LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტროლოგიის ზოგადი მნიშვნელობა და მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში – ასტრომაგია

12
sofia_bzekalav

19 მარტს „ავტორადიოს“ გადაცემაში „ასტრომაგია“, რომელიც ასტროლოგიის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, სოფია ბზეკალავამ პირად გამოცდილებასა და ზოგადად, ასტროლოგიის მნიშვნელობაზე, მის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ასტროლოგია, როგორც მეცნიერება 

20-21 მარტს მსოფლიო ასტროლოგთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თანამედროვე სამყაროს მხარდამხარ, ბოლო დროს საქართველოშიც აქტიურად ინტერესდებიან ასტროლოგიით, რადგან ბევრი მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, სასარგებლოა მისი პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოყენება.

ასტროლოგია, რომელიც ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა, მზის, მთვარის და პლანეტების გავლენას შეისწავლის ადამიანზე. თუმცა, პლანეტები, რომელთაც ინდივიდუალური ხასიათი აქვთ, არა მხოლოდ ადამიანის ცხოვრებას, არამედ ქვეყნის ბედს, დროის გარკვეულ პერიოდს და პოლიტიკურ სიტუაციასაც განსაზღვრავენ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ასტროლოგიას უამრავი მიმართულება აქვს. მაგალითად, მუნდანური ასტროლოგია ქვეყნებსა და გეოპოლიტიკურ მოვლენებს სწავლობს, სამედიცინო ასტროლოგია – ადამიანის ჯანმრთელობას და დაავადების მიმართ მის მიდრეკილებას, თავსებადობის ასტროლოგია კი, ორი ადამიანის ურთიერთბას იკვლევს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

სასარგებლო ასტროლოგია 

საკუთარი თავის გაცნობის უამრავ მეთოდს შორის ერთ-ერთი სწორედ ასტროლოგიაა. ადამიანის პრობლემების მთავარი მიზეზი საკუთარ თავთან გაუცხოება და დიალოგის დეფიციტია, რადგან მას წარმოდგენა არ აქვს საკუთარ პოტენციალზე და არაფერი იცის იმ ნაკლოვანებებზე, რომელთა გამოსწორება აუცილებელია, არადა, ცხოვრების მოსაწესრიგებლად და ბედნიერების მოსაპოვებლად, პირველ რიგში სწორედ საკუთარი თავის გაცნობა, შესწავლა და შეყვარებაა საჭირო, რაშიც ასტროლოგიას ყველაზე უკეთ შეუძლია „მაშველის“ როლის შესრულება, რადგან  მისი შესწავლით, ადამიანი განსხვავებულად, ბევრად მშვიდად და ობიექტურად აღიქვამს სამყაროს და საკუთარ თავს, რადგან ხვდება, რომ ყველაფერს, მათ შორის ნეგატიურ მოვლენებსაც თავისი მიზეზები აქვთ.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ასტროლოგთა უმეტესობას, მისი შესწავლისკენ სწორედ ცხოვრებისეულმა პრობლემებმა უბიძგა. სერიოზული სტრესის დროს, როცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ ცხოვრება დასრულდა, ნაწილი სამყაროზე, საკუთარ თავზე ბრაზდება და დინებას მიყოლილი უსიამოვნებების მორევში იძირება, ნაწილი კი, გადარჩენას არასასურველი შედეგების გამომწვევ მიზეზთა პოვნით ცდილობს, რომელთა მოძიებას მართალია, გარე ფაქტორებით იწყებს, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც აცნობიერებს, რომ პრობლემის მთავარი მიზეზი თვითონაა, რადგან სწორედ მისმა მოქმედებამ გამოიწვია უსიამოვნებები. სხვათაშორის, სირთულეებით, რომელთაც ბევრი ტრაგედიად აღიქვამს, არათუ მთავრდება ცხოვრება, არამედ პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რადგან განსაცდელი, ერთგვარი გამოცდა და შემზადებაა რადიკალური ცვლილებებისთვის.

კარმა

ზოგადად, ასტროლოგია კარმის პრინციპებს ემყარება. მართალია, ბევრი კარმაზე ხუმრობით, თითქოს ქილიკით საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში ის მიზეზისა და შედეგის კავშირია, ანუ ადამიანი ზუსტად იმას იბრუნებს, რასაც გასცემს. კარმა, საკმაოდ ფართო მცნება, რთული და გრძელი ჯაჭვია, რომელიც არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, არამედ წინა ინკარნაციებისას დაგროვილ გამოცდილებას, ნამოქმედარს გულისხმობს და აწმყოში მიმდინარე მოვლენებიც, ხშირად წარსულ ცხოვრებას უკავშირდება.

ასტროლოგია სულის რეინკარნაციის პრინციპს აღიარებს, როცა სხვადსხვა ინკარნაციისას სული განსხვავებული სხეულით ევლინება სამყაროს. არსებობენ „ბებერი“ და „ახალგაზრდა“ სულები, თუმცა „ბებერი“ სული არა მის ხშირ რეინკარნაციას, არამედ მეტი გამოცდილების შეძენას, “ახალგაზრდაზე” სწრაფად გაზრდასა და განვითარებას გულისხმობს.

არსებობს 12 ინკარნაციული ციკლი, როცა სული მოგზაურობის 4 სტადიას გადის და განვითარების გარკვეულ დონეს აღწევს, მომდევნო ინკარნაცია კი, მხოლოდ შეძენილ გამოცდილებაზეა დამოკიდებული. უმაღლესი დონის სულები თვითონ ირჩევენ სასურველ დროს და ეპოქას, რადგან სწორედ იქ აქვთ განსაკუთრებული მისია შესასრულებელი.

გამომდინარე აქედან, მოცემულ ინკარნაციაში ადამიანმა მორალურად და ზნეობრივად სწორად უნდა იცხოვროს, რადგან შედეგეს არა ერთი ცხოვრება, არამედ შემდგომი ინკარნაციითაც განსაზღვრავს, მისი ნამოქმედარი გროვდება და ერთის მხრივ, ბაგაჟად მიჰყვება შემდგომ ცხოვრებაში, მეორეს მხრივ, კი, გენეტიკურ მემკვიდრეობად გადაეცემა შთამომავლობას. ბევრი, ცდილობს მატერიალურად უზრუნველყოს შვილები და შვილიშვილები, ნაკლებად აქცევს ყურადღებას რამდენად კეთილსინდისიერადაა ქონება მოპოვებული და იმდენად ნეგატიურ მემკვიდრეობას უტოვებს შთამომავლებს, რომელსაც ვერანაირი მატერიალური სარგებელი ვერ გადაფარავს.

სხვათასორის, ყველა ადამიანის პირად ჰოროსკოპში ჩანს გენეტიკური ხაზი, რადგან სული წინა ინკარნაციაში შეძენილი გამოცდილების შესაბამისად დაბადებამდე ქვეცნობიერად ირჩევს კონკრეტულ ოჯახს და კონკრეტულ გენეტიკას. მაგალითად, სასტიკი მეომარი, რომელიც გარკვეული მიზეზებით ამართლებდა საკუთარ ძალადობას, აუცილებლად იმ გენეტიკურ ხაზს გააგრძელებს, რომელსაც მეტწილად სამხედროები ან ძალაუფლების მოყვარე ადამიანები შეადგენდნენ.

ყველა ადამაინს აქვს გენეტიკური მეხსიერება, რომელიც აუცილებლად იმახსოვრებს წინა თაობების ცხოვრების წესს, ერთგვარ შაბლობნად აქცევს და ერთნაირად გადასცემს შემდეგ თაობას როგორც ქალის, ისე მამაკაცის ხაზით, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს პირად ჰოროსკოპშია მზე და მთვარე, რომელიც გენეტიკურ შაბლონებს განსაზღვრავს.

მართალია, ყოველი შემდეგი თაობა გენეტიკური მემკვიდრეობით იღებს ურთიერთობის იმ მოდელს, რომელიც მის დედას, ბებიას ან შორეულ წინაპარს ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული  რამდენად გაიმეორებს მიღებულ გამოცდილებას, რადგან ყოველთვის შეიძლება არასწორი გენეტიკური ფორმულის შეცვლა, საჭიროა მხოლოდ გაცნობიერება, რომ პრობლემა მხოლოდ ფსიქოლოგიური შაბლონია – თითქოს არ იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას. გენეტიკური მითის დანგრევის საუკეთესო საშუალება საკუთარ თავზე მუშაობა და გულწრფელად შეყვარებაა, რაც ადამიანის აღქმა და სამყაროს მიმართ დამოკიდებულებასაც ცვლის.

სოფია ბზეკალავას ასტროლოგიური გამოცდილება –

თავად სოფია ასტროლოგიით კარმულ წლებში (პერიოდები 9 და 18 წლიანი ციკლით, როცა სამყარო ამოწმებს ადამიანს, თუ რამდენად გაცნობიერებულად ცხოვრობს ის), პირადი პრობლემებით დათრგუნული დაინტერესდა, როცა სერიოზული ტკივილი განიცადა. საოცარი პროტესტის გრძნობა, უამრავი შეკითხვა გაუჩნდა, პასუხებს კი, ჯერ სრულ იზოლაციაში საკუთარ თავთან დიალოგით, მერე ასტროლოგიის შესწავლით მიაგნო, რომლითაც პირველად მოსწავლეობის პერიოდში დაინტერესდა. საკუთარი ჰოროსკოპის დეტალურად  შესწავლის შემდეგ სოფიამ აღმოაჩინა, რომ ასტროლოგიის შესწავლის ნიჭი წინა ინკარნაციიდან მიიღო მემკვიდრეობით, თითქოს იცოდა ქვეცნობიერად მის შესახებ, თუმცა არასდროს იყენებდა პრაქტიკაში.

სოფიას განცხადებით, სწორედ ასტროლოგიამ იხსნა ყველაზე მძიმე პერიოდში,ეტაპობრივად შეუდგა მის შესწავლას და დღემდე აგრძელებს, რადგან თვლის, რომ ასტროლოგია ყველა თვისი მიმდინარეობითა და ნიუანსით ამოუწურავია, ამიტომ მის სრულყოფილად გამოკვლევას ათწლეულები და ნამდვილი თავდადება სჭირდება.

ასტროლოგიური მისია 

არსებობს სხვადსხვა ტიპის ასტროლოგიური მისია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იცვლება, ამიტომ კონკრეტულ წელს დაბადებული ადამიანი კონკრეტული მისიით იბადება, რომელიც ან მის პირად ჰოროსკოპშია ჩადებული, ან გარე ფაქტორების გავლენით სრულდება. მაგალითად, აღმავალი კვანძი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში, ადამიანს საკუთარი ნებით ან აუცილებლობით აიძულებს საზღვაგარეთ გამგზავრების, სადაც სრულად შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას.

პირადი ჰოროსკოპის დანიშნულება 

ზოგადად, ასტროლოგია ძალიან ფართო და ყოვლისმომცველი სფეროა –  ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის პირად ჰოროსკოპს შეიცავს, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს მის  ფსიქოტიპს და პერიოდს დაბადებამდე, დედის  ფეხმძიმობას და გენეტიკურ მემკვიდრეობას. მზე, რომელიც ზოგიერთ ნიშანში ძლიერად, ზოგში კი, შედარებით სუსტადაა გამოვლენილი, ჰოროსკოპის ნიშანზე მიანიშნებს და მამას განასახიერებს, რომელიც თავის მხრივ, ადამიანის თვითშეფასებაზე ახდენს გავლენას, ანუ კარგი მამა  ადამიანის თვითშეფასებას ამაღლებს და ბრძოლისუნარიანობას აძლიერებს, ცუდი კი, პირიქით, თრგუნავს მის თვითშეფასებას.

პლანეტა მერკური, რომელიც ყველა ზოდიაქოს ნიშნშია,  ადამაინის აზროვნებას, სწავლის და კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღებისა და გაცემის, ორატორულ ნიჭსა და მოსმენის უნარს განსაზღვრავს.

პირადი ჰორისკოპი ადამიანს საკუთარი ნიჭის, უნარების აღმოჩენასა და კონკრეტულ სფეროში მის გამოყენებაში ეხმარება. სხვათაშორის, ხშირად ადამაინი ვერც ბედავს საკუთარი ნიჭის გამოყენებას, თუმცა პირადი ჰოროსკოპის მიხედვით, სწორედ გარკვეულ სფეროში აქტიური საქმიანობით შეუძლია წარმატების მიღწევა. ამასთანავე, პირადი ჰოროსკოპი ანუ პირადი ასტროლოგიური რუქა ადამიანის პრობლემებსა და მათ მიზეზებზე, სირთულეების დაძლევის, ცხოვრების გამარტივების და ნაკლები დანაკარგით გავლის მეთოდებზე მიანიშნებს.

აღსანიშნავია, რომ წარმატების მისაღწევად, მთავარი საკუთარი თავის პოვნა და მისი ისეთად შეყვარებაა, როგორიც ის სინამდვილეშია, რადგან წარმატებულ ადამიანთა დიდი ნაწილი არც განსაკუთრებული ნიჭით, არც განათლებით ან უნარით არ გამოირჩევა, მათ უბრალოდ საკუთარი უნიკალურობა დაიჯერეს და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრება შეძლეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები