LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაძვის ხე, ხელოვნური თოვლი და საკვები, რომელიც ალერგიას იწვევს – მაკა რუხაძის რეკომენდაციები საახალწლოდ

6
მაკა-რუხაძე

რა ტიპის ალერგიები გვხვდება, ყველაზე ხშირად, ახალი წლის დღეებში, როგორ უნდა ამოვიცნოთ ალერგია და როგორ უნდა მოვიქცეთ სწრაფად განვითარებული ალერგიული რეაქციის დროს, რა პროდუქტებს უნდა მოვერიდოთ საახალწლო სუფრაზე – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, მაკა რუხაძემ ისაუბრა.

ყველაზე ხშირად რა ტიპის ალერგიები, პრობლემები გვხვდება ახალი წლის დღეებში?

ახალი წლის დღეებში ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ, როგორც ალერგიული, ისე არა ალერგიული პრობლემები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ალერგია პოლიორგანული პათოლოგიაა და ის არ არის ერთი კონკრეტული ორგანოს დაავადება. შესაბამისად, პრობლემებმა შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით იჩინოს თავი.

ახალი წლის პერიოდში ხშირად მწვავდება კანის პრობლემები, სხვადასხვა კონტაქტური დერმატიტი. გადაჭარბებული სხვადასხვა საკვების ან ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შედეგად, შეიძლება განვითარდეს ურტიკარიაც. საფრთხის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს ის ყველაფერი, რაც ირგვლივ სილამაზეს და განწყობას ქმნის, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა ბრჭყვიალა ელფერი ქიმიური საშუალებების, სხვადასხვა საღებავების გამოყენებით მიიღწევა.

ამ პერიოდში სხვადასხვა ორგანოს პათოლოგიებს შეიძლება ჰქონდეთ ადგილი, ხშირია კანის, სუნთქვის და გასტროენტეროლოგიური პრობლემები. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ასთმის მქონე პაციენტებს, როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ სხვადასხვა დეკორაციების, სურნელების, არომატების გარემოში ყოფნისას. მოკლედ რომ შევაჯამოთ, გამწვავებას ყველა ორგანოს მხრივ შეიძლება ველოდოთ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ადამიანს რაიმე ქრონიკული დაავადება აქვს, ეს დაავადება კონტროლირებული უნდა იყოს. მაგალითად, ასთმის მქონე პაციენტი აუცილებლად უნდა იღებდეს მაკონტროლებელ საშუალებებს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ასთმის სამოქმედო გეგმა. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რეკომენდაციების მორგება, გადახედვა და განახლება, რადგან დაავადება შეიძლება გამწვავდეს და სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სტატუსი ჰქონდეს. ასთმის კონტროლის მიღწევა და მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მართალია, ფეიერვერკები, პიროტექნიკა საახალწლო განწყობას ქმნის, მაგრამ ისინი ძალიან საფრთხილოა. ჩვენ უნდა გავიაზროთ გლობალური საკითხები, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდნენ ტყვიას, რაც ძალიან სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მას შემდეგ, რაც ფეიერვერკი გაიტყორცნება და გაიფრქვევა გარეთ, რა თქმა უნდა, ბინძურდება გარემო, ჰაერი, მათ შეიძლება გამოიწვიონ სუნთქვის გაძნელება. მოგეხსენებათ, ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, აქტუალური და გლობალური საკითხია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ტექნიკის ჭარბი, ხშირი გამოყენება სასურველი არ არის, გარდა ზევით აღნიშნული პრობლემებისა, მათმა დაუდევარმა გამოყენებამ შესაძლოა გარკვეული ტრავმებიც გამოიწვიოს და ჩვენთვის ამის არაერთი მაგალითია ცნობილი.

ადამიანი, რომელსაც აქამდე არასდროს ჰქონია ალერგიული რეაქცია, როგორ უნდა მიხვდეს, რომ მას კონკრეტულმა დეკორაციამ, პიროტექნიკამ, ხელოვნურმა თოვლმა თუ სხვამ ალერგია მისცა, როგორია სიმპტომები?

სიმპტომატიკა მრავალრიცხოვანი შეიძლება იყოს. კონკრეტულ ალერგენთან ექსპოზიციის დროს შესაძლოა იყოს ცემინება, პასუხი რესპირაციული სისტემის მხრივ, სპაზმური ხველა. მნიშვნელობა სწორედ რომ შესაძლო დამნაშავე ალერგენთან ექსპოზიციას აქვს და თუ სიმპტომები მეორდება და პაციენტს აქვს გარკვეული რეაქცია, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

ალერგია შეიძლება გამოიწვიოს სახლის პირობებში შენახულ ნაძვის ხესთან კონტაქტმაც. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ნიუანსებშია და რომ დიდი მნიშვნელობა აქვს შენახვის პირობებს. ნაძვის ხე აუცილებლად ჰერმეტულად უნდა იყოს შენახული, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს დაცული მტვრისგან. არავითარ შემთხვევაში არ ააწყოთ ნაძვის ხე პირდაპირ სახლში, მით უმეტეს, თუ სახლში ალერგიული, ასთმიანი ადამიანი გყავთ. უმჯობესია, რომ ნაძვის ხე ჯერ აივანზე გაშალოთ, მოაწესრიგოთ, სველი წესით გაწმინდოთ და შემდეგ შემოიტანოთ სახლში.

აუცილებელია, რომ ხელოვნური ნაძვის ხე კარგი ხარისხის იყოს, რადგან მოგეხსენებათ, ეს ნაძვის ხეებიც შეღებილია და საღებავს შესაძლოა გარკვეული მკვეთრი სუნი ჰქონდეს, რამაც ალერგია გამოიწვიოს. წესით, უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე წლის შემდეგ, ხელოვნური ნაძვის ხეც უნდა შეიცვალოს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ადამიანს ბუნებრივი ნაძვის ხე უყვარს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარადმწვანე მცენარეები ძალიან ნელი ტემპით იზრდებიან, ამიტომ მათ გაფრთხილება სჭირდებათ, ისინი ჩვენი ჟანგბადის მნიშვნელოვან რეზერვუარს წარმოადგენენ.

რეკომენდებულია, რომ ნაძვის ხე იყოს ცოცხალი და იყოს ქოთანში, რომ შემდეგ მისი გრუნტში გადატანის შესაძლებლობა გვქონდეს, თუმცა საყურადღებოა, რომ ნიადაგშიც შეიძლება იყოს სოკოს სპორები, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, კარგად შევაფასოთ და შევამოწმოთ ნაძვის ხე და ისე შემოვიტანოთ სახლში.

როდესაც ჩვენ ვიცით, რაზე გვაქვს ალერგია, მას ვერიდებით, მაგრამ შესაძლოა, რომ ალერგიულ ბავშვს განუვითარდეს ალერგიული რეაქცია არა იმ ჩვენთვის ნაცნობ დამნაშავე ალერგენზე, არამედ სხვაზე?

ნამდვილად შეიძლება. არსებობს გარკვეული რისკფაქტორები, ირიტანტები, რომლებმაც მაპროვოცირებელი ფაქტორის ფუნქცია შეიძლება შეასრულონ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტული ნივთის ხარისხს, თუ რა ინგრედიენტებისგან, საღებავებისგან შედგება. შესაბამისი ორგანოები აუცილებლად უნდა არეგულირებდნენ იმას, რომ ჩვენს ბაზარზე უსაფრთხო, ხარისხიანი პროდუქცია იყოს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ეტიკეტთან დამოკიდებულებასაც, მასზე უნდა ამოვიკითხოთ, რა ინგრედიენტებს, საღებავებს შეიცავს ის, რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს და ა.შ. ძალიან საყურადღებოა სურნელოვანი სანთლებიც, თუ რა არომატისგან შედგება ისინი.

ალერგია შეიძლება სწრაფადაც განვითარდეს, შეიძლება სხვა შოკურმა ორგანომ აიღოს პასუხისმგებლობა და დაიწყოს ხველა, ცემინება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის მსგავსი ნასუსხი და ა.შ. ასევე ძალიან საყურადღებოა ყველასთვის საყვარელი მცენარე, შობის ვარსკვლავი, ანუ პუანტესია. თუ ადამიანმა იცის, რომ მას ლატექსზე ალერგია აქვს, მაშინ ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს ამ ლამაზ მცენარესთან, რადგან თუ მისი ღერო დაზიანდა, ისეთი ნივთიერება იწყებს გამოთავისუფლებას, რომელიც ლატექსის წარმოებაში გამოიყენება. ასეთ ადამიანებს სერიოზული საფრთხე შეიძლება შეუქმნას გასაბერმა, ფერადმა ბუშტებმაც. ძალიან ბევრი ნიუანსი არსებობს, რომელიც უნდა ვიცოდეთ და უნდა გავითვალისწინოთ.

არსებობს თუ არა გამოსავალი სწრაფად განვითარებული ალერგიული რეაქციიდან, რა დამატებით ღონისძიებებს, მედიკამენტებს უნდა მივმართოთ?

რა თქმა უნდა, პირველი ალერგენის ელიმინაცია, ანუ მისგან მოშორებაა, მაგრამ თუ ამის შემდეგ სიმპტომები არ გაჩერდება, არსებობს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, პირველადი გამოყენების მედიკამენტები, რომლითაც მაშინვე უნდა აღმოვუჩინოთ ადამიანს დახმარება. ასეთი ალერგიული ეპიზოდის დაფიქსირების შემდგომ ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს.

რას უნდა მოვერიდოთ საახალწლო სუფრაზე, რა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია?

ნიგოზი თხილეულს შორის ნომერ პირველი ალერგენია. რა თქმა უნდა, გოზინაყის და ა.შ. ახალი წელი წარმოუდგენელია, მაგრამ თუ ადამიანს ნიგვზის მიმართ აქვს ჰიპერმგრძნობელობა, თუ მაქვს აქვს ალერგია, მაშინ აუცილებლად უნდა მოერიდოს აღნიშნულ პროდუქტს. თხილეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალერგენია, შესაძლოა მან ანაფილაქსიაც გამოიწვიოს. თუ ადამიანს ნიგოზთან მიმართებაში უკვე ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იქ, სადაც მიდის სამზადისი, რადგან მან შესაძლოა ჩაისუნთქოს სურნელი და ასე განვითარდეს ალერგია. თუ ადამიანს აქვს ალერგია რძე, კვერცხზე, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ალერგენები ბევრ საკვებში, სასმელში არის შეფარული, შენიღბული. მაგალითად, ზოგიერთი ლიქიორი რძეს შეიცავს, ზოგიერთი კოქტეილი კვერცხის ცილას.

სასურველია, რომ ყველა რესტორანში მითითებული და გაშიფრული იყოს ინგრედიენტები, ან თავად ადამიანმა დაასახელოს რაზე აქვს ალერგია. ალერგიულ ადამიანს გარკვეული მენიუ და ნიუანსების გათვალისწინება სჭირდება. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს კვებითი ალერგია კონკრეტული ალერგენის მიმართ, მაგრამ ამ პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღების შედეგად განუვითარდეს ალერგია. ზომიერება, ოქროს შუალედი ყველგან საჭიროა.

დიდი რაოდენობით ციტრუსის მიღების შემდეგ, ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ალერგია, მწვავე ჭინჭრის ციება და ა.შ. , მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ალერგია აქვს ციტრუსის მიმართ, მან უბრალოდ დიდი რაოდენობით მიიღო პროდუქტი და ამიტომ ფერმენტულად ვერ მოხდა მისი გადამუშავება.

ხანდახან ალერგიას გარკვეული პროდუქტების ერთად მიღება იწვევს. ასევე საახალწლო სუფრაზე შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი საკვები, ტროპიკული ხილი, აზიური სამზარეულო, რომელთაც ზოგადად არ მივირთმევთ ხოლმე და არ ვიცით, რამდენად ალერგიულია ჩვენთვის

მნიშვნელოვანია საკვების შენახვის ტექნიკაც, მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი საწებელს ასპირინს უმატებს, რაც არ შეიძლება. არსებობს ასპირინით გამოწვეული რესპირაციული პრობლემა, ასთმა, ჭინჭრის ციება და ა.შ. თუ ადამიანს გარკვეული ქრონიკული პათოლოგია აქვს და იღებს მედიკამენტებს, ტოქსიკური რეაქცია მედიკამენტის საკვებთან ან სასმელთან ურთიერთქმედებამაც შეიძლება გამოიწვიოს.

რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს, მაგრამ თუ ჩვენ გავიაზრებთ მათ და სიფრთხილით მოვეკიდებით, პრობლემა ნაკლებად იქნება. ყურადღება და გარკვეული ნიუანსების გათვალისწინება აუცილებელია. მაგალითად, ღვინო ალერგიული არ არის, მაგრამ ჭარბი რაოდენობით მიღებისას, შეიძლება ალერგიული რეაქცია განვითარდეს. შესაძლოა ზოგიერთ ლუდს დამატებული ჰქონდეს გარკვეული თხილის ექსტრაქტი, რამაც ალერგია გამოიწვიოს. შესაბამისად, ეტიკეტის და შემადგენლობის ნახვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამით ნამდვილად ბევრ საფრთხეს ავიცილებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები