LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცების 12 ტიპი და გულის მოგების გზები – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია“

358
sofia-bzekalava

6 თებერვალს „ავტორადიოს“ გადაცემაში „ასტრომაგია“, რომელიც მამაკაცებს მიეძღვნა, ასტროფსიქოლოგმა სოფია ბზეკალავამ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დაახასიათა მამაკაცთა 12 ტიპი, ქალბატონებს კი, მათი მოხიბვლისა და გულის მოგების ერთგვარი მინიშნება მისცა.

5 თებერვალს აღმოსავლურმა სამყარომ ახალი – ყვითელი ტახის წლის დადგომა აღნიშნა, რასაც ახალმთვარეობა და მზის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა დაემთხვა. თავისუფლებისმოყვარე მერწყული არ სცნობს შეზღუდვებს, აკრძალვებს და ძალიან არ უყვარს აგრესია, ამიტომ, სწორედ ახლა გაქვთ საუკეთესო შანსი განთავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისგან, ჩაიფიქროთ სურვილები და დასახოთ სამომავლო გეგმები. შეგიძლიათ თამამად, თუმცა აგრესიის გარეშე მოითხოვოთ საკუთარი უფლებების, ინტერესების დაცვა და განთავისუფლდეთ შეზღუდვებისგან, რადგან მერწყული ის იშვიათი ნიშანია, რომელიც უსიამოვნებების და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე აგვარებს ნებისმიერ კონფლიქტს.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონის მიმართ მამაკაცის ინტერესს, სიმპათიას პლანეტა ვენერა განსაზღვრავს,  მეუღლეს კი, ყოველთვის მთვარის – ასტროლოგიაში დედის სიმბოლოს გავლენით ირჩევს, ანუ ჰარმონიული ურთიერთობის შემთხვევაში, მამაკაცი ყოველთვის დედის მსგავს ქალბატონს ირთავს ცოლად, კონფლიქტისას კი, მართალია, ქვეცნობიერად  აბსოლუტურად განსხვავებულ პარტნიორს ეძებს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც იმავე ტიპის ადამიანს უკავშირებს ბედს, რადგან სწორედ მასთან ამუშავებს დედასთან შექმნილ პრობლემებს. ერთი სიტყვით, დედა საკმაოდ დიდ როლს ასრულებს მამაკაცის ცხოვრებაში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ  დროებით პარტნიორსაც და მეუღლესაც მისი გავლენით ირჩევს.

ვერძი – ყველაზე მამაკაცური ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც სხვებზე მეტად აქვს განვითარებული მონადირის ინსტინქტი, სინამდვილეში საოცრად ინფანტილურია, მთელი ცხოვრება ინარჩუნებს ახალგაზრდულ ოპტიმიზმს და ბავშვურ გულწრფელობას. ასე რომ, თუ ვერძთან სერიოზულ ურთიერთობას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ მუდმივად მოგიწევთ მასზე ზრუნვა, რადგან საშინლად ეგოისტი  მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. თუმცა, არასდროს ეჭვიანობს და არ ზღუდავს მეორე ნახევარს. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის ნიშანი ვერძი (ქალებიც და მამაკაცებიც), რომელიც ფიცხი და ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევა, ყოველთვის სწრფად „ალება“ და მართალია, მთელი გულით უყვარდება, მაგრამ ინტერესსაც სწრაფად კარგავს, რადგან მარტივად მოსაპოვებელი, მისთვის უინტერესო და მოსაწყენია. ამასთანავე, ზოდიაქოს ამ ნიშანს აგრესია და პირდაპირობა ახასიათებს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ საკუთარ აზრს უტაქტოდ და პირდაპირ მოგახლით. თუმცა, არასდროს იმახსოვრებს წყენას და არც ზურგს უკან ინტრიგების ხლართვა სჩვევია. იმპულსურ და სპონტანურ, აქტიურ და თავისუფლებისმოყვარე ვერძს ნაზი, თუმცა დამოუკიდებელი ქალი მოსწონს, რომელიც არასდროს შემოიფარგლება ოჯახური საქმეებით და ინტერესების საკუთარი სფერო ექნება, რადგან ძალიან არ მოსწონს მასზე დამოკიდებული ქალი, რომელიც მუდმივად სითბოს და მზუნველობას მოითხოვს.

კურო – სტაბილური, ემოციურად და ფიზიკურად ძლიერი კურო იდეალური პარტნიორია იმ ქალბატონისთვის, ვინც ნამდვილ მეოჯახეს ეძებს, რადგან ვერძისგან განსხვავებით, კურო არა საკუთარ თავზე, არამედ მეუღლესა და საერთო ინტერესებზე ზრუნავს, მით უფრო, რომ ყოველთვის მარტივად გამოსდის ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა, რადგან სტაბილურობისა და კომფორტის მოყვარული არასდროს ირთავს ცოლს მატერიალური ბაზის და გარკვეული გარანტიების გარეშე. სხვათაშორის, ბევრი ქალბატონი აღნიშნავს, რომ სწორედ კუროს გვერდზე იგრძნო თავი ნამდვილ ქალად, რადგან ძალიან უყვარს მეუღლის განებივრება, არა მხოლოდ სითბოთი და მზრუნველობით, არამედ ძვირფასი საჩუქრებითაც, მით უფრო, რომ ძალიან კარგად იცის „ხარისხიანი ცხოვრების“ ფასი. უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, კურო საშინლად ზანტია, არ უყვარს აჩქარება და არა მხოლოდ შესაფერის პარტნიორს ეძებს წლობით, არამედ მის ხასიათსაც საკმაოდ დიდხანს სწავლობს, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება პარტნიორის გასაცნობად, მის საიმედობაში დასარწმუნებლად და გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ვერ იტანს, ისტერიულ და კაპრიზულ ქალებს, არ უყვარს ულტიმატუმებით ურთიერთობა და ყოველთვის გაურბის სულიერ ტკივილს. თუ მშვიდი, გაწონასწორებული ქალბატონი ბრძანდებით და გაქვთ მოთმინების უნარი, მაშინ ძლიერ და სტაბილურ, გემოვნებიან და ყურადღებიან კუროსთან, რომელიც გულმოდგინედ ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე და ყოველთვის კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მართლაც ბედნიერი იქნებით, მით უფრო, რომ ჩინებული კულინარის გვერდით „გასტრონომიულ სურვილებსაც“ ყოველთვის დააკმაყოფილებთ.

ტყუპები – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს საკმაოდ ცვალებადი ხასიათი აქვს და როგორ სწრაფადაც ინტერესდება, ისე სწრაფად კარგავს ყველაფრის მიმართ ინტერესს. საოცრად კომუნიმაბელური ტყუპების მოხიბვლა ინტელექტით შეიძლება, რადგან მას არა ქალის სილამაზე, არამედ კარგად განვითარებული ინტელექტი და გონებაგამჭრიახობა ხიბლავს, ძალიან უყვარს ლაპარაკი და ნებისმიერთან გაუჭირდება ურთიერთობა თუ საერთო სასაუბრო თემა ვერ მოიძია და საკუთარი ისტორიებით არ გაგიტაცა. ურთიერთობაში საოცრად მსუბუქი ტყუპები არასდროს ეჭვიანობენ, არა აწუხებენ პარტნიორს ზედმეტი მოთხოვნებით და არ ზღუდავენ მის თავისუფლებას, არ სცნობენ გენდერულ დიფერციაციას და არასდროს ემსგავსებიან ოჯახურ ტირანს, რომელიც თვლის, რომ ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია.

კირჩხიბი – საოცარ მეოჯახეს, იდეალურ მამას და მეუღლეს ერთნაირად უყვარს ოჯახი, რომელშიც გაიზარდა, რომელიც თვითონ შექმნა და როგორი რთული ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს ნათესავებთან, მისთვის ოჯახი და განსაკუთრებით დედა, მაინც ყველაზე ძვირფასია. ასე რომ, თუ კირჩხიბის მოხიბვლა გსურთ, პირველ რიგში მისი დედის გული უნდა მოიგოთ, რადგან დედაზე მეტად მაინც ვერავის შეიყვარებს. არც იფიქროთ მისი არჩევანის წინაშე დაყენება ან მშობლებზე, ნათესავებზე უარის თქმის იძულება, რადგან  მხოლოდ გააღიზიანებთ და ამოუვსებ ბზარს გააჩენთ თქვენს ურთიერთობაში. კირჩხიბი ყოველთვის დედასთან გარეგნული და ხასიათის მსგავსებით ირჩევს პარტნიორს, უკვე დაქორწინებულს კი, ძალიან უჭირს მშობლების დატოვება. სხვათაშორის, მამაკაცს, რომელსაც დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა აქვს, იშვიათად აწყდება პრობლემებს პირად ცხოვრებაში, კირჩხიბს კი, რომელსაც ქალური ენერგიის მატარებელი მთვარე მართავს, იდეალურად ესმის ქალის და შვილების აღზრდაშიც ეხმარება. მეტიც, სიამოვნებით ზრუნავს ბავშვებზე და ხშირად დედის ფუნქციასაც ითავსებს. მელანქოლიური კირჩხიბის ნაკლად ზედმეტი ეჭვიანობა და ხშირი უგუნებობა შეიძლება ჩაითვალოს, რაც მთვარის ფაზების ცვლილებებითაა განპირობებული. ამგვარ მდგომარეობაში არ ღირს მისი ზედმეტი შეკითხვებით და მზრუნველობით შეწუხება, უმჯობესია აგრძნობინოთ, რომ ყოველთვის გვერდით ხართ.

ლომი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი სიყვარულით და სიყვარულისთვის ცხოვრობს, რადგან ყველაფერს მთელი გულით აკეთებს, უსიყვარულოდ დარჩენილი კი, დიდებას, ჩვეულ ბრწყინვალებას კარგავს. თუ ლომში ხართ შეყვარებული, გაანებივრეთ სითბოთი და სიყვარულით, ყურადღებით და მზრუნველობით, დაარწმუნეთ, რომ გჯერათ მისი და ბოლომდე ენდობით, რადგან მეფური, თუმცა საოცრად ეჭვიანი ნიშანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს, ყოველთვის მტკივნეულად განიცდის, როცა ბავშვების დაბადებასთან ერთად, ყურადღება და მზრუნველობა აკლდება, თუმცა არ ღირს მისი ყველა კაპრიზის უპირობოდ შესრულება, რადგან ძალიან არ უყვარს მორჩილი, დამყოლი ქალები. გულწრფელი ლომი პარტნიორშიც გულახდილობას, პირდაპირობას აფასებს და არ მოსწონს ფლირტი და თამაში. თუ ლომმა სასურველ ქალს მიაგნო, რომელიც მუდმივად გაანებივრებს, ის არასდროს იფიქრებს სხვა ქალბატონებზე.

ქალწული – პერფექციონისტი ქალწული, რომელიც ყველას და პირველ რიგში საკუთარ თავს აფასებს კრიტიკულად, საკმაოდ რთულია ურთიერთობაში, ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს წვრილმანებს, რაც უწყინარ ფლირტშიც ხელს უშლის და ოჯახის შექმნაშიც. ზოდიაქოს ამ ნიშანს ყველაფერში განსაკუთრებული სიფრთხილე ახასიათებს და გადაწყვეტილებასაც მხოლოდ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ იღებს, რადგან მისთვის არა მხოლოდ საკუთარი, პატრნიორის კომფორტიც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათაშორის, ბერბიჭათა და შინაბერათა დიდი ნაწილი სწორედ ამ ნიშნით იბადება, რადგან სხვებისგან განსხვავებით, ქალწულს, რომელიც ყოველთვის გონებით იღებს გადაწყვეტილებას და არასდროს ჰყვება ემოციებს, ძალიან უჭირს ბედს მინდობა, გარისკვა და ურთიერთობის წინასწარი გათვლების გარეშე დაწყება, სიყვარულით ტკბობის ნაცვლად კი, ყოველთვის წინასწარ საზღვრავს ურთიერთობის დადებით და უარყოფით მხარეებს. თუმცა, თუ ქალწულმა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა გაბედა, აუცილებლად იდეალური პარტნიორი იქნება და ერთგულებასაც მთელი ცხოვრება შეინარჩუნებს. სხვათაშორის, ზოდიაქოს ამ ნიშანს სისუფთავის პათოლოგიური სიყვარული ახასიათებს, ამიტომ მეუღლემაც მუდმივად უნდა იზრუნოს სახლის მოწსრიგება-დასუფთავებაზე.

სასწორი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი საოცრად სიმპათიური და ყოველთვის ელეგანტურია, დიდ დროს უთმობს საკუთარ თავზე ზრუნვას, არაჩვეულებრივი გემოვნება და სტილის გრძნობა აქვს, ლამაზი, დახვეწილი ქალები მოსწონს, სწრაფად პოულობს მათთან საერთო ენას და მეგობრებშიც მრავლად ჰყავს სუსტი სქესის წარმომადგენლები, რადგან კომუნიკაბელური და ზრდილი არასდროს მიმართავს არანორმატიულ ლექსიკას და ვულგარულ გამონათქვამებს, მისი შენიშვნები კი, ყოველთვის კორექტული და ნაკლებად საწყენია, თუმცა ქალწულის მსგავსად სასწორსაც ორჭოფობა, დიდხანს ფიქრი სჩვევია და ძალიან უჭირს არჩევანის გაკეთება, რადგან მის გარშემო ყოველთვის ბევრი ქალბატონია, მას კი, მხოლოდ პრონციპული და ენერგიული, აქტიური და ყოველთვის შემართული ქალი სჭირდება, რომელსაც ზუსტად ეცოდინება რა უნდა და როგორ მიაღწიოს სასურველ შედეგს. თუმცა, არ ღირს აგრესიის გამოვლენა და ულტიმატუმის წაყენება, რადგან საოცრად ჯიუტი სასწორი სწრაფად დაგეთანხმებათ, თუმცა არასდროს შეასრულებს თქვენს მოთხოვნას, უმჯობესია ფრთხილად გამოიჩიონთ ინიციატივა და ერთგვარ მოტივატორად იქცეთ თქვენი მამაკაცისთვის.

მორიელი – ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ზოდიაქოს ნიშანს ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და როგორი შეუხედავიც არ უნდა იყოს, მაინც არასდროს განიცდის  ყურადღების დეფიციტს, რადგან იშვიათი შარმის და სექსუალური პოტენციალის პატრონი ყოველთვის ჯაბნის კონკურენტებს, თუმცა, საკმაოდ რთულია მისი გულის მოგება, რადგან პარტნიორის ხანგრძლივი დაკვირვება, შესწავლა ახასიათებს და არასდროს „გადადის შეტევაზე“ დაუფიქრებლად. მეტიც, ძალიან უყვარს საყვარელი ქალის გაღიზიანება, ეჭვიანობა და ხშირად ტირილამდეც მიჰყავს, რადგან სწორედ ასე იკვლევს მის ბუნებას და მორალურ სიძლიერეს. მორიელს მებრძოლი, დაუმორჩილებელი, რთული ხასიათის ქალბატონები მოსწონს, ზედაპირულ, მარტივ ქალბატონებთან კი, ყოველთვის ერიდება ურთიერთობას. მისთვის მთავარი არა ქალის სილამაზე, არამედ სექსუალურობა, არაპროგნოზირებადი და ემოციური ხასიათია.

მშვილდოსანი – მუდამ მომღიმარი და საოცრად პოზიტიური, აუცილებლად სიმპათიური და ქარიზმატული მშვილდოსანი ყოველთვის ქალბატონების ყურადღებით, სიყვარულითაა განებივრებული. მართალია, სულ სადღაც ჩქარობს და მუდამ საქმეშია ჩაფლული, მაგრამ მაინც უამრავი მეგობარი ჰყავს. ვერძისა და ლომის მსგავსად, მშვილდოსანიც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი და ბუნებით მონადირეა, უყვარს სპონტანურობა და გადაწყვეტილების იმპულსურად მიღება, მეტიც ცეცხლის ნიშნებს შორის ყველაზე სულსწრაფი და მოუთმენელია, ამიტომ გასაკვირი არაა, რამდენიმე წარუმატებელი  ქორწინების გამოცდილება აქვს. მშვილდოსანს წრაფად გატაცება სჩვევია და ყოველ ახალ პარტნიორში იმ „ერთადერთს და განუმეორებელს“ პოულობს, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, თუმცა სწრაფად ბეზრდება და მსუბუქად, სინანულის გარეშე ემშვიდობება. რა თქმა უნდა, ყველა მამაკაცს უყვარს თავისუფლება, თუმცა მშვილდოსანს ჰაერივით სჭირდება ლაღად ცხოვრება, ამიტომ პარტნიორიც ისეთი სჭირდება, ვინც არასდროს შეზღუდავს მის უფლებებს. თუ ოჯახზე მზრუნველ, საიმედო მეუღლეს და სამაგალითო მამას ეძებთ, მშვილდოსანი ნაკლებად გამოგადგებათ, რადგან ძალიან მოსწონს ფლირტი, სტაბილურ ცხოვრებას კი, ხეტიალს, მოგზაურობას ამჯობინებს და პარტნიორშიც პირველ რიგში მეგობარს ხედავს, რომელიც ყველა მის წამოწყებას მხარს დაუჭერს. სხვათაშორის, მშვილდოსანი იმ იშვიათ ზიოდიაქოს ნიშნებს მიეკუთვნება, ვინც უპრობელოდ,  დაძაბულობის გარეშე მეგობრობს ყოფილ შეყვარებულებთან.

თხის რქა – საკმაოდ რთულია რაციონალური და წინდახედული, ჯიუტი და ნაკლებად ემოციური თხის რქის მოხიბვლა, რომლისთვისაც მზრუნველობაც უცხოა და საკუთარ გრძნობებზე საუბარიც. არაა გამორიცხული კარგად გაცნობამდე ზოდიაქოს ეს ნიშანი საკმაოდ ცივ და პირქუშ მამაკაცად მოგეჩვენოთ. საოცრად ამბიციური თხის რქისთვის  უმთავრესი ხარისხია, ამიტომ ურთიერთობასაც იდეალურს ეძებს. წარმატებული, მაღალი სტატუსის ქალები მოსწონს და არასდროს აფერხებს პარტნიორს კარიერულ ზრდასა და განვითარებაში. მეტიც, მისთვის პრესტიჟის საქმეა ძლიერი, შემდგარი ქალის სიყვარული, მთავარია, მის რჩეული ოჯახმა მოიწონოს, რადგან თხის რქა ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლობელთა აზრს.

მერწყული – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ, საკმაოდ არაორდინალურ მამაკაცს ძალიან არ უყვარს ოფიციალური ქორწინება და ყოველთვის თავისუფალ ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას, არ სცნობს პირობითობას და საზოგადოდ მიღებულ ნორმებს. თუ სპონტანურ და მოულოდნელობებით სავსე მერწყულთან გსურთ ურთიერთობა, მაშინ სრული თავისუფლება მიეცით და ნურასდროს ეცდებით მისი მოქმედების წინასწარ განსაზღვრას. სხვათაშორის, მერწული საუკეთესო მეგობარია, რომელიც არასდროს ეჭვიანობს, სრულად იზიარებს გენდერული თანასწორობის პრინციპებს და არასდროს ცდილობს ლიდერის როლის მორგებას.

თევზები – სასწორის მსგავსად, თევზების ნიშნით დაბადებულ მამაკაცსაც უამრავი ქალი მეგობარი ჰყავს, რადგან ქალბატონების ფსიქოლოგიის ბრწყინვალე მცოდნეს, რომელიც ყოველთვის მზადაა მოისმინოს და გაიზიაროს სხვისი პრობლემები, არასდროს უჭირს სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. ასტროლოგები ხშირად ხუმრობენ, რომ ორი შვილის პატრონი დედისთვის, მესამე შვილი სწორედ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მეუღლეა, რომელიც კარგად აცნობიერებს საკუთარ ინფანტილურობას, ამიტომ ძლიერ და აქტიურ ქალბატონებს ანიჭებს უპირატესობას. თევზებისთვის აბსოლუტურად მისაღებია ურთიერთობაში პასუიურობა და ლიდერის პოზიციასაც თავისფლად თმობს. საკმაოდ სიტყვაძუნწს ძალიან არ უყვართ ზედმეტი ლაპარაკი და მაქსიმალურად გაურბის კომუნიკაციას, საკუთარი სამყარო აქვს შექმნილი, სადაც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. უცნაურია, მაგრამ ზოდიაქოს ეს ნიშანი საოცრად ხათრიანია, ყოველთვის უჭირს ძველი ურთიერთობის დასრულება, ამიტომ პარალელურად იწყებს ახალ რომანს და ნატრობს ძველი და ახალი პარტნიორის დამეგობრებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები