LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაგრისის სწორად შერჩევა, სწორი კვება და ჰიგიენა – სოფო კუტალაძე გვირჩევს, როგორ მოვუაროთ კბილებს

16
kutaladzesofo

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვუაროთ კბილებს ისე, რომ ისინი მალე არ დაზიანდეს. რა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება კბილების მკურნალობის გაიდლაინში. რა ტიპის შეცდომებს უშვებენ პაციენტები კბილების მოვლის ნაწილში ყველაზე ხშირად და რა კავშირშია ჯანსაღ პირის ღრუსთან სწორი კვება და ჰიგიენა. ამ თემებზე გადაცემაში სტუმრად ექიმთან“ სპარტაკ გელაშვილისჯი ეს კლინიკისექიმმა თერაპევტმა, ქირურგმა და ორთოპედმა სოფო კუტალაძემ ისაუბრა.

-სოფო, პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისათვის. საინტერესოა, რით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ზოგ ადამიანს თითქმის მთელი ცხოვრება აქვს ჯანსაღი, თეთრი კბილები და ჯანსაღი პირის ღრუ, ზოგს კი ადრეული ასაკიდანვე უფუჭდება კბილები და საჭირო ხდება მკურნალობა. რაზეა ეს დამოკიდებული, გენეტიკაზე, ცხოვრების წესზე თუ რაიმე სხვაზე?

სოფო კუტალაძე: დიდი მადლობა მოწვევისათვის. ლამაზი ღიმილი ადამიანის სავიზიტო ბარათია და ჩვენ პაციენტებს ამის მიღწევაში ვეხმარებით. იმისათვის, რათა შევინარჩუნოთ ჯანსაღი პირის ღრუ, აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, სწორი რაციონით კვება და წელიწადში ორჯერ ვიზიტი სტომატოლოგთან, რომელიც ნებისმიერი დარღვევის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას და აღმოფხვრას შეძლებს.

-საინტერესოა რას იტყვით გენეტიკურ ფაქტორზე? ხშირად ამბობენ, რომ მშობლებს ჰქონდათ პრობლემები ამ მხრივ და შვილსაც ადრეული ასაკიდან დაეწო პრობლემები იმის მიუხედავად, რომ ჰიგიენას იცავდა. შეიძლება თუ არა ჰიგიენამ მთლიანად გადაწონოს გენეტიკა?

სოფო კუტალაძე: რასაკვირველია, გენეტიკა მნიშვნელოვანია, რადგან ზოგ ადამიანს კბილის შრეები უფრო მყარი აქვს, შესაბამისად ემალი ნაკლებად უზიანდება, ზოგს კი პირიქით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ თუ ადამიანი ჰიგიენას სწორად იცავს, რეგულარულად დადის სტომატოლოგთან, იწმენდს კბილებს სტომატოლოგთან და ა.შ, ამ დროს მხოლოდ გენეტიკის გამო კბილები არ გაგვიფუჭდება. კბილების პროფესიული ჰიგიენური წმენდა ხდება ორი აპარატით. პროცესში კბილის ემალის დაზიანების გარეშე ხდება მაგარი და რბილი ნადების მოშორება.

აღსანიშნავია, რომ ბავშვზე ზრუნვა ამ მხრივ ჯერ კიდევ ორსულობიდან უნდა დავიწყოთ, რადგან კბილების ჩანასახები ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვითარდება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად კვებას, სუფთა ჰაერს და ა.შ.

პირველი კბილის ამოჭრიდან ბავშვს უნდა ჰქონდეს ჯაგრისი, უნდა ხდებოდეს ამ კბილის გასუფთავება. შემდეგ ბავშვს უნდა ვასწავლოთ კბილების წმენდა, ჯაგრისის სწორად დაჭერა და კბილების წმენდა ყოველდღიურ პროცესად ვაქციოთ. ასეთ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ თუ ბავშვს არ ექნება შემდგომში ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, მას კბილები არ გაუფუჭდება.

-ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ ყველა ექიმი საუბრობს. მაინც როგორი კვებაა რეკომენდებული პირის ღრუს პრობლემების პრევენციისათვის და რომელი საკვები აფუჭებს კბილებს? არის თუ არა კიდევ სხვა ფაქტორები, რაც მათ აზიანებს?

სოფო კუტალაძე: რასაკვირველია, კბილების დაზიანების გამომწვევი მიზეზები მულტიფაქტორულია, თუმცა მთავარ მიზეზად მაინც კვების რაციონს გამოვყოფდი. ზოგადად, ნახშირწყლების მოქმედება კბილებზე ცუდად აისახება. ნახშირწყლები პირის ღრუში მოხვედრისას ურთიერთქმედებენ იქ არსებულ ბაქტერიებთან, რაც წარმოქმნის მჟავას, რომელიც კბილის ემალს აზიანებს. შედეგად, ადვილად ზიანდება ემალი და თუ ამ ყველაფერს ყურადღებას არ მივაქცევთ, შეიძლება კბილის დაკარგვამდეც მივიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტომატოლოგია ძალიან კარგად ვითარდება, მთავარი მაინც ჯანსაღი ცხოვრების წესია, რათა არ გაჩნდეს პრობლემები.

-სოფო, თანამედროვე მიდგომები ვახსენეთ და გავაგრძელოთ საუბარი ამ თემაზე. რა თანამედროვე მიდგომებია მოწოდებული გაიდლაინებით და როგორ ხდება თერაპიული მკურნალობა, თუნდაც თქვენი კლინიკის მაგალითზე რომ ვთქვათ?

სოფო კუტალაძე: სამწუხაროდ, დღემდე სტომატოლოგთან ვიზიტი პირველ რიგში   ტკივილთან და არასასიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება, ამიტომ პაციენტს ხშირად მოსვლა უჭირს. არადა დღესდღეობით ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ მკურნალობა უმტკივნეულოდ და კომფორტულად განხორციელდეს. პირველ რიგში, ამაში გვეხმარება თანამედროვე ანესთეტიკები, ანუ გამაყუჩებლები. მათი საშუალებით მკურნალობის პროცესში პაციენტს არ აქვს არც ტკივილი, არც დისკომფორტი. ასეთ დროს პაციენტიც მშვიდადაა და ექიმიც მშვიდად მუშაობს. გარდა ამისა, ძალიან დაიხვეწა ის მასალები, რითაც ჩვენ კარიესით დაზიანებულ კბილს აღვადგენთ. ეს მასალები კბილის დეფექტებს აღადგენს და კბილებს ბუნებრივ ელფერს აძლევს. ეს ბჟენები ადრინდელთან შედარებით უფრო მყარიცაა და ბუნებრივ კბილთანაც მეტადაა მიახლოებული. თითქმის შეუძლებელია ბჟენის და კბილის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით. თანამედროვე მიღწევებში გამოვყოფდი საიზოლაციო სისტემასაც, რომლის საშუალებითაც ჩვენ იმ ერთი კონკრეტული კბილის გამოყოფა შეგვიძლია დანარჩენი პირის ღრუდან, რომელიც სამკურნალოა. ამის დამსახურებით პაციენტს აღარ უწევს ბამბის მოხმარება, სხვადასხვა ხსნარების პირის ღრუში მოხვედრა, ინსტრუმენტების შეგრძნება და სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებების განცდა.

-საინტერესოა თუ არსებობს გამოსავალი იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვთ დაზიანებისაკენ მიდრეკილი კბილები, რომლებიც შედარებით მსხვრევადია და ადვილად ზიანდება. რა საშუალებებით შეიძლება ამ ყველაფრის პრევენცია, არის ეს იგივე კბილების პროფესიული წმენდა თუ რაიმე წამალი ან რაიმე სხვა სტომატოლოგიური პროცედურა?

სოფო კუტალაძე: რასაკვირველია თანამედროვე სტომატოლოგია ამის საშუალებას იძლევა. როცა კბილები კარიესისკენაა მიდრეკილი,პრევენციაში დიდი როლი აქვს კვებას, ჰიგიენას და ექიმთან რეგულარულ ვიზიტებს. პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მჭიდრო თანკბილვა. ადამიანი ამ დროს მისდევს ჰიგიენას, მაგრამ მთელი დღის დარჩენილ საკვებს მჭიდრო ადგილებში ვერ ასუფთავებს. ამისთვის არსებობს დღეს ფლოსები, ირიგატორები, რომლებიც ძალიან კარგი საშუალებაა. თუ ეს პროცესები პაციენტს არ აკმაყოფილებს, შემდეგ ხდება შინაგანი პრობლემების გამოკვლევა, განსაკუთრებით ენდოკრინოლოგიურ ნაწილში, შემდეგ კი შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

-რას გვეტყვით ელექტროჯაგრისზე, ის უფრო ეფექტურია ვიდრე ჩვეულებრივი? არსებობს მოსაზრება, რომ ელექტროჯაგრისი გარკვეულწილად კბილის ემალს აზიანებს.

სოფო კუტალაძე: დიახ, არის მოსაზრება, რომ მისი ხშირი გამოყენების შედეგად იკაწრება ემალი. ზოგადად, ჯაგრისი – იქნება ეს ელექტრო თუ ჩვეულებრივი, სწორად უნდა შეირჩეს. არ შეიძლება ყველა ადამიანმა ერთნაირი ჯაგრისი იხმაროს. მაგალითად, თუ პაციენტს პაროდონტოლოგიური პრობლემები აქვს, იქ მაგარ ჯაგრისს ვერ გამოვიყენებთ. თქვენმა სტომატოლოგმა უნდა აგარჩევინოთ ჯაგრისი. ზოგადად ჯაგრისს რაც უფრო მეტი ჯაგრულები აქვს, უფრო ხარისხიანია.

მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა მიმართულებით ვიხეხავთ კბილებს. თუ ამას არასწორი მიმართულებით და თან უხეშად ვაკეთებთ, იმატებს რეცესიების წარმოქმნა, ანუ მინანქრის დაზიანება, დაკაწვრა, შემდეგ კი პირის ღრუში არსებული ბაქტერიებით ამ ნაპრალების დაბინძურება. თუ ნახშირწყლებს ინტენსიურად მოვიხმართ და ნერწყვით მათი ჩამორეცხვა დროულად აღარ ხდება, და შესაბამისად ირღვევა მჟავე-ტუტოვანი ბალანსი, წარმოიქმნება კარიესი.

კბილები უნდა გავიხეხოთ ე.წ. „გამოცოცხვის“ მეთოდით. ზედა კბილები უნდა გავიწმინდოთ ზემოდან ქვემოთ და შემდეგ წრიული, ქვედა კბილები ქვემოდან ზემოთ და შემდეგ წრიული მიმართულებით, რათა კბილსა და ღრძილს შორის მონაკვეთი სრულიად გასუფთავდეს.

კბილების არასწორი გამოხეხვამ, არასწორი ჯაგრისი, კბილთაშორის სივრცეების გასუფთავების უგულებელყოფა, ფლოსის არასწორად მოხმარება, როდესაც ღრძილის დაზიანება ხდება და შეიძლება ამ დროს ინფექცია შეეჭრას. როდესაც კბილის გახეხვის შემდეგ სისხლი მოჰყვება, ეს საყურადღებო ამბავია, რადგან თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, ამან შესაძლოა კბილის დაკარგვამდეც მიგვიყვანოს.

საშიშია თვითნებური გათეთრება სახლის პირობებში. სოციალურ ქსელებში ხშირად ვხვდებით სხვადასხვა შინაურ მეთოდებს თუ როგორ გავითეთროთ კბილები, არადა ამ დროს შესაძლოა კბილის ემალი ძლიერად დაზიანდეს. ასევე ყურადსაღებია პირის ღრუს გამოწერილი გელები, რომლებიც ტრანსპორტირების ვადები და პირობები არ ვიცით. სწორად უნდა იქნეს შერჩეული კბილის პასტაც. რაკი კბილის პასტაა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოა. კბილის პასტის ყიდვისას მისი აბრაზიულობის მაჩვენებელი უნდა იყოს 30 და ქვემოთ. ეს ნიშნული არის კბილების პასტაში უხეში ნაწილაკების შემცველობა, რომელსაც კბილის ზედაპირზე ვუსვამთ. წარმოიდგინეთ მინას რომ უხეში ნაწილაკები გავუსვათ, ის ხომ დაიკაწრება? ასეა კბილის ემალის შემთხვევაშიც.

-სოფო, თქვენ სპარტაკ გელაშვილის „ჯი ეს“ კლინიკაში იყენებთ სპეციალურ მიკროსკოპს, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში დიაგნოსტიკაში გამოიყენება. რა ტიპის მიკროსკოპია ეს, რა ტიპის ინფორმაციას იძლევა, რამდენად უვნებელია და როდის ხდება მისი გამოყენება? 

სოფო კუტალაძე: მიკროსკოპის საშუალებით ჩვენ კბილის ქსოვილის 25-ჯერ უკეთეს გამოსახულებას ვხედავთ. შესაბამისად წარმოიდგინეთ, რამხელა კომფორტია და რამდენის მომცემია ეს ექიმისთვის. კბილის ანატომიის შესწავლა გაცილებით ადვილია. მიკროსკოპი კბილის არხის დონეზე ხედავს ყველაფერს, შეგვიძლია დავინახოთ ბზარები, გარდა ამისა კბილის არხების გამორეცხვის დროს სრულფასოვნად ვხედავთ კბილში მიმდინარე პროცესებს. ის გამოიყენება არა მხოლოდ თერაპიაში, არამედ ორთოპედიაშიც და გამოიყენება წარმატებულად. ეს იძლევა საშუალებას, იყო უფრო ზუსტი, რაც სტომატოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია.

-რას გვეტყვით დენტალურ იმპლანტებზე, როგორც თანამედროვე მედიცინის უკანასკნელ სიტყვაზე?

სოფო კუტალაძე: დენტალური იმპლანტაცია არის ადენტიის მკურნალობის უალტერნატივო მეთოდი. კონსულტაციის დროს კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე დგინდება, თუ რა ტიპის იმპლანტი უნდა განთავსდეს პირის ღრუში. ასევე, თუ აღინიშნება ძვლის დეფიციტი, ხდება ძვლის გადანერგვა, სინუს-ლიფტინგი და ოსტეოპლასტიკა. დენტალური იმპალანტაციის ორი მეთოდი არსებობს – დაუყოვნებლივი და მოგვიანებითი. დაუყოვნებლივი არის შემთხვევა, როდესაც პაციენტს ვუღებთ კბილს და შემდეგ კბილბუდეში განვათავსებთ იმპლანტს, ხოლო მოგვიანებითის დროს ბუნებრივია გარკვეული დრო უნდა გავიდეს კბილის ამოღებასა და იმპლანტის განთავსებას შორის.

-ეს საკმაოდ რთული პროცესია მთელი რიგი დაკვირვებებით და სხვადასხვა ექიმების ჩართულობით თუ შედარებით იოლი პროცესია იმის გათვალისწინებით, თუ როგორია პაციენტის საერთო მდგომარეობა?

სოფო კუტალაძე: რასაკვირველია, ამ პროცესში რამდეიმე ექიმი მონაწილეობს. ეს არის იმპლანტოლოგი, ორთოპედი და ა.შ. ეს საჭიროა იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს უმტკივნეულო მეთოდია.

-როდის არის კბილის იმპანტაცია პირდაპირი ჩვენება, როდის არის ეს პაცინეტისათვის საჭირო?

სოფო კუტალაძე: კბილის იმპლანტაცია არის პირდაპირი ჩვენება ერთეული, ნაწილობრივი ან სრული ადენტიის დროს. ადენტია არის კბილის არარსებობა. ერთეული ადენტიის დროს კბილის იმპლანტაცია ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან საჭირო აღარ არის გვერდითა ჯანსაღი კბილების დაზიანება. როდესაც პაციენტს რამდენიმე კბილის ნაკლებობა აქვს, ამ დროს მას მოკლე ხიდებს ვთავაზობთ, ხოლო სრული ადენტიისას ვთავაზობთ ნაწილობრივ ხიდებს ან პროთეზს, რომელიც იმპლანტებს დაემაგრება და იქნება უძრავი.

-სოფო, არსებობს თუ არა რაიმე გარანტია, რომ იმპლანტები გაძლებს? ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან და ნერვებთან არის დაკავშირებული, ადამიანი დიდ რესურსს დებს ამაში და საინტერესოა, დაახლოებით რამდენ ხანს ძლებს ეს იმპლანტები?

სოფო კუტალაძე: მედიცინაში გარანტიები არ არსებობს, რადგან ეს ყველაფერი შემდგომში უკვე პაციენტზეა დამოკიდებული. ის, თუ რამდენ ხანს გაძლებს იმპლანტები, დამოკიდებულია როგორც იმაზე, თუ როგორ დაიცავს ის ჰიგიენას, ასევე მის ორგანიზმზე. მიუხედავად იმისა, რომ იმპლანტი ინერტული მასალისგანაა დამზადებული და იმდენად დახვეწილია, რომ წესით ეს პრობლემა არ უნდა იდგეს, ის მაინც უცხო სხეულია, ხოლო ყველა ორგანიზმი ინდივიდუალური. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ მიიღებს ადამიანის ორგანიზმი იმპლანტებს და ბუნებრივია ისიც, თუ როგორ მოუვლის იგი პირის ღრუს იმპლანტაციის შემდგომ. თუმცა მინდა ვთქვა, რომ იმპლანტის მიუღებლობა ძალიან იშვიათად ხდება.

-ბოლოს მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ვენდობით ექიმ-სტომატოლოგს. პირადად თქვენ როგორ უდგებით პაციენტებს, როგორ აწვდით მათ ინფორმაციას, რათა ისინი შემდეგშიც თქვენთან მოვიდნენ და როგორ არწმუნებთ, რომ მნიშვნელოვანია ყველა იმ პირობის შესრულება, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღოს?

სოფო კუტალაძე: პირველ რიგში მიმაჩნია, რომ ექიმსა და პაციენტს შორის თბილი, მეგობრული დამოკიდებულება უნდა იყოს. მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირებაც. პირადად მე, პირველ რიგში პაციენტს ვეუბნები იმას, რომ კბილების მკურნალობა უმტკივნეულოა და მას ტკივილის არ უნდა ეშინოდეს. ექიმი გულწრფელი უნდა იყოს, არ უნდა დაუმალოს პაციენტს, თუ მას რამე პრობლემა აქვს. თუ სხვა სპეციალისტის ჩართვაა საჭირო, აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ის ამ პროცესში. პაციენტი უნდა გრძნობდეს, რომ ექიმი მასზე ზრუნავს. ასეთ შემთხვევაში ის აუცილებლად კმაყოფილი დარჩება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები