LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომებით ვლინდება ძუძუს კიბო და როგორ შეიძლება მისი პრევენცია – ლიკა კაცელაშვილის რეკომენდაციები გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

14
likakacelashvili

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ უწოდებენ ექიმები ოქტომბერს ვარდისფერ თვეს და მოიმატა თუ არა, ფილტვის კიბოს სტატისტიკამ კოვიდ გადატანილ პაციენტებში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან’‘, კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმი, კლინიკური ონკოლოგი ლიკა კაცელაშვილი საუბრობს.

– ლიკა, პირველ რიგში, ვისაუბროთ ვარდისფერ ოქტომბერზე, რომლის მიზანიც მკერდის კიბოს შესახებ ქალბატონებში ცნობიერების ამაღლებაა. ასევე საინტერესოა, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევძლოთ ამ უმძიმესი დაავადების პრევენცია?

 ლიკა კაცელაშვილი: მართალია რთული თემაა, მაგრამ ამაზე საუბარი აუცილებელია. სადღაც 15 წლის წინ უკვე დადგა დღის წესრიგში ის საკითხი, რომ საჭირო იყო ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა, რადგან მაშინ რატომღაც ერთგვარი სტიგმა იყო და ადამიანები მალავდნენ ამ დიაგნოზს. დღესდღეობით აღიარებულია, რომ რაც უფრო ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩენთ ძუძუს კიბოს, მით მაღალია სრული განკურნების შანსი. ძუძუს კიბო განკურნებადია თუ ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩენთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება პრევენციას, ზოგადად უნდა ვიცოდეთ ვინ არის რისკ-ჯგუფში. რისკ-ჯგუფები ორ ნაწილად იყოფა – ერთი: ვისთანაც პრევენცია შეიძლება და მეორე, ვისთანაც არ შეიძლება – არსებობს ფაქტორები, რასაც ვერ შევცვლით. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ასაკი. ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 50-75 წლის ასაკში უფრო მაღალია. მეორე ფაქტორია სქესი – ცნობილია, რომ ძუძუს კიბო ძირითადად ქალებში გვხვდება, თუმცა კაცებშიც არის და აუცილებელია, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდეს.

მამაკაცებმა, რომლებიც ცვლილებებს შენიშნავენ, დაუყოვნებლივ უნდა იმართონ ექიმს. მესამე ფაქტორია რასა- კვლევები უჩვენებს, რომ კავკასიური რასა მაღალ რისკშია ძუძუს კიბოს განვითარების მხრივ სხვა რასებთან შედარებით. ამ რისკ-ფაქტორების არსებობისას საჭიროა დროდადრო ექიმთან ვიზიტი, რათა კიბოს არსებობის შემთხვევაში მოხდეს მისი ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა. რისი შეცვლა შეგვიძლია? პირველი ასეთი რისკია წონა – განსაკუთრებით ეს ეხებათ ქალებს, ვინც პოსტ-მენოპაუზაში წონაში იმატებს. მათ ძუძუს კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ. ამის შეცვლა შეიძლება წონის კონტროლით. დიაბეტი- რომელსაც თავის მხრივ წონა და არაჯანსაღი კვება იწვევს, ასევე რისკ-ფაქტორია, ისევე როგორც მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. ვარდისფერი ოქტომბერი ზუსტად იმიტომ არსებობს, რომ მთელი თვის განმავლობაში მოხდეს ამ ინფორმაციის აქტიური გაჟღერება, რომ ადამიანებმა უფრო მეტი იცოდნენ ამ დაავადებაზე.

 – გარდა ამ რისკ-ფაქტორებისა, მინდა გენეტიკაზეც გკითხოთ…

ლიკა კაცელაშვილი: ეს ძალიან საინტერესო თემაა. ბოლო ათ წელიწადში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ კიბოს თავისი გენეტიკა გააჩნია და მის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ძუძუს კიბოს მქონეების მხოლოდ 10%-ს აქვს გენეტიკური ისტორია. ცნობილია, რომ ანჯელინა ჯოლის ჰქონდა გენეტიკური მიდრეკილების გამო სიმსივნე. არსებობს რამდენიმე მუტაცია, რომლის არსებობის შემთხვევაში ქალბატონებს აქვთ 85% შანსი რომ ძუძუს კიბო, ხოლო 75% შანსი, რომ საკვერცხის ან სხვა გინეკოლოგიური სიმსივნე განუვითარდეთ. ეს ქალბატონები მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მუდმივად სტუმრობენ ექიმებს. საბედნიეროდ, ეს პაციენტების დიდი ჯგუფი არაა. შესაბამისად, თუ პაციენტს არ აქვს გენეტიკაში სიმსივნეები, სამწუხაროდ ეს არ იცავს მას კიბოს განვითარებისგან. განსაკუთრებული ყურადღება 40 წელს ზევით ასაკშია საჭირო. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მსოფლიოში 1,5 მლნ.ზე მეტია ძუძუს კიბოს შემთხვევა ყოველ წელს და ყოველ მერვე ქალბატონს, რომელიც ამ ასაკში იმყოფება, აქვს ძუძუს კიბო. თუმცა ვიმეორებ, რომ კიბო განაჩენი არ არის და ყველაზე მთავარი მისი დროული აღმოჩენაა. საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს სრულიად უფასო სკრინინგ-პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 40 წელს გადაცილებულ ყველა ქალბატონს შეუძლია შემოწმდეს წელიწადში ერთხელ.

– ლიკა, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დროული აღმოჩენის მნიშვნელობაზე, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა გვიან სტადიაზე ვსაუბრობთ? როგორი შანსები აქვს ასეთ პაციენტს?

 ლიკა კაცელაშვილი: ასე გადაჭრით ვერ ვიტყვით, ისტორიები განსხვავდება, რადგან მკურნალობა ინდივიდუალურია. ბევრია მესამე ან მეოთხე სტადიის პაციენტი, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი თავისუფალი არიან დაავადებისგან. ამიტომ იმის თქმა, რომ მეოთხე სტადიის პაციენტი განწირულია და დახმარებას აზრი არ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. დროული აღმოჩენა რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ყოველწლიური სკრინინგით და მამოგრაფიით აღმოჩენილი სიმსივნე უფრო ადვილად ექვემდებარება მკურნალობას ვიდრე სიმსივნე, რომელიც უკვე მას შემდეგ აღმოვაჩინეთ, რაც პაციენტი ტკივილმა შეაწუხა და სიმპტომები გამოუვლინდა. შემიძლია გითხრათ, რომ ადრეული აღმოჩენისას წარმატებული გამოსავლის ალბათობა 35%-ით იმატებს. მხოლოდ თვით-გასინჯვის იმედად ყოფნა არ შეიძლება. შესაძლოა სიმსივნე უკვე რამდენიმე სტადიის იყოს ,მაგრამ პაციენტი ვერ ამჩნევდეს და არც ისინჯებოდეს ხელით. ამიტომ მუდმივი კონტროლო, მით უმეტეს 40 წლის ზემოთ ქალბატონებში აუცილებელია.

 – ლიკა, დაახლოებით, საშუალოდ რა ხანგრძლივობისაა მკურნალობა და რა ეტაპებს გადიან პაციენტები?

ლიკა კაცელაშვილი: საშუალოდ 2 თვიდან ერთ წლამდე და შეიძლება მეტიც. როგორც ვთქვი, მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომით ხდება. შეიძლება პაციენტი კიბოსგან სრულად განიკურნოს უმოკლეს ხანშიც. შეიძლება უცებ აღმოჩნდეს, რომ მას აღარ ესაჭიროება ექიმის დახმარება და შეიძლება მაშინვე გავიდეს სამსახურში და ცხოვრება გააგრძელოს. შეიძლება პროცესი ორ წელზე დიდხანსაც გაგრძელდეს.

– სახელმწიფო სკრინინგ-პროგრამაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ საინტერესოა თუ არსებობს პროგრამა, რომელიც ადამიანებს უკვე მას შემდეგ ეხმარება, რაც მათ დიაგნოზს დაუსვამენ?

ლიკა კაცელაშვილი: ზოგადად, სახელმწიფო დიდ როლს თამაშობს ძუძუს კიბოს ადრეულ გამოვლინებაში მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. ჩვენი კლინიკა უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობს სკრინინგში. რაც შეეხება მკურნალობას, ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის და რადიოთერაპიის ძალიან დიდი პროცენტი ფინანსდება. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბოლო 15 წელია, სიმსივნეების მკურნალობაში ახალი თერაპიები ინერგება, თუმცა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა და არა მხოლოდ ჩვენ, მსოფლიოს ქვეყნების 75% ვერ ახერხებს იმუნოთერაპიით სარგებლობას. ჩვენ კი კლინიკაში ძუძუს კიბოს მკურნალობისათვის უფასო იმუნოთერაპიის პროგრამა გვაქვს, რაც წარმოუდგენელი იყო წლების წინ. საბედნიეროდ, არსებობენ სპონსორები, რომლებიც ამ პროგრამისთვის გარკვეულ პაციენტებს უფინანსებენ მკურნალობას. შეგეგები ფანტასტიკურია. ოღონდ ეს პაციენტი უნდა იყოს ამ მკურნალობისთვის შესაბამისი. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რასაც პაციენტები უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან ყველა პაციენტს ვისაც ძუძუს კიბო აქვს, იმუნოთერაპია არ სჭირდება. ესაჭიროება თუ არა პაციენტს იმუნოთერაპია, ამას ექიმების კონსილიუმი წყვეტს.

– ლიკა, ფილტვის კიბოზეც გკითხავთ – ფილტვის კიბოს პრევენცია როგორაა შესაძლებელი? აქ ხომ არ გვაქვს ყოველწლიური სკრინინგი, როგორც ძუძუს კიბოს შემთხვევაში? ასევე საინტერესოა, რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვის სიმსივნეს? არსებობს მოსაზრება, რომ ფილტვის სიმსივნის აღმოჩენა, როგორც წესი, ძალიან გვიან ხდება. ეს სიმართლეა?

ლიკა კაცელაშვილი: დიახ, ფილტვის კიბოს გამოვლენა ძალიან ხშირად ხდება გვიან სტადიაზე, რადგან ექიმთან მიმართვიანობა პრევენციის მიზნით დაბალია. რისკ-ჯგუფებში მყოფები ხშირად არ მიმართავენ ექიმს. ვინ არის რისკ-ჯგუფში? უპირველესად მწეველები ან ყოფილი მწეველები, რომლებიც ბოლო 15 წელი აქტიურად ეწეოდნენ. მიდგომა, რომ პაციენტმა ექიმს საპრევენციოდ მიმართოს, არ არის რუტინული. არადა დადგენილია, რომ ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენა ასევე გამოჯანმრთელებით სრულდება. საბედნიეროდ, კოვიდმა თუ რამე კარგი მოიტანა, ეს იმ პაციენტების გამოვლენაა, ვისაც კოვიდის გამო გადაუღეს ფილტვზე ტომოგრაფია და შემთხვევით გამოვლინდა ფილტვის კიბო, ამ ადამიანებმა ჩაიტარეს შესაბამისი მკურნალობა და გამოჯანმრთელდნენ. რომ არა კოვიდი, ეს პაციენტები დაგვიანებულ სტადიაზე მიმართავდნენ ექიმს. სიმპტომები მრავალფეროვანია: წონის კლება, სისუსტე, ხველა. სიმპტომატიკა მხოლოდ ხველით არ შემოიფარგლება. პასიური მწეველობაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რისკია. შეიძლება სიმპტომი იყოს სახსრების ტკივილიც. ის შეიძლება წლების განმავლობაში იყოს წარმოდგენილი და განიხილებოდეს როგორც სრულიად სხვა პრობლემა, მაგალითად რევმატოიდული ართრიტი, მაგრამ ფილტვის სიმსივნით იყოს განპირობებული.. აღსანიშნავია, რომ ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლადაც გვაქვს თვე და ეს ნოემბერია.

– ლიკა, ხშირად გვსმენია, რომ ადამიანს არ აქვს არცერთი რისკ-ფაქტორი, მაგრამ აქვს სიმსივნე. რა განაპირობებს ამას?

ლიკა კაცელაშვილი: ბოლო 20 წლის სტატისტიკაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტების საშუალოდ 10% არის ასეთი, ვინც არცერთ რისკ-ჯგუფში არ იმყოფებოდა. აქ საქმე უკვე გენეტიკურ მუტაციებთან გვაქვს. დანარჩენ 90%-ს აქვს ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორი. ასე რომ, მინიმუმ მოწევას უნდა დავანებოთ თავი, რომ პრევენციაზე ვიფიქროთ.

 – თქვენი ცენტრის მაგალითზე რომ გვითხრათ, არის თუ არა თქვენთან მსოფლიო სტანდარტის სერვისი?

ლიკა კაცელაშვილი: ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური საკითხია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენს კლინიკაში კვლევები უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ტარდება. ჩვენს ხარისხში იმდენად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს რადიოლოგებს მათსავე შემოთავაზებაზე, რომ მათი ჩატარებული კვლევები და დასმული დიაგნოზები ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს გადაემოწმებინათ, უარი ვუთხარით. ვფიქრობ, ეს მოსაზრება, რომ ქვეყანაში არ არის შესაბამისი სერვისები, წლების წინ ჩამოყალიბდა. სადღაც 20 წლის წინ საქართველოში მართლაც არ იყო ხელმისაწვდომი ბევრი სერვისი, მაგალითად სხივური თერაპია. თუმცა მედიცინა ვითარდება და ჩვენც წინ მივიწევთ. ახლა ბევრად განსხვავებული და უკეთესი ვითარებაა. მედიცინის არაერთ დარგში უმაღლესი დონის სპეციალისტები გვყავს არა მხოლოდ ჩვენს კლინიკაში, არამედ ქვეყნის მასშტაბით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები