LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრთხილად ალერგია! – მაკა რუხაძე ყველაზე საფრთხილო ალერგიულ დეკორაციებსა და საკვებზე საუბრობს

28
maiaruxadze

გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა გაითვალისწინონ ახალი წლის დღეებში ალერგიულმა ადამიანებმა; საშიშია თუ არა საახალწლო დეკორაციები ასთმის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის და რომელი კერძია ყველაზე საფრთხილო საახალწლო სუფრაზე – საინტერესო საკითხებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაკა რუხაძე საუბრობს.

 -ქალბატონო მაკა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის, ძალიან მიხარია , რომ წლის ერთგვარ შეჯამებას თქვენთან ერთად გავაკეთებ. საინტერესოა, რას გვეტყვით თქვენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე – რა სახის პრობლემები უფრო ხშირია ახალი წლის დღეებში ალერგიული კუთხით და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

მაკა რუხაძე: დიდი მადლობა მოწვევისათვის. შობა-ახალი წელი ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია, როდესაც ვზეიმობთ და ერთმანეთს გემრიელი კერძებით ვუმასპინძლდებით, თუმცა მინდა პირველ რიგში კვებითი ალერგიები გამოვარჩიო და აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად ნაახალწლევს ამ პრობლემით არაალერგიული ადამიანებიც მოგვმართავენ. ამის მიზეზი ის არის, რომ საახალწლო სუფრაზე შესაძლოა გამოყენებული იყოს ის პროდუქტები, რაც ადამიანის ყოველდღიური რაციონის ნაწილი არ არის, შესაძლოა ალერგიული რეაქცია სხვადასხვა პროდუქტების არევამ ან რომელიმეს დიდი ოდენობით მირთმევამ გამოიწვიოს. გასათვალისწინებელია პროდუქტებში გამოყენებული საღებავები, შემავსებლები და ა.შ. შესაძლოა ეს ყველაფერი წვრილი გამონაყარით აისახოს კანზე, გარდა ამისა, შესაძლოა ამ პერიოდში გართულდეს ასთმა და ალერგიული რინიტიც. გამორიცხული არ არის განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიც ხორხის შეშუპება და სუნთქვის გაძნელებაა. ამიტომ მინდა ყველას ახსოვდეს, რომ საზეიმო განწყობის მიუხედავად, გარკვეული სიფრთხილე უნდა დავიცვათ.

-რას გვეტყვით საახალწლო ატრიბუტიკაზე, რომელსაც ალერგიის გამძაფრება შეუძლია? ეს შეიძლება იყოს როგორც ნაძვის ხე, ასევე მისი დეკორაციები, ხელოვნური თოვლი და ა.შ. რა რჩევებს მისცემდით მსმენელს?

 მაკა რუხაძე: შობა-ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ნაძვის ხეა და დღემდე ბევრი ოჯახი ბუნებრივი ნაძვის მორთვას ამჯობინებს. სამწუხაროა, რომ ჩვენს სიმდიდრეს ასე უმოწყალოდ ვანადგურებთ და მათ შორის გადაშენების პირას მყოფ სახეობებსაც. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ წიწვოვანი მცენარეები ძალიან ნელა იზრდება. მინდა ვუთხრა ბუნებრივი ნაძვის მოყვარულებს, რომ ბუნების გაფრთხილება გვმართებს და ამიტომ ვთხოვდი მათ, უპირატესობა ქოთანში ჩარგულ, ცოცხალ ნაძვებს მიანიჭონ. როგორც მოგეხსენებათ, ნაძვი ნესტიან გარემოში იზრდება, ამიტომ თუ სახლში ბუნებრივი ნაძვი მიგვაქვს, აუცილებელია მისი საგულდაგულოდ გასუფთავება და გაშრობა. ნესტიან ნაძვს შესაძლოა სოკოს სპორები ჰქონდეს, ეს კი ერთ-ერთი გავრცელებული ალერგენია. ხელოვნური ნაძვის შემთხვევაში ალერგიის გამწვავება და ზოგადად, ალერგიული რეაქცია შესაძლოა გაამწვავოს მტვერმა, ასევე საღებავმა ან რომელიმე კომპონენტმა. იგივეა დეკორაციების შემთხვევაშიც. ამიტომ, როდესაც ნაძვს ან დეკორაციებს ყიდულობთ, აუცილებლად ნახეთ ეტიკეტი და უმჯობესია, თუ შედარებით ხარისხიანს აირჩევთ. ხელოვნური ნაძვი როგორც წესი, რამდენიმე წელი გამოიყენება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი შენახვის და აწყობის წესი დავიცვათ. ნაძვი დაშლის შემდეგ ჰერმეტულად უნდა შევფუთოთ,აწყობამდე კი კარგად გავწმინდოთ, მტვერი მოვაშოროთ. უმჯობესია, თუ ნაძვს აივანზე ავაწყობთ და სახლში შემდეგ შევიტანთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც მინდა შევეხო, ხელოვნური თოვლის სპრეია. ის არაალერგიულ ადამიანებშიც კი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, მით უმეტეს შეუძლია მდგომარეობის გართულება იქ, სადაც ასთმით დაავადებული პაციენტია. თოვლის სპრეი არაერთ ქიმიკატს შეიცავს და ჰაერში გაფრქვევის შემდეგ არათუ ალერგიული, არამედ ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქ გზებსაც აღიზიანებს, მან ბრონქოსპაზმიც კი შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ მსმენელს ვურჩევდი, თავი შეიკავოს მისი გამოყენებისაგან, განსაკუთრებით იმათ, ვისი ოჯახის წევრსაც ასთმა აწუხებს.

-კიდევ  ერთი კითხვა მინდა დავსვ ულამაზესი მცენარის, „შობის ვარსკვლავის“ შესახებ, რომელიც ბევრ ოჯახში საშობაო დეკორის განუყოფელი ნაწილია. როგორც აღმოჩნდა, ამ მცენარემაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს…

მაკა რუხაძე: დიახ, ნამდვილად, „შობის ვარსკვლავი“ ულამაზესი მცენარეა, ულამაზესი კაშკაშა წითელი ყვავილით, რომელიც ნამდვილად ამშვენებს საშობაო სუფრას ან უბრალოდ ჩვენს სახლებს. დიახ, ამ ულამაზესმა მცენარემ შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. საქმე იმაშია, რომ „შობის ვარსკვლავი“ შეიცავს იმ ნივთიერებას, რისგანაც ლატექსი მზადდება. ლატექსი შედის რეზინის, სამედიცინო ხელთათმანის, ბუშტების შემადგენლობაში. შესაბამისად ის ადამიანები, ვისაც ლატექსზე ალერგია აქვს, „შობის ვარსკვლავს“ უნდა ერიდონ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მცენარე დაზიანდება, რადგან გატეხილი ფოთლიდან ან ღეროდან გამოიყოფა სწორედ ის რძისებრი ნივთიერება, რომელიც ლატექსის დასამზადებლად გამოიყენება. ამ ნივთიერებასთან კონტაქტმა შესაძლოა ქავილი, თვალების ან სახის შეშუპება, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციების მსგავსი ნასუსხი, ბრონქოსპაზმიც კი გამოიწვიოს მინდა აქვე ვახსენო დეკორატიული სანთლებიც, რომლებიც ძირითადად სურნელოვანია და შესაძლოა იმ ადამიანებისათვის, ვისაც ასთმა აქვს, ან ალერგიულია და თან სასუნთქი გზების პრობლემები აწუხებს, ზედმეტი პრობლემების მომტანი იყოს…

-ქალბატონო მაკა, ზოგადად ჩვენ კონკრეტული პრეპარატების დასახელების უფლება არ გვაქვს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ალერგიული რეაქციებისას პირველადი დახმარების სახით „დექსამეტაზონს“ ხშირად იყენებენ. არის თუ არა ეს სწორი მიდგომა და ყოველთვის ამართლებს თუ არა?

 მაკა რუხაძე: მინდა აღვნიშნო, რომ ალერგიული სიმპტომების გამოვლენისთანავე უმჯობესია მივმართოთ ექიმს. ზოგადად პირველი, რასაც ვაკეთებთ არა პრეპარატის მიღება, არამედ იმ კონკრეტული ალერგენის ელიმინაციაა, რომელმაც რეაქცია გამოიწვია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც ალერგიულ რეაქციას დავინახავთ, მივმართოთ ექიმს, რათა არა მხოლოდ კონკრეტული რეაქცია ალაგდეს, არამედ დადგინდეს ის კონკრეტული ალერგენი, რომელიც იწვევს ამ რეაქციას.

კვებითი ალერგია ძალიან გავრცელებულია, მსოფლიოში კვებითი ალერგია დაახლოებით 200-250 მლნ ადამიანს აწუხებს, მათი 98% ბავშვია, თუმცა უმეტესობასთან ის ასაკთან ერთად გაივლის.

აღსანიშნავია, რომ კვებით ალერგენებთან ერთად ალერგიული რეაქცია შესაძლოა ზოგი სხვა სახის ალერგენმაც გამოიწვიოს, რადგან მათ საერთო ცილოვანი სტრუქტურა აქვთ. მაგალითად ის ადამიანი, ვისაც არყის ხის ყვავილის მტვერზე აქვს ალერგია, ასევე ალერგიულია თხილეულის და ვაშლის მიმართ, ოთახის მტვრის ტკიპების ალერგიის მქონე ადამიანს ასევე თევზზე და კიბოსნაირების მიმართ აქვს ალერგია.

ზოგადად, კვებითი ალერგენების დაახლოებით 270-მდე სახეობა არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენებია რძე, კვერცხი, თევზი, არაქისი, სოია, ხორბალი და ზღვის პროდუქტები. გარდა ამისა, ალერგიული რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს აუტანლობამ, ეს არის მდგომარეობა, როცა ჭარბი რაოდენობით ხდება პროდუქტების მიღება. ქართული სუფრა ისედაც მდიდარი და მრავალფეროვანია, მით უმეტეს ახალ წელს, როდესაც უამრავი სანელებელი, საკმაზი და თხილეულია სუფრაზე წარმოდგენილი. მრავალფეროვნებაა ალკოჰოლურ სასმელებშიც და ამ ყველაფრის დიდი ოდენობით მიღებამ და ერთმანეთში არევამ არა მხოლოდ ალერგიული რეაქცია, არამედ კვებითი ინტოქსიკაციაც შეიძლება გამოიწვიოს.

რაც შეეხება ალკოჰოლს, როდესაც საქმე ღვინოს ეხება, აქ ალერგიული რეაქცია შესაძლოა მასში შემავალმა სულფიტებმა გამოიწვიოს. სულფიტი არის ქიმიური ნაერთი, რომელიც ღვინის წარმოებაში გამოიყენება. გარდა ამისა, ალერგიული შესაძლოა იყოს ლუდიც, რადგან გარდა იმისა, რომ ის მცენარეზე მზადდება, ზოგი სახეობის ლუდი თხილეულს შეიცავს, რაც ასევე შეიძლება ალერგიული რეაქციების გამოვლენის დამატებითი ტრიგერი გახდეს.ცალკე უნდა აღინიშნოს კოქტეილები, ბევრ მათგანში შედის რძე ან კვერცხის ცილა. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიკითხოთ ამა თუ იმ კოქტეილის შემადგენლობა.

არიან ადამიანები, ვისაც მედიკამენტოზური ალერგია აქვს. ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ადამიანებს შევთავაზებთ ტყემლის საწებელს, რომელსაც ასპირინი აქვს დამატებული, მათ საფრთხე შეიძლება შეექმნათ. ამიტომაა მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, თუ რაზე გვაქვს ალერგია და როდესაც რაიმე ისეთ საკვებს გვთავაზობენ, რისი შემადგენლობაც ბოლომდე ცხადი არ არის, ვიკითხოთ მისი ინგრედიენტების შესახებ. სხვადასხვა საკვებში შედის კონსერვანტები და შემავსებლები, რომლებიც ასევე არის ალერგენები. მაგალითად, არის ასეთი საღებავი, ტარტრაზინი102, იგი ბევრი პროდუქტის შემადგენლობაში შედის, მათ შორის წვენებში, იოგურტებში, საღეჭ რეზინებში. ასევე გამორჩეული ალერგენებია ემულგატორები, რომლებიც შებოლილ ხორცპროდუქტებში შედის. როდესაც ალერგიაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ასევე პროდუქტები, რომლებიც ჭარბი რაოდენობით ჰისტამინს შეიცავენ და როცა მისი გამომუშავება ჭარბად ხდება ორგანიზმში, სწორედ ამის გამოვლინებაა ქავილი, გამონაყარი, სიწითლე და სუნთქვის გაძნელებაც კი. ჰისტამინი ჭარბი რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა სახის ფერმენტირებულ ყველში, ტომატი, ციტრუსები, სანელებლები, მაგალითად დარიჩინი და ა.შ. მას ასევე შეიცავს ბანანი, ავოკადო, კაკალი… ზოგიერთი ხილი, მაგალითად ანანასი, გარგარი და ასევე ჩირეული შეიცავს ნივთიერებას, სახელად სალიცილატი . იგი ასევე შედის სოიას სოუსში და აზიური სამზარეულოს ზოგიერთ ჩვენთვის უცნობ ინგრედიენტში. ალერგიული რეაქცია შესაძლოა დამარილებული, შებოლილი თევზის მიღებამაც გამოიწვიოს.

ბავშვებთან ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოიწვიოს ასევე გაზიანმა სასმელმა, შოკოლადმა და გოზინაყმა. საახალწლო სუფრაზე ალერგიული პრობლემების პროვოცირება შეუძლიათ ასევე ციტრუსებს. ამიტომ აუცილებელია ზომიერების დაცვა.

ჩვენ ვერცერთ მსმენელს ვერ მოვუწოდებთ პირდაპირ, რომ აი ეს მედიკამენტი გამოიყენეთ პირველადი დახმარებისათვის, მაგრამ ალერგოლოგიაში სანამ კონკრეტულ მედიკამენტამდე მივალთ, პირველი არის ალერგენის ელიმინაცია. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ჩვენ ეს ვიცოდეთ და თუ ალერგიის სიმპტომატიკა არის, მივმართოთ ექიმს. რადგან არის მდგომარეობები, როდესაც თქვენი დასახელებული მედიკამენტი არ არის პირველადი მოხმარების. მსმენელს ვურჩევდი, რომ იყონ ფრთხილად, მიაქციონ ყურადღება სიმპტომებს და მიმართონ ექიმს, თუ საჭირო გახდა დაუყოვნებლივ გამოიძახონ სასწრაფო დახმარება. დღეს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ექიმებს, არამედ თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. ამიტომ არ უნდა დავიბნეთ და დაუყოვნებლივ მივმართოთ ჯანდაცვის პროფესიონალებს.

რასაკვირველია, ახალი წელი ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია და მინდა ყველას წინასწარ მივულოცო და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. გისურვებთ მშვიდობით, სიკეთით, ხვავით და ბარაქით სავსე წელიწადს. რაც შეეხება საახალწლო სუფრას, დავიცვათ ზომიერება, ვიყოთ ფხიზლად და ყველაფერი კარგად იქნება..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები