LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამოვიცნოთ საშიში ხალები?! – დერმატო-ვენეროლოგი ნინო ოთარაშვილი

23
ninootarashvili2015

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ ჩნდება ხალები და როდის შეიძლება მათი მოცილება; აქვს თუ არა მნიშვნელობა ხალის ფერს, ზომას და ფორმას; შესაძლებელია თუ არა კანის კიბოს თავიდან აცილება დროული პრევენციით და რა უნდა ვიცოდეთ საშიშ ხალებზე – ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ დერმატო-ვენეროლოგმა ნინო ოთარაშვილმა ისაუბრა.

-ქალბატონო ნინო, პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისათვის. კანზე სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნები შეიძლება შევნიშნოთ და ძალიან ხშირად ადამიანებმა არ იციან, თუ როგორ განასხვაონ პოტენციურად საფრთხის შემცველი წარმონაქმნი უსაფრთხოსაგან და ვის მიმართონ კონსულტაციისათვის. ხშირად მსმენია, რომ ამ პრობლემით ონკოლოგს მიმართავენ ხოლმე…

ნინო ოთარაშვილი: დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ კანი, ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო. იქიდან გამომდინარე, რომ ის ხილულია, შედარებით ადვილია მასზე ცვლილებების შემჩნევა შინაგანი ორგანოებისაგან განსხვავებით. შესაბამისად, თუ გაჩნდა ახალი წარმონაქმნი, რომელიც იზრდება ზომაში, იცვლის ფერს ან უბრლოდ გვაწუხებს, ეს უკვე საყურადღებოა და ამ დროს ექიმს უნდა მივმართოთ. შესაძლებელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წარმონაქმნი უკუგანვითარდეს, მაგრამ ყურადღება ზედმეტი არასდროსაა. ამიტომ უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ სტრუქტურულ ცვლილებებს და ცვლილებების შემთხვევაში მივმართოთ დერმატოლოგს. გარკვეული ანალიზების საფუძველზე დერმატოლოგი თავად დასვამს დიაგნოზს და თუ საჭირო იქნება, ონკოლოგთან თვითონ გადაგამისამართებთ. ნუ შეგეშინდებათ ექიმთან ვიზიტის, პირიქით. ვიზიტი საშიშროების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო.

-ძალიან ხშირად, ადამიანებს ხალები ბავშვობიდან აქვთ მთელი ცხოვრების მანძილზე და მათზე არც ღელავენ, მაგრამ ახალი ხალების გაჩენა შესაძლოა მღელვარების მიზეზი გახდეს. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კონკრეტული ხალი ნერვიულობად არ ღირს, რადგან მისი არსებობა ნორმალურია?

ნინო ოთარაშვილი: ის ფაქტი, რომ ადამიანებს ცხოვრების განმავლობაში ახალი ხალები უჩნდებათ, სავსებით ნორმალურია. ეს ზოგადად საშიში არ არის, განსაკუთრებით პატარა ხალები. ობიექტი საშიში შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც ის საგრძნობლად იმატებს ზომაში, იცვლის ფერს და სტრუქტურას.

პოტენციურად საშიში წარმონაქმნების აღმოსაჩენად ყურადღება ექცევა ობიექტის სიმეტრია-ასიმეტრიას, ასევე იმას, თუ რამდენად თანაბარია მისი შეფერილობა და კიდეები, როგორი დიამეტრი აქვს და ა.შ. ზოგადად ხალი, რომელიც დიამეტრით 6მმ-ს აღემატება უკვე საყურადღებოა. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ განვითარდა წარმონაქმნი,  რა შეიცვალა: ზომა, ფერი თუ სტრუქტურა, გახდა თუ არა ასიმეტრიული ან ხომ არ დაემატა რაიმე სუბიექტური ჩივილი. თუ ადამიანმა რომელიმე ცვლილება შეამჩნია, მან უნდა მიმართოს ექიმს.

ძალიან კარგია, როდესაც ადამიანმა იცის თუ რას მიაქციოს ყურადღება. თუნდაც გარუჯვის შემდეგ თუ გაჩნდა რაიმე პატარა წარმონაქმნი, ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი. მთავარია იმ კრიტერიუმებს მივაქციოთ ყურადღება, რაც ჩამოვთვალეთ.

-რას გვეტყვით წარმონაქმნებზე, რომლებიც არის არა კანში, არამედ კანის ზედაპირიდანაა ამოზრდილი?

ნინო ოთარაშვილი: ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, შეიძლება წარმონაქმნი იყოს კანთან გათანაბრებული, მაგრამ სტრუქტურული ცვლილებების გამო საყურადღებო. ან შეიძლება კანიდან წამოწეული იყოს, მაგრამ უსაფრთხო. თვითონ ეს კრიტერიუმი, წამოწეულია თუ არა კანიდან წარმონაქმნი, მის არც უსაფრთხოებაზე მეტყველებს და არც იმაზე, რომ ის საშიშია. მთავარია როგორ არის საქმე იმ ძირითად კრიტერიუმებთან მიმართებაში, რომლებიც განსაზღვრავენ თუ რამდენად საყურადღებოა კანზე არსებული წარმონაქმნი.

-რატომღაც გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხალის ფერი თავისთავად მეტყველებს იმაზე, არის თუ არა ის საშიში. მაგალითად ითვლება, რომ შავი ხალი საშიშია…

ნინო ოთარაშვილი: ზოგადად, ღია ყავისფერიდან ყავისფერამდე შეფერილობა ხალისათვის ყველაზე ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს. არსებობს ასევე ცისფერი ნევუსი, რომელიც საკმაოდ საყურადღებოა, თუმცა თუ მონიტორინგი დროულად მოხდება, არ არის საგანგაშო. შავი შეფერილობა ან ობიექტის სიჭრელე მოითხოვს სპეციალურ კვლევას – დერმატოსკოპიას. ეს ძალიან უსაფრთხო, არაინვაზიური მეთოდი სრულიად საკმარისია ობიექტის შესაფასებლად. დერმატოსკოპიით მიღებული დასკვნით საჭიროების შემთხვევაში ინიშნება უკვე შემდეგომი გამოკვლევები, იქნება ეს ციტოლოგია თუ ბიოფსია. ასე რომ, თუ ობიექტი არის ღია ყავისფერიდან ყავისფრამდე შეფერილობის და არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ კრიტერიუმს, ანუ არც ფორმა შეუცვლია, არც ფერი, არც ზომა და სტრუქტურა, ის ნორმალურად შეიძლება ჩავთვალოთ და მშვიდად ვიყოთ.

-ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც ბევრი ხალი აქვთ სხეულის სხვადასხვა ნაწილში. რა განაპირობებს ხალების სიჭარბეს?

ნინო ოთარაშვილი: მთავარი მიზეზი გენეტიკური განწყობაა, თუმცა მგრძნობიარე კანი და ზოგადად, კანის ტიპი დიდ როლს თამაშობს ამაში. მაგალითად წითურებში ხშირია ერთგვარი ხალები, ისევე როგორც ჭორფლი. არის ადამიანების კატეგორია, ვისაც მარტივად უჩნდება ჭორფლი, ძირითადად თინეიჯერობის ასაკში.

ზოგს პიგმენტური ლაქებისკენ აქვს მიდრეკილება, რაც შეიძლება ჰორმონალურ დისბალანსთან ან ხშირად გარუჯვასთან იყოს დაკავშირებული. ასეთი ლაქებია მაგალითად მელაზმა, ქლოაზმა… ისინი კავშირშია ჰორმონულ დისბალანსთან, განსაკუთრებით ორსულობის შემდეგ. დიდი ზომის მოყავისფრო ლაქა შუბლზე, რომელიც ჰორმონალური დისბალანსის ფონზე, ორსულობის შემდეგ ჩნდება არის სრულიად უსაფრთხო, მაგრამ კოსმეტიკურ დეფექტს წარმოადგენს და ხშირად დისკომფორტის მიზეზი ხდება.

-ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ზოგიერთი ტიპის ხალებს ადამიანები სახლის პირობებში იცილებენ. რას გვეტყვით ამის შესახებ?

ნინო ოთარაშვილი: ჩემი, როგორც ექიმის თხოვნა იქნება, რომ სახლის პირობებში არ შევეხოთ არანაირ წარმონაქმნს. მესმის, რომ გარკვეული წარმოდგენა შეიძლება შეგვექმნას ჩვენს სხეულზე არსებული წარმონაქმნების შესახებ თუნდაც იმ კრიტერიუმების ცოდნით, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მაგრამ როდესაც საუბარი ეხება ხალის ან ხორცმეტის მოცილებას, ის პირველ რიგში უნდა დაათვალიეროს და შეაფასოს ექიმმა. შემდეგ მანვე უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ ჯობია მისი მოშორება.

რაც შეეხება ხორცმეტებს, მათი არსებობა უმეტესწილად განპირობებულია ვირუსებით, მაგალითად ადამიანის პაპილომავირუსით, რომლის დაახლოებით 150-მდე სეროტიპი არსებობს. ეს არის ორსპირალიანი დნმ-ის მქონე ვირუსი, რომლის ზოგიერთი სეროტიპიც ონკოგენურია. აქედან გამომდინარე როდესაც ჩვენ სახლის პირობებში ვიშორებთ წარმონაქმნს, შესაძლოა განვითარდეს ანთება და მოხდეს ელემენტის გავრცელება კანის სხვა უბნებზე. შესაბამისად შესაძლოა სხვაგან გაგვიჩნდეს ისეთივე წარმონაქმნი. ხშირად პაციენტები გარკვეულ ხსნარებს იყენებენ ხორცმეტის მოსაშორებლად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ტრავმირება, ამას კი მოჰყვეს ანთება და  გართულება სხვადასხვა ინფექციით. სამწუხაროდ, ხშირად პაციენტი მხოლოდ ამის შემდეგ გვაკითხავს.

იმის მიხედვით თუ რა ლოკაციაშია ეს წარმონაქმნი, შეგვიძლია ვისაუბროთ რამდენიმე მორფოლოგიურ ელემენტზე. შეიძლება სახეზე იყოს მომცრო ზომის, გლუვზედაპირიანი, ბრტყელი მეჭეჭი, ან ყველაზე გავრცელებული, უხეშზედაპირიანი ე.წ. ვულგარული მეჭეჭი, რომელიც ბავშვებშიც გვხვდება და მონაცრისფრო შეფერილობისაა, შეიძლება ფრჩხილების ირგვლივაც მდებარეობდეს და საკმაოდ შემაწუხებელია. მათი განვითარებისათვის საუკეთესო პირობააა კანის მიკრო-ტრავმა. მსგავსი მეჭეჭები გვხვდება საზარდულის არეში, იღლიის ფოსოებში, კისრის ნაოჭებში და ა.შ.

გამომდინარე იქიდან, რომ დასნებოვნებული ადამიანიდან ჯანმრთელზე ხდება ვირუსის გადასვლა, საჭიროა ჰიგიენის დაცვა, არ გამოიყენოთ სხვა ადამიანების პირადი ნივთები. ინკუბაციის პერიოდი 1-6 თვე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ინფიცირებული, მაგრამ ამისი ნიშანი მის კანზე ჯერ არ ჩანდეს.

მეჭეჭების მოსაშორებლად ყველაზე ხშირად ვიყენებთ კრიოდესტრუქციის, ანუ  თხევადი აზოტით მოშორების მეთოდს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მკურნალობის დაწყების შემდეგ კანის გასუფთავების მაგიერ ხდება ახალი ელემენტების გაჩენა. ეს იმის შედეგია, რომ ადამიანი უფრო ადრე იყო დასნებოვნებული და ეს ამ ეტაპზე გამოჩნდა, ჩარევის შემდეგ.

არსებობს წარმონაქმნების მოშორების სხვა მეთოდებიც, რომლებზეც არჩევანი კეთდება იქიდან გამომდინარე, თუ რა კლინიკური სურათი გვაქვს.

ბავშვებში არსებობს სპეციფიკური წარმონაქმნები, კონტაგიოზური მოლუსკები, რომლებიც სახელწოდებიდან გამომდინარე ძალიან ადვილად გადამდებია. ბავშვს შეიძლება იგი მაგალითად საბავშვო ბაღში, თანატოლისაგან გადაედოს. კონტაგიოზური მოლუსკები წარმოადგენს პატარა პაპულებს, რომლებიც ცენტრში ჩაღრმავებულია. აზოტით მოშორება უსიამოვნო პროცესია, ამიტომ ჯობს წარმონაქმნები მანამდე მოვაშოროთ, სანამ მათი რაოდენობა არც ისე ბევრია.

-მინდა გკითხოთ საშიში წარმონაქმნების შესახებ. ყოველთვის, როდესაც კანზე ახალი წარმონაქმნი ჩნდება, ეს ყოველთვის რაღაცნაირად გვაშინებს, რადგან ხალი არ იყო და უცებ არის. მნიშვნელობა არა აქვს ხალი წითელია, ყავისფერია თუ შავი. ზოგადად, როგორ ამოვიცნოთ სასიში ხალები და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ საკითხის უყურადღებოდ დატოვებამ?

ნინო ოთარაშვილი: კეთილი, ვისაუბროთ კანის გავრცელებულ სიმსივნეებზე და სიმსივნისწინა მდგომარეობებზე. რა მდგომარეობებია საყურადღებო და რა უწყობს კანის სიმსივნის გაჩენას ხელს? კანის სიმსივნეები ძირითადად 50 წლის ზემოთ გვხვდება, შესაბამისად მნიშვნელობა აქვს ასაკს. ასევე მნიშვნელოვანია ჩატარებული ქიმიური და სხივური თერაპია. თუ ანამნეზში არის ეპიდერმისის ხშირი ტრავმები და დაზიანებები, ასევე უკვე არსებული ქრონიკული დაავადებები, მაგალითად ბალთოვანი ფსორიაზი ან წითელი მგლურა, ამ ტიპის ქრონიკული დაავადებები მკვეთრად აზიანებს კანის ბარიერულ ფუნქციას და ასეთი ადამიანებიც რისკ-ჯგუფში მოიაზრებიან. რისკ-ჯგუფში შედიან ის პირებიც, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ კანცეროგენულ ნივთიერებებთან, მაგალითად ჭვარტლთან, კუპრთან, გუდრონთან… რისკ ჯგუფში არიან ასევე სოლარიუმით ძალიან გატაცებული და ის ადამიანები, რომლებიც ღია ცის ქვეშ მუშაობენ და დიდ დროს ატარებენ მზეზე.

მესმის, რომ რუჯი ყველას მოსწონს და ძნელია დღეს ადამიანს სოლარიუმში სიარული აუკრძალო, თუმცა ხშირად ამას არ აქვს არანაირი საზღვარი და ქალბატონები ძალიან ხშირად, ყველა სეზონზე სტუმრობენ სოლარიუმს. რუჯი ლამაზია, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ის პირები, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული გენეტიკური განწყობა, ანუ ვისი ოჯახის წევრსაც ჰქონდა კანის რომელიმე ტიპის სიმსივნის დიაგნოზი. რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანები ნებისმიერი ახალი წარმონაქმნის გაჩენის შემთხვევაში უნდა ესტუმრონ ექიმს, რომელიც შეაფასებს ახალ ელემენტს და მის ტიპს განსაზღვრავს.

რაც შეეხება ავთვისებიან სიმსივნეებს, კანის სიმსივნეების შემთხვევაში ეს არის ბაზალიომა, მელანომა და ბრტყელუჯრედოვანი კიბო. კანის ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა ბაზალიომაა. ბაზალიომა გახლავთ ყველაზე ნაკლებად ინვაზიური სიმსივნე და ნაკლებად იძლევა მეტასტაზებს, წარმოდგენილია მომცრო პაპულის სახით და თუ მისი დროული დიაგნოსტირება მოხდა, ხდება მისი აზოტით მოშორება და ის აბსოლუტურად განკურნებადია. მთავარი სწრაფი და სწორი დიაგნოსტირებაა. როგორც აღვნიშნე, კანის შემთხვევაში ცვლილებების შემჩნევა გაცილებით მარტივია, ვიდრე შინაგანი ორგანოების შემთხვევაში. მთავარია არ ვიყოთ უყურადღებოდ.

რაც შეეხება მელანომას, ეს საკმაოდ სწრაფად განვითარებადი სიმსივნეა, რომელიც მეტასტაზებსაც სწრაფად იძლევა და აქაც უმნიშვნელოვანესია დროული დიაგნოსტირება. მელანომა საკმაოდ უსიამოვნო შესახედაობის, არათანაბარი შეფერილობის სიმსივნეა და ამიტომ როგორც კი დავაფიქსირებთ რაიმე არასასიამოვნო წარმონაქმნს, ნუ გადავდებთ ექიმთან ვიტიტს. ნაადრევად ჩარევის შემთხვევაში მელანომაც განკურნებადია, მთავარია მისი აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე მოხდეს.

-სჩვევია თუ არა მელანომას რეციდივი?

ნინო ოთარაშვილი: როდესაც ადამიანს ერთხელ დაუფიქსირდება მელანომა, ის მუდმივად უნდა იყოს ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ყველა ახალ წარმონაქმნზე განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო.

-თქვენ ბრძანეთ, რომ ადამიანებს გარუჯვას და მზეზე ყოფნას სრულად ვერ ავუკრძალავთ. მაგრამ თუ ადამიანს აქვს ე.წ. უსაფრთხო ხალები,  მაგრამ ის მიდრეკილია წარმონაქმნებისკენ, არის თუ არა ასეთი ადამიანისთვის რეკომენდებული გარუჯვა მზეზე ან სოლარიუმში?

ნინო ოთარაშვილი: მზის აბაზანები ზოგადად ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ აუცილებელია წესების დაცვა. სოლარიუმით უზომოდ და ბოროტად სარგებლობა, ისევე როგორც მზეზე დიდხანს ყოფნა კანისთვის საზიანოა. მით უმეტეს თუ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, ვისაც მგრძნობიარე, ღია ფერის კანი აქვს. ასეთ ადამიანებს მზეზე კანი ეწვებათ, ამიტომ მათ აუცილებლად უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები, ხოლო გასარუჯად გამოიყენონ ე.წ. „მზის საათები“, ანუ გაირუჯონ დილას და საღამოს, როცა მზე არ არის ძალიან მწველი.

-რას გვეტყვით სიმსივნისწინა მდგომარეობებზე?

ნინო ოთარაშვილი: ასეთია მაგალითად ასაკობრივი სებორეული კერატომები, რომლებიც 50 წლის ასაკის შემდგომ ჩნდება კანზე. ასევე აქტინური კერატოზი, რომელიც შეინიშნება განსაკუთრებით სკალპზე თმის ცვენის შემდეგ, როცა გამოხატულია მოყავისფრო გაუხეშებულზედაპირიანი ლაქები  და მცირედ წამოწეული კერები. ასეთი ტიპის გამონაყარის დაზიანების შემთხვევაში პერიოდულად, თუნდაც წელიწადში ერთხელ საჭიროა დერმატოსკოპია და დერმატოლოგის კონსულტაცია.

-რას გვეტყვით ლაქებზე, როგორი ლაქები ჩნდება კანზე და რა ინფორმაციის მომცემია თითოეული მათგანი? მაგალითად რას ნიშნავს თეთრი ლაქები?

ნინო ოთარაშვილი: პირველ რიგში მინდა პაციენტებს ვუთხრა, რომ ყველა თეთრი ლაქა არ არის ვიტილიგო და ამის გამო პანიკაში ნუ ჩაცვივდებიან. ვიტილიგო საკმაოდ უსიამოვნო დაავადებაა, ბოლომდე დამარცხებული არ არის, გარდა ამისა მას იერიში მიაქვს სხეულის ხილულ ნაწილებზე, მაგალითად ხელის მტევნებზე და თვალების გარშემო არეებზე. ვიტილიგოს შეუძლია ადამიანს თვითშეფასების პრობლემაც შეუქმნას.

თუმცა როგორც აღვნიშნე, ყველა თეთრი ლაქა ვიტილიგო არ არის. შესაძლოა თეთრი ლაქები იყოს სოკოვანი ინფექციის მანიშნებელი, მით უმეტეს ბავშვებში. შესაძლოა ეს თეთრი ლაქა იყოს ლოკალური დეპიგმენტური კერა, რომელშიც ასევე არ არის არაფერი საგანგაშო. სრულიად უსაფრთხოა ასევე გამონაყარის ადგილას დარჩენილი დეპიგმენტირებული უბანიც, რომელიც დროთა განმავლობაში ისევ ბუნებრივად შეიფერება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თეთრი ლაქების რაოდენობა იმატებს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა ვიტილიგო გამოირიცხოს ან დადგინდეს, ხომ არ არის ლაქები კავშირში რაიმე ორგანულ დაზიანებასთან…

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები