LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისი გაკეთება არ შეიძლება 31 დეკემბერს და როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა – ეკატერინე კვარაცხელია

15
fenshui-eka-kvaracxelia

გადაემის ლაივი LIVE

28 დეკემბერს საავტორო გადაცემა „ფენშუი ყველასთვის“, ქალბატონმა ეკატერინე კვარაცხელიამ წინა საახალწლო სამზადისს დაუთმო და სადღესასწაულო დღეების პროგნოზთან ერთად, მეტად საჭირო რჩევები მისცა „ავტორადიოს“ მსმენელს.

31 დეკემბერი 

სასიკეთო დღეა გრძელვადიანი კონტრაქტების გასაფორმებლად, ვალების გასასტუმრებლად და სასიყვარულო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. ნაკლებად გაამართლებს ქონებრივი დავის განხილვა და ახალი თანამდებობის დასაკავება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მაიმუნის წელს დაბადებულებს.

1 იანვარი 

სასიკეთო დღეა ქორწინებისთვის, მოგზაურობისა და სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციების, მათ შორის პერსონალური გამოფენების მოსაწყობად. შერიგებით და ურთიერთპატიებით დასრულდება ყველა ოჯახური უთანხმოება, თუმცა არ გაამართლებს სამემკვიდრეო საქმეების, სადავო საკითხების განხილვა და სამსახურეობრივი კონფლიქტების მოგვარება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მამლის წელს დაბადებულებს.

2 იანვარი 

სტაბილურობის და მშვიდი ენერგიების დღეს სარგებლის მომტანი იქნება გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება და ახალი სამსახურის მოძიება, მოგზაურობა და სასიყვარულო ურთიერთობების მოწესრიგება. ნაკლებად გაამართლებს ავეჯის გადაადგილება და სარემონტო სამუშაოების დაწყება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ძაღლის წელს დაბადებულებს.

2020 წლის ზოგადი დახასიათება 

თეთრი ლითონის ვირთხა აღმოსავლური კალენდრის 12-წლიან ციკლი ხსნის, 2020 წელი კი,  ერთგვარი ტრამმპლინია, ამიტომ როგორც წელს გაატარებთ, ზუსტად ისეთი იქნება მომდევნო 12 წელიც.

ჭკვიანი და არაორდინალური, საკუთარ თავში ჩაკეტილი ვირთხა, რომელსაც გამბედაობას სწორედ ლითონის სტიქია მატებს, სხვებზე უკეთ ისხლიტავს პრობლემებს, კარგად აქვს განვითარებული ინტუიცია, რაც ყოველთვის ეხმარება მიზნების განხორციელებაში. ამასთანავე, ბუნებით ლიდერს და სხვათა ხელმძღვანელობის მოყვარულს ყველას და ყველაფრის დამორჩილება სჩვევია.

სტიქიის გათვალისწინებით, წლის მთავარი ფერებად თეთრი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ითვლება, მოდური იქნება ბრჭყვიალა ფერიც, რადგან ლითონის ვირთხას ყველაფერი მოსწონს, რაც ბრწყინავს. სხვათაშორის, სწორედ თეთრი ფერი ასოცირდება ინტელექტთან და გონიერებასთან.

2020 წელი – განმეორებადი ციფრების წელია და ძალიან რთული, დაძაბული იქნება, რადგან ორიანების შეკრებით ციფრი „ოთხი“ მიიღება, რომელიც ფენშუის მიხედვით ნაკლებად იღბლიანია. თუმცა, საკმაოდ იღბლიანია წელი ფინანსურად. დააბანდეთ  ფული მსხვილ და გრძელვადიან პროექტებში, საქველმოქმედო ფონდებში, უძრავ ქონებაში და გაღებულ თანხას აუცილებლად ორმაგად აინაზრაურებთ.

აღმოსავლეთში ვირთხა ოჯახის და შეყვარებული წყვილების მფარველად ითვლება, ამიტომ მის გამოჩენას ყოველთვის სიხარულით ხვდებიან, რადგან სწორედ მას თვლიან კეთილდღეობის მაუწყებლად.

2020 წელს ბევრის ცხოვრება შეიცვლება რადიკალურად, ბევრი შეძლებს განვლილი 12 წლის გადაფასებას და ყველაფრის თავიდან დაწყებას. ეცადეთ გაიაროთ წელი გონივრულად და მეტი პასუხისმგებლობით, იმუშავოთ მონდომებით და დაიმსახუროთ წლის მასპინძლის კეთილგანწყობა, რომელიც აუცილებლად დაგიფასებთ შრომას და დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში.

რისი გაკეთება არ შეიძლება 31 დეკემბერს 

დაალაგეთ სახლი დღესასწაულის წინ, რადგან არ შეიძლება ახალი წლის არეულ, მოუწესრიგებელ სახლში დახვედრა.

გაისტუმრეთ ყველა ვალი და არ შეხვდეთ ახალ წელს ცარიელი საფულით.

არ შეიძლება ახალი წლის ღამეს ფრჩხილების მოწესრიგება და თავის დაბანა, სარეცხის და ჭურჭლის გარეცხვა, სახლის დაგვა და დალაგება, მაგიდის ალეგება და ნაგვის გატანა.

აკრძალულია კერვა (განსაკუთრებით ღილების მიკერება) და ძველი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის გადაყრა.

არ მიიმაგროთ საკუთარი ხელით ქინძისთავი ან ბროში.

არ იყვიროთ და არ იჩხუბოთ, რადგან ასე მხოლოდ ნეგატიურ ენერგიებს მიიზიდავთ და წელიც ნაკლებად წარმატებული იქნება.

არ დატოვოთ სადღესასწაულო სუფრა ცარიელი.

ეცადეთ არაფერი გატეხოთ და თუ მაინც გაგიტყდათ, გაახვიეთ ნატეხები ტილოში ან ქაღალდში და მხოლოდ მეორე დილას გადაყარეთ.

არ შეხვდეთ დღესასწაულს მარტო ან მხოლოდ თქვენი სქესის წარმომადგენლებთან ერთად, რადგან ასე საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ენერგიას დაბლოკავთ.

საახალწლო ჩაცმულობა 

შეხვდით ახალ წელს ახალ სამოსში ან ახალი აქსესუარით, მიანიჭეთ უპირატესობა თეთრს და ვერცხლისფერს, ნაცრისფერს და ოქროსფერს, ლურჯს, მწვანეს და რადგან 2024 წლამდე ცეცხლის ენერგიის სიმცირეა მოსალოდნელი, აუცილებლად გამოიყენეთ წითელი აქსესუარი.

ვირთხას ძალიან არ უყვარს ვულგარულობა, ამიტომ ეცადეთ გამოიყურებოდეთ მოხდენილად და ელეგანტურად. ნაკლებად მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის სტილი, მთავარია ჰქონდეს ლითონის დეტალი. მამაკაცებმა დროებით უარი უნდა თქვან სპორტულ სამოსზე და გამოეწყონ კლასიკურ შარვალსა და პერანგში, ქალების მაკიაჟი და ვარცხნილობა კი, არა პომმპეზური და მყვირალა, არამედ სადა და მოხდენილი უნდა იყოს.

მოერიდეთ ბეწვის ქურქის და მტაცებელი ცხოველის გამოსახულებით დამშვენებული სამოსის ჩაცმას. შეხვდით ახალ წელს გემოვნებით მორთულ სახლში, მრავალფეროვანი კერძებით, სამსელით და ლამაზად შეფუთული საჩუქრებით.

როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა 

შეიძინეთ ახალი თეთრი სუფრა, რომელიც წითელი და ვერცხლისფერი ორნამენტით იქნება გაწყობილი. ჭურჭელი აუცილებლად თეთრი უნდა იყოს, წლის ფერებით (მაგალითად, ლითონის სინებით, შანდლებით) გამრავალფეროვნებული. დაანთეთ ოთხი სანთელი, რომელთაგან სამი თეთრი ან ვერცხლისფერი, ერთი კი, წითელი იქნება. სადღესასწაულო სუფრაზე 12 განსხვავებული კერძი უნდა იყოს. არ შეიძლება საკვების გადაყრა, ამიტომ კერძები მცირე ულუფებად მოამზადეთ.

მოათავსეთ მაგიდის ცენტრში ვირთხის, დასავლეთით, მისგან 30 სანტიმეტრში კი, ტახის ფიგურა. დადგით ვირთხასთან ახლოს ორი თასი, რომელთაგან ერთში თხილი, კაკლი, წაბლი და არაქისი იქნება, მეორეს კი, ხორბლით, ბრინჯით გაავსებთ და ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით ჩაყრით ლარიან მონეტებს. ვირთხა აღმოსავლური კალენდრის პირველი ნიშანია და სწორედ მისი ნუმეროლოგიის პატივისცემით უნდა გამოიყენოთ ლარიანი მონეტები. სადღესასწაულო სუფრაზე აუცუილებლად უნდა იყოს ნამცხვარი და ტკბილეული. მოერიდეთ ვირთხის საძულველ პიტნას, კარგი იქნება თუ თვითონ გამოაცხობთ ვირთხის ფორმის ორცხობილებს.

მოათავსეთ სადღესასწაულო მაგიდაზე, მცირე კუბიკებად დაჭრილი ყველის ასორტი, მანდარინის ან ნაძვის ტოტებს კი, ვერცხლისფერი და თეთრი ლენტით შეაბით სულ მცირე რვა მონეტა. სადღესასწაულო ვახშმის შემდეგ აუცილებლად აიღეთ მაგიდიდან ბასრი ნივთები და მინის ჭურჭელი, დატოვეთ მხოლოდ ვირთხის და ტახის ფიგურები, თხილის, ბურღულეულის თასი და ყველის თეფში. ოჯახის ყველა წევრს თეფშის ქვეშ დაახვედრეთ ლარიანი მონეტა, რომელსაც მთელი წელი საფულით ატარებს, როგორც თილისმას.

ახალი წლის ღამეს, სანამ საათი 12-ს ჩამოკრავს, ჩააგდეთ ერთლარიანი მონეტა შამპანურით სავსე ბოკალში, შუშხუნა ღვინო მიირთვით, მონეტა კი, ან სამკაულთან ერთად შეინახეთ ან საფულით ატარეთ, როგორც ბარაქის სიმბოლო.

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 

ის, ვინც 2020 წელს ბიზნესის გაფართოვებას გეგმავს, შემოსავლებს და მატერიალურ კეთილდღეობას ელის, ნაძვის ხე ბინის ან ოფისის ჩრდილო-დასავლეთით ან დასავლეთით, ფინანსური კეთილდღეობის ზონაში უნდა დადგას. მას, ვისაც პროფესიული წარმატების მოპოვება სურს, ნაძვის ხე სამხრეთ ან დასავლეთ მხარეს უნდა მოათავსოს. თუ გამოცდების ჩაბარებას, ცოდნის შეძენას და კვალიფიკაციის ამაღლებას გეგმავთ, მაშინ ნაძვის ხე ჩრდილო-არმოსავლეთ ან დასავლეთ მხარეს გააწყვეთ, სიყვარულის მაძიებელმა კი, ახალი წლის მთავარი სიმბოლო სამხრეთ-დასავლეთით ან დასავლეთ მხარეს უნდა დადგას.

სასურველია შეიძინოთ ვერცხლისფერი ნაძვის ხე და მორთოთ თეთრი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი ბურთებით და ციმციმებით. მას, ვისაც დაოჯახება სურს, აუცილებლად სურვილი უნდა ჩაიფიქროს და დაკიდოს ნაძვის ხეზე თეთრი ქაღალდისგან საკუთარი ხელით გამოჭრილი, წითელ ქისაში მოთავსებული გული. თუ სიმპათიის ობიექტი გყავთ, გულზე მისი და თქვენი სახელები დაწერეთ, სხვა შემთხვევაში კი, დაწერეთ, რომ შეყვარებული ხართ.

ვირთხა ძალიან პრაქტიკული ცხოველია, ამიტომ ძვირფას ნივთებთან (ვერცხლის სამკაულთან, მონეტებთან) ერთად, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთის ჩუქებაც შეიძლება, რომლის გამოყენება ყოველთვის შეიძლება.

მეკვლეს ტრადიცია 

მეკვლემ ზუსტად 12 საათზე უნდა შეაბიჯოს ოჯახში სინით ხელში, რომელსაც წყვილი კაკლი, მანდარინი, ფორთოხლით და ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით ყველის ნაჭრები დაამშვენებს. ყველი აუცილებლად ახალი წლის ღამეს უნდა მიირთმევთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი შენახვა ან გადაყრა. მეკვლის აუცილებელ „ატრიბუტებს“ შორის უნდა იყოს ვერცხლის კოვზიც, რომელიც 2020 წელს ბარაქის სიმბოლოდ ითვლება.

თილისმები ზოდიაქოს ნიშნე ბისთვის (დასავლური ჰოროსკოპით) 

ვერძი – მზის გამოსახულება ქვაზე ან ხეზე.

კურო – ლითონის ნაკეთობა ძვირფასი ნატურალური ქვებით.

ტყუპები – კალიის ან კოლიბრის ფიგურა.

კირჩხიბი – ვერცხლისფერი მთვარის გამოსახულება.

ლომი – ლითონსა და ქვაზე გამოსახული მზესუმზირის ყვავილი, ლომის ფიგურა.

ქალწული – მრგვალი კულონი სერდოლიკით.

სასწორი – ვერცხლის სასწორის ან სპილენძის ჩიტის ფიგურა.

მორიელი – ვერცხლის ნახევარმთვარე, ლითონის ბაყაყი.

მშვილდოსანი – ცხენის ნალი, უნაგირი ან ხოჭოს გამოსახულება.

თხის რქა – ქვის კუ, ფუტკრის გამოსახულება.

მერწყული – მტრედის ფიგურა, ჩიტის ბუმბული, კალიის გამოსახულება.

თევზები – ქვაზე გამოსახული ნებისმიერი ზღვის ბინადრი.

თილისმები ზოდიაქოს ნიშნებისთვის (აღმოსავლური კალენდრით) 

ვირთხა – ნებისმიერი ოქროს ნაკეთობა, რომელსაც მუდმივად ატარებთ.

ხარი – ვერცხლის ბორბლის გამოსახულება.

ვეფხვი – კუ ნებისმიერი ძვირფასი ქვისგან.

კურდღელი – ძველებური მონეტა.

დრაკონი – ხორბლით სავსე ტილოს პატარა ტომარა, რომელსაც მთელი წელი ჩანთით ატარებთ.

გველი – ქვის ან ხის გველის ფიგურა.

ცხენი – ვირთხის, მინდვრის თაგვის ფიგურა, კულონი ხარის გამოსახულებით.

ცხვარი – მცირე ზომის თიხის ზინზილაკი.

მაიმუნი – თიხის ვირთხის ფიგურა.

მამალი – ერთ ბოლოში გაკვანძული ახალი ცხვირსახოცი.

ძაღლი – ძაღლის კერამიკის ფიგურა.

ტახი – ძველი ან ანტიკვარული საფულე.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა –

სამზარეულოში, სასადილო და სასტუმრო ოთახში სარკე საკვების სიუხვეს სიმბოლიზირებს. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ სარკის საძინებელში დაკიდვას. სხვათაშორის, რვაკუთხა სარკე დადებითი ენერგიის ძლიერი გენერატორია.

ოთახის მცენარეები უარყოფით ენერგიებს ანეიტრალებენ.

განათება ცეცხლის სტიქიის სიმბოლოა. სწორი განათება დადებითი ენერგიების მოზიდვას და პოზიტიური განწყობის შექმნას უწყობს ხელს, ზედმეტად კაშკაშა კი, მოჭარბებულ ცეცხლი სტიქიას განასახიერებს და დისბალანსს ქმნის სტიქიების ენერგიებს შორის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები