LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირით სუნთქვა, შავი ნადები და პრობლემური სარძევე კბილები – წამყვანი სტომატოლოგების რეკომენდაციები

60

პირით სუნთქვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა ბავშვებში, რომელიც ბევრ დაავადებაზე მიუთითებს და ასევე, უამრავი პათოლოგიის პროვოცირებას ახდენს, მათ შორის პირის ღრუში. რა უნდა ვიცოდეთ პირით სუნთქვის შესახებ, რატომ ჩნდება შავი ნადები კბილებზე ადრეულ ასაკში, უნდა ვუმკურნალოთ თუ არა სარძევე კბილებს და როგორ გავაჩეროთ ცელქი ბავშვები სტომატოლოგის კაბინეტში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის პრეზიდემტმა, ნინო ბერიძემ ასევე ბავშვთა თერაპევტმა და ორთოდონტმა, ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდემტმა, ელენე ხარაშვილმა ისაუბრეს.

ნინო, საუბარი მინდა დავიწყოთ ბავშვთა სტომატოლოგების  მეორე საერთაშორისო კონგრესის შესახებ.  რა მნიშვნელობის იყო ეს კონგრესი, რა ძირითად თემებზე იყო საუბარი?

4 ნოემბერს ჩატარდა  ბავშვთა სტომატოლეგების ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი. კონგრესი საკმაოდ რეზონანსული იყო და მასში 300-ზე მეტი ექიმი მონაწილეობდა. კონგრესში მონაწილეობნენ ექიმები როგორც საქართველოდან, ასევე ავსტრიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და  სომხეთიდან. კონგრესის ძირითადი თემა იყო უმტკივნეულო სტომატოლოგია ბავშვებში. მთავარი მომხსენებლის, ოსმან ვერნერის თემა სწორედ ამას ეძღვნებოდა. „ჰიპნოზი ბავშვთა სტომატოლოგიაში”, ეს არის უნარი რომლის გამოყენებითაც ექიმს უმარტივდება ბავშვებთან მუშაობა და მასთან კომუნიკაცია და როგორც წესი, წარმატებით მიმდინარეობს. ასევე ვიმსჯელეთ მალხენის გამოყენებაზე ბავშვთა სტომატოლოგიაში და სარძევე კბილების რესტავრაციის თემაზე. მოგეხსენებათ, რომ სარძევე კბილებს არა მარტო მშობლები, ექიმებიც ნაკლებად სერიოზულად უყურებენ. აღმოჩნდა, რომ სარძევე კბილებს ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია,  მნიშვნელოვანია ასევე ესთეტიკური ფუნქციაც. კონგრესზე ასევე განხილული იყო ორსულთა სტომატოლოგიური დაავადებების მენეჯმენტი და სხვა.

ელენე, პირით სუნთქვაზე რომ ვისაუბროთ,  რა მიზეზით შეიძლება ბავშვი პირით სუნთქავდეს და მეორეს მხრივ, რა გართულებები და პრობლემები შეიძლება ამას მოყვეს პირის ღრუში?

სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში მოიმატა ისეთი პაციენტების რაოდენობამ, რომლებიც პირით სუნთქავენ. ხშირად ეს უბრალოდ ჩვევად მიაჩნიათ და ჩვენ, სტომატოლოგები პაციენტის ვიზიტის დროს აღმოვაჩენთ, რომ ბავშვი პირით სუნთქავს.  ასეთ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ალერგიები, რესპირატორული დაავადებები, აქვთ ადენოიდები, ტონზილები. პირით სუნთქვა მიეკუთვნება მავნე ჩვევების ჯგუფს. როდესაც პირით სუნთქვის დროს პირი ღიაა, ბავშვი ვერ სუნთქავს ცხვირით. შედეგად კი, ხდება ყბების არასწორი მიმართულებით ზრდა. უფრო გასაგებას რომ ვთქვათ, ყბები უფრო შევიწროებულია, დარღვეულია როგორც ღეჭვის ფიზიოლოგირი პროცესი, ასევე ყლაპვის. ყლაპვის პროცესის დარღვევა კი იწვევს ენის არსწორ მდებარეობს. ზუსტად ეს აპროვოცირებს იმას, რომ ყბები არასწორად ვითარდება ბავშვებში. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვების ორთოდონტიული მკურნალობა ადრეული პერიოდიდანვე დაიწყოს. იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ ცხვირით სუნთქვა, უნდა ვიპოვოთ მიზეზი, რის გამოც პაციენტი პირით სუნთქავს. მიზეზის მოსაძებნად პაციენტის შესწავლა რენდგენოლოგიურად და კლინიკურად  ხდება და მხოლოდ  კომპლექსური მიდგომით ხდება მკურნალობის კურსის შერჩევა. ოტოლარინგოლოგებისა და ალერგოლოგების მულტიდისციპლინური მიდგომა მნიშვნელოვანია, ადრეულ მომართვიანობას კი უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს.

ნინო, რა უარყოფითი გავლენის მოხდება მაწოვარას გამოყენება გვიან ასაკამდე, მაგალითად 3 წლამდე?

ეს ჩვევა მოქმედებს თანკბილვაზე და ყბების ზრდის დეფორმირებას იწვევს. განსაკუთრებით როდესაც  ეს ჩვევა არის ხანგრძლივი. თუ ბავშვს 5 წუთი უდევს მაწოვარა, ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ყბების ზრდის მიმართულებაზე, მაგრამ თუ ბავშვს მაწოვარა ღამე, რამდენიმე საათი უდევს გადაბმულად და ხდება მაწოვარას ან თუნდაც თითის წოვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ყბების ანომალიურ ზრდას. თუ ბავშვს მაწოვარას ჩვევა აქვს წელიწად ნახევრამდე, 3 წლამდე პროცესი თვითრეგულაციას განიცდის და ჩვენი დახმარება მას არ სჭირდება. თუ მაწოვარას მოხმარება გრძელდება  3 წლის ზემოთ,  სასურველია ჩავერთოთ სტომატოლოგები. ამ დროს კეთდება სხვადასხვა სახის აპარატები  და მხოლოდ დიაგნოსტირების შემდეგ ვწყეტთ, რა არის საუკეთესო ამ პაციენტისთვის. ერთის მხრივ, რომ ბავშვმა  მავნე ჩვევას თავი დაანებოს და მეორეს მხრივ, ყბები ნორმალურ რეჟიმში განვითარდეს.

ელენე, ამბობენ რომ ადრეულ ასაკში შავი ნადები კბილებზე მკურნალობას არ საჭიროებს და გაწმენდამ შესაძლოა ემალის დაზიანებაც კი გამოიწვიოს

მინანქარს არ აფუჭებს ჰიგიენა, მინანქარს აფუჭებს ის, რომ არ გვაქვს არც პირადი და არც პროფესიული ჰიგიენა. როდესაც ჯაგრისს  აწერია 0-დან 3-წლამდე, ესეიგი იგულისხმება, რომ ამ პერიოდში უნდა გამოვაყენებინოთ და არა 6 და 8 წლის შემდეგ დავიწყოთ ჰიგიენაზე ზრუნვა. შავ ნადებს იწვევს აქტინომიცეტის ჭარბი რაოდენობა ნერწყვში. ეს არ არის რომელიმე მინერალის დეფიციტით გამოწვეული. უამრავი მითია ამასთან დაკავშირებით, მაგალითად ამ ნადებს ჰელმინთებს უკავშირებენ. შავი ნადების მედიცინური სახელწოდება არის პრისლის ნადები, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში აქტიურდება იმიტომ, რომ ემთხვევა კბილების ამოჭრას. ის  უნდა მოშორდეს, რადგან ამ ნადებზე ხდება  ბაქტერიული ნადების აკუმულირება და გარშემო ცირკულარულ კარიესებს ვიღებთ. მიზეზი კი ისაა, რომ ნადებმა კბილის მინანქარს დაცვითი მდგომარეობა დაუკარგა. პრისლის ნადები და შავი ნადები ატარებს განმეორებით ხასიათს, მაგრამ ამის მოშორება ყველა ჯერზე აუცილებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ შემდეგ შემთხვევაზე ის არის ბევრად ნაკლები. ის რომ ნადებს არ სჭირდება მოშორება, ისეთივე მცდარი მითია, როგორიც მითი იმის შესახებ, რომ სარძევე კბილს არ ჭირდება მკურნალობა.

მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგთან პირველადი კონსულტაცია  მოხდეს ბავშვის პირველი კბილის ამოჭრის შემდეგ.  რეალურად ეს მშობლის დენტალური განათლების ამაღლებას უწყობს ხელს, რაც გულისხმობს პირადი ჰიგიენის, კვების და პროფილაქტიკური ვიზიტის  მნიშვნელობის გაზრდას. ხდება მშობლის ინფორმირება, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი, რომ მისი ბავშვის პირი ღრუ არ იყოს კარიესით დასნებოვნებული ან არ შეექმნას რაიმე სახის პრობლემა.

ჩვენ ვაფრთხილებთ მათ მავნე ჩვევებზე ანუ პირველი ვიზიტი ეძღვნება პაციენტის და მშობლის დენტალურ განათლებას. პროფესიული და პროფილაქტიკური ვიზიტების მნიშვნელობა დიდია, ასეთ დროს ხდება  პირის ღრუს დათვალიერება. ეს პროცედურა  ბევრად კომფორტულია, რადგან არ არის ტკივილი, ბავშვისთვის სტომატოლოგიური პროცედურა დადებითი პროცესი ხდება და ნეგატივთან არ ასოცირდება.

ნინო, საინტერესოა აუცილებელია თუ არა კარიესის მკურნალობა მაშინ, როდესაც ეს კბილი მაინც ამოსაღებია?

ბუნება ადამიანს შემთხვევით არაფერს აძლევს. იგივეა სარძევე კბილებიც, რომელთაც აქვთ შემდეგი ფუნქციები: ჩაკბეჩა, ღეჭვა, მეტყველება, ყლაპვა და ა.შ. ამას გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სარძევე კბილები მუდმივ კბილებს უნახავს ადგილს, რათა მოხდეს მათი ფიზიოლოგიურად ამოჭრა და მუდმივი კბილებისთვის რკალში იდეალური სივრცე იყოს. როდესაც სარძევე კბილი იკარგება ნაადრევად,  მუდმივ კბილებს ადგილი არ აქვთ და ორთოდონტიულ პრობლემას ვიღებთ, ამ პრობლემებს კი წლები ვუმკლავდებით. ეს არის მშობლის ინვესტიცია ბავშვის ჯანმრთელობის საქმეში. სარძევე კბილებს უნდა გავუფრთხილდეთ იმისათვის, რომ  10-11 წლის შემდეგ ჯანრთელი კბილის ღრუ გვქონეს.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან არ დაემთხვეს ტკივილს. როგორც ნებისმიერი მშობელი ირჩევს პედიატრს დაბადებიდან, იგივენაირად უნდა აირჩიოს ბავშვის სტომატოლოგი და  რეკომენდაციებისთვის და რჩევებისთვის მას მიმართოს. შედეგად ტკივილთან დაკავშირებული ვიზიტი შეიძლება ბავშვს არც დასჭირდეს. ბევრი რამე მშობელზეა დამოკიდებული და მათ ამაზე დიდი ყურდღება უნდა გაამახვილონ.  დღევანდელი მკურნალობა არ არის დაკავშირებული ტკივილთან, კეთდება ანესთეზია. ხშირად მშობლებს აქვთ ფობიები, ყვებიან ბავშვობაში როგორი მტკივნეული იყო მათთვის სტომატოლოგთან ვიზიტი.  რეალურად კი ბავშვმა, რომელსაც არ ჰქონია შეხება სტომატოლოგთან, არ იცის, რა პროცესია ეს და შესაბამისად არც ეშინია. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განწყობას შევუქმნით მათ ვიზიტამდე. პროფილაქტიკური ვიზიტები და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია. არასწორი ჰიგიენა არის დამღუპველი და დიდ გავლენას ახდენს იმ პაციენტებშიც კი, რომელთაც შეიძლება ძალიან კარგი გენეტიკა ჰქონდეთ.

ელენე, თუ ბავშვს ადრეულ ასაკში აქვს კარიესი, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ მას მომავალში, მუდმივ კბილებზე მიდრეკილება ექნება კარიესისკენ?

ასე ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია კარიესულ პირის ღრუში, სწორედ კარიესულ ფონზე არ ამოიჭრას მუდმივი კბილები. ხშირად როდესაც არის თანკბილვა და მუდმივი კბილი საღეჭი კბილის უკან ამოიჭრება, მშობლებს ის ისევ სარძევე კბილი გონიათ. აქედან გამომდინარე, კარიესულ პირის ღრუში ამოჭრილი მუდმივი კბილები, 6-8 წლის ასაკში აქტიურად არიან ამ ფლორაში და უყურადღებობის გამო ხდება ამ კბილების გაფუჭება. ამიტომ მუდმივი მეექსვე კბილები ხშირად არიან კარიესული დაზიანებებით. სარძევე კბილების მკურნალობა სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, მიზეზი კი არის ის, რომ 5 წლამდე არ მიაჩნდათ პირადი ჰიგიენა მნიშვნელოვნად. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ბავშვმა კბილების გამოხეხვა 6 წლიდან უნდა დაიწყოს.

პირველი კბილის ჩასახვა ხდება მუცლადყოფნის პერიოდიდან, მშობლის მიერ ორსულობის დროს  გადატანილი ინფექციები, ბავშვის 2 წლის ასაკამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აისახება კბილების ჩანასახოვან პრობლემებზე. ასევე კბილების მაგარ ქსოვილებზე  ცუდად მოქმედებს ტოქსიკური ორსულობა, მიღებული მედიკამენტები. ხშირად ადრეული კარიესის გამომწვევი მიზეზი კვების რეჟიმია, რაციონში შემავალი დამტკბარი სითხეები,  ნახშირწლების რაოდენობა ახალ ამოჭრილ მინანქარს აზიანებს. პირველი მომართვიანობისას,  როდესაც ხდება მშობლის დენტალური განათლება, მას ვეუბნებით, რომ არ მისცენ ბავშვს დამტკბარი სითხეები მაწოვარით, განსაკუთრებით ღამის საათებში.  ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება  1,5 წლიდან დალიოს ჭიქით,  ეს ხომ სტანდარტულ ყლაპვის ტიპსაც აყალიბებს. დამღუპველია ცმუცნაობები კვებებს შორის, ორცხობილები, საწუწნი კამფეტები, შოკოლადები. ჯამში ამ ყველაფერს ჰიგიენა ვეღარ ერევა. არის შემთხვევები, როდესაც საღამოს ჰიგიენის შემდეგ მშობლები ბავშვებს აძლევენ ორცხობილებს და დამტკბარ რძის ნაწარმს.

ნინო, მიზანშეწონილია თუ არა სარძევე კბილების მოცვლა სახლის პირობებში?

როდესაც სარძევე კბილს ფესვი განლეული აქვს,  მისი ამოღება სახლის პირობებში პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც მიმაგრება ღრძილოვან ნაწილზეა, მოცვლა ხშირად ემთხვევა მაგარი საკვების ჩაკბეჩას ან დაღეჭვას და ბავშვები მარტივად იცვლიან ასეთ კბილებს. თუ სარძევე კბილს არ აქვს ფესვი გაწოვილი, ან ის ნახევრამდეა გაწოვილი, მყარად ზის ბუდეში და მისი სახლში ამოღება პრობლემატურია, ეს უკვე ექიმის პრეროგატივაა. ამ დროს უნდა გაკეთდეს ჩვეულებრივი ექსტრაქცია ადგილობრივი ანესთეზიით. ასეთ დროს ჭრილობა ღრმაა და ინფექციის შეტანის ალბათობაც ძალიან დიდია.

 ელენე, რომელი ტკბილეულია უფრო მავნე კბილებისთვის?

თუ ჩვენ ახალშობილ ბავშვს მზის დამცავის გარეშე არ ვსვამთ მზეზე, რატომ გადავწყვიტეთ, რომ 2 წლის ბავშვს შეიძლება მივცეთ ჩუპა ჩუპსი,  საწუწნი კარამელის კამფეტი, ჟელიბონები და ის ტკბილეული, რომელიც საკმაოდ დიდი ხნით რჩება პირის ღრუში. ამის გაგება ჩემთვის ცოტა რთულია.

როდესაც ბავშვები კამფეტს  30 წუთის განმავლობაში წოვენ, ხდება ნახშირწლების იმხელა კონცენტრაცია, რომ  შეუძლებელია პირის ღრუს PH ამას მოერიოს. ამას გარდა ბავშვები ხშირად კვნეტენ კანფეტებს და ისეთი ხმა ისმის, რომ ხვდები, მან რაღაცეები მოიტეხა. საერთაშორისოდ გავრცელებული ამბავია, რომ სტომატოლოგებისთვის დიდი სპონსორები ბებიები და პაპები არიან, რომლებიც დიდი ოდენობით კამფეტებს ყიდულობენ. მე ვთვლი, რომ დღეში ერთი სახის ტკბილეულიც ბევრია, მაგრამ ზოგი იმდენს მიირთმევს, რომ ვეკითხები, რამდენია ცოტა? აუცილებელია კონცენტრაცია განეიტრალდეს და თუ დავინახეთ, რომ ბავშვი  20 წუთია კამფეტს ჭამს, იქნებ ის წყალით მაინც გავანეიტრალოთ, ანუ მნიშვნელოვანია, რომ პატარამ ჭარბად დალიოს წყალი. კვებისგან გამოწვეული კარიესის 80 %  ჭარბი ნახშირწყლების მიღებაზე მოდის. ბავშვები რომლებიც მრავლობითი კარიესებით მოდიან, მათ რაციონში დიდი რაოდენობით საწუწუნი კანფეტებია. მშობლებს ჰგონიათ, რომ შოკოლადი უარესია, არადა შოკოლადი ბევრად მალე ნეიტრალდება პირის ღრუში ვიდრე საწუწნი კანფეტები. ტკბილი არ არის სასარგებლო და პედიატრებიც ხშირად ამბობენ, რომ მოიმატა ბავშვების და თინეიჯერების რაოდენობამ, რომლებსაც დიაბეტი აქვთ. ეს კი იმის ბრალია, რომ  საკვები დატვირთულია ნახშირწყლებით.

ნინო, შეიძლება თუ არა, რომ კარიესი  ყველა ნორმის დაცვის მიუხედავად მაინც გაჩნდეს?

რა თქმა უნდა არსებობს გენეტიკური განწყობა, როდესაც მშობლებს ჰქონდათ ხშირი კარიესული ღრუები. ამ დროს შესაძლებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, მხოლოდ სახლის ჰიგიენა არ არის საკმარისი. უნდა მიაკითხონ სტომატოლოგს და ის გადაწყვეტს  და დანიშნავს კბილების ფტორირების პროცედურას, რომელიც გააძლიერებს კბილს და  მის დაცვით ფუნქციას გაზრდის. ეს ძალიან კარგი საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, პაციენტი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, მშობლებმა უნდა იმეგობრონ სტომატოლოგებთან.

ნინო, ხშირად მშობლები თავს არიდებენ სტომატოლოგთან ვიზიტს იმის გამო, რომ ბავშვს ექიმის კაბინეტში გაჩერება გაუძნელდება. რა პასუხი გვაქვს მშობლებისთვის, ვისაც ცელქი, ჰიპერაქტიური,  ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები ჰყავს?  

ჩვენ არასოდეს ვიწყებთ პირველ პროცედურას პირველ ვიზიტზე. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები თავიდან იყოს გაცნობითი ხასიათის, ექიმმა გაიცნოს პაციენტის ფსიქოტიპი, მიხვდეს, როგორ უნდა მიუდგეს მას ინდივიდუალურად. როდესაც მშობელი ამ ყველაფერს, რაც თქვენ ახსენეთ, აჟღერებს ბავშვის თანდასწრებით, ის ბავშვი არასოდეს არ დაჯდება მშვიდად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიური ინფორმაცია არ მივიდეს ბავშვამდე, ზოგ მშობელს ოთახის დატოვებასაც ვთხოვთ, იმდენი ემოცია აქვთ ხოლმე. ჩვენთან პირველ ვიზიტზე  შეიძლება ბავშვი კაბინეტშიც არ შევიყვანოთ, უბრალოდ გავიცნოთ. ჩვენთან, როგორც იცით ორთოდონტიული ცენტრია და პაციენტები ბრეკეტების თემაზე თვეში ერთხელ მოგვმართავავენ,  ვთხოვთ ხოლმე მათ და ან ძმა მოიყოლონ, დაანახონ, რომ ეს პროცესი არანაირ ტკივილთან და არასასიამოვნო პროცედურებთან არ არის დაკავშირებული. საკმაოდ ხშირია, როდესაც პაციენტს და, ან ძმა ელოდება,  უყურებს მას, ძალიან ერთობა, შემოდის კონტაქტში და მას არანაირი შიში არ აქვს მანიპულაციის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები