LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლინკოლნი მომავლიდან

7
ლინკოლნი

“ლინკოლნმა” Pebble Beach Concours d’Elegance-სთვის სრულად ავტონომიური ელექტროკონცეფცია მოამზადა. მოდელს L100 კომპანიის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ეწოდა.

დეტალებს შორის დაშორებების გარეშე აეროდინამიკური კორპუსი, გადასახსნელი სახურავი, სალონში საჭისა და პედლების არარსებობა – მოდელს ნამდვილად სძენს მომავლის ავტომობილის იერს.

დიზაინერების შთაგონების წყაროდ 1922 წლის Lincoln Model L იქცა, ის ბრენდის Ford-თან შერწყმის შემდეგ შეიქმნა და იმ დროისთვის ნამდვილი ინჟინერული გარღვევა იყო.

სახურავი, უკანა საქარე მინასთან ერთად, მთლიანად შუშისაა, ხოლო კარები მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ იხსნება. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, სენსორებისა და GPS-ის გამოყენებით აკონტროლებს სალონში ადამიანის მოძრაობას.

Led სიგნალები, იგივე მისასალმებელი “სიმფონია” (როგორც მას ლინკოლნში უწოდებენ), მანქანასთან მგზავრის მიახლოებისას ირთვება და შიგნითაც მიჰყვება. განათება ავტომობილში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, ის ასევე განსაზღვრავს ელემენტების მდგომარეობასაც. იატაკზე დამონტაჟებულია გიგანტური ციფრული პანელი, აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ “შოუქარის” ინტერიერი მხოლოდ ეკო-მასალებით არის აწყობილი.

ავტონომიურ ელექტრომობილს არ აქვს საჭე და პედლები. მანქანის ერთადერთი საკონტროლო ელემენტი ძვირფასი ქვებით მოჭედილი ბროლის ფიგურაა. უკანა რიგში მგზავრებთან მოხერხებული კომუნიკაციისთვის, წინა სავარძლებს საზურგეები ეხსნება.

იქიდან გამომდინარე, რომ მოდელი ჯერ მხოლოდ კონცეფციაა, ლინკოლნი ძრავის დეტალებს ჯერჯერობით არ ამხელს, თუმცა აღნიშნულია, რომ L100 სრულიად განსხვავებულ, ახალი თაობის ბატარეებს იყენებს, რომლებიც, როგორც Lincoln-ში ამბობენ „შეცვლის თამაშის წესებს“.

ამერიკულ ფლაგმანს დიდი გეგმები აქვს, ამ გაზაფხულზე მან მომავლის ქროსოვერი Star წარმოადგინა – 2026 წლისთვის კი ლინკოლნი ხუთი ელექტრო მანქანის გამოშვებას აპირებს, რომელიც ჩაანაცვლებს ბრენდის ზოგიერთ ამჟამინდელ მოდელს და კონკურენციას გაუწევს Cadillac-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები