LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები ავტოექსპერტისგან: როგორ უნდა მოვამზადოთ ავტომობილი ზაფხულის სეზონისთვის?

გადაცემას „ავტოსერვისი“ ავტო ექსპერტი ილია გრიშაშვილი ესტუმრა.

ილია, ყველას ჰგონია, რომ ავტომობილის გარეცხვა მხოლოდ ვიზუალური ეფექტია…

მნიშვნელოვანია ხარისხიანი რეცხვა, არ უნდა გამოიყენოთ ისეთი ქიმია, რომ ავტომობილის საღებავი დაუზიანდეს. საჭიროა ავტომობილის ქვემოდან რეცხვაც, უნდა მოშორდეს ზამთარში დაგროვებული მარილები, რაც მოყინული გზების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. უნდა გაირეცხოს რადიატორები და რადიატორებს შორის სივრცე. კონდინციონერის რადიატორსა და წყლის რადიატორს შორის არის სივრცე, სადაც ტალახი და ჭუჭყი გროვდება. ხშირად შემოსულან სერვისში, რომ ავტომობილი წყალს ადუღებს, ან კონდინციონერი არ მუშაობს. გარედან ორივე სუფთად გამოიყურებოდა, დაშლისას კი ჭუჭყის კედლები აღმოგვიჩენია.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საბურავებში წნევის კონტროლი…

ძირითადად არავინ აქცევს ყურადღებას, რადგან კლიმატში დიდი ცვლილება არ არის. საბურავებში არასწორი წნევა საწვავის ეკონომიაზეც კი ახდენს გავლენას. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ავტომობილი უნდა დადიოდეს რბილად, ანუ დაშვებული უნდა იყოს საბურავი. დაანგარიშებულია, რომ ტემპერატურის ყოველი 10 გრადუსიანი განსხვავების შედეგად საბურავებში წნევა 0.07 ატმოსფეროთი იცვლება. თუ დასაშვები წნევა არის 2.9 და ვბერავთ 2.0-ზე, ფუჭდება საბურავი, კარგავს მანევრირებას და ა.შ.

გაგრილების სისტემას უნდა მივაქციოთ ყურადღება…

ყველას ვურჩევ, განაახლეთ ანტიფრიზი. მას 2-3 წელი აქვს ვადა. ის დროთა განმავლობაში თვისებებს კარგავს. უნდა ჩაასხათ ანტიფრიზი იმის მიხედვით, რომელსაც მწრამოებელი უწევს რეკომენდაციას. ყველა ანტიფრიზი „ჭამს“ რადიატორის ბლოკს, მეტ-ნაკლებად.

სამუხრუჭე სითხე…

წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა შეცვალოთ. სამუხრუჭე სითხე ატმოსფეროში არსებულ ტენს იწოვს. იჟანგება შიგნიდან მილი, იჭედება დგუში და ა.შ. ამ პრობლემებს იწვევს სამუხრუჭე სითხის არ შეცვლა. თუკი ჰიდრავლიკის სითხესაც მიხედავთ ორ წელიწადში ერთხელ, ძალიან კარგი იქნება.

საწვავი…

საწვავის არჩევანი საქართველოში არ გვაქვს. თუ გაუმართავია სისტემა, რა თქმა უნდა სპეციალისტს უნდა მიმართეთ. ვისაც დიზელის ძრავიანი ავტომობილი ჰყავს, კარგი იქნება 4 წელიწადში ერთხელ ავზი გამორეცხოთ. დროთა განმავლობაში კონდენსატი და ნარჩენები გროვდება. ამ პროცედურას დრო უნდა. ავზი უნდა მოიხსნას და კარგად გამოირეცხოს.

ელექტროობა…

სასურველია კარგი ბრენდის კონტაქტების სპრეი შეიძინოთ, კონტაქტები მოხსნათ, მიასხათ და ისევ დაამაგროთ. თუ თქვენ არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ სპეციალისტს მიმართოთ.

კონდინციონერი…

ზამთარში რამდენჯერმე მაინც უნდა ჩართოთ, რომ სისტემა ამუშავოთ. ახალ ავტომობილებზე, რომლებსაც კლიმატკონტროლი აქვთ, ავტომატურად ირთვება კომპრესორი, რომ ჰაერი გააშროს. ამ ავტომობილებს პრობლემა არ შეექმნებათ. ასევე, ჩვენი ქალაქის პირობებში ჰაერის ფილტრები ხშირად უნდა შევცვალოთ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი