LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ემართება ქალის რეპროდუქციულ სისტემას არასწორი კვების დროს – მადონა ჯუღელის რეკომენდაციები

21
madona-jugeli-stumrad-eqimtan-show

რამდენად მნიშვნელოვანია ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის სწორი კვება და უარის თქმა არაჯანსაღ საკვებზე, რა ხდება ქალის ორგანიზმში ტკბილეულისა და არაჯანსაღი პროდუქტების მიღების შემდეგ -ყველა ქალისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე გადაცემის კითხვებს გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მადონა ჯუღელი პასუხობს.

https://www.facebook.com/266131756744994/videos/297423111566748

– თქვენმა პაციენტებმა ძალიან კარგად იციან, რომ თქვენ ენდოკრინულ სისტემას გინეკოლოგიურ დაავადებებთან მიმართებაში მჭიდრო კავშირში განიხილავთ და ყოველთვის ინტერესდებით იმით, თუ რა რაოდენობის ტკბილეულს და ცომეულს მიირთმევს პაციენტი, ეწევა თუ არა თამბაქოს და სვამს თუ არა ყავას. მოვუყვეთ ჩვენს მსმენელსაც, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

მადონა ჯუღელი: დღეს უკვე ცნობილია საზოგადოებისათვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დიდ როლს ასრულებს არა მხოლოდ რეპროდუქციული სისტემის, არამედ მთელი ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებაში. რეპროდუქტოლოგიასა და გინეკოლოგიაში მუშაობა ექიმს აძლევს გამოცდილებას და ის ხედავს, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ჰორმონოთერაპია და სიმპტომებთან ბრძოლა საკმარისი არ არის, აქ სახეზეა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და საჭიროა მიზეზის მოძებნა. მნიშვნელოვანია რა სახის საკვებს მივირთმევთ, დღეში რამდენჯერ ვჭამთ და როგორ არის ის მომზადებული.

თუ ვიღებთ დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს, და არა ნახშირწყლებს, ნახშირწყლები ენერგიის წყაროა და საჭიროა, თუმცა მარტივი ნახშირწყლები ანუ რაფინირებული ნახშირწყლები ძალიან არასასურველ როლს თამაშობენ. ენერგიის მიწოდების თვალსაზრისით მათი ეფექტიანობა ნულის ტოლია, ერთადერთი რაც მოაქვს მარტივ ნახშირწყლებს, არის ინსულინის დონის მომატება. როცა ხდება მათი დიდი დოზით მიღება, ინსულინის რაოდენობაც იზრდება და ეს ყველაფერი ზიანს აყენებს მთლიან ენდოკრინულ სისტემას.

აქ არ არის საუაბრი მხოლოდ რეპროდუქციულ სისტემაზე, საუბარია მთელ ენდოკრინულ სისტემაზე, ეს ყველაფერზე ახდენს გავლენას, დაწყებული ჰიპოფიზით და ჰიპოთალამუსით, დამთავრებული საკვერცხეებით.

შედეგად შეიძლება მივიღოთ ინსულინორეზისტენტობა, ჰიპერინსულინემია, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები, მაგ: სისხლძარღვთა პათოლოგიები, გულსისხლძარღვთა პათოლოგიები, სარძევე ჯირკვლებში მიმდინარე ფიბროზული მასტოპათიები, პოლიპები საშვილოსნოს ღრუში, ვარიკოზული სინდრომი მცირე მენჯის ფსკერსი, საშოში არსებული მიკრობიოტის ცვლილებები და ა.შ.

საშოს მიკრობიოტას ესაჭიროება მჟავატუტოვანი ბალანსი. არასწორი კვების დროს, როდესაც დიდი ოდენობით ნახშირწყალს ვიღებთ, მჟავატუტოვანი ბალანსი იცვლება ყველა ლორწოვან გარსში, მათ შორის პირის ღრუში, კუჭ-ნაწლავში და საშოში. მიკრობიოტის ცვლილება იწვევს შემდეგ ისეთ ჩივილებს, როგორიცაა გამონადენი და ქავილი.

ვისაუბროთ პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომის, ანუ საკვერცხეების მულტიფოლიკულოზის შესახებ. ეს უკვე დაავადებების ერთობლიობაა, მას იწვევს სხვადასხვა სახის დარღვევები. პაციენტი მოგვმართავს ციკლის დარღვევის და სხვადასხვა ჩივილების არსებობის გამო. მე ყოველთვის ვსვამ ამ დროს კითხვებს მისი ცხოვრების სტილთან დაკავშირებით. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ვიცოდე, როგორ და რითი იკვებება პაციენტი, დღეში რამდენჯერ იღებს საკვებს, რა ხანგრძლივობით სძინავს და დარღვეული ხომ არ აქვს ძილის რეჟიმი, ხომ არ არის სახეზე წონის დეფიციტი ან ჭარბი წონა.

მკურნალობა დღეს რამოდენიმე გზით ხდება : არის ჰორმონოთერაპია, ანუ ჰორმონალური კონტრაცეპტივები, ინსულინორეზისტენტობის გასწორების მექანიზმის გამოყენება, ინსულინსენსიტაიზერების ჩართვა და რაც მთავარია, ცხოვრების ჯანსაღი წესი. უმჯობესია ჯერ ცხოვრების ჯანსაღი სტილით დავიწყოთ და შემდეგ მივმართოთ იმ საშუალებებს, რასაც გვთავაზობს ფარმაკოლოგია.

-როდესაც ენდოკრინოლოგიურ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი რაც ხშირად იჩენს ხოლმე თავს, არის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. ვისაუბროთ ამ კუთხით, გინეკოლოგიურ დაავადებებთან მიმართებაში რა ტიპის გართულებები და  პრობლემები შეიძლება ამან გამოიწვიოს?

მადონა ჯუღელი: რასაკვირველია, ეს ერთიანი სისტემაა მთლიანობაში. როდესაც ჩვენთან მოდის პაციენტი და აქვს საკვერცხეების დისფუნქცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევები და ა.შ, იქ აუცილებლად უნდა მოიძიოს გინეკოლოგმა ინფორმაცია და გაიგოს, საიდან მოდის ეს პრობლემა. შეიძლება ამის გამომწვევეი მიზეზი იყოს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოთირეოზი და როდესაც ამ პროცესის გამოსწორებას ვაღწევთ, სწორდება საკვერცხის ფუნქციაც. მეტაბოლიზმის დარღვევა პირდაპირ კავშირშია საკვერცხეების დისფუნქციასთან, საკვერცხეებში არსებული ფუნქციონალუირი კისტების არსებობასთან. ამასთან ერთად არსებობს უკვე ენდომეტრიუმი, ანუ სამიზნე ორგანო, რომელიც შეიძლება იყოს საშვილოსნოს ყელიც, სარძევე ჯირკვალიც და ა.შ როდესაც არის ერთი სისტემის პრობლემა, მასთან კავშირში აუცილებლად იქნება მეორე სისტემაც, ამიტომ საერთო სურათის დანახვა მნიშვნელოვანია.

როდესაც ადამიანს აქვს ჩამოყალიბებული ცხოვრების სტილი და კვების რეჟიმი, მისი შეცვლა ძნელია,მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, აუცილებელი. რას გვეტყვით ამის შესახებ? როგორი უნდა იყოს ცხოვრების სტილი, რითი უნდა ვიკვებოთ და რაზე უნდა ვთქვათ კატეგორიული უარი, თუნდაც ამ სახის საკვებზე დამოკიდებულება გვქონდეს?

მადონა ჯუღელი:  ჯანსაღი კვება გულისხმობს დაბალანსებული ოდენობით ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მიღებას. უარი უნდა ვთქვათ ცომეულსა და ტკბილეულზე. ძალიან კარგია ცილების მიღება, იქნება ეს ცხოველური თუ მცენარეული. უნდა მივიღოთ არარაფინირებული, რთული ნახშირწყლები, მაგ: დაღერღილი ფქვილისგან დამზადებული პური. მაქსიმალურად ამოვიღოთ შაქარი და ტკბილეული. მის მაგიერ შეგვიძლია მივიღოთ ჩირი. სასარგებლოა რძის პროდუქტები, კეფირი, მაწონი, ოღონდ ნატურალური სახით, უშაქროდ. ბურღულეული, წიწიბურა, ოსპი ძალიან სასარგებლოა.

სასურველია რომ ტკბილეულის რაოდენობა მინიმუმამდე დავიდეს, ოღონდ ამან სტრესი არ უნდა გამოიწვიოს. თუ ნამცხვარი გვინდა, შეგვიძლია ხანდახან მივირთვათ, ოღონდ ამან ყოველდღიური ხასიათი არ უნდა მიიღოს. სამწუხაროდ დღევანდელი ცხოვრების რითმი საშუალებას არ გვაძლევს, რომ იდეალურად დავიცვათ ყველა პირობა, მაგრამ სასურველია დღეში ოთხჯერ მაინც მივიღოთ საკვები, მივიღოთ ქართული ხილი და ა.შ.

-თუ არის გარკვეული ასაკი, სადაც განსაკუთრებით იჩენს ხოლმე თავს მსგავსი ტიპის ენდოკრინოლოგიური პრობლემები? კიდევ რა ფაქტორებმა შეიძლება განსაზღვროს საკვების გარდა ეს პრობლემები? რა შეიძლება გახდეს ენდოკრინოლოგიური პრობლემების მაპროვოცირებელი, რომელიც შემდეგ უკვე გინეკოლოგიურ და რეპროდუქციულ პრობლემებს იწვევს?

მადონა ჯუღელი:  მე ვიტყოდი, რომ ეს ასაკი არის 40 წლის შემდგომი ასაკი, როდესაც რეპროდუქციული სისტემა იწყებს  გარდაქმნას და აქ არის გარდამავალი პერიოდი მენოპაუზამდე. გავლენა შეიძლება მოახდინოს დაბალმა ფიზიკურმა აქტივობამ, ჰაერზე ნაკლები დროის გატარებამ, D ვიტამინის დეფიციტმა. დღეს ადამიანების უმეტესობა დახურულ სივრცეში მუშაობს და ნაკლებად აქვს კონტაქტი სუფთა ჰაერსა და მზის სხივებთან. ამ ასაკში ქალბატონებს ხშირად ძალიან ბევრი საქმე აქვთ და შეიძლება ისინი ძილის დაკლების ხარჯზე მუშაობენ. ბუნებრივია ძილის ნაკლებობა და სხვა სტრეს-ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ისევე როგორც სხვადასხვა სახის მედიკამენტების მოხმარება, რომლებსაც ხშირად არასწორად და დიდი ოდენობით ვიღებთ, იქნება ეს ანალგეტიკები თუ ანტიდეპრესანტები. დიდ როლს თამაშობს ასევე ხშირი აბორტები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიც  მნიშვნელოვანი ფაქტორია.

-ძალიან ხშირად ვხედავთ ჩვენს გარშემო ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ ენდოკრინოლოგიური პრობლემები, ჭარბი წონა, იკვებებიან არასწორად, მაგრამ ორსულობა ადვილად დგება და პირიქით, არიან ქალბატონები, ვისაც ნორმის ფარგლებში აქვთ წონა, ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით და არ აქვთ ენდოკრინოლოგიური პრობლემები, მაგრამ ორსულობა არ დგება. რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე?

მადონა ჯუღელი: აქ უკვე მამაკაცის ფაქტორია გასათვალისწინებელი. ძალიან ხშირად, თუ ორსულობა არ დგება, ამაში ქალს ადანაშაულებენ, თუმცა საერთო შემთხვევების არანაკლებ 40%-ისა, ეს გამოწვეულია იმ პრობლემებით, რომლებიც მამაკაცს აქვს. ამიტომ მე მომხრე ვარ, რომ როდესაც პაციენტი მომმართავს, გამოკვლეული იქნას მისი პარტნიორიც. მითუმეტეს რომ თუ ქალების შემთხვევაში მიზეზის დასადგენად საჭიროა სხვადასხვა სისტემის და სახეობის კვლევები, მამაკაცებს მხოლოდ ერთი ანალიზის ჩატარება სჭირდებათ. სპერმოგრამა აუცილებლად ისეთ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, სადაც ტარდება ხელოვნური განაყოფიერება, სპეციალიზებულ კლინიკებში ეს ანალიზი უფრო კარგად კეთდება, რასაც გვიჩვენებს სტატისტიკა. თუ მამაკაცს აღმოაჩნდა პრობლემა, ის უნდა გადამისამართდეს ანდროლოგთან, თუ არ აღმოაჩნდა, ვიწყებთ უკვე ქალის ორგანიზმის კვლევას.

-როდის უნდა დაიწყოს პაციენტმა ფიქრი იმაზე, რომ აქვს პრობლემა? შემდეგ უკვე საიდან  ვიწყებთ პრობლემის ძიებას და რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო? თუ შეგიძლიათ გვითხრათ თანმიმდევრობით, რა უნდა გავაკეთოთ?

მადონა ჯუღელი: პირველი – ერთი წელი დაუცველი სქესობრივი ურთიერთობა უნდა იყოს წყვილს შორის. ერთი წელი და არა ნაკლები. და თუ ორსულობა არ დადგა, მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ, რომ ეს არის უშვილობა. ამის შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნე, პირველი რაც კეთდება, არის მამაკაცის გამოკვლევა და ქალბატონის ვიზიტი გინეკოლოგთან, და არა რადიოლოგთან. გინეკოლოგი კრებს ანამნეზს,რაც მოიცავს ყველა სახის ინფორმაციას, დაწყებული პაციენტის ცხოვრების სტილიდან, დასრულებული სქესობრივი ცხოვრების მდგომარეობით, არის თუ არა ეს სრულფასოვანი. შემდეგ იწყება კვლევები, სავარძელზე გასინჯვა, ნაცხის ანალიზი, პაპ-ტესტი, კოლკოსკოპია. შეიძლება მიზეზი იყოს საშვილოსნოს ყელის არხში არსებული პოლიპი და პირველივე გასინჯვაზე აღმოჩნდეს. ამის შემდეგ ვიწყებთ ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას. შემდეგ უკვე გვეცოდინება შეიძლება თუ არა იყოს ჰორმონალური ცვლილებები და საჭირო გახდეს შესაბამისი გამოკვლევები. რადიოლოგი გვეხმარება შევაფასოთ, თუ როგორია ფოლიკულური აპარატი და რა პოტენციალი აქვს საკვერცხეს. კითხვებზე, ხომ არ არის ნორმაზე მეტი ფოლიკულები ან ნაკლები, ხომ არ არის სახეზე პოლიკისტოზი ან ხომ არ მოხდა საკვერცხის ნაადრევი განლევა, ხომ არ არის რაიმე ანატომიური მიზეზი, რაც ხელს უშლის ორსულობას, ხომ არ არის ენდომეტრიუმის პრობლემა, სწორედ რადიოლოგიური კვლევები გვაძლევს პასუხებს. თუ აღმოჩნდება პოლიკისტოზი ან პოლიპი, იწყება უკვე ჰორმონალური გამოკვლევები და მკურნალობა. ბუნებრივია ხდება ფალოპის მილების გამოკვლევაც, კონკრეტულად მილების გამავლობის. თუ ეს ყველაფერი გავაკეთეთ მაგრამ შედეგი არ გავქვს, არსებობს ოქროს სტანდარტი – რეპროდუქციული ლაპარასკოპია. ეს საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რეალურად რა ხდება ღრუში. ხომ არ არის სახეზე ღრმა ენდომეტრიოზი, შეხორცებითი პროცესები, რომლებიც რეალურად ხდება უშვილობის მიზეზი. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს გამოკვლევა. ყველა პაციენტი ინდივიდუალურია. შეიძლება სახეზე იყოს ფსიქოლოგიური უშვილობა. შეიძლება კვლევებმა აჩვენოს, რომ ორგანიზმს არა აქვს ფიზიოლოგიური და ანატომიური გართულებები, ხდება ოვულაცია, ფოლიკული კარგ მდგომარეობაშია, ენდომეტრიუმი ჯანსაღია, მილების გამავლობა  ნორმალურია, მაგრამ ორსულობა არ დგება. შეიძლება ამის გამომწვევი ფსიქოლოგიური მდგომარეობნა და გარკვეული შიშები იყოს, ამიტომ ფსიქოლოგის კონსულტაცია ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია და შედეგიანიც. ფსიქოლოგის ჩართვა ხშირად აუცილებელია ამ პროცესში.

-დღეს ძალიან ხშირად გვესმის ტერმინი ესტროგენების დეფიციტი. ის, რაც ვიცით ესტროგენებზე არის ის, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან შვილოსნობაზე. რამ შეიძლება გამოიწვიოს ესტროგენების პრობლემის გაჩენა 40 წელს ქვემოთ ასაკში, რა ტიპის  კვლევებია საჭირო ამ პრობლემის აღმოსაჩენად, როგორ უნდა მივიღოთ დაზუსტებული ინფორმაცია და რა უნდა გავაკეთოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ?

მადონა ჯუღელი: ესტროგენდეფიციტი შეიძლება იყოს რაოდენობრივი ან რეცეპტორული. რეცეპტორული ესტროგენდეფიციტის დროს ორგანიზმში ესტროგენის საკმარისი რაოდენობაა, უბრალოდ სამიზნე ორგანოები მას რეცეპტორულ დონეზე ვერ აღიქვამენ. ამ დროს ხშირად აუტოიმუნური პროცესებია ჩართული, ისევე როგორც ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევაში, შეიძლება სახეზე იყოს ინსულინრეზისტენტობა ან დიაბეტი მეორე ტიპის.

როდესაც არის მაგალითად, პოლიკისტოზის პრობლემა, ორგანიზმი გაჯერებულია ესტროგენებით, მაგრამ არ ხდება ოვულაცია. თუ დადგინდება ესტროგენების ნაკლებობა, ანუ ორგანიზმში არ იქნება საკმარისი ოდენობის ესტროგენები, უნდა ვიფიქროთ ხომ არ არის ეს გამოწვეული საკვერცხის ნაადრევი უკმარისობის სინდრომით.  ეს შეიძლება იყოს აუტოიმუნური პროცესი, ანგამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესით, შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორებიც. ბუნებრივია თუ არ ყოფილა ქირურგიული ჩარევა. თუ იყო ქირურგიული ჩარევა, ეს ამცირებს ფოლიკულების რეზერვს.

დღესდღეობით ძალიან კარგი ქირურგები გვყვავს და ქირურგიული ჩარევები ენდომეტრიულ კისტაზე უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე. ადრე ხდებოდა ისე, რომ საკვერცხე სრულიად იწვებოდა ამ ზემოქმედების შემდეგ, მაგრამ დღეს ლაპარასკოპიული ჩარევები იმდენად ხარისხიანია, რომ ფაქტიურად მსგავსი არაფერი აღარ ხდება.

ფოლიკულური რეზერვის შეფასებისას ვატარებთ ანტიმიულერის ჰორმინის ტესტს. ანტიმიულერის დაბალი დონე მიუთითებს იმაზე, რომ ფოლიკულური რეზერვი დაბალია. ამ დროს პაციენტს ვურჩევთ ინ-ვიტრო განაყოფიერებას. დღეს თანამედროვე მიდგომები საშუალებას გვაძლევს, რომ არც ერთი პაციენტი უიმედოდ არ გავუშვათ სახლში. არსებობს დონაციის და ხელოვნური განაყოფიერების პროგრამები და ამით შეგვიძლია ვისარგებლოთ.

-ვისაუბროთ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულზე, რომელსაც იანვრის შუაში აღვნიშნავთ. სიტყვა პრევენცია აქ ძალიან საინტერესოდაა ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ პრევენცია გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ ქალური ჯანმრთელობის  ძალიან დიდი გართულებები.

მადონა ჯუღელი:  დღესდღეობით, საშვილოსნოს ყელის კიბო ერთადერთია, რომლის პრევენცია და თავიდან აცილებაც შესაძლებელია. ამისთვის კი საჭიროა ყოველწლიური გეგმიური ვიზიტი გინეკოლოგთან და გარკვეული სახის კვლევების ჩატარება, მაგალითად პაპ-ტესტის, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ინფორმაცია საშვილოსნოს ყელზე არსებული მდოგმარეობის შესახებ. თუკი რაიმე ცვლილება აღმოჩნდება, ამის შემდეგ პაციენტი გადამისამართდება კოლკოსკოპიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმაციის მიწოდება ამ ყველაფრის შესახებ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუ დროზე ხდება ექიმისთვის მიმართვა.

კვირეულის ფარგლებში ხდება არა მხოლოდ პაციენტების ინფორმირება, არამედ ექიმებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, გამოცდილების გაზიარება, ტრენინგები ტარდება. მაგალითად მე, როგორც საერთაშორისო ტრენერს, შემიძლია ჩავუტარო ტრენინგი ჩემს კოლეგებს. ასეთი მრავალმხრივი მიდგომით ფინეთმა 80%-ით დაამარცხა საშვილოსნოს ყელის კიბო და საქართველოსაც აქვს მსგავსი პოტენციალი. დღეს ჩვენს ქვეყანაში არის სკრინინგ-ცენტრები, კლინიკები, სადაც ხდება დიაგნოსტირება. იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დაინერგება ორგანიზებული სკრინიგი. დღეს პაციენტები თვითონ მიდიან ექიმთან, მაგრამ ჩვენ არ ვართ ძალიან დიდი პოპულაცია, ჩვენ შეგვიძლია გავაღრმაოთ მუშაობა ცნობიერების ამაღლებაზე და შედეგად, ყველა ქალბატონი მიმართავს ექიმს დროულად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები