LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუცლის ტკივილი ბავშვებში! – გოგა ბახტაძე გვირჩევს, როდის გვჭირდება ქირურგის კონსულტაცია

22
goga-baxtadze

გადაცემის ლაივი LIVE

არსებობს თუ არა გამოხატული სიმპტომები, რომლებიც რთულ და გადაუდებელ შემთხვევებზე მიუთითებს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, ყველაზე ხშირად რა ჩივილებით ხვდებიან ბავშვები ქირურგის კაბინეტში – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ქირურგი – გოგა ბახტაძე პასუხობს.

ბატონო გოგა, რა არის ის ძირითადი ჩივილები, რომელთა გამოც ყველაზე ხშირად ხვდებიან ბავშვები თქვენს კაბინეტში?

ზოგადად, ჩივილები ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად რაც ახასიათებთ, ეს არის მუცლის ტკივილი და ამ მიზეზით მოჰყავთ ძირითადად პატარა პაციენტები. პაციენტი მუცლის ტკივილის ჩივილებით აუცილებლად უნდა ინახოს ქირურგის მიერ. მართალია, 10-დან მხოლოდ ერთ პაციენტს შეიძლება აღმოაჩნდეს ქირურგიული მიზეზით გამოწვეული მუცლის ტკივილი, მაგრამ ეს ქირურგიული მიზეზით გამოწვეული მიზეზი იმდენად საგანგაშოა და იმდენად საშიში გართულებები შეიძლება მოჰყვეს, რომ სასურველია, მუცლის ტკივილის მქონე ყველა პაციენტი ინახოს ქირურგის მიერ, რომ არ გაიპაროს ატიპიურად მიმდინარე დაავადება.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებში მუცლის ტკივილს უმეტესად კვებითი ინტოქსიკაცია, ნაწლავური კოლიკები, ვირუსული ინფექციები და ა.შ. იწვევს, რომელიც როგორც წესი, რამე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ როგორც ვთქვი, არის ქირურგიული მიზეზით გამოწვეული ტკივილებიც და მათ შორის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული მწვანე აპენდიციტია, რომელიც აუცილებელ ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს.

შედარებით იშვიათია მეკელის დივერტიკულის ანთება ნაწლავზე, რომელიც შეიძლება საშიში გართულება იყოს. ქირურგთან ვიზიტის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია თიაქრებიც. ეს თიაქრები შეიძლება იყოს საზარდულის, ჭიპის, თეთრი ხაზის და ა.შ. მართალია, ეს თიაქრები თუ არ ჩაიჭედა, საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ ზოგად გეგმიურ მკურნალობას საჭიროებს. ბავშვები ხშირად მოჰყავთ, რადგან სათესლე ჯირკვლის მდგომარეობის შეფასება სურთ, აინტერესებთ რაიმე საფრთხე ხომ არ ემუქრება სათესლე ჯირკვალს. ზოგჯერ სათესლე ჯირკვლის ტკივილის გამომწვევი მიზეზის დასადგენადაც მოგვმართავენ. აღნიშნულის მიზეზი კი შეიძლება იყოს ინფექციური, ანთებითი და იშვიათად ქირურგიულიც. ეს კი აუცილებლად ქირურგმა უნდა შეაფასოს, რომ შემდგომ საფრთხე არ დაემუქროს სათესლე ჯირკვალს. ხშირად მოჰყავთ სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნების გამოც. მომართვის საკმაოდ ხშირი მიზეზია ჰემანგიომები.

აღნიშნეთ, რომ ტკივილი მუცლის არეში ხშირად საერთოდ არ არის ქირურგიული პათოლოგიის ბრალი. თუ არსებობს გამოხატული სიმპტომატიკა, რომელიც ქირურგიულ პათოლოგიაზე მიანიშნებს და ქირურგთან ვიზიტის აუცილებელ ჩვენებას წარმოადგენს?

რა თქმა უნდა, არის რამდენიმე სიმპტომი და დაავადება, რა დროსაც დალოდება და ვიზიტის გადადება არ შეიძლება და რაც შეიძლება მალე უნდა მივიდეთ ქირურგთან. როგორც გითხარით, მუცლის ტკივილი ზოგჯერ ქირურგიული მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული და თუ მუცლის ტკივილს ერთვის ის, რომ ბავშვი არის მოთენთილი, მივარდნილი, აქვს გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, უმადობა, თან ერთვის ტემპერატურა, იძულებითი მწოლიარე პოზა, უჭირს სიარული, რა თქმა უნდა, ასეთ მწვავე შემთხვევაში სასწრაფოდ დროულად უნდა მიმართოთ ქირურგს, რომ არ მოხდეს რაიმე ქირურგიული დაავადების გართულება.

ბავშვებში ანთების დასაწყისი ძალიან სწრაფად გადადის მწვავე ანთებით პროცესში, ეს შეიძლება 1-2 დღეში მოხდეს, მაშინ, როდესაც მშობელი თვლის, რომ უმჯობესია ჯერ სახლში დააკვირდეს, რომ იქნებ თავისით გაუაროს. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მშობელი 3-4 დღე ელოდა, რომ ბავშვს ტკივილი თავისით გაუვლიდა, ამ დროს კი ბავშვს მთელ მუცელში ჩირქი გავრცელებია. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ამძიმებს ბავშვის მდგომარეობას, შემდგომი მკურნალობის პერიოდს, ახანგრძლივებს სტაციონარში ყოფნის დროს და საავადმყოფოში წოლის პერიოდს. არის კიდევ სხვა მდგომარეობები, მაგალითად, როდესაც ბავშვს აქვს ძლიერი ტკივილი სათესლე ჯირკვლის მიდამოში და მშობელი 2-3 დღე თავად აკვირდება პროცესს, რადგან ჰგონია, რომ ბავშვმა უბრალოდ რაღაც ტრავმა მიიღო ან ანთებითი დაავადება განვითარდა. ჩვენთან მომართვის დროს კი აღმოჩენილა, რომ ეს ტკივილი სათესლე ჯირკვლის შემოგრეხით იყო გამოწვეული, შემოგრეხის დროს კი ხდება სისხლის მიმოქცევის მოშლა ამ ჯირკვალში, მას აღარ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი და 2 დღით დალოდებამ შეიძლება სათესლე ჯირკვლის დაზიანება და გადაგვარება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის დროს გვიწევს უკვე არა სათესლე ჯირკვლის გასწორება და გადარჩენა, არამედ ჯირკვლის ამოღება, ამიტომ აღნიშნული შემთხვევაც ექიმთან გადაუდებელი ვიზიტის ჩვენება.

მინდა ყურადღება გავამახვილო თიაქრებზეც, რომელიც ასევე ერთ-ერთი ხშირი მიზეზია ქირურგთან ვიზიტის. თიაქარი ეს არის გამობერილობა კანქვეშ, ამ დროს კანქვეშ გამოდის მუცლის ღრუს ორგანო, ნაწლავი, ბადექონი, საკვერცხე. აღნიშნული საშიშროებას არ ქმნის მანამ, სანამ თიაქარი არ იწვევს ტკივილს, ბრუნდება მუცლის ღრუში ზეწოლით, არ ახლავს რაიმე სხვა ჩივილები, მაგრამ თუ ბავშვს უეცრად დაეწყო ძლიერი ტკივილი თიაქრის არეში, თუ ის ვერ პოულობს ადგილს, შეუჩერებლად ტირის, ხელს იდებს თიაქარზე და მშობელს ძლიერ ტკივილზე მიანიშნებს, ეს ნიშნავს, რომ თიაქარი ჩაიჭედა. ჩაჭედვის დროს ის კუნთოვანი რგოლი, რომელშიც გამოძვრა ეს ნაწლავი, უჭერს ამ ორგანოს და მოჭერის შედეგად ზიანდება სისხლის მიმოქცევა ამ ორგანოში, რამაც დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება ორგანოს დაზიანება გამოიწვიოს. შესაბამისად, თუ დროულად არ მოხდება მომართვა თიაქრის ჩაჭედვის დროს, მაშინ ოპერაციისას გარდა იმისა, რომ უნდა გაკეთდეს თიაქრის პლასტიკა და აღდგენა ამ თიაქრის დეფექტის, შეიძლება საჭირო გახდეს ნაწლავის ამოკვეთა და გოგონების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს თიაქარში გასული საკვერცხის დაკარგვაც, საჭირო გახდეს მისი ამოკვეთა. აღნიშნულიც ძალიან საგანგაშო შემთხვევაა და მშობელმა არცერთ შემთხვევაში თავისით არ უნდა სცადოს ჩაჭედილი თიაქრის ჩასწორება, რადგან არასწორი მოქმედებით, ზეწოლით შეიძლება უფრო დააზიანოს. ზოგჯერ მშობელი მოდის და ამბობს, მე სახლში ვცადე, ვაწვებოდი მაგრამ ვერ გავასწორე და მერე გადავწყვიტე მოყვანა. ასეთ დროს მშობელმა შეიძლება უფრო მეტი საფრთხე შეუქმნას ბავშვს, ვიდრე თავად ეს დიაგნოზი ქმნის. ასევე ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხედ ითვლება სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რომელიც შეიძლება რომელიმე საშიში ქირურგიული დაავადებით იყოს გამოწვეული. შეიძლება აღინიშნებოდეს როგორც სისხლიანი ღებინება, ისე სისხლდენა ნაწლავთა მოქმედებისას. არის რამდენიმე ქირურგიული დაავადება, მაგალითად, ნაწლავის ნაწლავში ჩაჭედვა, რომლის დროსაც შეიძლება დაზიანდეს ნაწლავი და ეს უკანა ტანიდან სისხლდენით გამოიხატოს. საკმაოდ საშიში დაავადებაა მეკელის დივერტიკულის ანთებაც, რასაც შეიძლება წინ უძღოდეს სისხლდენა. შეიძლება, რომ სისხლდენები ქირურგიული მიზეზით არ იყოს გამოწვეული და რამე ნაწლავური ინფექცია იყოს, მაგრამ ქირურგიული გართულება, რომ არ გაიპაროს, სასურველია, რომ პირველ რიგში ქირურგმა შეაფასოს სიტუაცია.

თიაქარი ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას თუ მხოლოდ ჩაჭედვის შემთხვევაში, რაზე უნდა გავამახვილოთ ამ დროს ყურადღება?

რა თქმა უნდა, სხვადასხვა თიაქარი სხვადასხვა მიდგომას საჭიროებს. ბავშვებში მუცლის კედლის თიაქრებიდან ყველაზე ხშირად საზარდულის, ჭიპის, თეთრი ხაზის თიაქრებს ვხვდებით. ითვლება, რომ საზარდულის თიაქარი თვით განკურნებადი არ არის და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, ამიტომ როდესაც ეს დიაგნოზი ისმევა, მშობელი ნელ-ნელა უნდა მოემზადოს ოპერაციული მკურნალობისთვის და არ უნდა დაელოდოს მის ჩაჭედვას, რომ არ მოხდეს დამატებითი გართულებები.

განსხვავებული მიდგომაა ჭიპის თიაქართან დაკავშირებით. ბავშვთა ასაკში ჭიპის თიაქრები საკმაოდ გავრცელებულია და ვიზუალურად ჭიპის მიდამოში გამობერილობით გამოიხატება. როგორც წესი, ეს ამობერილობა შეიძლება თავიდან დაბადებისას არც იყოს და შემდეგ, რამდენიმე კვირის ან თვის ასაკში გამოჩნდეს. შეიძლება გამოჩნდეს, მაშინ, როცა ბავშვი ძალიან ტირის, როცა ძლიერი ყაბზობა აქვს და გაჭინთვა უწევს და ა.შ. ჭიპის თიაქარი ყოველთვის თანდაყოლილია, უბრალოდ, გამოვლინების პროვოცირებას მუცლის შიდა წნევის გაზრდა იწვევს. აღნიშნული თიაქარი გამოწვეულია ჭიპის რგოლის თანდაყოლილი შეუხორცებლობით. თუ სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების დროს გამოვიდა ჭიპიდან მუცლის ღრუს ორგანო, მაგრამ თუ ის თავისუფლად გასწორდა მუცლის ღრუში ზეწოლის შედეგად, განსხვავებით საზარდულის თიაქრისგან, ქირურგიული ჩარევა ამ დროს პირველ ეტაპზე რეკომენდებული არ არის. სამედიცინო სკოლების და პროტოკოლების უმეტესობა უჩვენებს, რომ ჭიპის თიაქარი ბავშვებში უმეტეს შემთხვევაში, 10-იდან 9-ში 4-5 წლის ასაკში თავისით ხორცდება, ანუ ჭიპის რგოლი თავისით იხურება, ხორცდება და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. მხოლოდ 10-დან 1 ბავშვს შეიძლება არ შეუხორცდეს რგოლი ამ ასაკამდე და დასჭირდეს შემდგომი ქირურგიული ჩარევა, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ ასაკს და მხოლოდ მერე უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა, რა თქმა უნდა, თუ არ მოხდა ჩაჭედვა. ადრე ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა დამხმარე მეთოდები, ლეიკოპლასტირის გადაკვრა და ა.შ. გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა ეს მეთოდები აქტუალური აღარ არის. ახლა ჩვენ სპეციალური მასაჟებით, ვარჯიშებით და ისეთი პროცედურებით შეგვიძლია დავეხმაროთ პაციენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ამ დეფექტის დახურვას და თვით შეხორცებას. იყიდება სპეციალური ქამრებიც, რომელიც თიაქარს არ აძლევს მუდმივად გამოსვლის საშუალებას და ხელს უწყობს ჭიპის თიაქრის 4-5 წლის ასაკისთვის შეხორცებას. შეიძლება საერთოდ არაფერი დავუნიშნოთ პაციენტს და უბრალოდ დალოდების რეჟიმში ვიყოთ და შესაბამის ასაკში ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე შეიძლება მაინც თავისით შეხორცდეს ეს თიაქარი. თუ 4-5 წლის ასაკამდე თიაქარი არ შეხორცდა, შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად უკვე საჭიროა ოპერაციის გაკეთება. ოპერაცია კეთდება მაშინაც, თუ ეს თიაქარი ძალიან დიდი ზომისაა ან იწვევს მუდმივ ტკივილს, რაც ბავშვისთვის დისკომფორტია. დროულ ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს თეთრი ხაზის თიაქარი, რომ შემდგომში არ მოხდეს ოპერაციის მასშტაბების ზრდა და თავიდან ავიცილოთ გართულებები.

რა ტიპის პრობლემაა ე.წ ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი და საჭიროებს თუ არა ის ქირურგიულ ჩარევას?

ესეც საკმაოდ საყურადღებო პრობლემაა. მუცლადყოფნის პერიოდში, როდესაც ბავშვი ვითარდება, მას არ აქვს ეს სათესლე ჯირკვლები იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ უნდა იყოს და მდებარეობს თვითონ ბავშვის მუცელში. ბავშვის დაბადების დროს ან დაბადების პირველივე თვეებში სათესლე ჯირკვლებმა უნდა გაიაროს გზა ბავშვის მუცლიდან სათესლე პარკამდე საზარდულის არხის გავლით და დაბადებისას ან პირველივე თვეებში უკვე უნდა იყოს ჩამოსული იქ, სადაც მისი ბუნებრივი ადგილია, მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ ამ გზის გავლისას ფერხდება და ბოლომდე ვეღარ აღწევს და შეიძლება გაჩერდეს საზარდულის მიდამოში და არ ჩამოვიდეს პარკამდე და დარჩეს საზარდულის არხში ან ცუდ შემთხვევაში მუცლის ღრუში და საერთოდ არ გამოვიდეს იქიდან. ეს მდგომარეობა საშიში და არასასურველია, რადგან სათესლე ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის და განვითარებისთვის ოპტიმალურო პირობები მხოლოდ სათესლე პარკშია, რადგან იქ არის შესაბამისი ტემპერატურა, შესაბამისი ტენიანობა, წნევა, მხოლოდ იქ არის ადაპტირებული პირობები. თუ ჯირკვალი მოხვდა ზემოთ საზარდულის არხში და არ დაეშვა სათესლე პარკამდე, არასათანადო პირობებში, ტემპერატურაში დიდხანს ვერ უძლებს და თანდათან იწყება ჯირკვლის ფუნქციის მოშლა და ჯირკვლის ქსოვილის გადაგვარება. არის მაგალითები მისი ზედმეტად დაგვიანების შემდეგ სათესლე ჯირკვლის ავთვისებიან სემინომად გადაგვარების, ამიტომ როდესაც ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოსული, უნდა მოხდეს ამ პათოლოგიის დროული ქირურგიული კორექცია. მედიცინის განვითარებასთან ერთად ახალი კვლევები, ახალი აღმოჩენები ხდება და იცვლება მიდგომები ზოგიერთი დაავადების მიმართ.

ძველ დროში კრიპტორქიზმის, ჩამოუსვლელი ჯირკვლის ოპერაციისთვის ოპტიმალურ ასაკად 3-დან 5 წლამდე პერიოდი ითვლებოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ასაკი უკვე დაგვიანებულია და 2 წლამდე ჩამოიწია ქირურგიული ჩარევისთვის შესაფერისმა ასაკმა. ითვლებოდა, რომ 2 წლის ასაკის შემდეგ ეს ჯირკვალი ზიანდებოდა, თუმცა შემდეგ კიდევ უფრო განვითარდა მედიცინა და აღმოჩნდა, რომ კრიპტორქიზმის ქირურგიული მკურნალობისთვის ოპტიმალური პერიოდი 6-დან 18 თვემდეა ასაკი და უმჯობესია ამ დრომდე მიმართოთ ექიმს, რომ მოხდეს ამ დაავადების მკურნალობა. ზოგიერთი ქვეყნის წამყვანი კლინიკების პროტოკოლი კიდევ უფრო ქვემოთ, 6-დან 12 თვემდე წევს ამ ასაკს, თუმცა ეს ამ ეტაპზე ყველგან მიღებული არ არის და არ წარმოადგენს დოგმას. უფრო მეტად 6-დან 18 თვემდე ასაკია მიღებული. სამწუხაროდ, ხდება, რომ 5-10 წლის ასაკის ბავშვი მოჰყავთ მსგავსი მოუგვარებელი პრობლემით. შემდეგ უკვე ოპერაციის ერთადერთი მიზანი ჯირკვლის არქონით გამოწვეული კოსმეტიკური დეფექტის გამოსწორება და სემინომის განვითარების რისკების შემცირებაა. არსებობს ცრუ, კრიპტორქიზმის მაგვარი დაავადებაც. ჯირკვალს აქვს ასეთი თვისება, ის მისთვის სასურველ პირობებს ეძებს, ამიტომ თუ ბავშვი მოხვდება სიცივეში და ჯირკვალს შესცივდება, შეიძლება, რეფლექტორულად უცებ აიწიოს საზარდულში, იქ სადაც მეტი ტემპერატურაა, ეს მისი დამცველობითი უნარია. მშობელი ამ დროს შეხედავს, რომ ჯირკვალი არ არის თავის ადგილას და ჰგონია კრიპტორქიზმი, სინამდვილეში, როგორც კი ბავშვი მოხვდება სითბოში ის ჯირკვალი თავისითვე შეიძლება ჩამოვიდეს.

ხშირია ცრუ კრიპტორქიზმის შემთხვევები ?

დიახ, მოუყვანიათ ბავშვები მსგავსი პრობლემით. აღმოჩენილა, რომ სიცივის გამო შეკუმშულა კუნთი, რომელზეც დაფიქსირებულია ჯირკვალი და სწორედ ამის გამო ასულა ის ზემოთ. ეს მდგომარეობა საშიში არ არის და რაიმე განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს.

განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ჰემანგიომასთან დაკავშირებით, ზოგი თვლის, რომ ის საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, ზოგი პირიქით. როგორია ჰემანგიომას მკურნალობის მეთოდები ?

პირველ რიგში, განვმარტოთ, რა არის ჰემანგიომა. ჰემანგიომა ეს არის კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ან დაბადებისთანავე აქვს ბავშვს ან დაბადების პირველივე დღეებში ან თვეებში ვითარდება. ის უმეტესად ან კანის ზედაპირზე მდებარეობს ან კანქვეშა ცხიმოვან რბილ ქსოვილებში. ის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს განვითარებული, ტანზე, კიდურებზე, დუნდულებზე, თავის თმიან ნაწილში, სახეზე და ა.შ. ზოგჯერ შეიძლება შინაგან ორგანოებზეც იყოს განვითარებული, მაგალითად, ღვიძლზე, ნაწლავზე, სასუნთქ სისტემაში, ხორხზე და ა.შ. ჰემანგიომების მიმართ მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს და გათვალისწინებული უნდა იყოს თვითონ ჰემანგიომის მდებარეობა, თუ სად არის განლაგებული, ბავშვის ასაკი და თუ რა საშიშროება შეიძლება წარმოქმნას მან. ბავშვის ასაკი მნიშვნელოვანია, რადგან ჰემანგიომებს თავისი განვითარების ეტაპები აქვთ. ნებისმიერი ქვეყნის პროტოკოლშია გათვალისწინებული ასაკი. როგორც გითხარით, ჰემანგიომას თავისი განვითარების ფაზები აქვს. თავიდან რომ იბადება, პირველი თვეების ან სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ჰემანგიომას ზრდის ფაზა აქვს. ერთი წლის გასვლის შემდეგ ჰემანგიომის ზრდის ფაზა ზრდის შეჩერების ფაზით უნდა შეიცვალოს და ჰემანგიომას უკუგანვითარების ფაზა, ანუ დაპატარავების ან გაქრობის ფაზა უნდა დაიწყოს. ეს ფაზა ხშირად შეიძლება 5 წლის ასაკამდე, იშვიათად 8-10 წლის ასაკამდე გაგრძელდეს. ამ დროს ჰემანგიომა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს ზომაში, დაპატარავდეს და კარგ შემთხვევაში საერთოდ გაქრეს ან ფერი დაკარგოს და არ იყოს ვიზუალურად შესამჩნევი.

გარკვეული ტიპის ჰემანგიომების შემთხვევაში, რომლებიც არ ქმნიან საშიშროებას, ნაჩქარევი ჩარევა და ბავშვის ზედმეტი ტრავმირება საჭირო არ არის, რადგან მოწოდებულია, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ჰემანგიომები თავისით უკუგანვითარდება გარკვეული ასაკის მიღწევისას, თუმცა როგორც ვთქვი, გათვალისწინებული უნდა იყოს ჰემანგიომას მდებარეობა და ის, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს. ეს ეხება ჰემანგიომებს, რომლებიც მუცელზე, ზურგზე, კისერზე მდებარეობს და წესით არ უნდა გართულდეს, მაგრამ ზოგჯერ ჰემანგიომა ფეხის ან ხელის გულზე მდებარეობს, რაც სიარულის ან სხვა მოქმედებების დროს შეიძლება გადაიხეხოს და გაღიზიანდეს. ამ დროს კი შეიძლება შეიქმნას სისხლდენის ან სხვა გართულების საშიშროება. ზოგჯერ გვხვდება ისეთი ჰემანგიომებიც, რომლებიც საჯდომზე, დუნდულებზე, ანუსთან ახლოს ან საშარდე სისტემასთან არის განლაგებული, რაც ინფიცირების მაღალ რისკს ქმნის. შეიძლება ის დაინფიცირდეს, მერე დაწყლულდეს და გართულდეს სისხლდენით. ასეთ შემთხვევაში კი უკვე სხვა მიდგომა არის საჭირო. კიდევ განსაკუთრებულია სახის მიდამოს ჰემანგიომები, რომლებიც ზრდის შემთხვევაში არასასურველ კოსმეტიკურ ეფექტს ქმნის. რაც შეეხება შინაგან ორგანოებზე არსებულ ჰემანგიომებს, მათაც შეიძლება ჰქონდეთ ზრდის და შემდეგ უკუგანვითარების ფაზა, თუმცა, ხორხში არსებული ჰემანგიომა რომ ავიღოთ, მან ზრდის ფაზის დროს იმხელა ზომებს შეიძლება მიაღწიოს, რომ ბავშვს ხელი შეუშალოს სუნთქვაში და ამ მხრივ გამოიწვიოს გართულება. ღვიძლში არსებულმა დიდი ზომის ჰემანგიომამ, გარკვეული ტრავმის მიღების შედეგად შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ბავშვის სიცოცხლეს. შესაბამისად, აღნიშნულ ჰემანგიომებს ვერ მივუდგებით ისე, როგორც უსაფრთხო ადგილას მდებარე ჰემანგიომებს, მათ სხვა სახის ყურადღება და მკურნალობა სჭირდებათ, გართულებები რომ არ გამოიწვიონ. თუ გადავწყვიტეთ, რომ კონკრეტული ჰემანგიომა სამკურნალოა, ამ შემთხვევაში, მკურნალობის რამდენიმე განსხვავებული მეთოდი არსებობს. იმ ადგილის შემთხვევაში, სადაც ქირურგიულმა ჩარევამ შეიძლება უხეში ნაწიბური გამოიწვიოს, შეიძლება მედიკამენტური მკურნალობა იყოს გამოყენებული, ასევე არსებობს სპეციალური გელები. არის მიდამოები, სადაც წასასმელ წამალს ვერ გამოვიყენებთ და ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ე.წ ბეტა ბლოკერები. ეს არის წამლები, რომლებიც წნევაზე და სისხლის მიმოქცევაზე მოქმედებს და აქედან გამომდინარე, შეიძლება, თვითონ ამ ჰემანგიომაში გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის შემცირება და ხელი შეუწყოს მის უკუგანვითარებას. ასეთ დროს ექიმის მეთვალყურეობით ინიშნება ხანგრძლივი სამკურნალო სქემა. ეს მედიკამენტები, როგორც აღვნიშნე, სისხლის მიმოქცევაზე მოქმედებს და მათი დამოუკიდებლად, ექიმის გარეშე მიღება, არ შეიძლება. სიტუაცია აუცილებლად ექიმმა უნდა აკონტროლოს. ითვლება, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს მკურნალობის სქემა თითქმის ყველა შემთხვევაში დადებით ეფექტს. ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, რადგან ის, რომ ერთმა პირმა ჩაიტარა რაღაც კონკრეტული შედეგიანი მკურნალობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვასაც მიესადაგება. ადვილად მისადგომი ჰემანგიომების შემთხვევაში ხანგრძლივად ისეთი მედიკამენტების მიღებას, რომლებიც სისხლის მიმოქცევაზე მოქმედება, ერთჯერადი მარტივი ქირურგიული ჩარევა ან ლაზეროთერაპია ჯობია, რომელიც შეიძლება სულ რაღაც ხუთ წუთს გაგრძელდეს.

მშობლებისთვის კიდევ ერთი აქტუალური თემაა ჩუჩის გადაწევა ბიჭებში. საჭიროა თუ არა რაღაც ეტაპზე ამის გაკეთება და აუცილებლად ექიმის მიერ უნდა მოხდეს თუ არა?

დედებს მაშინ მიჰყავთ ბავშვები ექიმთან ჩუჩის გადასაწევად, როდესაც ხედავენ, რომ ჩუჩა დახურულია, ჩუჩით დახურულია ასოს თავი და თავად ვერ ახერხებენ ამის გახსნას და გათავისუფლებას. როდესაც მშობელი თავად ვერ ახერხებს მის გახსნას, თვლის, რომ ეს არის ფიმოზი და მიჰყავს ექიმთან. რა თქმა უნდა, ეს არის კიდეც ფიმოზი. არსებობს 2 სხვადასხვა ტიპის ფიმოზი, ფიზიოლოგიურო და პათოლოგიური. თავად სიტყვა ფიზიოლოგიური გვეუბნება, რომ არის ნორმალური და რაიმე დარღვევას ან პათოლოგიას არ წარმოადგენს. სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, ახალშობილ და ჩვილ ბავშვთა 97%-ს ფიზიოლოგიური ფიმოზი აქვს. ეს ბუნებრივია, ბუნებამ ასე შექმნა და მას თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის ბავშვს იცავს ინფექციების შეჭრისგან. თუ ბავშვს არ აქვს შარდვის გაძნელება, ხშირი ტკივილი, ინფექციები, მოშარდვის დროს არ იბერება ჩუჩა და ა.შ. , მაშინ ეს ფიმოზი ფიზიოლოგიურად უნდა ჩაითვალოს და საბედნიეროდ, ფიზიოლოგიური ფიმოზი უმეტეს შემთხვევაში დროთა განმავლობაში თავისით გადის. 6-8 წლის ასაკისთვის ან ზოგჯერ ცოტა მოგვიანებით, სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის თავისით, ყოველგვარი ჩარევის გარეშე უნდა გაიაროს ფიზიოლოგიურმა ფიმოზმა, განსხვავებით პათოლოგიური ფიმოზისა. პათოლოგიურ ფიმოზს ახასიათებს გაძნელებული შარდვა, ძლიერი ტკივილი და ა.შ.

რა არის გამოსავალი პათოლოგიური ფიმოზის დროს?

პირველ ეტაპზე მედიკამენტებით, სტეროიდებით მკურნალობას უნდა ეცადოთ. ჩუჩის გადაწევა შეიძლება გაადვილოს ჰიდროკორტიზონის მალამოს ხანგრძლივმა კურსმა, რომელიც ათხელებს მას, ელასტიკურობას მატებს და აშორებს იმ შეხორცებებს, რომელიც შეიძლება იყოს ასოს თავთან განვითარებული. პათოლოგიური ფიმოზის დროს ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს გადაწევა ან ქირურგის ჩარევა, რაც ჩვეულებრივი, დამცველობითი ფიმოზის დროს არ ხდება, რადგან ფიზიოლოგიური ფიმოზის ნაადრევად გადაწევით შეიძლება ინფექციებისგან დაცვის უნარი წავართვათ ბავშვის ჩუჩას. გადაწევის დროს შეიძლება მოხდეს მისი გაღიზიანება, ინფექციის შეჭრა. როდესაც ჩუჩა არ არის საიმისოდ ჩამოყალიბებული და არ არის მზად, რომ გადაიწიოს ასოს თავზე, ძალით მექანიკური ზემოქმედებით შეიძლება მოხდეს მისი ჩახევა და დაზიანება. შემდეგ ამ შეხორცებების დროს ვითარდება ნაწიბურები. ფიზიოლოგიური ფიმოზიდან ჩვენ შეიძლება ხელი შევუწყოთ ნაწიბუროვანი ფიმოზის წარმოქმნას, რომელიც შემდგომში შეიძლება გახდეს საოპერაციო და ქირურგიული ჩარევის მიზეზი. თუ ბავშვს არანაირი პრობლემა არ აქვს, თავისუფლად შარდავს, იცავს ჰიგიენას და ა.შ. , მაშინ ზედმეტი ჩარევა საჭირო არ არის.

რამდენად სწორია გავრცელებული მოსაზრება, რომ თუ ჩუჩას არ გადავწევთ მასში მარილები დაგროვდება?

როგორც წესი, ეს არ არის მარილები, ეს არის ჩუჩას სმეგმა, საცხი, რომელსაც თავისი ფუნქცია აქვს. ის უნდა დაგროვდეს ერთ ადგილას, ის არის საპოხი მასალა, საცხი, რომელიც იქ თავის ფუნქცია-მოვალეობას ასრულებს. თუ ის რაიმე გაღიზიანებას, დაზიანებას, ანთებით დაავადებებს, დაჩირქებას და ა.შ. არ იწვევს, მაშინ მისი მოცილება საჭირო არ არის. ბევრ ქვეყანაში და მათ შორის აშშ-ში ექიმების მიერ მიღებულია ქირურგიული ჩარევა და საერთოდ მოჭრა ამ ჩუჩის, მაგრამ ეს არ ხდება რელიგიური ან ჰიგიენური მოსაზრებით. არსებობს მოსაზრება, რომ მოჭრილი ჩუჩის შემთხვევაში სქესობრივ პარტნიორებში უფრო ნაკლებად ვითარდება საშვილოსნოს ყელის სიმსივნე, ასევე შემცირებული აივ ინფექციის გადაცემის რისკი, თუმცა ეს არ არის დოგმა და მოწოდება იმის, რომ ყველამ გაიკეთოს. ამ ეტაპზე ჩვენთან ეს მიღებული არ არის.

ოპერაციის ჩასატარებლად პაციენტები ხშირად გადაჰყავთ სხვა ქვეყნებში. როგორ ფიქრობთ, ეს ნდობის ფაქტორია თუ არის ოპერაციები, რომლებიც საქართველოში ვერ კეთდება,

სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება და ამას ხან სუბიექტური ხან ობიექტური მიზეზი აქვს. ობიექტური მიზეზი არის ის, რომ ზოგჯერ ჩვენ არ გვაქვს გარკვეული ტიპის ჩარევებისთვის საჭირო სრული ინვენტარი. ეს გამოწვეულია იმით, რომ არის იშვიათი ოპერაციები, რომელთაც ძვირად ღირებული ინვენტარი სჭირდება, სამედიცინო დაწესებულებისთვის კი ეს არ არის რენტაბელური და მომგებიანი, რადგან ასეთი ჩარევები შეიძლება წელიწადში 3-4 ჯერ გახდეს საჭირო. სუბიექტურია, როდესაც ნდობა არ აქვთ ქართველი ექიმების მიმართ და ურჩევნიათ რთული ოპერაციები საზღვარგარეთ ჩაიტარონ. სამწუხაროდ, გართულებები საზღვარგარეთ ჩატარებული ოპერაციების შემთხვევაშიც არის, ამისგან დაზღვეული არავინაა. კიდევ არის ინფორმაციის დეფიციტი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ რომელიღაც საავადმყოფოში რაღაც კონკრეტული ტიპის ქირურგიული ჩარევა ტარდება. პაციენტი მიაკითხავს ერთ დაწესებულებას, გაიგებს, რომ იქ არ ტარდება კონკრეტული ოპერაცია და თვლის, რომ ყველგან ასეა და პირდაპირ უცხოეთში მიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები