LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალშობილს ქუდი, ხელთათმანი და თბილი წინდა არ სჭირდება“ – ნეონატოლოგი ხათუნა შარია ჩვილის მოვლის წესებს გვიზიარებს

49
xatuna

როგორია ახალშობილებში წონის მატების კრიტერიუმი, რით არის გამოწვეული წონის დეფიციტის პრობლემა, როდის უნდა მივცეთ ბავშვს ხელოვნური საკვები, როგორ და რა პირობებში უნდა ეძინოს ბავშვს – ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ჯანმრთელობის სახლის“ ნეონატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი-ნეონატოლოგი – ხათუნა შარია პასუხობს.

ქალბატონო ხათუნა, პირველი ჩემი კითხვა ეხება ბავშვის წონას, ახალშობილის წონაში მატების კრიტერიუმს. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვი სამშობიაროს პერიოდში საერთოდ არ უნდა იმატებდეს წონაში და რომ ამ პერიოდში აბსოლუტურად დასაშვებია წონაში კლება და შემდეგ მატება. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს მოსაზრება და რეალურად რა არის სწორი?

ცნობილია, რომ სიცოცხლის პირველ დღეებში, ახალშობილთა უმრავლესობა წონაში იკლებს, ეს დანაკლისი არც ისე ბევრია, საერთო მასის დაახლოებით 6-10%-ს შეადგენს, რაც საშუალოდ 150-დან 300 გრამამდეა. დაბადებიდან მეოთხე დღეს ახალშობილი უკვე იწყებს მატებას. ეს არის სტანდარტი, მაგრამ არა დოგმა. რა თქმა უნდა, გამონაკლისი ყველა შემთხვევაში არსებობს, ზოგი ახალშობილი უცებვე იწყებს მატებას, ზოგი მოგვიანებით და ეს ყველაფერი უკვე ინდივიდუალურად ფასდება. მთავარია ბავშვი ჯანმრთელი იყოს და ნორმალურად იკვებებოდეს.

არსებობს მოსაზრება, რომ დიდი წონით დაბადებული ბავშვები შემდგომ უფრო ნელა იმატებენ, ვიდრე პატარა წონით დაბადებულებიმ, ეს მოსაზრება მითია თუ შეესაბამება სიმართლეს?

ეს მოსაზრება სინამდვილესთან ახლოს არის. ჯერ ერთი, დიდი წონის ბავშვები უფრო მეტსაც იკლებენ, ვიდრე პატარა წონის ბავშვები და დიდი წონის ბავშვები უფრო ნაკლებად იმატებენ, ვიდრე პატარა წონის ბავშვები, თუმცა, რა თქმა უნდა, არც ეს არის დოგმა.

უფრო მეტად რასთან გვაქვს ხოლმე პრობლემა, როცა ახალშობილს წონის დეფიციტის პრობლემა აქვს, როცა ნამატი არ არის იმდაგვარი, როგორიც უნდა იყოს?

არსებობს გარკვეული ნორმები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოიმატოს ბავშვმა, ჩვილობიდან მოზრდილობამდე. როგორც უკვე აღვნიშნე, ზოგიერთი ბავშვი დაბადებიდან ცუდად იმატებს, ზოგი რაღაც დროის მერე ანელებს ან წყვეტს მატებას და როგორც წესი, ამას სიმაღლეში ზრდის შეფერხებაც მოსდევს. წონის ცუდი მატება ეს არ არის დაავადება, მაგრამ შესაძლოა სამედიცინო პრობლემის განვითარების, ქცევითი დარღვევის, ადეკვატური კვების ნაკლებობის ან ამ მიზეზების ერთობლიობის შედეგი იყოს. წონის ცუდი მატების მიზეზი უამრავია, მე რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას. მცირე წონა დაბადებისას შეიძლება გამოწვეული იყოს: თანდაყოლილი დეფექტებით, მომწამვლელი ნივთიერებების გავლენით, სუსტი წოვით, ძუძუთი კვების პრობლემებით, ხელოვნური ნარევის არასწორი მომზადებით, სასურველზე ნაკლები სიხშირით კვებით, რეფლუქსით, თანდაყოლილი დაავადებებით და ა.შ. თუ ბავშვი ანელებს ან წყვეტს წონაში მატებას, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ პედიატრს, რომ დროულად გაირკვეს ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი.

ყველა ექიმი ერთხმად აღნიშნავს, რომ ძუძუთი კვებას არ გააჩნია ალტერნატივა. როდის არის საკმარისი მხოლოდ ძუძუთი კვება, როდის არის აუცილებელი დამატებით ხელოვნური საკვების მიცემა და როდის ხდება მთლიანად ხელოვნურ საკვებზე გადასვლა?

ძუძუთი კვების მნიშვნელობა ფართოდ აღიარებული და დასაბუთებული ფაქტია. ქალის რძე საუკეთესო, განუმეორებელი, ცოცხალი ბიოლოგიური საკვებია, რომლის შემადგენლობაც ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით იცვლება. ჩვილობის ასაკში ძუძუთი კვება მოზარდის ჯანსაღი ფიზიკური და გონებრივი განვითარების საფუძველია. ქალის რძე ჩვილს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში ეხმარება და მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს. წლების მანძილზე უამრავი ხელოვნური ნარევი დამზადდა, მაგრამ დედის რძის ანალოგი მაინც ვერ შეიქმნა, ეს დასაბუთებულია. ყველა დედას შეუძლია ბავშვი გამოკვებოს დედის რძით, რაც ყველა ახალშობილისთვის აუცილებელია. კვების სხვადასხვა მოდელი არსებობს. პირველია ბუნებრივი მოდელი, როდესაც ბავშვი მხოლოდ ბუნებრივ კვებაზეა. მეორეა ხელოვნური მოდელი, როდესაც ბავშვი მხოლოდ ხელოვნურ კვებაზეა. შემდეგია შერეული მოდელი, როდესაც ბავშვი ორივე სახის საკვებს იღებს, ბუნებრივსაც და ხელოვნურსაც. შერეულ მოდელში ხელოვნური კვება საერთო მოცულობის ერთ მეხუთედზე მეტია. როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო დედა ვერ ახერხებს ახალშობილის ბუნებრივი კვებით დაკმაყოფილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ბუნებრივი კვება ადაპტირებული ნარევით უნდა ჩაანაცვლოს, რაშიც დედას მხოლოდ გამოცდილი პედიატრი დაეხმარება. საკვები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩეს, ამიტომ ეს პედიატრმა უნდა გააკეთოს. შერჩეული საკვების შეცვლა არ შეიძლება, რადგან ხშირმა ცვლილებამ შეიძლება კვებითი ტოლერანტობის დარღვევა და რძის აუტანლობა გამოიწვიოს.

რაზე დაყრდნობით უნდა შეირჩეს სწორად ხელოვნური საკვები?

როგორც უკვე აღვნიშნე, საკვები ექიმმა უნდა შეარჩიოს, რადგან ეს უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, საჭიროების მიხედვით. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს სჭირდება თუ არა ხელოვნური საკვები ახალშობილს და შემდეგ უკვე ერთობლივად დედის ჩივილებიდან და ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე შეარჩევს პედიატრი საკვებს.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება ახალშობილის კოლიკა. თქვენი ამდენ წლიანი გამოცდილებით, არსებობს თუ არა კოლიკის უნივერსალური წამალი?

პირველ რიგში, მოკლედ განვიხილავ კოლიკას. ახალშობილთა კოლიკა აღნიშნავს 4 თვემდე ბავშვებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ, უსიამოვნო მდგომარეობას, რისი მიზეზიც ბავშვის ნაწლავებში დაგროვილი აირებია, რაც ძლიერ და უეცარ მუცლის ტკივილს იწვევს. ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა დაბადებიდან პირველი 3-4 თვის განმავლობაში ნელ-ნელა ადაპტირდება გარემოსთან, კოლიკა ამ ადაპტაციის პროცესის ერთ-ერთი მტკივნეული, თუმცა ხშირ შემთხვევაში აუცილებელი და არა საშიში კომპონენტია. მედიცინისთვის ჯერ კიდევ უცნობია კოლიკის ზუსტი მიზეზები და სწორედ ამიტომაც ვერ შველიან მას.

ბავშვის ნაწლავებში აირების დაგროვება შეიძლება გამოიწვიოს: ალერგიამ ძროხის რძის ცილაზე, ლაქტოზის აუტანლობამ, უმწიფრობამ, ნახშირწყლების არასრულმა შეწოვამ, ნაწლავის ფუნქციის ჩამოუყალიბებლობამ, ძუძუთი კვების არასწორმა ტექნიკამ, არაჯანსაღმა, სტრესულმა სიტუაციამ. კოლიკისთვის დამახასიათებელია ტირილი, რომელიც უეცრად, უმიზეზოდ იწყება და სრულდება. ამ დროს ბავშვი საღამოობით, ერთსა და იმავე დროს ტირის. კოლიკით გამოწვეული ტირილი განსხვავდება შიმშილით და დაღლილობით გამოწვეული ტირილისგან, ბევრად უფრო ხმამაღალი და ხანგრძლივია. ხშირად ბავშვი კი არ ტირის, არამედ კივის. ტირილის დროს ბავშვი შეიძლება იყოს დაჭიმული და შეიძლება ჰქონდეს: რკალისებურად მოხრილი სხეული, მუშტებად შეკრული ხელები, დაჭიმული მუცელი. ამ დროს ბავშვი შეუჩერებლად, გაბმულად ტირის და მისი დაწყნარება ფაქტობრივად შეუძლებელია მანამ, სანამ კოლიკა არ გაუვლის. ტირილებს შორის ბავშვის ზოგადი მდგომარეობა ნორმალურია. თუ ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია, არ ვლინდება ტირილის სხვა პათოლოგიური მიზეზი, თუ ბავშვი დღე-ღამეში 3 და მეტი საათის განმავლობაში და კვირაში არანაკლებ სამი დღის განმავლობაში ტირის და ეს გრძელდება არანაკლებ 3 კვირისა, სავარაუდოდ პატარას სწორედაც რომ კოლიკა აწუხებს. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვის ტირილის ხანგრძლივობა დაბადების შემდეგ თანდათან იზრდება, პიკს 5-6 კვირაზე აღწევს და შემდეგ 3 თვის ასაკში უკვე მცირდება.

კოლიკის დროს მედიკამენტური დახმარება გამოუვალ მდგომარეობაში ინიშნება და ეს სპეციალისტის გადაწყვეტილებით ხდება. კოლიკის დროს საკმაოდ ეფექტურია შემდეგი მეთოდები და სასურველია მათი გათვალისწინება. ფრთხილად უნდა აიყვანოთ პატარა, ჩაიხუტოთ და მსუბუქად მრავალჯერ უნდა გადაუსვათ ხელი ზურგზე, თან ფრთხილად უნდა ამოძრაოთ ბავშვი, ამით თქვენ ხელს უწყობთ ნაწლავებიდან აირების გამოდევნას. შეგიძლიათ ბავშვი დაიწვინოთ მუცლით ხელზე და მეორე ხელით დააფიქსიროთ მისი ზურგი, ბავშვის ხელები და ფეხები აქეთ-იქით უნდა იყოს ჩამოყრილი. აღნიშნულ პოზაში ბავშვის კუნთები დუნდება და ეს ხელს უწყობს მუცლის ღრუს აირებისგან განთავისუფლებას. შეგიძლიათ ბავშვი დააწვინოთ ზურგზე და მოუხაროთ ფეხები მუცლისკენ და ჩამოაწევინოთ. ეს პროცედურა რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ. ამ დროსაც მუცლის ფარის კუნთების მოდუნება ხდება და ეს ხელს უწყობს ტკივილის გაქრობას. ხშირად დედები მჭიდროდ უხვევენ ბავშვს ტანს პლედში, ხელების ჩათვლით, რაც მათ დაცულობის შეგრძნებას უჩენს, რაც ხელს უწყობს მათ მოდუნებას და რასაც ტკივილის შემსუბუქებამდე მივყავართ.

რომელი კვლევების ჩატარება არის მნიშვნელოვანი დაბადების პირველ დღეებში და პირველ თვეებში?

სამშობიაროში დაბადებიდან 24 საათში, ბავშვს უტარდება სკრინინგი, გულის თანდაყოლილ მანკებზე. ტარდება სმენის სკრინინგი, მეტაბოლური სკრინინგი და სისხლის საერთო ანალიზიც. შემდეგ ბავშვი ეწერება სახლში და თუ ის ნორმალურად ვითარდება, მას დამატებითი კვლევები აღარ სჭირდება. 2 თვიდან უკვე ვიწყებთ გეგმურ აცრებს, ამიტომ საჭიროა ბავშვის ამ აცრებისთვის მომზადება. აუცილებელია აცრამდე ბავშვს ჩაუტარდეს სისხლის საერთო ანალიზი და ნეიროსონოსკოპია. 1 თვის ასაკში ნევროლოგის კონსულტაციაც მნიშვნელოვანია. სამი თვის ასაკში სასურველია კარდიოექოსკოპიური გამოკვლევა და აუცილებელია ორთოპედის კონსულტაცია და მენჯ-ბარძაყის ექოსკოპია.

მშობლები ხშირად ნერვიულობენ ბავშვის გაციებაზე და ამიტომ ხშირად ძალიან თბილად აცმევენ პატარას. ჩვენ ხშირად გვინახავს თბილ წინდებში, ქუდში, ხელთათმანებში გამოწყობილი ბავშვი. რამდენად აუცილებელია ამ სამი კომპონენტის გათვალისწინება ახალშობილის ჩაცმისას?

ხშირად მოჰყავთ ჩვენთან ასეთი ჩაფუთნული ბავშვები, მაგრამ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აუცილებლობას არ წარმოადგენს. ქუდს ბავშვს ვაფარებთ დაბანიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში, სხვა დანარჩენ დროს, სახლში, ნორმალური ტემპერატურისას ქუდი აუცილებელი არ არის. ხელთათმანები ბავშვს სამშობიაროში სჭირდება, რომ მან არ გაიკაწროს სახე. სახლში გაწერის შემდგომ აუცილებლად უნდა დავაჭრათ ახალშობილს ფრჩხილები და შემდეგ ეს ხელთათმანებიც აღარ დასჭირდება. ჩვენთან ხშირად მოჰყავთ ბავშვები ხელთათმანებით, მაგრამ ვუხსნით მშობელს, რომ არ არის საჭირო და ვახსნევინებთ.

როგორ და რა პირობებში უნდა ეძინოს ბავშვს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ახალშობილის საწოლის შერჩევისას?

ბავშვს დაბადებიდანვე თავის საწოლში უნდა ეძინოს, ეს აუცილებელი პირობაა. ბავშვს ზურგზე უნდა ეძინოს და საწოლის ზედაპირი მყარი უნდა იყოს. შესაძლებელია ოდნავ ამაღლებული პოზიციაც. საწოლში არ უნდა იყოს მოძრავი, არა ფიქსირებული საგნები. არ არის რეკომენდებული მუცელზე ძილი, რადგან ასეთი პოზიციის დროს, სამწუხაროდ იზრდება ჩვილის უეცარი სიკვდილის განვითარების რისკი. ეს ყველაფერი საჭიროა უსაფრთხო ძილისთვის.

თქვენი დაკვირვებით, რა არის ის გავრცელებული შეცდომები, რასაც დედები ჩვილებთან ურთიერთობისას უშვებენ?

ბევრი მშობელი თვლის, რომ ჩვილი ყოველდღე არ უნდა აბანაოს, რადგან ეშინიათ, რომ ბავშვი გაცივდება. 6 თვემდე ასაკის ბავშვი სასურველია ყოველდღე ვაბანაოთ, მიუხედავად სეზონისა. ამ დროს არაა საჭირო საძინებლის ზედმეტად გათბობა,  საძინებელში 20-დან 22 გრადუსამდე ტემპერატურა უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უფრო მაღალი ტემპერატურა უნდა იყოს აბაზანაში, სადაც ბავშვს ვბანთ, ტემპერატურა დაახლოებით 25 გრადუსამდე უნდა იყოს. სასურველია ჩვილი ერთსა და იმავე დროს ვაბანაოთ. ბანაობისთვის ყველაზე სასურველი დრო ღამით, ბოლო კვების წინა პერიოდია.

მშობლები ხშირად თვითნებურად ასმევენ ბავშვებს გარკვეულ მედიკამენტებს. რამდენად სწორია ასეთი ქმედება?

რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი მეთოდი. მშობლები ხშირად მთხოვენ დამამშვიდებელს, რადგან მათი თქმით, ბავშვს არ სძინავს კარგად და მშვიდად. თუ ბავშვს რაიმე პრობლემა აქვს, მაშინ მე ნევროლოგის კონსულტაციას ვურჩევ მათ და შემდეგ ნევროლოგი წყვეტს სჭირდება თუ არა ბავშვს დამამშვიდებელი მედიკამენტი. ჩვენ უნდა დავადგინოთ არამშვიდი ძილის მიზეზი, რუტინულად არ უნდა მივცეთ ბავშვს წამალი. მინდა დავამატო, რომ აუცილებელია მომავალი დედა მოემზადოს ამ მნიშვნელოვანი ფუნქციისათვის და მეტი რამ შეიტყოს ბავშვის მოვლის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები