LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობაში მიღებული ტრავმები, მათი შედეგები და საუკეთესო დედები ასტროლოგიური ნიშნის მიხედვით – ასტრომაგია

8
bzekalava

19 თებერვალს საავტორო გადაცემაში “ასტრომაგია” ასტროფსიქოლოგმა სოფია ბზეკალავამ  ბავშვობაში მიღებულ ემოციურ ტრავმებსა და ზრდასრულ ასაკში მათ შედეგებზე, ასევე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით საუკეთესო დედებსა და შვილებთან მათ ურთიერთობაზე ისაუბრა.

ბავშვური ტრავმების შედეგები ზრდასრულ ასაკში 

ასტროლოგების მტკიცებით, ადამიანის ფსიქიკა დაბადებამდე, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს ყალიბდება. ძალიან მნიშვნელოვანია ფეხმძიმობის მიმდინარეობა, რადგან დედის სტრესი ბავშვის ფსიქიკაზე აისახება, მის ხასიათს განსაზღვრავს და ხშირად, სწორედ დედის სტრესული მდგომარეობა ხდება ზრდასრული ადამიანის კომპლექსების და ფობიების მიზეზი. მაგალითად, თუ ორსულობის დროს ქალი ბევრს მუშაობდა, ზედმეტად იყო დატვირთული ვალდებულებებით და საერთოდ არ ჰქონდა დასვენების საშუალება, ბავშვი დაბადებამდე მიიღებს ინფორმაციას, რომ ცხოვრება რთული, ვალდებულებებით დამძიმებულია და აუცილებლად დეპრესიისკენ გაუჩნდება მიდრეკილება, საკუთართან ერთად სხვისი მოვალეობებისგანაც გაუჭირდება თავის დაღწევა და მუდმივად დანაშაულის, სხვის ვალში ყოფნის შეგრძნებათ დატანჯება.

რა თქმა უნდა, უარყოფითი თვისებების კორექტირება მეტ-ნაკლებად შეიძლება, მთავარია დედამ, რომელმაც „მემკვიდრეობით გადასცა“ ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები, თავად იმუშავოს პატარასთან მათ აღმოფხვრაზე. ასტროლოგიაში არსებობს ერთგვარი მეთოდი – კომპენსატორიკა, რომელიც პირად ჰოროსკოპში ნეგატიური ასპექტების დამუშავებას გულისხმობს, რადგან ასტროლოგია სინამდვილეში, სამყაროს მიერ ბოძებული ენერგეტიკაა თავისი დადებითი, უარყოფითი მხარეებით და სწორედ ის მხარეა წინა პლანზე წამოწეული, რომელსაც თვითონ ვირჩევთ.

არანაკლებ შედეგიანია საკუთარ თავზე მუშაობა. მთავარია,ზუსტად გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ საკუთარი პრობლემა, შევძლოთ მობილიზირება და აქტიურად შევუდქეთ მის მოგვარებას. სხვათაშორის, ხასიათის ნეგატიურ თვისებებს არა მხოლოდ ფეხმძიმობის დროს დედის სტრესული მდგომარეობა, არამედ გენეტიკაც განაპირობებს როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია წლების მანძილზე წინაპრების მიერ გენეტიკურ მეხსიერებაში ჩადებული შაბლონები, რომელთაც ყოველთვის ვგრძნობთ ქვეცნობიერად, თუმცა, არ შეგვიძლია გაცნობიერება და სწორედ ამიტომ გვიჭირს მათი დაძლევა, მუდმივად ერთ წრეზე ვტრიალებთ და შაბლონის, დამოკიდებულების შეცვლის ნაცვლად, იგივე შეცდომებს ვიმეორებთ.

ჩვეულებრივ, დეპრესიისკენ მიდრეკილ ქალბატონს შვილის აღზრდის ორი მეთოდი აქვს – ან ზედმეტად კომფორტულ გარემოს უქმნის, ანებივრებს და მაქსიმალურად ცდილობს მის დაიცვას გარე სამყაროსგან ან პირიქით, თვლის, რომ ბავშვი ადრეულ ასაკში უნდა შეეჩვიოს დამოუკიდებლობას, ყოველთვის ზედმეტ სიმკაცრეს იჩენს და იშვიათად ეფერება. რა თქმა უნდა, ორივე მეთოდი მცდარია, რადგან ან სრულიად უსუსური ადამიანი იზრდება, რომელსაც ყველაფრის ეშინია და უჭირს სირთულეების დაძლევა ან ზედმეტი პასუხისმგებლობით დატვირთული პატარა მუდმივ სტრესშია და პრაქტიკულად დროზე ადრე კარგავს ბავშვობას.

მართალია, მემკვიდრეობით მიღებული შიშები და კომპლექსები დედის დამსახურებაა, მაგრამ თვითრწმენის დაკარგვის მიზეზი ნებისმიერ შემთხვევაში მამაა, რადგან თავდაჯერებულობას ასტროლოგიაში მზე განსაზღვრავს, რომელსაც სწორედ მამა განასახიერებს. თუ პირად ჰოროსკოპში მზე დაზიანებულია ანუ ადამიანს საეროდ არ ჰყავდა ან ცუდი მამა ჰყავდა, რომელიც ნაკლებად ზრუნავდა შვილზე და ყოველთვის გაურბოდა პასუხისმგებლობას, მაშინ მის შვილსაც ყოველთვის შეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში.

საერთო ჯამში, ზრდასრული ადამიანის ხასიათს უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს – გენეტიკური მეხსიერების, მუცლად ყოფნისას მიღებული ინფორმაციის და მშობლებთან ურთიერთობის ჩათვლით.

კარგი და ცუდი დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 

ვერძი – მეტწილად მრავალშვილიანი დედაა, რომელიც შვილების აღზრდასაც ასწრებს და ბრწყინვალე კარიერის გაკეთებასაც, რადგან ზედმეტად აქტიურს და საოცრად ძლიერი ენერგეტიკის პატრონს ძალიან უჭირს ენერგიის სრულად დახარჯვა. ვერძისთვის შვილის განათლებაა პრიორიტეტული, მართალია, ყოველთვის იცავს მას ჩაგვრისა და უსამართლობისგან, მაგრამ ზედმეტად არასდროს ანებივრებს, რადგან სჯერა, რომ ბავშვი ადრეულ ასაკში  უნდა შეეჩვიოს დამოუკიდებლობას და ინიციატივის გამოჩენას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ შვილები ყოველთვის მკაცრ და ზედმეტად მომთხოვნ დედად ახასიათებენ, მით უფრო, რომ აგრესიული და ფეთქებადი ხასიათის პატრონი არც ყვირილს და ბავშვის დასჯას ერიდება.

კურო – მზრუნველი და მოსიყვარულე დედაა, თუმცა ძალიან აღიზიანებს ცელქი ბავშვები, ამიტომ, ჩვილთან უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მოზარდთან, რომელიც ჭირვეულობით არღვევს მის სიმშვიდისა და სტაბილურობის შეგძნებას. სისუსტეების მიუხედავად, კურო მაინც კარგი დედაა, ამიტომ ყოველთვის ადრე ქმნის ოჯახს და თავგამოდებით უვლის საკუთარ შვილებს.

ტყუპები – მეტად არაორდინალური და მხიარული დედაა, რასაც შვილებიც ხშირად აღნიშნავენ, რადგან არ უყვარს ბავშვის დასჯა და არასდროს სარგებლობს საკუთარი ავტორიტეტით. მართალია, დიდ ყურადღებას აქცევს ბავშვის განათლებას, მაგრამ ცუდი ნიშნებისთვის არასდროს აწყობს სკანდალებს. ყოველთვის ლოიალურია, მსუბუქად ეკიდება ბავშვის აღზრდას და არასდროს იღლის თავს ზედმეტი მზრუნველობით. სხვათაშორის, ტყუპები კომუნიკაციის ნიშანია, ამიტომ მარტივად გამოსდის ბავშვებთან საუბარი, რომელთაც მეგობარებად აღიქვამს და ზრდასრულებთანაც ყოველთვის სიამოვნებით „ჭორაობს“.

კირჩხიბი – იდეალური, თავგანწირული დედაა, რადგან ბუნებით მზრუნველისთვის, შვილი და ოჯახი ყველაზე დიდი ბედნიერება და  ერთგვარი თვითდამკვიდრების საშუალებაა. ძალიან უყვარს უმიზეზოდ პანიკის მოწყობა, ყოველთვის ზედმეტად კომფორტულ გარემოს უქმნის შვილებს და დაუფიქრებლად ამბობს უარს საკუთარ ინტერესებზე მათი კეთილდღეობის სანაცვლოდ. ამასთანავე, კირჩხიბი ყოველთვის ზედმეტად პრეტენზიული სიდედრი ან დედამთილია, არასდროს მოსწონს არც სიძე, არც  რძალი, რადგან სჯერა, რომ მისი შვილი საუკეთესო, ყველასგან გამორჩეულია და ზრდასრულაც ბავშვივით ანებივრებს. სხვათაშორის, კირჩხიბის შვილებსაც ძალიან უჭირთ დედის, მშობლიური სახლის დატოვება და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, რადგან მზრუნველობას, ფუფუნებას შეჩვეულები, უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, როცა სხვა იღებს მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას.

ლომი – ზოდიაქოს ეს ნიშანი ბავშვების მფარველ მეხუთე სახლს წარმოადგენს, ამიტომ ზომიერად ინფანტილურს, ყოველთვის ინტუიტიურად ესმის ბავშვის და თუ საკუთარი არ ჰყავს, მაშინ სხვის შვილებშია შეყვარებული. ლომს ნაკლებად ახასიათებს ბავშებზე მზრუნველობა, რადგან გართობა ურჩევნია და ყოველთვის ფანტასტიკურ დროს ატარებს მათთან. არასდროს სწირავს თავს ოჯახს და შვილებს, რადგან საკმაოდ ეგოისტს და ამბიციურს ჰაერივით სჭირდება თვითრეალიზაცია. სხვათაშორის, ლომი, რომელიც ყოველთვის ავტორიტეტი, საუკეთესო მაგალითია შვილებისთვის, მათაც ადრეულ ასაკში უვითარებს ამბიციებს და ამაყობს მათი მიღწევებით, ზედმეტდ მტკივნეულად განიცდის თუნდაც უმნიშვნელო მარცხს და ვერაფრით ეგუება თუ მისგან განსხვავებით ბავშვს პუბლიკის ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს.

ქალწული – არასდროს ჩქარობს დედობას, რადგან არ თვლის, რომ ქალის მთავარი ფუნქცია ოჯახის შექმნაა, სრული პასუხისმგებლობით ეკიდება შვილების აღზრდას, ძალიან ეშინია შეცდომის დაშვება და ამიტომ  ბავშვსაც საკმაოდ გვიან აჩენს, თუმცა ყოველთვის მზრუნველი, ყურადღებიანი დედაა, რომელმაც ზუსტად იცის შვილის სუსუტი და ძლიერი მხარეები, მისი ყველა ნაკლი და ღირსება. ერთდროულად ლოიალური და ძალიან მომთხოვნი ქალწული, აუცილებლად ადრეულ ასაკში აჩვევს ბავშვს წესრიგს, პასუხისმგებლობას, ამიტომ მისი შვილებიც ყოველთვის აკურატულ, მოწესრიგებულ და საიმედო ადამიანებად იზრდებიან. ქალწულს იშვიათად ჰყავს ბევრი შვილი, რადგან მეტად რაციონალურ და პრაქტიკულ ნიშანს, რომელმაც ზუსტად იცის საკუთარი შესაძლებლობები და არასდროს იღებს საკუთარ თავზე ზედმეტს, სჯერა, რომ ბევრ შვილს, ერთის ყოლა და მისი სრულფასოვან პიროვნებად გაზრდა ჯობია.

სასწორი – მეტად ლოიალური, გაწონასწორებული დედაა, რომელსაც მართალია ძალიან უყვარს შვილები, მაგრამ მეუღლე მაინც მთავარი ადამიანია მის ცხოვრებაში. სხვათაშორის, სასწორი პარტნიორობის ნიშანია, ამიტომ ყოველთვის დიდ პატივს სცემს მეორე ნახევარს, რაც ბავშვებზეც სასიკეთოდ აისახება, რადგან მშობლების მაგალითის გათვალისწინებით, უკვე გაზრდილები თვითონაც წარმატებით აწყობენ პარტნიორულ ურთიერთობას.  გაწონასწორებულ და საუკეთესო დიპლომატ სასწორს ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს,  ბავშვებს ლოიალურად ზრდის, სიამოვნებით მეგობრობს და არასდროს უჭირს მათთან საუბარი, თუმცა იერარქიულ პრინციპებს მაინც არ თმობს და ბავშვებსაც მამის, ზოგადად უფროსების პატივისცემას ასწავლის.

მორიელი – მართალია, ძალიან ბრძენი ქალბატონია, მაგრამ შვილები მას დიქტატურისკენ მიდრეკილ, ზედმეტად მკაცრ და მომთხოვნ დედად თვლიან. მორიელს ძალიან არ უყვარს სუსტი ადამიანები და საკუთარ შვილებშიც პირველ რიგში სწორედ სისუსტეს, გაუბედაობას, ებრძვის და ადრეული ასაკიდანვე აჩვევს ბრძოლას, საკუთარი პრინციპების დაცვას. მანიპულატორ მორიელს, რომლისთვისაც აუცილებელია სიტუაციის მართვა და ოჯახის წევრთა კონტროლი, ხშირად ზედმეტი მოსდის და ვერ ხვდება, რომ გადაჭარბებული მოთხოვნებით ბავშვს მუდმივ სტრესში აცხოვრებს, თუმცა ყოველთვის ზუსტად იცის მისი შესაძლებლობები და მაქსიმალურად უწყობს ხელს სრულფასოვნად გამოვლენაში. ამასთანავე, მორიელი, რომელიც ზედმეტად არასდროს ზრუნავს და არ ანებივრებს ბავშვებს, ყოველთვის მათ პატივისცემას და ზოიგჯერ უპირობო მორჩილებასაც მოითხოვს.

მშვილდოსანი – ძალიან მხიარული, მართლაც ფანტასტიკური დედა, რომელიც არ სცნობს ასაკობრივ ბარიერს და ყოველთვის მეგობრობს შვილებთან, თუმცა ცეცხლის სტიქიის ნიშანი  მხოლოდ შვილების აღზრდით არასდროს კმაყოფილდება, რადგან უამრავი ინტერესი და გატაცება აქვს, უყვარს მოგზაურობა, არ ამბობს უარს კარიერაზე და თვითგანვიარებაზე. ზოგადად, მშვილდოსანი მეტად პოზიტიური ზოდიაქოს ნიშანია, რომლისთვისაც ცხოვრება ლამაზი, საინტერესო თავგადასავალია და სწორედ ამ განწყობას გადასცემს ბავშვებსაც. ერთადერთი ნაკლი, რაც მის შვილებს ახასიათებთ – მოუწესრიგებლობაა, რადგან თვითონაც ქაოტურად ცხოვრობს, არ უყვარს დისციპლინა და არასდროს ცდილობს რეჟიმის დაცვას.

თხის რქა – ტრადიციების და ოჯახური იერარქიის, დისციპლინის და წესრიგის მოყვარული დედაა, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ბავშვის აღზრდას, თუმცა, ძალიან პატივმოყვარეა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ სტატუსს და ოჯახის სანაცვლოდ არასდროს ამბობს უარს კარიერაზე, შვილებასაც ადრეულ ასაკში უვითარებს ამბიციებს, ყველაფერს აკეთებს მათი კეთილდღეობისთვის და ძალიან ამაყობს უკვე გაზრდილთა წარმატებით. მართალია, ბუნებით გულგრილი თხის რქა არასდროს ანებივრებს ბავშვებს სითბოთი და ტკბილი სიტყვით, მაგრამ ყოველთვის ზრუნავს მათზე და ნებისმიერ სიტუაციაში მხარში უდგას, მათგან კი, პატივისცემას და დაფასებას მოითხოვს.

მერწყული – ზოდიაქოს ამ ნიშანით დაბადებულ ქალბატონს ყველაზე ნაკლებად აქვს დედობრივი ინსტინქტი განვითარებული, საკმაოდ მარტივად ეჩვენება ბავშვის აღზრდა და მშობლის მოვალეობის შესრულებასაც ყოველთვის ბავშვთან მეგობრობას ამჯობინებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისი შვილები ლაღად იზრდებიან, არასდროს ითრგუნებიან დედის გავლენით და შინაგანი თვისუფლების წყალობით მარტივად აღწევენ წარმატებას.

თევზები – პარტნიორული ურთიერთობისა და ოჯახისთვის თავგანწირული თევზები, მზრუნველი და მოსიყვარულე დედაა, რომელიც ყოველთვის ლოიალურობას იჩენს და ანებივრებს ბავშვებს, არ ახასიათებს სიმკაცრე და არ იზიარებს დასჯის მეთოდებს. მეტიც, ყოველთვის შეუძლია პატიება, შვილის შეცდომაზე თვალის დახუჭვა და ძალიან განიცდის, თუ მისი დასჯა უხდება. მაქსიმალურად იხარჯება ბავშვებისთვის, ყოველთვის ზუსტად გრძნობს მათ ემოციებს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მაქსიმალურად ცდილობს დახმარებას, თუნდაც საკუთარი კარიერის და ინტერესების დათმობის ხარჯზე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები