მაკა რუხაძე: „ალერგიული რინიტი, როგორც სეზონის ყველაზე აქტუალური პრობლემა“

გადაცემის ლაივი LIVE

შესაძლებელია თუ არა ვაქცინაცია ალერგიული რინიტის დროს და ზოგადად, საშიშია თუ არა, ალერგიული ადამიანებისთვის აცრა? საინტერესო საკითხებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“  ალერგოლოგიმუნოლოგი, პროფესორი მაკა რუხაძე საუბრობს…

ქალბატონო მაკა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა ალერგიული რინიტია და პირველი კითხვა სწორედ მის შესახებ მინდა დავსვა. რა ტიპის პრობლემაა ეს, საიდან ჩნდება და როგორ ვადგენთ რომ ეს ალერგიული რინიტია? საინტერესოა ისიც, არის თუ არა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი, იკურნება თუ არა ალერგიული რინიტი?

მაკა რუხაძე: ალერგიული რინიტი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის. ალერგია, ეს არის როგორც ეპიდემია ჩვენს საუკუნეში. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2025 წლისთვის ევროპის მოსახლეობის 50%-ზე მეტი იქნება ალერგიული გამოვლინებებით იქნება დაავადებული. ალერგიული რინიტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალერგოლოგიური დაავადებაა და ის ძალიან დიდი ტვირთია ჯანდაცვისთვის, ადამიანებისთვის კი შემაწუხებელი პრობლემაა. ევროპაში 100 მილიონი ადამიანი არის დაავადებული ამ ალერგიული გამოვლინებით. ერთ-ერთი ორგანო, რომელსაც ეს ალერგიული გამოვლინება აზიანებს, არის ცხვირის ლორწოვანი გარსი, რომლის ანთებაც არის ალერგიული რინიტი. ეს დაავადება ხშირადაა კომორბიდობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეიძლება ახლდეს სხვა თანმხლები დაავადებაც.

როგორც მოგეხსენებათ, სასუნთქი სისტემა განიხილება როგორც ერთი მთლიანი სისტემა. ალერგიული რინიტი ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებაა, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ბრონქების პრობლემები, განსაკუთრებით ასთმა. ძალიან ხშირად გვხვდება ასთმა და ალერგიული რინიტი ერთად.  ასთმით დაავადებულების 80% ალერგიული რინიტითაა დაავადებული, ალერგიული რინიტის მქონე პაციენტში კი დაახლოებით 50%- შესაძლოა ჰქონდეს ასთმა.

სეზონური მიმდინარეობის ალერგიული რინიტის შემთხვევაში ძალიან ხშირია მასთან ერთად თვალის ქავილი და სიწითლე, ე.წ. ჰიპერემია, ცრემლდენა. ისინი ერთმანეთთან ასოცირდება და ხშირად ერთნაირი სიმპტომებით ვლინდება, ესენია: თვალის და ცხვირის ქავილი, ცხვირის გაჭედვა, ცრემლდენა, ცემინება და ა.შ. ეს განიხილება როგორც ალერგიული რინო-კონიუნქტივიტი. ეს უცნაური არ არის, რადგან ალერგიული დაავადებები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა შოკ-ორგანოს გამოვლინებით, შეიძლება მას თან ახლდეს კანის პრობლემები, ცხვირის და თვალის პრობლემები, ასევე ყურის პრობლემები. როცა საქმე სეზონურ ალერგიას ეხება, ხშირად უჩივიან სასის ქავილსაც. ასეთ შემთხვევაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან თუ ადამიანს ეს სიმპტომები აქვს და თან სეზონურად, ბუნებრივია ეჭვი უნდა მივიტანოთ სეზონურ ალერგიაზე.

თვითონ ალერგიული რინიტი შეიძლება იყოს როგორც სეზონური, ასევე ქრონიკული. საქართველოში გვაქვს სამი ალერგოლოგიური პერიოდი, ადრეული გაზაფხული, შემდეგ გაზაფხული, ადრე მოყვავილე და გვიან მოყვავილე ხეების ყვავილობა, შემდეგ ბალახები, მარცვლოვნები და ბოლოს, ზაფხული-შემოდგომის დასაწყისი, როცა სარეველები ყვავილობენ. თუმცა ალერგიული რინიტი შეიძლება გვქონდეს მთელი წლის მანძილზეც. ამ დროს მიზეზი შეიძლება იყოს ე.წ. “კარშიდა” ალერგენები ანუ ოთახის მტვრის ტკიპები, კატის ან ძაღლის ბეწვი, სოკოვანი ალერგენები და ა.შ. შესაძლებელია კონკრეტულ პაციენტთან სახეზე იყოს სხვადასხვა ალერგენების თანაარსებობა ანუ ე.წ.  პოლი-სენსიბილიზაცია. ადამიანი შეიძლება სენსიტიური იყოს როგორც გარე -ფაქტორების, მაგალითად ხე-მცენარეების ან სარეველების ბალახების ყვავილის მტვრის, ასევე ოთახის მტვრის ტკიპების მიმართაც.

ქალბატონო მაკა, ბევრი ადამიანი, ვისაც ალერგიული რინიტი აწუხებს ამბობს, რომ ამ მდგომარეობის საშველი არ არსებობს გარდა იმისა, რომ დროებით შეიმსუბუქონ მდგომარეობა. რეალურად ასეა თუ არა ეს და შესაძლებელია თუ არა ალერგიული რინიტისაგან სამუდამოდ გათავისუფლება?

მაკა რუხაძე: საშველი ნამდვილად არის, თუმცა სჯობს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. პირველი, რაც ალერგიული გამოვლინებისას უნდა გავაკეთოთ,  დროულად უნდა მივმართოთ სპეციალისტს. როგორც კი დაგვეწყება სიმპტომები, უნდა წავიდეთ ექიმთან. მნიშვნელოვანია დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა. დღესდღეობით ჩვენს განკარგულებაშია სპეციალური ტესტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ კონკრეტული ალერგენები. დიაგნოსტიკის ნაწილში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არა მხოლოდ ის, თუ რის მიმართ არის ადამიანი ალერგიული, არამედ პრობლემაში უფრო ღრმად ჩახედვა. საბედნიეროდ, ამისთვის სპეციალური ალერგოლოგიური კალენდარიც არსებობს, რომლის საშუალებითაც შეიძლება მივიღოთ კონკრეტული ყვავილის მტვრის პოლინაციის და ჰაერში კონცენტრაციის, ასევე მტვრის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია კონკრეტულ დღეს.

როგორც აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია გამოვლინდეს კონკრეტული ალერგენი, ამისთვის არსებობს სადიაგნოსტიკო ტესტები, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებს იმაში, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ. ტესტების მეშვეობით ხდება იმ კონკრეტული ალერგენების გამოვლენა, რაზეც კონკრეტულ ადამიანს ჰიპერმგრძნობელობა აქვს. ჩვენს ცენტრში ალერგო-დიაგნოსტიკა საერთაშორისო სტანდარტებით ხდება და ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს სერვისი ხელმისაწვდომია. მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ, რომ სახეზეა ალერგია და დავადგენთ კონკრეტულ ალერგენს, უნდა მივმართოთ შესაბამის ზომებს. შეიძლება ადამიანი იყოს პოლი – ალერგიული, ანუ ჰიპერმგრძნობელობა ჰქონდეს სხვადასხვა ალერგენების მიმართ. ამის დასადგენად არსებობს როგორც კანის ალერგიული ტესტები, ასევე ვენურ სისხლში ანტისხეულების განსაზღვრის და დამნაშავე ალერგენების ამოცნობის მეთოდი. კიდევ ერთი ულტრათანამედროვე კვლევის მეთოდია მოლეკულური დიაგნოსტიკა, რომლის წყალობითაც ვპოულობთ კონკრეტულ ცილოვან ჩანართს, რომელიც შედის იმ რამდენიმე ალერგენში, რაზეც ადამიანს აქვს ალერგია. სწორედ ის არის საერთო, გადაკვეთის წერილი ამ ალერგენებს შორის და შესაბამისად, ალერგიული რეაქციის გამომწვევიც.

ცხადია, თანამედროვე მედიცინაში არსებობს როგორც ალერგიის სიმპტომების შემამსუბუქებელი საშუალებები, ასევე სამკურნალო საშუალებებიც. ამ საშუალებებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღა ალერგიასთან საბრძოლველად არის ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია, ეს არის ადამიანზე ინდივიდუალურად მორგებული სამკურნალო საშუალება. აღნიშნული თერაპიის დროს ადამიანის ორგანიზმში მცირე დოზებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება დამნაშავე ალერგენის შეყვანა, რათა ორგანიზმმა გამოიმუშაოს მის მიმართ ტოლერანტობა და გამოიმუშაოს დამცველობით ანტისხეულები. ბუნებრივია, მკურნალობის სქემას ექიმი სპეციალისტი არჩევს. ის უნდა დაიწყოს იქამდე, ვიდრე სეზონი დაიწყება, ხოლო თუ ადამიანს ქრონიკულად მთელი წელი აქვს ალერგიული გამოვლინებები, ამასაც ექიმი წყვეტს როდის დაიწყება თერაპია. სპეციალისტი ასევე წყვეტს იმას, თუ რა შემადგენლობით და დოზით შეიყვანება ორგანიზმში კონკრეტული ალერგენი. ამ თერაპიის კურსს სხვადასხვა ფორმები აქვს, არის სუბლიმირებული, ტაბლეტის ფორმით, საინექციო და ა.შ. მას აქვს სხვადასხვა ეტაპები, ესაა საწყისი, შემდეგ შემანარჩუნებელი ეტაპი. საერთო ჯამში  3 წელი გრძელდება მკურნალობა, რის შედეგადაც  მცირდება სიმპტომები. ბავშვებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თერაპიის ჩატარებას, რათა არ მოხდეს ახალი ალერგენების მიმართ სენსიბილიზაციის ჩამოყალიბება, თერაპია დიდ როლს ასრულებს ასევე ასთმის პრევენციის საქმეში. სწორედ ეს თერაპიაა გამოსავალი იმ შემაწუხებელი მდგომარეობიდან, რომელშიც ალერგიის მქონე პაციენტები არიან. ეს არის მკურნალობის საუკეთესო მეთოდი. როგორც აღვნიშნეთ, ალერგიული გამოვლინებები თავისი სიმპტომებით ძალიან შემაწუხებელია, ის საგრძნობლად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე, ადამიანი მუდმივად შეწუხებული და გაღიზიანებულია.

ახლა შემოდგომაა, უკვე სექტემბრის ბოლოა და სეზონური ალერგია აქტუალურია, რადგან ამ დროს გრძელდება ყვავილობის პერიოდი და ახლა ვიმყოფებით სარეველა ბალახების ყვავილობის პერიოდში. ყველაზე ხშირი ალერგენები ამ პერიოდში არის ამბროზია და ავშანი. ვისაც მათზე აქვს ალერგია, ისინი ამ პერიოდში ბუნებრივია იტანჯებიან ამ პრობლემებით. მინდა ისიც ვთქვა, რომ იმ პერიოდში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ამბროზიის კონცენტრაცია ჰაერში საშუალო ნიშნულზეა. თუ სახეზეა სეზონური ალერგიული რინიტი, ეს პრობლემა მწვავდება, რადგან შეგახსენებთ, რომ ვსაუბრობთ ქარით დამმტვერავ მცენარეებზე. როდესაც ჰაერში მათი კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს და მტვერი ხვდება თვალის ან ცხვირის ლორწოვანზე, ეს იწვევს სიმპტომების გამოვლინებას.  საქართველოში როგორც ამბროზიის ასევე ავშანისთვის არსებობს ენდემური კერები, სადაც ისინი ძალიან გავრცელებულია. აღსანიშნავია, რომ ამბროზია არ არის ენდემური სახეობა. ის ჯერ ევროპაში მოხვდა ჩრდილო ამერიკიდან, შემდეგ ჩვენთან, თუმცა ეს მცენარე ძალიან გავრცელებულია და გვხვდება მთელ საქართველოში, განსაკუთრებით ბევრია ლაგოდეხსა და სამცხე-ჯავახეთში. ამბროზიას ერთი თავისებურება აქვს – მცენარის ერთ ყვავილს მილიონობით მტვრის მარცვლის გამომუშავება შეუძლია, ალერგენი კი ზუსტად ეს მტვერია. თვითონ ამ მცენარეებს შორისაც არიან ისეთი მცენარეები, რომლებსაც აქვთ ნაკლები ალერგიული თვისებები და არიან ძლიერი ალერგენი მცენარეები. ამბროზია და ავშანი ის ალერგენების ჯგუფია, რომელიც ძლიერი ალერგიული თვისებით გამოირჩევიან და შეფასებათა ხუთბალიან სკალაზე საკმაოდ მაღალ ნიშნულზე არიან.  ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ხელმისაწვდომია კალენდარიც და ეს სკალაც. ინფორმაცია მუდმივად ახლდება. შესაბამისად, მათი საშუალებით ადამიანებმა უკვე იციან, რა პერიოდშია ესა თუ ის მცენარე ჰაერში მაღალი კონცენტრაციით. პაციენტები ხშირად ამბობენ: “მე არ ვიმყოფები იმ რეგიონში, სადაც ეს მცენარე ყვავილობს, მაგრამ მაქვს სიმპტომები.რატომ?” – პასუხი მარტივია, ქარს კილომეტრობით გადააქვს მტვრის მარცვალი, საერთოდ არ არის საჭირო ლაგოდეხში ვიყოთ, რომ ამბროზიამ ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ, როდესაც ალერგიული ადამიანები ქარიან, მზიან ამინდში გარეთ იმყოფებიან, უფრო დიდი რისკია, რომ მათ ეს სიმპტომები განუვითარდეთ.

დღესდღეობით მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და ერთერთი

აქტუალური თემაა ვაქცინაცია, რაც სრულიად ბუნებრივია. ძალიან ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ ვერ აიცრებიან, რადგან აწუხებთ სეზონური ალერგიები. არის თუ არა ალერგია აცრის უკუჩვენება, შეიძლება თუ არა რომ ადამიანისათვის, რომელსაც აწუხებს სეზონური ალერგია, ვაქცინაცია იყოს სახიფათო?

მაკა რუხაძე: დღევანდელ მოცემულობაში ვაქცინაცია არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია. ეს საჭიროა იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ოჯახი და გარშემომყოფები. სხვა გზა არ გვაქვს, რადგან ჯერჯერობით არ გვაქვს კონკრეტულად ამ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი. სწორედ ამიტომ, ვაქცინაცია არის ერთადერთი იარაღი, რისი გამოყენებითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ პანდემიის დამარცხებაში.

მნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანს აქვს ალერგიული რინიტი და დაინფიცირდა, ამ დროს არ შეწყვიტოს რინიტის მკურნალობა. თუ თქვენ უკვე იმყოფებოდით ექიმ-ალერგოლოგთან და გაიწერა სამოქმედო გეგმა, თუ დაიწყო წინა-სეზონური მკურნალობა, ის არ უნდა შეწყვიტოთ თუნდაც კოვიდ-ინფიცირების შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ თუ ადამიანი არ მკურნალობს ალერგიულ რინიტს, სასუნთქი გზების პრობლემები შეიძლება კიდევ უფრო გამოიკვეთოს კოვიდის ფონზე. ამასთან დაკავშირებით არსებობს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მიერ შემუშავებული უამრავი რეკომენდაცია, რომლებიც მუდმივად ახლდება და ჩვენ ამ სიახლეებს ფეხდაფეხ მივდევთ.

თუ ადამიანს აქვს ვირუსული გამოვლინების სახით ცემინება, ცხვირის გაჭედვა თუ ამ ყველაფერს ცხელება დაერთო, ბუნებრივია ეს არ არის ალერგიული რინიტი და ჩვენ ის კოვიდთან არ უნდა ავურიოთ. ჩვენ ვიცით, რომ დელტა შტამს ახასიათებს გაციების მსგავსი სიმპტომები და როდესაც მსგავსი სიმპტომები გამოვლინდება, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, პირველ რიგში კოვიდი უნდა გამოირიცხოს. რაც შეეხებათ ადამიანებს, ვინც არ ენდობა ვაქცინას და ამბობს, რომ ალერგიის გამო არ იცრება, ვფიქრობ ამ ადამიანებს ჩვენ უნდა დავეხმაროთ, განვუმარტოთ და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რინიტი, ეს აცრის უკუჩვენება არ არის. რა დროს არის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა უკუნაჩვენები? თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება გამწვავების სტადიაში, ასეთ დროს აცრისგან თავს ვიკავებთ. თუ არის საშუალო და მსუბუქი პრობლემები, ეს არ არის უკუჩვენება. იგივე ალერგიული რინიტიც თუ მწვავე ფაზაშია, ვიცდით რამდენიმე დღე და ვემზადებით, რომ ავიცრათ. აცრის უკუჩვენება არის შემთხვევა, თუ  ადამიანმა გაიკეთა პირველი დოზა და აღმოაჩნდა ალერგია კონკრეტული ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე. თუ განვითარდა ანაფილაქსიური რეაქცია, ეს არის მეორე დოზის მიღების უკუჩვენება. თუმცა აქაც შეიძლება იყოს ალტერნატივა, რომ ადამიანი აიცრას სხვა ვაქცინით მეორე დოზად. არც ანაფილაქსია არაა განაჩენი, მისი მართვა ჩვეულებრივ ხდება. ეს მომენტი ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ, რომ ალერგიის გამო არ შეიძლება აცრა. ეს არ არის სწორი. თუ პაციენტს ვაქცინის კონკრეტულ კომპონენტზე აქვს ალერგია, ან ანამნეზში არის ვაქცინის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე დაფიქსირებული ალერგიული რეაქცია წარსულში, აქ უკვე სხვა ვაქცინის გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ. ძალიან დიდი ფუფუნებაა, რომ საქართველოს აქვს ვაქცინის არჩევანი. გვაქვს 4 სახის ვაქცინა, არის “ასტრაზენეკა”- ოქსფორდის ვაქცინა, “ფაიზერი” და ჩინური ვაქცინები. ყველა ვაქცინის შემადგენლობა უკვე შესწავლილია და ექიმებმა ეს კარგად ვიცით, რომ მაგალითად “ფაიზერის” შემადგენლობაში კომპონენტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, არის ნივთიერება პოლიეთილენგლიკოლი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, კოსმეტიკაში, საკვებში. თუ ადამიანს წარსულში ჰქონია ანაფილაქსია ან ალერგიული გამოვლინება ამ კომპონენტზე, ეს შეიძლება კონკრეტულად “ფაიზერის” უკუჩვენება იყოს და არა ზოგადად ვაქცინების. 18 წლის ზემოთ ყველას შეუძლია გამოიყენოს ვაქცინა თავისი სურვილის მიხედვით. ჩინური ვაქცინები ინაქტივირებულია, ანუ ძველი მეთოდით დამზადებული. ჩინური ვაქცინები არაა რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალბატონებისთვის. “ასტრაზენეკაში” შედის კომპონენტი პოლისორბატი, რომელმაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ეს ნივთიერებები არიან სტაბილიზატორები და შედიან უამრავი სხვა ვაქცინის და მედიკამენტის შემადგენლობაში.

რაც შეეხება ალერგიული ანამნეზის მქონე ადამიანებს – მათი ვაქცინაცია არ შეიძლება მხოლოდ ვაქცინის კომპონენტზე ანაფილაქსიის რეაქციის ისტორიით. ასეთ დროს უნდა მოხდეს ალერგოლოგთან ვიზიტი და მდგომარეობა ინდივიდუალურად შეფასდეს. თუ ადამიანს აქვს ალერგიული რინიტი, მცენარეების მიმართ, ცხოველის ბეწვის მიმართ ალერგია, მაგრამ ის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობისაა, ეს არ არის აცრის უკუჩვენება. თუ რომელიმე მედიკამენტზე რეაქცია იყო წარსულში, არც ესაა უკუჩვენება. თუ მემკვიდრული განწყობაა ანამნეზში ალერგიისკენ, არც ეს არ არის უკუჩვენება. არც ასთმაა უკუჩვენება, მთავარია აცრის მომენტში მდგომარეობა იყო კონტროლირებული და ესა თუ ის დაავადება არ იყოს მწვავე ფაზაში. ამ შემთხვევაში ვართ მწვანე ზონაში და ეს ადამიანები უნდა აიცრან.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ალერგიული რეაქციები ვაქცინებზე უკიდურესად იშვიათია. ზოგადად, ალერგიული რეაქცია შეიძლება ადამიანს ნებისმიერ მედიკამენტზე განუვითარდეს. თუ მისი მიღების შემდეგ რაიმე არასასურველი მოვლენა დაფიქსირდება, სპეციალური ორგანოების მიერ ხდება მათი აღწერა და შეფასება. ნებისმიერ მედიკამენტზე შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია. მაგალითად მინდა გითხრათ, რომ  “პენიცილინის” რიგის მედიკამენტებზე ალერგიული გამოვლინების განვითარების უფრო მაღალი რისკია, ვიდრე ვაქცინებზე.

ქალბატონო მაკა, თქვენ ბრძანეთ, რომ მწვავე გამოვლინებების დროს არ უნდა ავიცრათ, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურდება. თუმცა ხშირად დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ასაცრელად მისულმა ადამიანმა უბრალოდ ახსენა, რომ არის ალერგიული და უკან გამოაბრუნეს. თუ ადამიანს დაავადების მწვავე პროცესი არ აქვს და მწვანე ზონაშია ,მაგრამ ექიმი ვისთანაც მიდიან ასაცრელად, უარს ამბობს, ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ?

მაკა რუხაძე: ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ერთად ხშირად განვიხილავთ ამ თემას, ვახდენთ მათ გადამზადებას. წითელი და მწვანე ზონების გარდა არსებობს ყვითელი ზონაც, რომელშიც შედიან ადამიანები, ვისაც ჰქონდა ანაფილაქსია, სხვა თუნდაც საინექციო მედიკამენტზე ან სხვა ვაქცინაზე, ან აქვს იდიოპატიური შეშუპება ან სხვა ასეთი გამოვლინებები. ექიმებმა იციან, რომ პირველ რიგში ასეთი ადამიანის რეფერალი უნდა მოხდეს ალერგოლოგთან,რომ მან შეაფასოს რისკი და სარგებელი სწორად და შემდეგ მოხდეს მისი ვაქცინაცია. არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ექიმები რეკავენ ჩვენთან ჩვენს პაციენტებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვების დასასმელად, ადგილზევე შეიძლება მოხდეს ადამიანის შეფასება, თუ ექიმებს შორის კომუნიკაცია შედგება. ისიც აღსანიშნავია, რომ პაციენტი როცა ასაცრელად მიდის, შეიძლება ემოციური იყოს, რაიმე ასპექტები გამოტოვოს და ა.შ. ამიტომ თუ ექიმი არ გვცრის, ესე იგი ის რაღაცაში ვერ გაერკვა, რაღაც გასაგებად ვერ მივაწოდეთ, ყოველთვის არსებობს მიზეზი, რის გამოც ექიმმა შეიძლება გამოიჩინოს სიფრთხილე და იმ კონკრეტულ მომენტში უარი თქვას აცრაზე. ყველაფერი ხდება, მაგრამ მთავარია, რომ ეს არის ერთეული შემთხვევები.

მინდა გკითხოთ პრევენციაზეც. ჩვენ გვჭირდება დავადგინოთ საიდან მოდის ალერგია და რაზე გვაქვს რეაქცია. მაგრამ როცა უკვე ზუსტად ვიცით, რაზე გვაქვს ალერგია, როგორ ხდება ალერგიული გამოვლინებების პრევენცია?

მაკა რუხაძე: ადამიანი უნდა იყოს მზად. როცა ალერგოლოგთან მივდივართ, შემდეგ უკვე გვაქვს სამოქმედო გეგმა, როგორ მოვიქცეთ. როცა ვიცით, რომ გარკვეულ პერიოდში გვაქვს გამოვლინებები, აუცილებელია, რომ მომავალ წელს, მინიმუმ ორი კვირით ადრე დავიწყოთ შემზადება ამ პრობლემისთვის. არსებობს მედიკამენტები, ასევე პრევენციული მარტივი ღონისძიებები. მაგალითად, შეგვიძლია მოვერიდოთ გარეთ გასვლას ქარიან და მზიან ამინდში, იშვიათად ვიყოთ გარეთ ამ დროს, თუ მანქანით გადავადგილდებით, ფანჯრები ავწიოთ და კონდიციონერი ჩავრთოთ. თუ გარეთ ყოფნა გვიწევს, ასეთ დროს აუცილებელია ალერგენის მოცილება. ზოგადად, ალერგენს ან უნდა მოვერიდოთ, ან მოვაშოროთ, ამიტომ მარტივი მეთოდით, წყლითაც კი რომ დავამუშაოთ ცხვირის ღრუ, ეს ეფექტურია. შეგვიძლია ამისათვის ფიზიოლოგიური ხსნარი, მარილწყალი გამოვიყენოთ, რომლებიც ძალიან გვეხმარება. ამ დროს ლორწოვანი გარსიდან ხდება დამნაშავე ალერგენის მოცილება.

გარდა ამისა, ადამიანმა, რომელსაც სეზონური ალერგია აქვს, უნდა ატაროს სათვალე, მოერიდოს იმ პერიოდში პიკნიკებს, გარეთ გადაადგილებას, ისეირნოს მხოლოდ საღამოობით. ასევე ასეთ პაციენტებს უნდა ვუთხრათ, რომ შეიძლება მათ გარკვეულ კვებით კომპონენტებზეც ჰქონდეთ ალერგია. მაგალითად, თუ საზამთროს, ნესვის და კიტრის მიღების შემდეგ აღენიშნა სასის ქავილი, ეს არის ჯვარედინი კავშირი, რომლის დროსაც ალერგიას შეიძლება იყოს ერთდროულად როგორც ხილსა და ბოსტნეულზე, ასევე მცენარეებზე და ბალახზე  და ა.შ. ამ შემთხვევაში დამნაშავე ერთი ცილაა, რომელიც ორივეში შედის და სწორედ ის არის მთავარი ალერგენი. ამიტომ, საჭიროა მუდმივად ვიყოთ კონტაქტზე სპეციალისტთა, მივყვეთ მკურნალობის სქემას და ასე ვებრძოლოთ სეზონურ ალერგიას.