LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ძრავის გაძლიერება არ ნიშნავს იმას რომ ავტომობილი უფრო სწრაფად ივლის

„მხოლოდ ძრავის გაძლიერება არ ნიშნავს იმას რომ ავტომობილი უფრო სწრაფად ივლის. გასათვალისწინებელია ტრანსმისია, გადაცემათა კოლოფი, ნახევარღერძები, მუხრუჭები…“

„ავტორადიოს“ გადაცემაში „ავტოსერვისი“ ავტოექსპერტი, ძრავების სპეციალისტი შალვა კაპანაძე ესტუმრა და ძრავებზე, მათ ტექნიკურ მახასიათებლებზე, პრობლემებზე და გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

ფორსირებული ძრავები ჩვეულებრივი ძრავებისგან რით განსხვავდება და როგორ შეიძლება ძრავის ფორსირება, ანუ გაძლიერება?

ქარხნულად რაც მოყვება ავტომობილს, ეს არის ყველაზე ოპტიმალური ძრავი, ანუ როცა სიმძლავრე, ეკოლოგია, ეკონომია და რესურსი ოპტიმალურადაა ერთმანეთთან შერწყმული. თუ ძრავის გაძლიერება გინდა, ამ ქარხნული თვისებებიდან რომელიმე უნდა დათმო და გეყოლება უფრო ძლიერი ავტომობილი. ამისთვის, რა თქმა უნდა, ფინანსებია საჭირო და თუკი საკითხს სწორად მიუდგებით რთულიც არ არის. ჰაერის ფილტრის წინაღობის შემცირებით, გამონაბოლქვის წინაღობის შემცირებით, ძრავის გარეგნული ცვლილებებით – შესაძლოა 5-დან 10 ცხნის ძალამდე მიიღო. ეს კი ალბათ ერთ კვირაში მოგბეზრდება და უფრო მეტი მოგინდება.

როგორც ვიცი, ხშირად ელექტრონული ჩარევითაც ხდება ხოლმე რაღაც პარამეტრების შეცვლა…

კი, ნამდვილად ასეა, დღესდღეობით ელექტრონული ჩარევა უფრო ხშირია. ზოგიერთი ასპექტის უგულვებელყოფა, მაგალითად – ეკონომიკისა და ეკოლოგიის უარყოფით 30-მდე ან მეტი ცხენის ძალას ამატებენ ხოლმე. ეს სპეციალური პროგრამებით ხდება და მისი ჩატვირთვა საკმაოდ მარტივია.

წლების წინ ყველაფერი მექანიკური ჩარევით ხდებოდა ხოლმე…

პირდაპირ მექანიკური ჩარევით ყველაფერი ნულიდან იწყებოდა. ჯერ კიდევ წლების წინ „ფორმულა 3“-ის გუნდში ვიყავი და მახსოვს როგორ ვშლიდით ძრავს და ფაქტობრივად თავიდან ვაწყობდით. ყველაზე ეფექტური რაც არის და რისი გაკეთებაც ძველ ძრავებზეა შესაძლებელი დაახლოებით 3 ათასამდე დოლარი ჯდება. ეს თანხა ძირითადა ე.წ. დგუშებისთვის (პორშინებისთვის) გვჭირდება.

დიდი კუბ/მ-ის ძრავი ისედაც მეტ ზეთს წვავს და ფორსირების შემდეგ ზეთის წვაც იზრდება ხომ?

როცა ძრავს აძლიერებ რომელიმე რესურსს თმობ. ანუ ზეთის წვა იზრდება, ძრავი უფრო მალე ცვდება და უფრო მალე გექნება გასაკეთებელი. ზოგადად, ძრავისთვის ხარისხიანი ზეთი და საწვავი აუცილებელია. ზოგჯერ უბრალოდ ჯობია მანქანა გაყიდო და უფრო ძლიერ ძრავიანი იყიდო.

ამერიკული ძრავები V8 თუ V6 იმით არის ცნობილი, რომ მათში დიდი რესურსია ჩადებული…

თუჯი იტანს ყველაფერს, ბლოკი რომელიც ალუმინისგან არის დამზადებული ბევრად სუსტია. სწორედ ამიტომაა, რომ თანამედროვე მანქანებში მეტი ვიბრაციაა, ანუ ძრავი ძალიან სუსტია. ალუმინი ტემპერატურის მიმართ უფრო მგრძნობიარეცაა. თუ გინდა ძრავის გაძლიერება გადახედეთ ფასებს უცხოურ საიტებზე, რა როგორ ღირს და დიდი შანსია რომ გადაიფიქროთ. ან იყიდეთ ისეთი მანქანა რომლის გადაკეთებაც ღირდეს.

ხშირად სწორად არ აქვთ გათვლილი რას რა შეიძლება მოყვეს. მხოლოდ ძრავის გაძლიერება არ ნიშნავს იმას რომ ავტომობილი უფრო სწრაფად ივლის. გასათვალისწინებელია ტრანსმისია, გადაცემათა კოლოფი, ნახევარღერძები, მუხრუჭები… ძალიან ბევრი რამეა გასაძლიერებელი. ამიტომ სანამ „ფორსირებას“ გადაწყვეთ ბევრი დეტალი უნდა გათვალოთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი