LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძე – სიცოცხლის ელექსირი

18
რძე

თეთრი სისხლი, სიცოცხლის ელექსირი, ჯანმრთელობის წყარო, სიცოცხლის წვენი – რა სახელით აღარ შეამკეს ძველმა ფილოსოფოსებმა რძე, მისი ჭეშმარიტად ჯადოსნური თვისებების გამო. რძე საკვებია, რომელსაც ადამიანი დაბადებიდანვე შეიცნობს და ღრმა სიბერემდე მის და მისი ნაწარმის გულმხურვალე თაყვანისმცემლად რჩება. რძის გამოყენების ისტორიას ღრმა ფესვები აქვს. ჩვ.წთ.აღ-მდე, მრავალი საუკუნით ადრე ეგვიპტელები, რომაელები და ბერძნები, მას, არა მარტო საკვებად, არამედ სამკურნალოდაც იყენებდნენ, განსაკუთრებით ჭლექის, პოდაგრისა და სისხლნაკლებობისას. სახელგანთქმული ავიცენა მიიჩნევდა, რომ რძის ნაწარმი ხანშიშესულთათვის საუკეთესო საკვები იყო. უფრო მეტიც, ის ამტკიცებდა – ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იმიტომ შემცირდა, რომ ცოტა რძეს ვსვამთო. რძეს აღმოსავლურ მედიცინაში ფრიად საპატიო ადგილი ეკავა. მას, ნერვული და ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო, შესანიშნავ საშუალებად მიიჩნევდნენ. სწამდათ, რომ თუ, ადამიანი, ძილის წინ დალევდა, დილით უფრო გონიერი გაიღვიძებდა.

ადამიანი სხვადასხვა ცხოველის რძეს იყენებს, თუმცა, ერთპიროვნულ ლიდერად ძროხის რძე რჩება. ძროხის რძე მისი სარძევე ჯირკვლის სეკრეციის ნაყოფია. ის განსაკუთრებული თვისებების, მოყვითალო-მოთეთრო, სპეციფიკური მოტკბო გემოს მქონე სითხეა, რომელიც სარძევე ჯირკვალში მიმდინარე რთული და ღრმა გარდაქმნების შედეგად გამომუშავდება. ცნობილია, რომ რძის ძირითადი კომპონენტები უშუალოდ სარძევე ჯირკვალში სინთეზირდება იმ ნივთიერებებისგან, რომლებსაც ძროხის ორგანიზმი თვითონვე წარმოქმნის, ხოლო ელემენტები, ვიტამინები, ფერმენტები, ჰორმონები, იმუნური სხეულები რძეში უცვლელი სახით პირდაპირ სისხლიდან გადადის.

რძე ორასამდე სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებსა და ჰორმონებს. ცილა რძის ყველაზე ღირებული კომპონენტია. მისი ოდენობა დაახლოებით 3,2%-ია. რძის ცხიმები ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ცხიმოვან მჟავას შეიცავს და იოლი მოსანელებელიც არის. რძის შაქარი – ლაქტოზა, მისი საერთო მოცულობის დაახლოებით 4,9%-ს შეადგენს და ნაწლავის ნორმალურ ფლორას არსებობისთვის საუკეთესო პირობებს უქმნის, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კალციუმის შეწოვა-შეთვისებას.

მიკროელემენტებიდან, რძე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს – ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ახალგაზრდა ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის. მასში განსაკუთრებით ბევრია B1 და B2 ვიტამინები. 1 ჭიქა რძე სავსებით აკმაყოფილებს ამ ვიტამინებზე ორგანიზმის დღეღამურ მოთხოვნილებას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რძეში შემავალი D ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების ფორმირებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები