LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ შეიძლება დანის გადასმა მწერის ნაკბენზე – მაკა რუხაძე ზაფხულის აქტუალურ კითხვებზე

16
doctornews

რა ტიპის ალერგიები ვლინდება ზაფხულის პერიოდში, რა უნდა ვიცოდეთ მზის ალერგიის შესახებ, შეიძლება თუ არა მზით კანის დამწვრობა გახდეს ალერგიის გამომწვევი, როგორ მოვუაროთ მწერის ნაკბენს, როდის არის ნაკბენი საგანგაშო და რას მივაქციოთ ყურაღება, როგორ შევარჩიოთ სწორად მზისგან დამცავი საშუალებები. ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა მაკა რუხაძემ იუსაუბრა.

https://www.facebook.com/266131756744994/videos/2666273676961906

– ქალბატონო მაკა, რა ტიპის ალერგიებია ე.წ. „სეზონური“ და რომელი მათგანია განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულში? ჩვენ, მედიცინაში ნაკლებად გარკვეული ადამიანები ალერგიებს სეზონურობის მიხედვით ვყოფთ და მათ შემოტევას უფრო გაზაფხულზე ველით ხოლმე. თუმცა ცხადია წელიწადის ყველა დრო გამორჩეულია ამ კუთხით და ყველა სეზონზე ვხვდებით გარკვეულ ალერგიებს. ვინ არის რისკ-ჯგუფში ალერგიების განვითარების, გართულების და ა.შ. ?

მაკა რუხაძე: პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დიახ, სწორად აღნიშნეთ, ზაფხულიც, ისევე როგორც სხვა სეზონები სავსეა მოულოდნელობებით და თავგადასავლებით. ამ დროს მცენარეული საფარი ისევ მრავალფეროვანია ჩვენს გარშემო. ზაფხული ალერგოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო სეზონია, რადგან ამ დროს ჩვენ უკვე გადავიარეთ საკმაოდ მძიმე გაზაფხული, პანდემია და ახლა ვიმყოფებით პოლინაციის საბოლოო ფაზაში ანუ მესამე ეტაპზე. ამ დროს ასპარეზზე გამოდის სარეველა მცენარეების ყვავილობა. სარეველა მცენარეების ჯგუფს მიეკუთვნება არაერთი მცენარე ძლიერი ალერგენული თვისებებით, მაგალითად ამბროზია, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია საქართველოში. უფრო მეტად მცენარე ლაგოდეხისკენაა გავრცელებული. შეგვიძლია ვახსენოთ სხვა მცენარეებიც, მაგ: ბაბუაწვერა, ნაცარქათამა, ავშანი, მრავალძარღვა და ა.შ. ეს მცენარეები სწორედ ზაფხულში ყვავილობენ.

ზოგადად ალერგოლოგიური კალენდარი ოდნავ განსხვავდება ჩვეულებრივისგან. ამ კალენდარში პირველი ფაზა იწყება ხე-მცენარეების ყვავილობით. ეს პერიოდი იანვრის ბოლოდან იწყება. ამას მოჰყვება გვიან მოყვავილე ხეები და ეს პროცესი საბოლოოდ მაისში სრულდება. შემდეგ მოდის უკვე მარცვლოვნების და ბალახის ყვავილობის პერიოდი, რაც ივლისამდე გრძელდება. ახლა კი, აგვისტოში, როგორც აღვნიშნე, ხდება სარეველა მცენარეების ყვავილობა.

რასაკვირველია, ზაფხულის ალერგიებსაც ახასიათებს ის ყველა სიმპტომი, რაც დამახასიათებელია სხვა პერიოდის ალერგიებისთვის. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რინიტი, რომელიც იწვევს ცხვირის გაჭედვას, ქავილს, ცემინებას და ა.შ. ალერგია შესაძლოა   ალერგიული რინოკონიუქტივიტით გამოიხატოს, ანუ ალერგიულ რინიტს თან დაერთოს თვალის ანთება, რასაც მოჰყვება ცრემდლენა, თვალების სიწითლე, ქავილი და ა.შ . შესაძლოა სახეზე იყოს სეზონური ასთმა, ბრონქოსპაზმი და ა.შ. შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოვლინდეს კანზე ატოპიური დერმატიტის სახით და ა.შ.

სავსებით შესაძლებელია, რომ რამდენიმე ეს კომპონენტი ერთად გავმოვლინდეს.

როდესაც ადამიანმა იცის, რომ მას რაიმე კონკრეტულ გამაღიზიანებელზე აქვს ალერგია, მან აუცილებლად უნდა დაიჭიროს თადარიგი და სეზონის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ეწვიოს ექიმს, რათა შემცირდეს სიმპტომები და სეზონი არ იყოს მისთვის შემაწუხებელი. მინდა მსმენელს შევახსენო, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად არსებობს სპეციალური იმუნო-თერაპია, რაც ნიშნავს ვაქცინაციას. თუ ყოველწლიურად აწუხებს ადამიანს ეს პრობლემა, აუცილებად უნდა დაისვას ეს საკითხი, რათა არ მოხდეს გამაღიზიანებელ ალერგენთა წრის გაფართოება და თუ დღეს ადამიანს ალერგია მხოლოდ ერთ მცენარეზე აქვს, შემდეგ სხვა მცენარეების მიმართაც არ ჩამოუყალიბდეს ჰიპერმგრძნობელობა. ზომების წინასწარ მიღება ამ შემთხვევაში აუცილებელია.

ხშირად ისმის კითხვა, რომ თუ ადამიანები არ ცხოვრობენ სპეციფიკურ გარემოში, სადაც გავრცელებულია ესა თუ ის ალერგენი, რატომ უვითარდებათ ალერგიული რეაქციები. მაგალითად, მე წეღან ვახსენე ამბროზია და ლაგოდეხი, სადაც მცენარე განსაკუთრებით გავრცელებულია. მინდა გითხრათ, რომ აუცილებელი არ არის ალერგენი მცენარე თქვენს ეზოში იყოს, რადგან ძლიერ ქარს მცენარის მტვერი ასეულობით კოლომეტრზე გადააქვს. ამიტომ შესაბამის სეზონზე ალერგიული ადამიანები ქარიან და მზიან ამინდში ჯობს მოერიდონ პიკნიკებს და ღია მინდორზე გასვლას. თუ ქარიან და მზიან ამინდში სიმპტომებმა შეგაწუხათ, მიმართეთ შესაბამის ზომებს. გამოიცვალეთ ტანსაცმელი, გაიწმინდეთ ცხვირი, მიიღეთ შხაპი და ა.შ.

-აუცილებლად მინდა გკითხოთ მზის ალერგიასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე ჩვენთან არაერთხელ შემოვიდა კითხვა. შეკითხვის ავტორი ამბობდა, რომ ის მზეზე გასვლიდან ძალიან მოკლე დროში განიცდიდა დისკომფორტს და ხდებოდა ცუდად. გვესაუბრეთ მზის ალერგიაზე – რა სახის ალერგიაა ეს, რა სიმპტომატიკა ახასიათებს, რა ასაკში ჩნდება და იკურნება თუ არა? რა რეკომენდაციას მისცემდით ადამიანებს, ვისაც მზის ალერგია აწუხებს?

მაკა რუხაძე: მზის ალერგია აქტუალური პრობლემაა, მით უმეტეს, რომ მზის სხივები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და კარგი გუნება-განწყობისთვის. ისინი განსაკუთრებით საჭიროა პანდემიის პერიოდში.

მზის ალერგია შესაძლოა შეგვხვდეს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებით. შესაძლოა ეს გამოვლინდეს ჭინჭრის ნასუსხის სახით, რომელიც ჩნდება მზის სხივებთან კონტაქტისას  და შემდეგ შესაძლოა მალევე უკვალოდ გაქრეს. ეს არის მზისმიერი ორტიკარი ანუ ჭინჭრის ციება. თუმცა არსებობს ალერგიული ფოტოდერმატიტიც, რომელიც სხვა სახით ვლინდება. შესაძლოა კლინიკურად ფოტოდერმატიტი უცებ არ გამოვლინდეს და რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, იგი თვალსაჩინო გახდეს მხოლოდ დამცავი საშუალების გამოყენების შემდეგ. შესაძლოა ალერგია გამოვლინდეს ერთი ან ორი დღე-ღამის შემდეგ მზეზე ყოფნიდან. შესაძლოა მზის ალერგია გამოვლინდეს   მზის სინათლით გამოწვეული პოლიმორფული გამონაყარის სახით. ეს ცოტა დამაბნეველი სიმპტომია, რადგან მას ახასიათებს სხვადასხვა სახით გამოვლინება. შესაძლოა მას ახლდეს სიწითლე, გამოიხატოს ლაქების სახით ან ბუშტუკოვანი გამონაყარის სახით. მზის ალერგია არის ორგანიზმის იმუნური სისტემის პასუხი ულტრა-იისფერ გამოსხივებაზე, რომელიც ინდივიდუალურად ვლინდება.

რისკ-ჯგუფების შესახებ პირველ რიგში ვიტყვი, რომ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრულ განწყობას. ასევე მნიშვნელოვანია კანში არსებული მელანინი და მელანოციტები. როგორც ვიცით, არსებობს სხვადასხვა ტიპის კანი, მის შეფერილობას კი სწორედ მელანინი განსაზღვრავს. განსაკუთრებით თეთრი ფერის კანის მქონე ადამიანებს ღია თქმით და თვალებით, რომლებსაც მელანინი ნაკლები რაოდენობით აქვთ ორგანიზმში, ხშირად აქვთ ეს პრობლემა. არსებობს დაავადებები, რომლების ქონის დროსაც მნიშვნელოვანია მზის სხივებთან კონტაქტი და აუცილებელიც კი, თუმცა არსებობს გარკვეული პათოლოგიები, მაგალითად თირკმლის, ღვიძლის ან ონკოპათოლოგიები, რომელთა მკურნალობის პროცესშიც ადამიანი მზეს უნდა ერიდოს. უნდა ვისაუბროთ იმ ადამიანებზეც, ვინც გარკვეულ მკურნალობას გადის, რომლის სპეციფიკიდან გამომდინარეც მზის სხივებთან კონტაქტი არ არის სასურველი. შეიძლება ადამიანი იყენებდეს რაიმე კონტრაცეპტივს, ანტიჰიპოტენზიურ საშუალებას, ან ჰქონდეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგი, იღებდეს გარკვეულ ანტიბიოტიკებს და ა.შ.  შესაძლოა სწორედ ამ მედიკამენტების მიღების შემდეგ მზის სხივებთან კონტაქტისას მოხდეს გარკვეული კლინიკური გამოვლინება. ასე რომ, როდესაც არსებობს რაიმე რისკ-ფაქტორი სჯობს თავი შევიკავოთ. გასაგებია რომ რუჯი მოდურია და ბევრს მოსწონს, მაგრამ მაინც.

არსებობს ასევე ფიტოფოტოდერმატიტი – ალერგიული რეაქცია გარკვეულ გასარუჯ საშუალებაზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც გასარუჯად ადამიანები გარკვეულ საშუალებების იყენებენ, მაგალითად ლეღვის ნახარშს ან რაიმე მსგავსს. რუჯი არის კანის დამცველობითი რეაქცია ულტრაიისფერ სხვიებზე. უტრაიისფერი სხივები არსებობს A, B და C ტიპის. C სხივები ჩვენამდე ვერ აღწევს, რადგან ოზონის შრის მიერ შთაინთქმება. B სხივები კანის ზედაპირულ უჯრედებამდე აღწევს და კანის დამწვრობას იწვევს, ყველაზე ღრმად კი კანში A სხივები აღწევს, რომელიც დერმამდე ჩადის. ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ ისინი არ ყოფილან მზეზე, არ გარუჯულან, მაგრამ მაინც დაიწვნენ. როდესაც ადამიანს აქვს ჰიპერმგრზნობელობა, საჭირო არ არის მზეზე გასვლა. ულტრაიისფერი სხივები ჩვენზე მაშინაც მოქმედებს, როდესაც მაგალითად მანქანით გადავადგილდებით და პირდაპირი კონტაქტი გვაქვს სხივებთან.

ხანდახან რთულია განასხვავო მზის ალერგია, სითბური დაკვრა და დამწვრობა. თუ ადამიანს აღენიშნება სხვა სიმპტომებიც, მაგალითად ტემპერატურის მატება, ინტოქსიკაციის ნიშნები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან პირღებინებაც კი, ეს არ არის მზის ალერგია, ეს უკვე ძალიან სერიოზული მზის დაკვრა, შესაძლოა დამწვრობაც განვითარდეს და თუ ეს სიმპტომები სახეზეა დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ შესაბამის დაწესებულებას და ექიმს დასახმარებლად.

გასათვალისწინებელია ასევე თუ არის ერთ-ერთი შემაერთებელქსოვილოვანი პათოლოგიის გამოვლინება სახეზე. ამ დაავადების ერთ-ერთი ადრეული გამოხატულებაა სახეზე პეპლის ფორმის გამონაყარი.

აუცილებლად აქვე უნდა ვახსენო ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ხალები ან ნევუსები აქვთ. ვიდრე გადაწყვეტთ სანაპიროზე წასვლას და გარუჯვას, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მიმართეთ ონკოდერმატოლოგს, რათა შეაფასოს ვითარება და მოგცეთ რეკომენდაცია.

– მოდით, აქვე გკითხავთ მზის ალერგიის პრევენციაზე. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

მაკა რუხაძე: პირველ რიგში საჭიროა მდგომარეობის სწორი შეფასება, კანზე ნებისმიერი გამოხატულება, სიწითლე ან სიმხურვალე არ ნიშნავს აუცილებლად მზის ალერგიის მზიმე ფორმას, საგანგაშო აქ არაფერია, შესაძლებელია მოვლის სპეციალური საშუალებები გამოვიყენოთ და ყველაფერი დალაგდება. თუმცა თუ ვითარება საშუალო ან საშუალოზე მძიმეა უნდა მივმართოთ ექიმს და შემდეგ მან უნდა დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

პრევენციის სახით არსებობს საშუალებები, ალბათ თქვენი ექიმებიც გახსენებენ რომ შეიძინოთ მზისგან დამცავი საშუალებები მაღალი ფილტრით და უსაფრთხოების მაღალი ხარისხით. კარგი ხარისხის მზისგან დამცავებს შეუძლიათ კანის დაცვა. მათი არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი კანის თავისებურებები. საშუალება უნდა აირჩეს ინდივიდუალურად. შეიძლება ეს იყოს კრემი, ემულსია, სპრეი და ა.შ. რაც უფრო მშრალია კანი, უფრო მაღალი ფილტრის მქონე დამცავია საჭირო.

ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე საშუალების ეტიკეტს, შემადგენლობას. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარწერა UVA/UVB, რაც A და B ტიპის ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვის უნარს ნიშნავს. საშუალება უნდა იყოს წყალგამძლე, მისი კანზე დატანა უნდა მოხდეს წყალში ჩასვლამდე 20-30 წუთით ადრე. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს მზისგან დამცავი წყალგამძლე საშუალება, მისი გამოყენების მაქსიმალური ვადა 2 საათია, შემდეგ იგი კანზე თავიდან უნდა დავიტანოთ.

პრევენცია გულისხმობს იმასაც, რომ სანაპიროზე სწორ დროს გავიდეთ. 10-დან დღის 4 საათამდე უნდა მოვერიდოთ მზის სხივებს. ადამიანებმა, რომლებსაც აკნესკენ მიდრეკილი კანი აქვთ, უნდა შეარჩიონ ასევე შესაბამისი, ამ პრობლემის მქონე კანზე გათვლილი საშუალება.  ბავშვებს უნდა შევურჩიოთ შესაბამისი დამცავი სათვალე და მაქსიმალურად დავუფაროთ მათ კანი, გამოვიყენოთ ქოლგაც და ა.შ.

ფოტოდერმატიტის გამოხატულება შესაძლოა არც მეტი და არც ნაკლები, სანაპიროზე მირთმეულმა კოქტეილებმაც განაპირობონ, განსაკუთრებით კოქტეილებმა პიტნის და ლაიმის შემცველობით. ამიტომ გამოვიჩინოთ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ ექიმს.

– აუცილებლად მინდა გკითხოთ კიდევ ერთი აქტუალური პრობლემის, მწერის ნაკბენის შესახებ, მასთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობაზე. მაქსიმუმ რამდენ ხანში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია კბენის შემდეგ? რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს, რეაქციის გამოვლენას დაველოდოთ და მერე ვიმოქმედოთ? რას გვეტყვით ხალხური მეთოდების შესახებ და რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგიული რეაქცია?

მაკა რუხაძე:  პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მწერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. არიან მკბენარი და დამნესტრავი მწერები. დამნესტრავებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მწერი, რომელიც ალერგოლოგიაში შეიძლება განგაშის საფუძველი გახდეს არის ფუტკარი და კრაზანა. ამ შემთხვევაში შესაძლოა ისეთი მძიმე რეაქციაც კი განვითარდეს ანაფილაქსიური შოკის სახით, რომ ფატალურად დასრულდეს ყველაფერი. ეს გამოწვეულია იმით, რომ დანესტვრაზე ორგანიზმს ძალიან სწრაფი ტიპის რეაქცია. მკბენარი მწერები არიან ბუზი, ტკიპა, კოღო და ა.შ. რაშია განსხვავება? კოღოს ნაკბენს მძიმე გართულება უიშვიათეს შემთხვევაში მოსდევს, კრაზანის და ფუტკრის ნაკბენის შემთხვევაში კი ეს უფრო ხშირად ხდება. თუ ადამიანს ანამნეზში აქვს უახლოეს წარსულში დანესტვრის შემთხვევები, ან პროფესიულადაა დაკავშირებული მწერებთან, მაგალითად მეფუტკრეა, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. აუცილებელია მოხდეს ვითარების შეფასება, რადგან ყოველი მომდევნო ნაკბენი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს.

თუ ნაკბენზე რეაქცია ლოკალურია როგორც თქვენ ბრძანეთ, აქ იმუნური მექანიზმი ირთვება, გამომუშავდება ანტისხეულები. თუ ჩვენ სწორად დავადგენთ ვითარების სირთულეს, დახმარების გაწევა ადვილია. მარტივად რომ ვთქვათ – თუ მწერის ნაკბენი გამოხატულია მხოლოდ მაქსიმუმ 5 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე სიწითლით და ქავილით, აქ საგანგაშო არაფერია. თუნდაც კოღოს კბენის შემდეგ უჯრედებიდან ხდება ჰისტამინის დიდი რაოდენობით გამომუშავება, რაც განაპირობებს კანის წვას, სიწითლეს, შეშუპებას, ქავილს და ა.შ. თუ სახეზეა 10 სმ დიამეტრი ან მეტი, თუ შეშუპდება უფრო დიდი ანატომიური არეალი აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. რაც შეეხება ნაკბენის დამუშავებას  და იგივე ხალხურ მეთოდებს, იგივე ტალახით ან დანის წვერით დამუშავებას ვითომდა ნესტრის ამოღების მიზნით, ეს არასწორია. ნაკბენი პირველ რიგში საპნით უნდა დამუშავდეს, ნესტრის ამოღება კი უნდა ვცადოთ პინცეტით, ან თუ დანის გარდა არაფერი გვაქვს, დანით, ოღონდ ძალიან ფრთხილად, რათა არ მოხდეს კანის საფარველის დაზიანება, ტოქსინის უფრო გავრცელება და გარშემო მდებარე ქსოვილების ინფიცირება. ჭრილობა აუცილებლად საპნიანი წყლით უნდა დამუშავდეს, ასევე აუცილებელია 15-20 წუთის განმავლობაში ნაკბენზე ყინულის მოთავსება.  ჩვეულებრივ ნაკბენზე ასეთი რეაქცია შეიძლება 2 საათში წამოვიდეს, მაქსიმუმ  24-48 საათის განმავლობაში. რეაქცია შესაზლებელია რამდენიმე დღე გაგრძელდეს, აქ მნიშვნელოვანია თუ სადაა ის ლოკლიზებული, სახეზე, მხარზე, ზურგზე თუ სხვაგან…

– თუ ეს ყველა ღონისძიება ჩატარდა, მაინც არის თუ არა რისკი ალერგიისკენ მიდრეკილ ადამიანში ვითარების გართულების?

მაკა რუხაძე: თუ ადამიანი ალერგიულია, მას შესაძლოა განუვითარდეს ასეთ დროს ალერგიული რეაქცია. ამიტომ თუ მაგალითად ბავშვს აქვს ალერგიული განწყობა, შესაბამის ზომებს უნდა მივმართოთ, აგარაკზე მის წაყვანამდე უნდა გავიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, რომელიც შესაბამის რჩევებს მოგვცემს. ასეთ დროს მოხდება საფრთხის შემცირება და დასვენებაც ბევრად კომფორტული იქნება.

– ანტიჰისტამინურ პრეპარატს რაც შეეხება, შეიძლება მისი გამოყენება პრევენციისათვის, რომ ვითარება არ გართულდეს?

მაკა რუხაძე: როგორც აღვნიშნე, ალერგიულ რეაქციებს ამ დროს ჰისტამინის გამომუშავება იწვევს. თუ მწერის ნაკბენით გამოწვეული სიწითლე და შეშუპება 5 სანტიმეტრიან არეალს არ სცილდება, ამაში არაფერია საგანგაშო, მაგრამ თუ სცილდება შეიძლება გამოვიყენიოთ ანტიჰისტამინი, გლუკოკორტიკოსტეროიდი ან სხვა მოქმედების პრეპარატი, ოღონდ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და რჩევით.

პრევენციული ღონისძიება კი შეიძლება იყოს თავის არიდება იმ ადგილებისთვის, სადაც მწერები ბუდობენ, ასევე კოღოების შემთხვევაში სპეციალური რეპელენტების გამოყენება, რომლების გარემოს დაცვის სააგენტოს მიერაა რეკომენდებული. მათი გამოყენება ბავშვებს და ორსულებსაც შეუძლიათ, უბრალოდ საჭიროა შერჩევა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი: იმის გასაგებად, თუ როგორ ავიცილოთ საფრთხე, რა ვიქონიოთ პირველადი დახმარების აფთიაქში და რა მოვიმოქმედოთ, ექიმთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია. ის გვეტყვის როგორ მოვემზადოთ ზაფხულის სეზონისთვის სწორად.

აუცილებელია მსმენელს შევახსენოთ, რომ ამ მწერების გარდა ძალიან აქტუალური პრობლემაა ტკიპები, ისინი ბევრი ინფექციური დაავადების გადამტანები არიან, ბუდობენ დიდი ტბების სიახლოვეს. კოღოები ძირითადად ღამით გვესხმიან თავს, მათაც არაერთი დაავადება გადააქვთ. ასე რომ, როდესაც ბავშვი დასასვენებლად მიგვყვავს, ეს გავითვალისწინოთ. უკეთესია თუ ტკიპებისგან თავის დასაცავად ბავშვს გრძელ შარვალს ჩავაცვამთ. გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი იმისთვის, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ ამ კუთხით და დროულად მივიღოთ ზომები შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები