ადამიანზე 87 ევროს.
დასწრების მიხედვით გერმანია ლიდერობს, სადაც მატჩს საშუალოდ 44,5 ათასი ადამიანი ესწრება. პირველ შვიდეულში ასევე ინგლისი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ჰოლანდია და შოტლანდია შედიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები