LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის საჭირო ტექინსპექტირება და რა პროცედურებს გადის ავტომობილი

„ავტორადიოს“ გადაცემაში „ავტოსერვისი“ კომპანია ”ქვიქტესტის” წარმომადგენლები, ტექნიკური მენეჯერი შოთა ღვინერია და გაყიდვების მენეჯერი გიორგი დარბაიძე ეწვივნენ და დეტალურად ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება.

 

რატომ არის საჭირო ტექინსპექტირება?

ჩვენი ქვეყნის ავტოპარკი გარკვეულწილად მოძველებულია. ინსპექტირება საჭიროა, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ავტოსაგზაო შემთხვევები და მოხდეს გარემოსთვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია. ასევე აუცილებელია ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ძალიან ბევრია სიმსივნით დაავადებული ადამიანი, ბავშვებშიც ხშირია ეს პრობლემა. გამონაბოლქვის ზღვარი უნდა იყოს ძალიან დაბალი, რათა მსგავს შემთხვევებს თავი ავარიდოთ.

რა პროცედურებს გადის ავტომობილი ტექინსპექტირების პროცესში?

მფლობელს ან წარმომადგენელს ავტომობილი მოჰყავს ინსპექტირების ცენტრში, აჩერებს პარკინგზე, მას ხვდება კონსულტანტი და გაესაუბრება. შემდეგ შედიან მისაღებში, გადის რეგისტრაციას და იხდის შესაბამისი მომსახურების საფასურს ავტომანქანის კატეგორიის მიხედვით და ელოდება ტესტირების დასრულებას.
ჩვენს ინსპექტორს ავტომობილი შეჰყავს ინსპექტირების ხაზზე და იწყება ტესტირების პროცესი. პროცესი გამჭვირვალეა და ავტომობილის მფლობელს შეუძლია მიმდინარეობას თვალი ადევნოს.

ტესტირების პროცესს აქვს რამდენიმე პარამეტრი: ვიზუალური დათვალიერება, იდენტიფიკაცია. ყველა ინსპექტირების ცენტრს განსხვავებულად აქვს პროცესი გადანაწილებული. მომდევნო ტესტია გამონაბოლქვის ტესტი დიზელის ძრავიანი და ბენზინის ძრავიანი ავტომობილებისთვის. შემდეგ გადადის თვლების შეყრის კუთხის გაზომვაზე, მერე მოდის სამუხრუჭე სისტემის პირველი ღერძი, მეორე ღერძი და ასე შემდეგ. მოწმდება ხვედრითი სამუხრუჭე ძალა, თვლებს შორის სხვაობები, შემდეგ გადადის სათვალთვალო ორმოზე ქვემოდან ვიზუალური დათვალიერებისთვის, სადმე რაიმე გაჟონვა ხომ არ არის. ამავდროულად მოწმდება ხილვადობა, ე.წ. საქარე მინები, ზედმეტად დამუქებული რომ არ იყოს, ტექნიკურ რეგლამენტს ხომ არ ცდება. ასევე მოწმდება მოხვევის მაჩვენებლები, მინამწმენდი ჯაგრისები და ა.შ. ყველა ამ პარამეტრის გავლის შემდეგ ავტომობილი გადის წინა ფარის ტესტერზე და ფაქტობრივად ამით სრულდება პროცესი. მიღებული მონაცემები ავტომატურად ჯდება ჩვენს შიდა ერთიან ელექტრონულ სისტემაში, იბეჭდება ანგარიში. თითოეული კვლევის შედეგი, მონაცემები ინახება ინსპექტირების ცენტრში და ბუნებრივია ავტომფლობელსაც ვატანთ.

 

თუ ავტომობილმა ტექინსპექტირების ზოგიერთი პარამეტრი ვერ დააკმაყოფილა, ამ შემთხვევაში რა ხდება?

ასეთ დროს, ავტომფლობელს ეძლევა 30-დღიანი ვადა პრობლემის გამოსასწორებლად. თუ აღნიშნული პარამეტრი გამოასწორა და იმავე ტესტირების ცენტრს მიმართა, უფასოდ გაივლის განმეორებით ტესტირებას და შემოწმდება მხოლოდ იმ პარამეტრზე, რაზეც ფიქსირდებოდა დარღვევა. თუ მეორედაც ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტით გაწერილი მოთხოვნები, ამ შემთხვევაში მომდევნო ტესტი ტარდება საერთო წესით, თავიდან შემოწმდება ყველაფერი და თანხასაც თავიდან გადაიხდის.

რას უნდა მიაქციოს ავტომფლობელმა ყურადღება, სანამ ავტომობილი ინსპექტირებას გაივლის?

რთული სათქმელია, ნებისმიერი ავტომობილის მძღოლმა თავად უკეთ იცის რა აქვს დაზიანებული მის ავტომობილს. ძირითადი დარღვევები ფიქსირდება, მაგალითად ნათურებზე. ნათურა ღირს ძალიან იაფი და 2 წუთი ჭირდება მის შეცვლას, უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს ადამიანი. ასევეა საბურავები. ინსპექტირების ცენტრმა რომ არ გითხრას, თვალითაც ჩანს, რომ გაცვეთილია და უნდა გამოიცვალოს. აი გამონაბოლქვსა და სამუხრუჭე ძალას ავტომფლობელი თავად ვერ შეამოწმებს, თუ ტესტერზე არ შემოწმდა.

 

როგორ იქნება ტექინსპექტირება მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის?

ასეთი ავტომობილების ძირითადი პრობლემაა შორი ნათების ფარები, რომელსაც დახრის კუთხე აქვს პირიქით, ანუ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილის მძღოლს უჭრის თვალებს და პირდაპირ ანათებს. ასეთ დროს უმჯობესია შეიცვალოს ფარები და დაყენდეს მარცხენასაჭიანის, მაგრამ არსებობს მოდელები, რომელთა მარჯვენასაჭიანი ვარიანტი საერთოდ არ გამოუშვია ქარხანას. საუკეთესო ვარიანტია სტიკერის დარტყმა ფარის ზედა კუთხეში, ასეთ დროს ტესტს ჩააბარებს ავტომობილი.


მსმენელი: როდიდან იწყება ტექინსპექტირება? საქარე მინა აუცილებლად გამოცვლილი უნდა იყოს?

იურიდიული პირებისა და სახელმწიფოზე რეგისტრირებული ავტომობილების ინსპექტირება უკვე ერთ თვეზე მეტია დაიწყო. 3.0 და ზევით ძრავიან მანქანებზე იწყება 1 ოქტომბრიდან, 1 იანვრიდან კი ყველა ტიპის ავტომობილზე გავრცელდება. ავტომობილის რეგისტრაციის თარიღის მიხედვით ეტაპობრივად არის დანაწილებული. მაგალითად, თუ თქვენი ავტომობილი აგვისტოშია რეგისტრირებული, 2019 წლის აგვისტომდე შეგიძლიათ გაატაროთ ტესტზე.
საქარე მინა არ უნდა იყოს დაზიანებული, მინამწმენდის არეში არ უნდა ფიქსირდებოდეს ბზარები და ლაქები.

 


ასეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა: ნათხოვარი ავტონაწილებით გადიან ტექინსპექტირებაზე. როგორი იქნება კონტროლის მექანიზმი?

ამის კონტროლის მექანიზმი არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მივხვდეთ მაგალითად საბურავი ნათხოვარი აქვს თუ არა მფლობელს.

დიზელისა და ბენზიის ძრავებზე განსხვავებული მონაცემებია მოთხოვნაში?

ბენზინის ძრავიანი ავტომობილები იყოფა რამდენიმე კატეგორიად, კატალიზატორიანი და უკატალიზატორო (ქარხნულად). უკატალიზატოროებში ორი ნორმა გვაქვს 1986 წლამდე და 1986 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გამოსული ავტომობილები, ეს არის 3,5 და 4,5 Co-ს დასაშვები მნიშვნელობა. კატალიზატორიან ავტომობილებზე, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულია 0,8% Co-ს დასაშვები ნორმა. 2020 წლიდან კი უკუსვლაზე Co-ს დასაშვები მნიშვნელობა იქნება 0,5 და მაღალ ბრუნზე 0,3. ასევე, 2020 წლამდე კატალიზატორები საერთოდ არ მოითხოვება, 2020-წლიდან კი ძალაში შევა კატალიზატორის მოთხოვნა და ვინ კოდის გამოყენებით დადგინდება კონკრეტულ ავტომობილს მოყვა თუ არა ქარხნულად კატალიზატორი.

დიზელის ძრავიანი ავტომობილები იყოფა ორ  ნაწილად, ტურბო ჩაბერვით და ტურბინის გარეშე. ტურბინის გარეშე ძრავისთვის დასაშვებია 2,5 შთანთქმის კოეფიციენტი, ტურბინიანისთვის კი 3,0.

ასევე, 1960 წლამდე რეგისტრირებული ავტომობილები ტექინსპექტირებას არ ექვემდებარება, ასევე 1980 წლამდე დიზელის ძრავიანი ავტომობილებს გამონაბოლქვებზე ტესტი არ უტარდებათ.

 


თქვენი კომპანის შესახებ რომ გვესაუბროთ, ფილიალების და ხაზების შესახებაც საინტერესოა ინფორმაციის მიღება და საერთოდ როგორ მოღვაწეობთ ამ ბაზარზე? 

ჩვენი კომპანია, ამ ეტაპზე ყველაზე მსხვილია ბაზარზე, 17 ხაზით ვართ წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში გვაქვს ფილიალები. 17 ხაზი საშუალება გვაძლევს, რომ უპრობლემოდ და რიგის გარეშე გავატაროთ ავტომობილები. ინსპექტირების დროის დაჯავშნაც არის ჩვენთან შესაძლებელი, ონლაინ რეჟიმში, ვებ გვერდის მეშვეობით. პარალელურ რეჟიმში შეგვიძლია გავატაროთ როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე ვმუშაობთ და შაბათს 10:00დან 15:00 სთ-მდე.

 

მსმენელი: ტერიტორიულად სად მდებარეობს ცენტრები თბილისში და ფასი როგორია კონკრეტულად „ტოიოტა პრიუსზე“?

მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის # 36, დიღომში. ტელეფონი: 248 00 42. ვებ გვერდი: https://quicktest.ge/

„ტოიოტა პრიუსი“ გახლავთ მ1 კატეგორია და ინსპექტირების ფასია 60 ლარი.


კონკრეტული რჩევები როგორია ავტომფლობელებისთვის?

გიყვარდეთ თქვენი ავტომობილები, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ავტომობილისთვისაც და ავტომფლობელისთვისაც.
რაიმე ოდნავი ხარვეზის შემჩნევის შემთხვევაში ეცადეთ გამოასწოროთ, არ გაამწვავოთ სიტუაცია, რადგან მომავალში, როდესაც ავტონაწილები ერთმანეთს ჩაითრევს, უფრო დიდ ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
სულაც არ არის საჭირო კანონის ამოქმედებას ველოდოთ, ნებაყოფლობით შეგიძლიათ ეწვიოთ სერვის ცენტრს და გაიაროთ ინსპექტირება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი