LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავარჩიოთ რინიტი და ხველა ალერგიულია თუ ვირუსული – ნანა მგალობლიშვილი

80
ნანა-მგალობლიშვილი

რა არის მთელი სეზონის განმავლობაში გაჭედილი ცხვირის და ცხვირიდან მუდმივი ჩამონადენის მიზეზი, რატომ არის მნიშვნელოვანი პაციენტმა იცოდეს, მას აქვს გახანგრძლივებული ვირუსული რინიტი თუ ალერგიული რინიტი, როგორ უნდა მივხვდეთ არსებული შემაწუხებელი, გახანგრძლივებული ხველა ვირუსულია თუ ალერგიული, როდის არის საჭირო იმუნოთერაპია და ჰორმონალური პრეპარატები – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა – ნანა მგალობლიშვილმა ისაუბრა.

ქალბატონო ნანა, ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, ავადობს თუ არა, მთელი სეზონის განმავლობაში უჩივის ცხვირში გაჭედილობას და ცხვირიდან მუდმივ ჩამონადენს. რა არის აღნიშნული პრობლემის მიზეზი, ეს არის ვირუსის ნარჩენი პროცესი თუ ეს არის ალერგია?

მიმდინარე სეზონზე ცხვირთან დაკავშირებული სიმპტომების, გაჭედილი ცხვირის, ინტენსიური გამონადენის, სურდოს, ცხვირცემინების, რინიტის, ანუ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამომწვევი მიზეზები, მრავალფეროვანი პალიტრით გახლავთ წარმოდგენილი და მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი, რა თქმა უნდა, ალერგენით გამოწვეულ რინიტს ენიჭება. მიმდინარე სეზონის მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ რესპირატორული ინფექციებისთვის აქტიური გავრცელების პერიოდიც და მათ მიერ გამოწვეული რინიტის მწვავე შემთხვევებიც. წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით აქტიურად გახლავთ გამოხატული რინიტის სპეციფიკური ფორმაც, რომელიც თავისი ბუნებით არაალერგიული და არაინფექციური ხასიათისაა და რომელსაც ჩვენ ვაზომოტორულ რინიტს ვუწოდებთ. რინიტის აღნიშნული ფორმა ტემპერატურის ცვალებადობასთან გახლავთ დაკავშირებული, წელიწადის ეს დრო კი გახლავთ ის პერიოდი, როდესაც გარემოს ტემპერატურა და შენობაში არსებული ტემპერატურა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

როდესაც ჩვენ გადავადგილდებით შენობიდან გარეთ თუ პირიქით, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა ცხვირის ღრუში არსებულ სისხლძარღვოვან ქსელზე ზემოქმედებს, რომელიც თავის მხრივ რინიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლინებას იწვევს.

იმისთვის, რომ განვასხვაოთ, რა სახის რინიტთან გვაქვს საქმე, ვირუსულთან, ალერგიულთან თუ ვაზომოტორულთან, მარტივ კლინიკურ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. როდესაც ვლინდება რინიტი და მას თან ახლავს ტემპერატურული რეაქცია, ორგანიზმის ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი, ზოგადი დისკომფორტი, ეს ყველაფერი, თავისთავად, ვირუსული და ინფექციური გენეზისთვის არის დამახასიათებელი და არა – ალერგიულისთვის.

რეალურად, ვირუსული ინფექციები მოზრდილებში 3-7 დღეში კუპირდება და სრულდება, ბავშვებში შესაძლოა 10 დღემდეც გაგრძელდეს და თუ პაციენტს უფრო ხანგრძლივად მიმდინარე სიმპტომები აწუხებს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეჭვი პირველ რიგში მისი რინიტის ალერგიულ ბუნებაზე უნდა მიიტანოს. საყურადღებოა გამონადენის ხასიათიც. ვირუსული ინფექციაც და ალერგიული რინიტიც თავიდან წყლისებრი, სეროზული, გამჭვირვალე ფერის გამონადენით ვლინდება, თუმცა ინფექციის მიმდინარეობს შემთხვევაში, მეორე, მესამე დღიდან უკვე მას თან ერთვის წებოვანი, ბლანტი, მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის გამონადენი. ალერგიული გენეზის დროს გამონადენი ძირითადად წყლისებრი და სეროზული ხასიათის გახლავთ, თუ მას ხანგრძლივი მიმდინარეობის შემდეგ, ბაქტერიული ინფექცია პერიოდულად და მეორადად არ დაერთო. კიდევ ერთი აუცილებელი სიმპტომი, რომელიც ზოგადად ალერგიულ დაავადებას ახლავს, ქავილი გახლავთ. ამ დროს ძალიან შემაწუხებელი ქავილი არის ცხვირის და მის მიმდებარე არეში. ასევე გამოხატულია ყურების, ენის უკანა ნაწილის, ცხვირ-ხახის ქავილი. ბავშვებში გავრცელებული ფენომენი გახლავთ ე.წ. ალერგიული მისალმება, ანუ როდესაც ბავშვს ხელი მუდმივად ცხვირთან აქვს, ეს სწორედ იმ პრობლემის გამო, რომელსაც მას ქავილი უქმნის.

რატომ არის მნიშვნელოვანი პაციენტმა იცოდეს, მას აქვს გახანგრძლივებული ვირუსული რინიტი თუ ალერგიული რინიტი?

ცნობისთვის, ითვლება, რომ მაღალი ეკონომიკის ქვეყნებში ორი ადამიანიდან ერთს ალერგიული რინიტის პრობლემა აქვს, ანუ ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, დადგინდეს, თუ რა ფორმის რინიტთან გვაქვს საქმე, რადგან მაგალითად, თუ ალერგიული რინიტის შემთხვევაში, ჩვენ დავადგენთ კონკრეტულ ალერგენს, რამაც აღნიშნული პრობლემა გამოიწვია, მოვახდენთ იმ კონკრეტული ალერგენის ელიმინაციას, რა თქმა უნდა, თუ ეს შესაძლებელია და ეს უკვე დიდი შვების მომცემია ასეთი პაციენტებისთვის. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ დავადგენთ ალერგიული გენეზის რინიტს, აქ ვიცით ის წამყვანი, ახალი თაობის ანტიალერგიული, ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია და რომელთაც მინიმალური გვერდითი ეფექტი აქვთ ან პრაქტიკულად არ აქვთ და არ იწვევენ პაციენტისთვის ისეთ შემაწუხებელ გვერდით ეფექტებს, როგორიცაა ძილიანობა, სისუსტე. ასევე ტოპიკურად, ანუ ცხვირში, ადგილობრივად გამოყენებული იქნება ანტიჰისტამინური თუ ძალიან მაღალი ეფექტის მქონე კორტიკოსტეროიდული ადგილობრივი პრეპარატები. განსაკუთრებული ეფექტით სწორედ მათი კომბინაცია გამოირჩევა და რინიტის სიმძიმის შემთხვევაში სწორედ ეს კომბინირებული მკურნალობა გახლავთ მაღალი ეფექტით გამორჩეული.

უმთავრესი იარაღი, რომელიც ალერგიული რინიტის სამკურნალოდ გამოიყენება, ძალიან მაღალ ეფექტურია და ამ ქრონიკულ პრობლემას ფაქტობრივად ალაგებს და ხანგრძლივ უსიმპტომო პერიოდს იძლევა, ეს არის ე.წ. იმუნოთერაპია, ანუ ალერგიული ვაქცინაცია და ხშირ შემთხვევაში, შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში განთავისუფლდეს პაციენტი არსებული პრობლემისგან.

მიმდინარე სეზონზე მთავარი ალერგენები, რაც ალერგიულ რინიტს გამოიწვევს, გახლავთ, ოთახის მტვრის ტკიპა, სოკოვანი ალერგენები და თუ პაციენტს კონტაქტი აქვს, ცხოველური ალერგენები. აღნიშნულნი პერინიალური ალერგენები გახლავთ, რომლებიც მთელი წელი ზემოქმედებენ და ალერგიული რინიტის სრულწლოვან სიმპტომებს იწვევენ, თუმცა ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდებიან, რადგან ვკეტავთ სივრცეებს, ვათბობთ მათ და ძირითად დროს შენობებში ვატარებთ და ამ დროს, ერთის მხრის, მათი გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება და მათი კონცენტრაცია ამ დროს განსაკუთრებით მატულობს და მეორეს მხრივ, ჩვენი კონტაქტი და ჩვენი დიდი დროით დაყოვნება იმ სივრცეში, სადაც ისინი აქტიურად გახლავთ გავრცელებულნი, კიდევ უფრო მეტად განაპირობებს სიმპტომების აქტივაციას. ოთახის მტვრის ტკიპები თვალისთვის უხილავი ორგანიზმები გახლავთ. მათი გამონაყოფი და სხეულის ნაწილები ჰაერში მიმოიფანტება და როცა ისინი ჩვენს ლორწოვან გარსზე ხვდებიან ეს იწვევს პრობლემას. ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემთხვევაში თავს იჩენს რინიტი, ხოლო თუ პროცესში ქვედა სასუნთქი გზა ჩაერთო, იქ, თავისთავად, იზრდება ასთმური პრობლემების რისკი. ასეთ დროს, ჩვენი იმუნური სისტემა მას შეცდომით აღიქვამს როგორც დამაზიანებელს და იწყებს მის წინააღმდეგ ბრძოლაა ისე, როგორც ვირუსის, ბაქტერიული აგენტის წინააღმდეგ, რაც კლინიკურად სწორედ იმ სიმპტომებით ვლინდება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ დაისწავლოს, რომ ოთახის მტვრის ტკიპა ჩვენთან ერთად უნდა თანაარსებობდეს, ადამიანის ორგანიზმში ხდება იმ ალერგენის შეყვანა, რაზეც მას ალერგიული რეაქცია აქვს. ორგანიზმში ალერგენის შეყვანის ორი გზა არსებობს, ეს ან საინიექციო ფორმით ან წვეთების სახით ხდება. შემდეგ იმუნური მახსოვრობა ნელ-ნელა მას აღიქვამს და იმახსოვრებს არა როგორც ალერგენს, როგორც მისთვის დამაზიანებელს, არამედ როგორც მასთან თანაარსებობაში მყოფ ნაწილაკებს და პაციენტი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისგან თავისთავად თავისუფლდება.

სჭირდება თუ არა იმუნოთერაპია ყველას, ვისაც ალერგიული რინიტი აქვს, თუ ეს დამნაშავე ალერგენის ტიპზე და სიმპტომების სიმწვავეზე დამოკიდებული ?

იმუნოთერაპია განსაკუთრებით ეფექტურია მცენარეული ალერგენებით გამოწვეული ალერგიის დროს. იმ შემთხვევაში, როდესაც ალერგიულ რინიტს პოლინოზის სახე აქვს, ჩვენ სხვადასხვა მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30-დან 85 პროცენტამდე სრულ რემისიას ვიღებთ პაციენტებში. იმუნოთერაპია ასევე შეიძლება ჩატარდეს მტვრის ტკიპების მიმართ, ეპიდერმული, ანუ ცხოველური ალერგენების მიმართ. თუ ადამიანი ძაღლთან, კატასთან ერთად თანაცხოვრობს, მაგრამ მის მიმართ ალერგიული რეაქცია აქვს, ჩვენ შეგვიძლია ეს ადამიანი შევაგუოთ ალერგენს და მათი თანაცხოვრება ალერგიული სიმპტომებისგან თავისუფალი გავხადოთ. რაც შეეხება ალერგიის სიმძიმეს, თუ როდის უნდა ჩავატაროთ იმუნოთერაპია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ მსუბუქ რინიტზე, შესაძლებელია არც იყოს ასეთი მიზანმიმართული იმუნოთერაპია, მაგრამ როდესაც პერსისტიული მიმდინარეობაა, თუნდაც პერიოდული გამოვლინების, არის საშუალო სიმძიმეს მიმდინარეობის, პაციენტს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მის ჯანმრთელობას შემაწუხებელ პრობლემას უქმნის, მაშინ იმუნოთერაპია საჭიროა. ეს იარაღი, რომელიც ალერგოლოგებს ამ ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ გვაქვს, ძალიან მაღალეფექტური გახლავთ და აუცილებელია, რომ ყველა პაციენტს, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აწუხებთ, ჰქონდეთ ინფორმაცია ამის შესახებ.

როგორ უნდა მივხვდეთ და განვასხვაოთ არსებული შემაწუხებელი, გახანგრძლივებული ხველა ალერგიულია თუ ვირუსული?

ზოგადად, ხველა ორგანიზმის დაცვითი რეფლექსია. ის ათავისუფლებს სასუნთქ გზებს მასში მოხვედრილი ან წარმოქმნილი სხვადასხვა ნაწილაკებისგან. დღის მანძილზე გამოხატული ერთეული ხველა ფიზიოლოგიური მოვლენაა და აუცილებელია სასუნთქი სისტემისთვის, პრობლემას გახანგრძლივებული ხველა წარმოადგენს.

ბავშვთა ასაკში ხველა გახანგრძლივებულად ითვლება, თუ ის 4 კვირაზე დიდხანს გრძელდება. მოზრდილებში გახანგრძლივებული ხველის 2 ფორმა გვაქვს, ქვემწვავე მიმდინარეობს და ქრონიკული. ქვემწვავეს ვამბობთ, თუ მოზრდილ პაციენტს 3-დან 8 კვირამდე უგრძელდება ხველა და თუ ის 8 კვირაზე დიდხანს გრძელდება, ეს უკვე ქრონიკული გახლავთ. თითოეულ ამ ფორმას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. უხშირეს, 90 პროცენტ შემთხვევაში როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში ხველის გამომწვევი ზედა სასუნთქი გზების ხველითი სინდრომი გახლავთ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ცხვირის უკან წვეთის სიმპტომი და ის თავისი გავრცელებით პირველია მოზრდილებში. როდესაც პაციენტს ახველებს, ამ დროს პირველ რიგში ბრონქი და ბრონქული მდგომარეობა მოიაზრება, თუმცა ქრონიკულად მიმდინარე რინიტისას, იქნება ეს ინფექციური თუ ალერგიული გენეზი, როცა ის ვლინდება სეკრეტის არა მხოლოდ ცხვირიდან გამონადენის და სურდოს სახით, არამედ ცხვირის უკან, ცხვირხახაში ჩანადენის სახით, ამ შემთხვევაში ის შეიძლება ქრონიკულად მიმდინარე ხველით მიდიოდეს და ამ დროს მკურნალობაც სწორედ რინიტის მოგვარებისკენ, ცხვირის უკანა ჩანადენის კუპირებისკენ არის მიმართული, რაც თავის მხრივ ხველის პრობლემასაც მოაგვარებს. აღნიშნული ხველის უხშირესი მიზეზია მოზრდილებში.

ქრონიკულ ხველაში მეორე ადგილზე სწორედ ასთმური ანუ ალერგიული გენეზის ხველა დგას. ბავშვთა ასაკში ქრონიკულ ხველაში პირველ ადგილზე ასთმური ხასიათის ხველა გახლავთ, ასევე გავრცელებულია გასტროეზოფაგური რეფლუქსი, როდესაც კუჭიდან საყლაპავში ხდება კუჭის წვენის ამოდინება, ის ძალიან ხშირად შეიძლება ზედა სასუნთქ გზებშიც განხორციელდეს. აღნიშნული პრობლემის მიზეზი კუჭსა და საყლაპავს შორის არსებული ჩამკეტი, სპინქტერი გახლავთ. სწორედ ამ სპინქტერის არასათანადოდ დახურვა, მოდუნება განაპირობებს ამოდინებას. მჟავე გარემო, ერთის მხრივ, მექანიკურად აღიზიანებს ამ სასუნთქი გზების ლორწოვანს და იწვევს ხველას და მეორეს მხრივ, ეს გაღიზიანებული ლორწოვანი ღია ჭიშკარი გახლავთ სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციებისთვის. ბაქტერიული თუ ვირუსული ინფექციების თანდართვის შედეგად კი, კიდევ უფრო მეტად ხდება ხველის და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული სიმპტომების სტიმულაცია. ეს გახლავთ 90% შემთხვევების, 10% შემთხვევაში ხველას სხვა მიზეზები აქვს და ძირითადად ესენია, სხვადასხვა ფილტვისმიერი დაავადებები, ქრონიკული, ობსტრუქციული ბრონქიტი, ტუბერკულოზი, ინფექციური გენეზის დაავადებები და ასევე განსაკუთრებით დამახასიათებელია ასაკობრივი მახასიათებლები. ბავშვთა ასაკში ჩვენ გვხდება ხველის ისეთი ტიპი, რომელიც უხშირესად დაკავშირებულია ასპირაციულ, ანუ უცხო სხეულის გადაცდენით გამოწვეულ ხველასთან.

გარდა ამისა, ძალიან ხშირად გვაქვს ხველა, რომელსაც ჩვენ რეფლექსურ ხველას ვუწოდებთ. რეფლექსური ხველა ფსიქოგენური ხასიათის ხველაა და მისთვის დამახასიათებელი გახლავთ მაღალი ტემბრის, მშრალი ხველა, რომელიც აბსოლუტურად კუპირდება ძილის პერიოდში ან მაშინ, როცა ბავშვს სხვა აქტივობაზე გადააქვს ყურადღება. ამ დროს თუ ბავშვს ვეტყვით, რომ არ დაახველოს, მას ნებით შეუძლია ამის შეჩერება. მოზრდილებისთვის, განსაკუთრებით 50 წლის ზემოთ ასაკში და განსაკუთრებით ქალთა სქესში დამახასიათებელია ხველა, რომელიც მედიკამენტური გენეზის გახლავთ. ასეთი ჯგუფის მედიკამენტებია არტერიული წნევის საწინააღმდეგო, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები და მათი ის ჯგუფი, რომელთაც ჩვენ აგფ ინჰიბიტორებს ვუწოდებთ და რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმში გარკვეული ნივთიერებების დაგროვებას, რომლებიც თავის მხრივ, თავისი მექანიზმებით განაპირობებენ ქრონიკულად მიმდინარე ხველას. თუ პაციენტი, რომელიც რომელიც ქრონიკულად ახველებს, იღებს აგფ ინჰიბიტორს, ჩვენს საჭიროა, რომ სწორედ მასზე მივიტანოთ ეჭვი, როგორც ხველის გამომწვევ მიზეზზე. აღნიშნული პრეპარატის შეწყვეტის შემთხვევაში, პაციენტის ხველა რამდენიმე დღეში უკვე კუპირდება და პაციენტი თავისუფლდება ამ სიმპტომისგან.

ხველის გამოწვევა შეუძლიათ მეორე ჯგუფის წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებსაც, რომელთაც ჩვენ კალციუმის არხების ბლოკატორებს ვუწოდებთ, უბრალოდ, ამ პრეპარატების შემთხვევაში სხვა მექანიზმი არსებობს. ეს მედიკამენტები იწვევენ კუჭის მჟავიანობის და რეფლუქსის განვითარებას და სწორედ ამ მექანიზმით განაპირობებენ ხველის აქტივაციას. ნერვული ბოჭკოები, რომელთა სტიმულაცია და გაღიზიანებაც, ხველას გამოიწვევს, გახლავთ არა მარტო სასუნთქ გზებში, არამედ პერიკარდიუმში, დიაფრაგმაში, კუჭის ლორწოვანში და სწორედ ამ კონკრეტულ ორგანოთა სისტემაში განვითარებულმა გარკვეულმა პრობლემებმა, ასევე კარდიოლოგიურმა პრობლემებმა შესაძლებელია, რომ ხველა გამოიწვიოს. არსებობს არა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ანუ სხვა ორგანოებით გამოწვეული ხველაც, რომელიც განსაკუთრებით მოზრდილებთან არის გამოხატული.

არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ფენომენი, ოტო რეფლექსური ხველა, როდესაც ყურის პრობლემა, დაავადება იწვევს გარკვეული ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას, რომელიც ხველის სახით ფორმირდება. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით ამ სეზონზეა გავრცელებული, გახლავთ მსტვინავი სუნთქვა, ანუ მსტვინავი ხიხინი, რომელიც ბრონქების ობსტრუქციის, ანუ ბრონქების სპაზმის შედეგი გახლავთ და რომელიც ამოსუნთქვის ფაზაში ვლინდება. მსტვინავი სუნთქვის ხმიანობით შეშფოთებული მშობლის პირველი კითხვა, როდესაც ის სპეციალისტთან ხვდება, ყოველთვის „აქვს ჩემს შვილს ასთმა ან მასთან დაკავშირებული რისკფაქტორი“ გახლავთ. ყველა მსტვინავი სუნთქვა არ გახლავთ ასთმა და ასთმის ჩამოყალიბების წინარე ფაქტორი. ძალიან საინტერესოა, ვიცოდეთ, როდის შეიძლება, რომ მსტვინავი სუნთქვა ასთმად ფორმირდეს. ზოგადად ითვლება, რომ ბავშვების 50-51 პროცენტში მსტვინავი სუნთქვა არასდროს ვითარდება. დარჩენილ 49-50 პროცენტში სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც გამოვლინდება მსტვინავი სუნთქვა, რაც შემდგომ, მათგან მხოლოდ 20 პროცენტს გაუხანგრძლივდება და მათ გარკვეულ ნაწილში უკვე ასთმური დაავადება ჩამოყალიბდება. ასეთ პაციენტებს განსაკუთრებით ისინი მიეკუთვნებიან, რომელთაც სამ წლამდე ასაკში 4 მსტვინავი სუნთქვის ეპიზოდი მაინც ჰქონდათ, ასოცირებული სხვადასხვა პრობლემებთან. არსებობს დიდი და მცირე კრიტერიუმები, დიდი კრიტერიუმები შემდეგია, ალერგიულ რინიტთან ან ატოპიურ დერმატიტთან ასოცირება და სხვადასხვა ალერგიული დაავადების მქონე მშობლის ყოლა, გარემოს ალერგენების მიმართ გამოხატული მგრძნობელობა, მაგალითად, ალერგიულობა ოთახის მტვერზე, მცენარეულ ალერგენზე და მათ დამატებული სხვა ფაქტორები, რომელიც უკვე ალერგოლოგის შეფასების საკითხია. შესაბამისად, ალერგოლოგთან მიმართვიანობა და ალერგიული პროფილის და იმის შეფასება, თუ სად არის ასთმის განვითარების რისკი აუცილებელია.

მწვავე ალერგიული ხველის დროს ყოველთვის საჭიროა თუ არა ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება?

ჩვენ ხველის სხვადასხვა გენეზი განვიხილეთ. თუ ქრონიკულად გამოხატული ხველა ალერგიული ხველის ერთ-ერთი ნაწილია და სწორედ ალერგიული რინიტის შედეგად არის გამოწვეული ცხვირის უკან ჩანადენი, ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ საჭირო გახდეს ჰორმონალური პრეპარატი, ოღონდ, ეს იყოს ადგილობრივად, ცხვირში გამოსაყენებელი ჰორმონალური პრეპარატი და მას არ სჭირდება არანაირი ბრონქისთვის გამიზნული საინჰალაციო პრეპარატები. როდესაც ასთმურ ხველასთან გვაქვს საქმე, აქ ძირითად, უმთავრესი და პირველი ხაზის მკურნალობა სწორედ საინჰალაციო და შესასუნთქი პრეპარატები გახლავთ. საინჰალაციო პრეპარატის უპირატესობა პერორალურად მისაღებ პრეპარატთან მიმართებაში გახლავთ ის, რომ პრაქტიკულად ნულის ტოლია შანსი იმისა, რომ ის სხვადასხვა სისტემაზე იმოქმედებს და თავის გვერდით ეფექტს გამოავლენს. ასთმის მკურნალობის თანამედროვე მიდგომა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ, ალერგოლოგებმა შევძლოთ და პაციენტს იმ დოზით, იმ რაოდენობით, იმ ხანგრძლივობით მივაწოდოთ მინიმალური, მაგრამ აუცილებელი წამალი, რომ მას მაქსიმალური ეფექტი ჰქონდეს და არ შეზღუდოს პაციენტის ფიზიკური აქტივობა, რომ მას შეეძლოს სპორტით დაკავება. ასთმის მქონე პაციენტების უმრავლესობას ფიზიკური აქტივობა ასთმას უმწვავებს, თუმცა ის ერთადერთი გამამწვავებელია, რომლის შეწყვეტას და თავიდან აცილებასაც არ ვურჩევთ პაციენტებს. ასთმის მქონე პაციენტიც უნდა დაკავდეს სპორტით, ასთმის მქონე პაციენტსაც უნდა ჰქონდეს ფიზიკური აქტივობა და განვითარება, ეს მისთვის აუცილებელია. ფიზიკურ აქტივობას სასუნთქი კუნთების გააქტიურება და სწორი ფორმირება მოჰყვება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ამ პროცესს და ჩვენ კი ვალდებული ვართ, პაციენტს  იმ დოზით, იმ რაოდენობით მივაწოდოთ წამალი, რომ ყველანაირი აქტივობა, მათ შორის ფიზიკური, შესაძლებელი გახდეს. ასე პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად კონტროლირებული და ჯანმრთელ მდგომარეობასთან მიახლოებული იქნება.

დღემდე ბევრს სჯერა, რომ ავადობის თავიდან ასაცილებლად, გარკვეული სიმპტომების შესამცირებლად და ალერგიის სამკურნალოდ მაღალმთიანი კურორტები, თოვლი, მინუს ტემპერატურა, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. რამდენად სწორია ის მიდგომა, რომ ბავშვები, რომლებიც მსგავსი ტიპის პრობლემებისკენ არიან მიდრეკილნი, ხანგრძლივი დროით უნდა გავიყვანოთ მაღალმთიან ადგილებში?

ამ მიდგომაში სიმართლის დიდი მარცვალია, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტის ასთმური მდგომარეობა, რინიტთან დაკავშირებული პრობლემები ოთახის მტვრის ტკიპებით გახლავთ გამოწვეული. სამთო-სათხილამურო კურორტები 1500-დან 2500 მეტრამდე სიმაღლეზეა, მაღალმთიან რეგიონებში რაც უფრო ზევით მივდივართ, მით უფრო მინიმალურია მტვრის ტკიპების კონცენტრაცია. შესაბამისად, როდესაც პაციენტს გარკვეული პერიოდის მანძილზე მინიმალური შეხება აქვს პრობლემის გამომწვევ ფაქტორთან, ეს რა თქმა უნდა, ასთმის თუ რინიტის მიმდინარეობის შემთხვევაში დიდი შვების მომცემია. გარდა ამისა, პაციენტი იმყოფება ჯანსაღ გარემოში, რადგან მაღალმთიან რაიონებში პოლუტანტების მინიმალური რაოდენობაა და როცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის სუფთა კლიმატში იმყოფება და დაბინძურებული ჰაერი, პოლუტანტები მინიმალურად მოქმედებენ მის სასუნთქ გზებზე, ეს, რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს. ამ შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია შიდა გარემოც, ანუ ბინა, სადაც პაციენტი იცხოვრებს, რადგან თუ ალერგიულ ადამიანს იქ რბილი იატაკი, ხალიჩები, ფარები, მატყლის ლოგინი დახვდება, ეს ღამით ალერგიულ შეტევას გამოიწვევს და გამწვავებული სიმპტომების გამო საჭირო გახდება დახმარება. მსგავსი კურორტები ფიზიკური აქტივობის, ორგანიზმის გაკაჟების საშუალებას გვაძლევს, თუმცა ზამთრის პერიოდში გასათვალისწინებელია სიცივე, რომელიც სასუნთქი გზების ქრონიკული, ალერგიული პროცესების ერთ-ერთი გამამწვავებელია და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ პაციენტებს ვურჩევთ, რომ ფიზიკური აქტივობა 12:00-დან 15:00 საათამდე დაგეგმონ, ანუ მაშინ, როცა გარემოს ტემპერატურა უფრო მაღალია და თან გამოიყენონ შარფი, ქუდი, ხელთათმანები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები