LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვიან დამდგარი ორსულობა – მანანა მგალობლიშვილი შანსებსა და შედეგებზე

91
manana mgaloblishvili

გადაცემის ლაივი LIVE

ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ უშვილობის დიაგნოზმა იმატა. ექიმები ერთხმად ამტკიცებენ, რომ შვილოსნობისთვის საუკეთესო ასაკი 35 წლამდე პერიოდია, რადგან შემდგომ ფერტილობა იკლებს და დაორსულების შანსები მცირდება. განსხვავებულია ამ მხრივ მიდგომები ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ამიტომ კიდევ უფრო საინტერესოა, რატომ რთულდება ორსულობა გვიან ასაკში ასე საქართველოში. „რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის“ ხელმძღვანელი მანანა მგალობლიშვილი ცნობილია იმით, რომ მის პრაქტიკაში ბევრი 35 წელს ზევით ორსულია. საინტერესოა, რომ პაციენტების უმრავლესობისთვის ორსულობა ფიზიოლოგიური გზით დადგა. სად არის პრობლება და გამოსავალი, გვიანი და რთული ორსულობა – ამ თემაზე გადაცემში „სტუმრად ექიმთან“ რეპროდუქტოლოგმა მანანა მაგალობლიშვილმა ისაუბრა.

 რას გულისხმობს ტერმინი „უშვილობა“ და რა დროს დგება ეს დიაგნოზი ?

უშვილობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც მიუხედავად ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი კავშირისა, ორსულობა არ დგება. მიზეზები ბევრია, ამიტომ უმჯობესია დავყოთ ჯგუფებად. ძირითადად ეს არის ქალის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა და ასევე, მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა. აქედან დაახლოებით 45% ქალზე მოდის, 45 % მამაკაცზე. 10 % კი დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული უშვილობაა. ხშირია, როდესაც  უშვილობის მიზეზი ერთდროულად არის როგორც ქალი, ასევე მამაკაცი.

რაც შეეხება მამაკაცის ფაქტორით გამოწვეულ უშვილობას, მთავარი მიზეზია დაქვეითებული ხარისხის სპერმა, ხოლო ქალის ფაქტორით გამოწვეული უშვილობის მიზეზებში, შეგვიძლია გამოვყოთ ორი ძირითადი მიმართულება. ერთი, ეს არის რეპროდუქციული ორგანოების ცვლილება და მეორე, საკვერცხეების ფუნქცია.

რა კვლევები უნდა ჩატარდეს პირველ ეტაპზე, როდესაც სახეზეა უშვილობა?

თავდაპირველად მარტივად ავხსნი ორსულობის დადგომის მექანიზმს. იმისათვის, რომ ორსულობა დადგეს, საჭიროა კვერცხუჯრედი გაანაყოფიეროს სპერმატოზოიდმა, რის შედეგადაც წარმოიქმნება ემბრიონი. ის მიემაგრება საშვილოსნოს ღრუს და იწყება ორსულობა. ამიტომ როდესაც კვლევებზე ვსაუბრობთ, ჯერ უნდა გავიგოთ, როგორია სპერმის ხარისხი, ქალის რეპროდუქციული ორგანოების მდგომარეობა და გვაქვს თუ არა კვერცხუჯრედები. აი ამ სამი ძირითადი მიმართულებით ვაწარმოებთ გამოკვლევებს.

მამაკაცის გამოკვლევა არის ყველაზე მარტივი, რადგან აქ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ სპერმის ანალიზი და თუ სპერმა ნორმალურია,  კაცს სხვა სახის გამოკვლევა აღარ სჭირდება. თუ სპერმაში ცვლილებებია, საჭიროა სხვადასხვა გამოკვლევა, ეხოსკოპია, ჰორმონალური კვლევა,  კვლევები ინფექციებზე და ა.შ.  ქალის შემთხევაში, რეპროდუქციული ორგანოების მრავალი კვლევა არსებობს. რეპროდუქციული ორგანოების მსოფლიოში აღიარებული, საუკეთესო გამოკვლევა   არის ლაპარასკოპია და ჰისტეროსკოპია.  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის რეპროდუქციული ორგანოების კვლევის ოქროს სტანდარტი საკვერცხეების ფუნქციის შეფასების მიმართულებით.

რეპროდუქციაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ისიც, რომ ქალისა და მამაკაცის ორგანიზმი განსხვავდება.  მამაკაცის ორგანიზმში სპერმატოზოიდების წარმოქმნა, ანუ სპერმატოგენეზი  იწყება სქესობრივი მომწიფების შემდეგ და გრძელდება საკმაოდ ხანდაზმულ ასაკამდე 40, 50, 60, 70 წლის ასაკამდე, რაც ქალთან წარმოუდგენელია. ქალი იბადება გარკვეული რაოდენობის კვერცხუჯრედებით , რომელსაც თავისი რეპროდუქციული ცხოვრების მანძილზე ხარჯავს  და როდესაც გამოილევა კვერცხუჯრედები, დგება მენოპაუზა. ქალის ორგანიზმში არ ხდება ახალი კვერცხუჯრედების წარმოქმნა, სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალის ასაკი. რაც მეტია ქალის ასაკი, მით ნაკლებია დაორსულების შანსი. ეს არის ბუნებრივი პროცესი, ეს  არ არის პათოლოგია, ეს არის ფიზიონომია. ასაკთან ერთად მცირდება კვერცხუჯრედების მარაგი და ქვეითდება მისი ხარისხი.

ენდოკრინოლოგიურ და გინეკოლოგიურ პათოლოგიებს შორის ბმა ძალიან დიდია, რაში გვიშლის ხელს ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, მაგალითად ჩიყვის ?

 არსებობს უამრავი სახის ენდოკრინოლოგიური პრობლემა, რომელიც შესაძლოა პირდაპირ იყოს საკვერცხეების ფუნქციასთან კავშირში.  უშვილობის დროს კი ძირითადად სწორედ საკვერცხეების ფუნქცია გვაინტერესებს.  თუ ფარისებრში პრობლემაა და ჰორმონები წესრიგში არ არის, ეს სამკურნალოა. თვითონ საკვერცხე გამოყოფს ენდოკრინულ ჰორმონებს  და ფაქტიურად საკვერცხეები ჰორმონების გავლენით ფუნქციონირებს. ძალიან ხშირად ჰორმონალური პრობლემა საკვერცხეების ფუნქციის დათრგუნვას იწვევს, არ ხდება ოვულაცია. ჰორმონული დისბალანსის დროს საკვერცხემ შესაძლოა ვერ მოამწიფოს კვერცხუჯრედი  და არ დადგეს ორსულობა.

ყველაზე ხშირი ენდოკრინოლოგიური პრობლემაა პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, რომელსაც ენდოკრინოლოგიური პრობლემები იწვევს და რომელსაც ახასიათებს მენსტრუაციის გადაცდენები, სტრუქტურულად შეცვლილი საკვერცხეები და ჰორმონალური ცვლილებები. ამ დროს  ხშირია ჭარბი წონა, გამონაყარი  ანუ აკნე, ჭარბთმიანობა და საბოლოოდ უშვილობა.

რას ნიშნავს „ანტიმიულერი“, რა ტიპის კვლევაა ეს და რა ინფორმაციას გვაძლევს?  რა გამოსავალი არსებობს, როდესაც ანტიმიულერის კვლევის პასუხები არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს?

ანტიმიულერის ჰორმონი ერთ-ერთი მაჩვენებელია  საკვერცხეებში კვერცხუჯრედების მარაგის და მისი ხარისხის.  ანტიმიულერის მაჩვენებელი მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, მაგრამ ანტიმიულერის კვლევის პასუხებზე დაყრდნობით რაიმე დასკვნის გამოტანა არ არის სწორი.  აქ ხდება კომპლექსური მიდგომა, ვითვალისწინებთ ქალის ასაკს. არსებობს რამდენიმე ჰორმონი, რომლის კვლევაც ტარდება  და აუცილებელია. ძირითადი ეს არის ექოსკოპია, ხშირად მხოლოდ ექოსკოპიაა საკმარისი რომ დაისვას დიაგნოზი ფოლიკულური აპარატის განლევის შესახებ.

რამდენად სწორია მოსაზრება, რომ პირველად ორსულობის დადგომა  უფრო რთულია ვიდრე მეორედ და მესამედ?

პირველადი უშვილობა ნიშნავს, რომ ქალი არასოდეს არ ყოფილა ორსულად. მას ერთ წელზე მეტი ხანი აქვს დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, მაგრამ ორსულობა არ დგება. ხოლო მეორადი უშვილობა, ეს არის, როდესაც ქალი ერთხელ მაინც ყოფილა ფეხმძიმედ,  მაგრამ  მშობიარობის შემდეგ გავიდა ერთ-ორ  წელზე მეტი და ორსულობა არ დგება.

ძირითადად, პირველადი და მეორადი უშვილობის მიზეზი ერთნაირია, ის აზრი კი, რომ პირველადი ორსულობის დადგომა უფრო რთულია ვიდრე მეორე და მესამე, შეიძლება აიხსნას. როდესაც ქალი ორსულდება  და მშობიარობს, ეს იმას ნიშნავს, რომ  რეპროდუქციული სისტემა მწყობრშია  და რაც უფრო მოკლე დროში დაგეგმავს შემდეგ ორსულობას, უფრო დიდი შანსია რომ კვლავ დაორსულდეს. რაც უფრო გადადებს, დროის გასვლასთან ერთად შესაძლოა, ორგანიზმში ცვლილებები განვითარდეს და ორსულობის შანსები შემცირდეს. თავისთავად ქალს ასაკი ემატება  და ასაკის მატებასთან ერთად დაორსულების შანსი კლებულობს.

 რა უნდა გააკეთონ 35 წელს ზევით ქალბატონებმა, რომ  ფიზიოლოგიური ორსულობა დადგეს?

როგორც გითხარით, ასაკის მატებასთან ერთად ორსულობის შანსი მცირდება და 35 წელს ზემოთ ფეხმძიმობის შანსი ძალიან სწრაფად ქვეითდება. აღსანიშნავია, რა ინტენსივობითაც ქვეითდება შვილოსნობის ფუნქცია 25 დან 35 წლამდე პერიოდში, იმავე ინტენსივობით ხდება მისი დაქვეითდება 35 დან 38 წლამდე, ანუ 3 წლიან პერიოდში. დიახ, გვაქვს შედეგები დიდ ასაკში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტივი იყო ამ შედეგის მიღება.

ჩემს პრაქტიკაში ყველაზე უფროსი ასაკის ორსული 44 წლისაა. ეს არის ფიზიოლოგიური გზით დაორსულებული,  წარსულში უშვილობის პრობლემის მქონე ქალბატონი. რაც უფრო დიდია ასაკი, ორსულობაც უფრო რთულად მიმდინარეობს და ორსულობის ბოლომდე მიყვანაც საკმაოდ რთულია. ასეთ პაციენტს გაცილებით ხშირი მეთვალყურეობა და გაფრთხილება სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ, ახალგაზრდა ორსულს, რომლისთვისაც 4-5 ვიზიტია საკმარისი. გვიან ასაკში დამდგარი ორსულობის დროს მაღალია რისკი ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის. რაც არ უნდა ნორმალურად მიმდინარეობდეს ორსულობა, 40 წლის ქალთან მაინც განსაკუთრებული მეთალყურეობა სჭირდება მას. ასეთ ორსულებს 12 კვირის ვადამდე ორ კვირაში ერთხელ ვიბარებთ, ექოსკოპიური კვლევები და ანალიზები კეთდება და მცირედი გადახრის შემთხვევაშიც კი, ვიღებთ გადაუდებელ ზომებს. ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს რთულ პაციენტებთან მუშაობის, რომელთაც აქვთ დიდი ასაკი. ასევე ქალბატონებთან, რომლებიც ორსულდებიან, მაგრამ ვერ ახერხებენ ორსულობის ბოლომდე მიყვანას.

რატომ პრობლემდება საქართველოში 35 წელს ზევით ორსულობა, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ამ ასაკიდან იწყება ფიქრი შვილოსნობაზე?

 მედიცინა ეყრდნობა სტატისტიკას. არსებობს შემთხვევა, როდესაც 49 წლის ასაკშიც კი დაორსულებულა ქალბატონი, მაგრამ ეს ცალკეული შემთვევებია. საქართველოშიც, ევროპაშიც, ამერიკაშიც და ზოგადად მსოფლიოში სტატისტიკურად ასაკის მატებასთან ერთად, ორსულობის შანსი მცირდება. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ცხოვრების სტილი, სოციალური მდგომარეობა ცხოვრების რიტმი ისეთია, რომ ახალგაზრდა ასაკში წყვილები სწავლობენ, მუშაობენ. 30 წლის შემდეგ კი დგება პერიოდი, როდესაც ქალი სტაბილურ სოციალურ მდგომარეობას აღწევს და გეგმავს ორსულობას. შვილის დაბადება ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ბევრი ვერ რისკავს ამას ახალგაზრდა ასაკში და გადადებს ხოლმე. მე როგორც ექიმი რეპროდუქტოლოგი სამედიცინო თვალსაზრისით ვიტყვი, რომ ორსულობის გადადება არ არის მისასალმებელი. ცხადია, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ შანსი პრობლემის თავიდან აცილების, ახალგაზრდა ასაკში მეტია. რაც შეეხება ცნობილი ადამიანების შემთხვევებს, რა თქმა უნდა შემთხვევები ბევრია. გავიხსენოთ, რომ  არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერება. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ისეთი ქალიც კი დაორსულდეს, რომელსაც საერთოდ არ აქვს კვერცხუჯრედების მარაგი 47 და 50 წლის ასაკში და ასეთი ორსულებიც მყავს.  ასეთ დროს ორსულობის დადგომა ხდება დონორი კვერცხუჯრედით. ასევე არსებობს ტექნოლოგია, რომ ახალგაზრდა ასაკში მოხდეს კვერცხუჯრედის გამოღება, ბიოფსია და შენახვა. წლების შემდეგ მისი განაყოფიერება და ორსულობის მიღება, თეორიულად და პრაქტიკულადაც ეს შესაძლებელია.

ხშირად გვსმენია, რომ ქალბატონს ყველაფერი რიგზე აქვს, მაგრამ მაინც არ დგება ორსულობა, ზოგადად როგორ ფასდება ქალის რეპროდუქტოლოგიური ჯანმრთელობა და რა პარამეტრებს ეყრდნობა ამ დროს ექიმი რეპროდუქტოლოგი?

უშვილობა არ არის ავადმყოფობა. როგორც წესი, წყვილებს არაფერი აწუხებს, პრაქტიკულად არიან ჯანმრთლები და 95%-ს არც არაფერი აწუხებს, მაგრამ რატომღაც ორსულობა არ დგება.

როგორც საუბრის დასაწყისში ვახსენე, უნდა ჩატარდეს ძირითადი დიაგნოსტიკური კვლევები ქალთან და მამაკაცთან. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ჰისტეროსკოპია და ლაპარასკოპია არის ოქროს სტანდარტი, საუკეთესო მეთოდი მსოფლიოში რეპროდუქტოლოგიური ორგანოების დიაგნოსტიკისთვის.  უშვილობის მკურნალობის ოქროს სტანდარტი არ არსებობს და ვერ იარსებებს, რადგან უშვილობის მკურნალობის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა და სხვა და მკურნალობაც განსხვავებულია. უშვილობის შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა და ამის მიხედვით ვირჩევთ მკურნალობას. თუ დიაგნოსტიკა სწორია მკურნალობის მიმართულებაც სწორად  იქნება მიმართული და შედეგიც მაღალი დადგება. არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები მოდიან და ამბობენ, ინ ვიტრო უნდა გავიკეთო, იმიტომ რომ დავიღალე, არ ვორსულდები და ა.შ. მათ გონიათ, რომ ინ ვიტროს თუ გაიკეთებ, აუცილებლად დაორსულდები, ეს ასე არ არის. ინ ვიტრო განაყოფიერებასაც გააჩნია თავისი ჩვენება, ასევე ინსემინაციას და ფიზიოლოგიურად მკურნალობას. როდესაც სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ მივმართავთ ინ ვიტრო განაყოფიერებას. 10 წლის წინ რომ შეუძლებელი იყო ორსულობა, დღეს უკვე შესაძლებელია, თვითონ ინ ვიტრო ტექნოლოგიებიც ისე განვითარდა, რომ ორსულობის დადგომა უფრო მარტივად ხდება. უშვილობის მკურნალობის მიდგომა არის ინდივიდუალური, გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა ინსემინაცია, ზოგჯერ ორსულობის დაგეგმვა და ზოგიერთ შემთხვევაში, ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები