LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ნიშნებით შეიძლება მძღოლი მიხვდეს, რომ სტარტერს, ან გენერატორს პრობლემა აქვს?

გადაცემას „ავტოსერვისი“ კომპანია „ვოლტის“ დამფუძნებელი აჩიკო ხუბუა ესტუმრა.

დღეს ჩვენ სტარტერებისა და გენერატორების გამართულ მუშაობაზე ვისაუბრებთ. თუმცა, მანამდე თქვენი კომპანიის შესახებ მოგვიყევით…

ბოლო 15 წლის განმავლობაში მოსკოვში, ამ სფეროში ვმუშაობდი. მსხვილი კომპანია იყო, რომელიც დინამოებისა და გენერატორების ვაჭრობით, აღდგენითა და სერვისით იყო დაკავებული. დამიგროვდა დიდი გამოცდილება. რამდენიმე თვის წინ საქართველოში დავიწყე მუშაობა. ვაწარმოებთ ნებისმიერ ავტომობილზე დინამოებისა და სტარტერების შეკეთებას ორთვიანი გარანტიით.

აღვწეროთ სტარტერი და გენერატორი…

ძრავის დაქოქვაში სტარტერის გარდა ბევრი დეტალია ჩართული. მისი ერთადერთი დანიშნულებაა, მოძრაობაში მოიყვანოს ე.წ. „მახავიკი“, ანუ დაატრიალოს ძრავი. როდესაც დაიქოქება ავტომობილი, ის ჩერდება. მისი მუშაობა მხოლოდ 3-5 წუთი გრძელდება. რაც შეეხება დინამოს, მისი მთავარი ფუნქციაა ავტომობილის ელექტროსისტემას მიაწოდოს სტაბილური დენი, რაც მსუბუქი ავტომობილისთვის 14.5 ვოლტია. ნაკლები აღარ ყოფნის აკუმულატორს დაქოქვისთვის. თავად აკუმულატორი ენერგიის წყაროს დაქოქვის მომენტში წარმოადგენს.

რა ნიშნებით შეიძლება მძღოლი მიხვდეს, რომ სტარტერს ან გენერატორს პრობლემა აქვს?

სტარტერთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ე.წ. ჩამრთველი რელეს დაზიანება. თუ რამდენიმე დატკაცუნების შემდეგ იქოქება, ნიშნავს, რომ რელეს პრობლემა აქვს. როდესაც ბენდექსის პრობლემაა, გვესმის ხმა, მაგრამ ძრავი არ ტრიალებს. ეს ნიშნავს, რომ ბენდექსი უკვე მწყობრიდან არის გამოსული და ის გამოსაცვლელია. რაც შეეხება დინამოს, აქ ყველაზე მარტივი მაგალითია, როდესაც მოწყობილობათა პანელზე აკუმულატორი აანთებს, ნიშნავს, რომ ქსელში დაბალი ძაბვაა. ასევე, ხდება ხოლმე, რომ პანელზე არ ანთებს, მაგრამ ძალაც არ ყოფნის, საბოლოოდ ერთ დილას ვეღარ დავქოქავთ ავტომობილს. ხშირად საკისრები იწყებს ხმაურს. მას მუდმივი რესურსი არ აქვს. როდესაც იწყებს ხრიალს, ის გამოსაცვლელია და აუცილებელია ნაწილი ხარისხიანი იყოს.

როდესაც ზეთი ხვდება დინამოს, რა ხდება ამ დროს?

ის მაშინვე არ გამოდის მწყობრიდან, მაგრამ დიდხანს ვეღარ იმუშავებს. ზეთი რეაქციაში გრაფიტის ნახშირებთან შედის, ხდება ნახშირების სწრაფი ცვეთა და მალე დინამო შესაკეთებელია. პირველ რიგში, უნდა გადაჭრათ პრობლემა თუ საიდან ეწვეთება ზეთი დინამოს.

დინამოს დასაშვები ვოლტაჟები როგორია?

სხვადასხვა დინამოში სხვადასხვა ვოლტაჟია ჩადებული, შესაძლოა ქარხნულად ჩადებული იყოს 14.2 ან 14.4 – გააჩნია. დატვირთვის დროს 13.7-ზე დაბლა თუ ჩამოდის, ეს უკვე ნორმა აღარ არის. მუშა დინამოს სამუშაო დიაპაზონი არის 13.7-დან 14.6-მდე.

გადავიდეთ რემონტის თემაზე, რომლის შეკეთება უფრო რთულია?

რა თქმა უნდა, უფრო რთულია დინამოს რემონტი. სტარტერში მეტი მექანიკაა, ვიდრე ელექტროობა. რაც შეეხება დინამოს, აქ ელექტროობასთან გვაქვს საქმე. ბევრი ელექტრიკოსი იწყებს ხოლმე მის რემონტს, ისე რომ არ გააჩნია არანაირი საშუალება, თუნდაც სტენდი. რემონტის დაწყებისას, დინამოს ვაყენებთ სტენდზე და ვამოწმებთ, როგორ იქცევა. თუ გაირკვა, რომ სტენდზეც არ მუშაობს, დინამო იშლება ნაწილებად და ხდება ცალკეული კვანძის გადამოწმება სხვადასხვა საშუალებებით. მას შემდეგ, რაც აღმოვაჩენთ, რა ნაწილშია პრობლემა, ხდება დეტალის შეცვლა, აწყობა და ისევ სტენდზე დაყენება, სადაც ავტომობილის იმიტაცია ხდება. თუ დინამო 100 ამპერიანია, სტენდზე 80 ამპერით ვტვირთავთ. თუ ყველა პარამეტრი სწორია და დინამო გამართულია, შეგვიძლია დავაყენოთ ავტომობილზე.

თუ არის თაობებს შორის სხვაობა?

დინამოებსა და სტარტერებში კარდინალური ცვლილებები არ მომხდარა. წინათ, სტარტერები პირდაპირი ჩართვით მუშაობდა, ახლა კი რედუქტორია ჩამატებული, ეს არის ძირითადი ცვლილება. რაც შეეხება დინამოს, ძალიან გაიზადა ამპერაჟი და თუ ადრე 60-70 ამპერიანი დინამო აკმაყოფილებდა ავტომობილის მოთხოვნებს, ახლა საბაზო კომპლექტაციის ავტომობილს 120 ამპერზე ნაკლები აღარ აქვს. თუ ადრე დინამო „თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა“ და მისი საქმე იყო 14.5 ვოლტი მოეცა, ახლა თანამედროვე დინამოები ავტომობილის ტვინიდან იმართება და ის განსაზღვრავს რა მომენტში რამდენი ვოლტი გამოიმუშავოს.

რა ექვემდებარება შეკეთებას?

გენერატორი შედგება შემდეგი დეტალებისგან: დიოდური ხიდი, რელე რეგულატორი, კოლექტორი, სტატორი და როტორი, ასევე საკისრები. ნებისმიერი კვანძის გამოცვლა გენერატორზე შესაძლებელია. ზოგჯერ რემონტი შესაძლოა უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე მეორადი გენერატორის დაყენება. როდესაც ფასები უტოლდება ერთმანეთს, ჩემი რჩევაა ის შეაკეთოთ. როდესაც გენერატორი დაიშლება, ჩანს, რა პრობლემაა და იცვლება დაზიანებული ნაწილი. მეორადი გენერატორის შეძენისას კი გარანტიას არავინ გაძლევთ. არავინ იცის, რა მდგომარეობაშია საკისრები, ნახშირი და ა.შ.

ნაწილები ადგილზე გაქვთ?

რამდენიმე პოპულარული მარკის პრაქტიკულად ყველა დეტალი გვაქვს. ბაზრის შესწავლის პროცესში ვართ, ვაკვირდებით, რა ფუჭდება ყველაზე ხშირად. თუ ადგილზე არ გვაქვს, შეგვიძლია ნებისმიერი დეტალი მაქსიმუმ ათი დღის ვადაში საქართველოში ჩამოვიტანოთ. გვაქვს ორთვიანი გარანტიაც. გარანტიას ვიძლევით იმ დეტალებზე, რაც ჩვენ შევცვალეთ.

რა რჩევებს მისცემდით ავტომოყვარულებს?

ჩემი რჩევაა, ნებისმიერ სფეროში ყოველთვის პროფესიონალებს მიმართეთ. ჩვენი მისამართია: ხოშარაულის N30.

Tel: 551 07 11 99 / 551 06 11 99

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი