LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვიცოდეთ ტექინსპექტირების შესახებ და როგორ უნდა მოვამზადოთ ავტომობილი მის გასავლელად

„ავტორადიოს“ გადაცემაში „ავტოსერვისი“ დიაგნოსტიკის სპეციალისტი ილია გრიშაშვილი ეწვია და ტექინსპექტირების დეტალებსა და ავტომობილის ზოგად დიაგნოსტიკაზე ისაუბრა.

როგორ უნდა მოემზადონ ავტომფლობელები ტექინსპექტირებისთვის?

ავტომანქანა ტექინსპექტირების გარეშეც უნდა იყოს მომზადებული, ყველაფერი გამართულად უნდა მუშაობდეს. ქალაქში ძირითადად იაფფასიანი ავტომობილები დადის და ხშირ შემთხვევაში ბევრი რამ გაუმართავია. უმჯობესია, ავტომობილი დაზეთილი იყოს ანუ ზაფხულის შემდეგ ზეთის შეცვლა ისედაც კარგი. უნდა შემოწმდეს ყველა „პილნიკი“, ამასაც ყურადღებას აქცევენ. ასევე ყველაფერს აქვს თავის ვადა, მაგალითად ანტიფრიზს თუ სამუხრუჭე სითხეს. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ავტომობილის ვიზუალური მხარეც, ნათურები, სიგნალები – ყველაფერი უნდა მუშაობდეს.

საბურავების საკითხიც შესამოწმებელია და ასევე გამონაბოლქვი. თემა, რომელსაც ყველაზე აქტიურად განიხილავენ. იმისათვის, რომ გამონაბოლქვის ოდენობა ნორმას არ ცილდებოდეს ძრავი უნდა მუშაობდეს იდეალურად. როგორია ჰაერის იდეალური ნაზავი?

პირველ რიგში ავხსნათ, რომ ნაზავი ეს არის ათვლა იმ ჰაერის, რომელიც შემოვიდა ძრავში, დაიწვა და გამონაბოლქვის სახით გავიდა. კატალიზატორის სენსორები აკონტროლებენ გამოსული აირის ოდენობას. რამდენად ეფექტურად მოხდა ჰაერის წვა ამას ძრავის მართვის ბლოკი განსაზღვრავს. მოკლედ, ერთმანეთზე დამოკიდებული სისტემებია. შეიძლება მანქანა დადიოდეს უპრობლემოდ, მაგრამ მეტს წვავდეს, ან არსებობს ისეთი შემთხვევებიც, რომ ნაკლებსაც წვავს. ანუ ძრავი გაუმართავად მუშაობს და გარემოს აბინძურებს.

ამაზე გარკვეულ ზემოქმედებას ფილტრებიც ახდენს, ჰაერის იქნება ეს თუ საწვავის. დაბინძურებული ჰაერის ფილტრი იმას ნიშნავს, რომ ძრავს ჰაერი ნორმალურად არ მიეწოდება?

ჰაერი თუ ნაკლები შემოვა ძრავის მართვის ბლოკი მაინც საჭირო რაოდენობის საწვავს გამოიყენებს, ანუ ნაზავი არასწორი გამოვა და გარემოში ზედმეტი რაოდენობის აირები გამოიფრქვევა.

ამის კორექციისთვის აუცილებელია საწვავის სისტემის მწყობრში  მოყვანა და ჰაერის მიწოდების სისტემის დარეგულირებაც…

მარტივ მაგალითს გეტყვით, Volkswagen-ს ქონდა წყლის ტემპერატურის სენსორი, რომელიც მუდმივად მწყობრიდან გამოდიოდა. ანუ ავტომობილი ერთ ტემპერატურაზე იყო გაყინული და სულ ასე დადიოდა. თითქოს მანქანას არაფერი უჭირდა, ჩეკიც არ ენთო, უბრალოდ ძრავი დაახლოებით 2 ლიტრით მეტს მაინც წვავდა. მეპატრონეს ეს თითქოს არ აწუხებდა, მაგრამ ავტომობილი გაუმართავად მუშაობდა. ზოგადად ასეა, მძღოლი ასეთ სიტუაციას ეჩვევა და თითქოს პრობლემასაც ვერ ხედავს.

საჭიროზე მეტს წვავს თუ არა ავტომობილი ამის გაგებაც რთულია…

ნამდვილად ასეა, პირველ რიგში უნდა გაგიმართლოთ და კარგი სპეციალისტი იპოვოთ. ამასთან, შემოწმება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და შესაძლოა საცდელად რაღაც ნაწილების შეცვლაც გახდეს აუცილებელი. სწორი დიაგნოზი მხოლოდ ამის შემდეგ დაისმევა.

თერმოსტატის პრობლემას ბევრი მძღოლი არ აქცევს ყურადღებას, არადა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და მისი მწყობრიდან გამოსვლა ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რასაც უამრავი პრობლემა მოყვება.

თერმოსტატი ცვეთადი ნაწილია და მისი გამოცვლა არც თუ ისე რთულია. ბევრს გონია, რომ ეს არის კლაპანი, რომელიც ცივზე დაკეტილია, ცხელზე კი – ღია. სინამდვილეში ის სულ მუშაობს, სანამ მანქანა დაქოქილია, ის უწყვეტად იღება და იხურება. ხოლო, თუკი გაცვდა, რა თქმა უნდა, ბევრ გაუმართაობას გამოიწვევს. თუ ღია დარჩა მანქანა უფრო დიდ ხანს გაცხელდება, რაც ძრავისთვის ძალიან ცუდია. წვაც გაიზრდება და შეიძლება ხარჯშიც მოგვცეს სხვაობა. ხოლო თუკი დაკეტილ მდგომარეობაში გაიჭედა, კიდევ უფრო უარესია და ძრავის გადახურებას გამოიწვევს.

ავტომობილის შეკეთების დროს ყველაზე მთავარი არის დიაგნოზი…

ბევრ ადამიანს გონია, რომ დიაგნოსტიკა ეს არის დიაგნოზი. ხშირად პრობლემა ერთია და მისი გამომწვევი მიზეზი მეორე. მნიშვნელოვანია მწარმოებლის ინსტრუქცია და მისი მითითებების გათვალისწინება. გამოცდილება და პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემა ხშირად ისაა, რომ ხელოსანმა იყიდა ხელსაწყო და არ უყიდია პროგრამა, ანუ არ იცის ამ ხელსაწყოს სწორად გამოყენება. არადა ზუსტი დიაგნოზის დასმა ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

თანამედროვე ავტომობილებთან მიმართებაში დიაგნოსტიკის თემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შესაძლოა ერთი ღილაკის დაჭერასაც კი რაღაც შედეგი მოყვეს, ყველაფერს კომპიუტერი აკონტროლებს. ამის დიაგნოსტირებაც იაფი სიამოვნება არ არის.

გააჩნია რას უჩივის კლიენტი და ამის შემდეგ კი უნდა ვეძებოთ არასწორი მონაცემები, რომლებსაც ძრავის მართვის ბლოკი გვაწვდის. ყველაზე სწორია, ჩავუჯდეთ ავტომფლობელს გევრდით, იგივე დატვირთვით ვატაროთ მანქანა და მონაცემებიც ამის შემდგე ავიღოთ. რეალურ დროში ვნახოთ, რა არის პრობლემა, დიაგნოზის დასმაში ეს ძალიან დაგვეხმარება.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი