LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება მომდევნო შვიდი წელი კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის – ასტრომაგია

11
bzekalava_1

14 მაისს ავტორადიომ და სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემამ “ასტრომაგია”, რომელიც ამჯერად კუროს ზოდიაქოს ნიშანს მიეძღვნა, ამ ნიშნით დაბადებულ კახა მამულაშვილს (მამულიჩა) უმასპინძლა.

გურმანი კურო 

კურო ზოდიაქოს მეორე სახლს მართავს, რომელიც ადამიანთა კვების ჩვეულებას, გასტრონომიულ გემოვნებას და მისწრაფებებს განსაზღვრავს, ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ კურომ, რომელიც ხშირად ღორმუცელა, მსუნაგ ადამიანთან ასოცირდება, ერთნაირად კარგად იცის, როგორც გემრიელი კერძების, ისე ცხოვრების გემო, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკვებს და იმ წვრილმანებითაც შეუძლია სიამოვნების მიღება, რომელთაც სხვები საერთოდ ვერ ამჩნევენ. სხვათაშორის, ასტროლოგიაში, საკვები, ფული და თვითშეფასება გაიგივებული მცნებებია, ასე რომ, თუ ადამიანი სამივე კომპონენტს ფლობს, მაშინ მისი ცხოვრება აუცილებლად ჰარმონიული იქნება.

– (კახა მამულაშვილი) რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს გემრიელად მირთმევა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ საკვებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.

აუღელვებელი კურო 

ტიპიური კურო ძალიან ზანტი და ზარმაცია, უყვარს სახლში ყოფნა, დივანზე წამოგორება და მყუდრო გარემოში დასვენება, არ მოსწონს სტუმრიანობა და თვითონაც ნაკლებად სტუმრობს ნაცნობებს. კუროს სავიზიტო ბარათად სიმშვიდე და სტაბილურობა ითვლება, იშვიათად კარგავს წონასწორობას და მართალია, ძალიან რთულია მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, მაგრამ თუ გაბრაზდა, დაუფიქრებლად ანადგურებს ყველაფერს. სხვათაშორის, კურო ძალიან კარგი მძღოლია, არასდროს არღვევს მოძრაობის წესებს და ყოველთვის ფრთხილად მართავს ავტომობილს.

– (კახა მამულაშვილი) მე ძალიან ხმაურიანი ვარ, ხშირად ვჩხუბობ და ვკამათობ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მართლა ვბრაზდები, დასვენების საუკეთესო საშუალებად კი, ადამიანებთან ურთიერთობა მიმაჩნია, რადგან სწორედ მათი წყალობით ვივსები დადებითი ენერგიით. მთავარია, ადამიანმა ზომიერება დაიცვას და არ შემაწუხოს საკუთარი ქცევით ან ცხოვრების წესით.

ერთგული კურო 

ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი ყოველთვის საიმედო პარტნიორია, თუმცა პირად ურთიერთობაში ძალიან უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება, რადგან საოცრად დინჯს და აუჩქარებელს, ცხოვრების საკუთარი რიტმი აქვს, ყველაფრს ნელა აკეთებს და პარტნიორსაც დიდხანს ეჩვევა, დაჩქარების შემთხვევაში კი, გაბრაზება და გაჯიუტება სჩვევია. მეტიც, აბსოლუტურად უადგილოდ, უმიზეზოდაც შეუძლია პრინციპულობის გამოჩენა, მხოლოდ იმიტომ, რომ კომპრომისზე წასვლა არ უნდა.

მესაკუთრე კურო 

მართალია, კუროს, რომელიც დევიზით “რაც ჩემია – ჩემია!” ცხოვრობს, ვერავინ დააბრალებს მომჭირნეობას, მაგრამ ის მაინც საშინელი მესაკუთრეა, ძალიან არ უყვარს, როცა მის ნივთებს ეხებიან და ადამიანების მიმართაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს.

კურო და ფინანსები 

ზოდიაქოს ნიშნებს შორის საუკეთესო “ფინანსისტები” სწორედ კურო და მორიელი არიან, რადგან ორივეს ჩინებული “ყნოსვა” აქვს ფინანსურ მოგებაზე და ბრწყინვალედ გამოსდის ფულის კეთება, თუმცა თუ მორიელისთვის ფული თვითდამკვიდრების და ძალაუფლების მოპოვების საშუალებაა, რათა იყიდოს და მართოს ადამიანები, კუროს ფული  საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად სჭირდება, ამასთანავე, მორიელი, რომელსაც სწრაფად უნდა გამდიდრება, ნებისმიერ ავანტიურას და უკანონობას თანხმდება, კუროს კი, მსგავსი სიხარბე არ ახასიათებს, ნაკლებად მიდის რისკზე და საკუთარ იმპერიასაც დინჯად, ეტაპობრივად აშენებს, თუმცა დიდი ხნით ინარჩუნებს სტაბილურობას.

– (კახა მამულაშვილი) მე ყველაფერში ზომიერებას ვიცავ, ნაკლებად მჯერა ავანტურიზმის და გაუმართლებელ რისკზეც არასდროს მივდივარ. მართალია, ზოგჯერ ძალიან მინდა მოვლენების დაჩქარება, რადგან არ მიყვარს საქმის გადადება, მაგრამ აჩქარებით სასურველ შედეგს ვერასდროს ვაღწევ.

მიმდობი კურო 

საოცრად რბილი და უბოროტო კურო, გულუბრყვილო და ნაკლებად აგრესიულია, ადამიანებში მხოლოდ კარგის დანახვას ცდილობს და ყველას დაუფიქრებლად ენდობა, რასაც ბევრი მის წინააღმდეგ იყენებს.

– (კახა მამულაშვილი) სამწუხაროდ, ბევრი ცუდად იყენებს ჩემს გულწრფელობას. თუმცა, ნდობას მაინც არ ვკარგავ. ადამიანებში მართლაც ყოველთვის დადებითს ვეძებ და ძალიან არ მიყვარს, ჭორების მოსმენა, როცა ერთი შეხედვით კარგი მეგობრები, ზურგს უკან ნეგატიურად მოიხსენიებენ ერთმანეთს. მირჩევნია, ყველასთან საკუთარი ურთიერთობა მქონდეს და დამუკიდებლად შევიქმნა მასზე წარმოდგენა.

კუროს პროფესია 

კურო ნებისმიერ სფეროში კარგად გრძნობს თავს, სადაც ფინანსებია, სწრაფად აღწევს წარმატებას კერძო ბიზნესში, საბანკო სფეროში და სხვებზე უკეთ გამოსდის პროექტების ფინანსურად ორგანიზება. ამასთანავე, თვითონ გურმანი, ბრწყინვალე კულინარი და კვების ობიექტების საუკეთესო ხელმძღვანელია. სხვათაშორის, საოცრად დახვეწილს და გემოვნებიანს არაჩვეულებრივი ყნოსვა და სუნის აღქმის უნიკალური ნიჭი აქვს, თავისუფლად შეუძლია მოვლენების, ადამიანების, ობიექტების სუნით დამახსოვრება და ყოველთვის იდეალური პარფიუმერი და კოსმეტოლოგი, ვიზაჟისტი და პლასტიკური ქირურგია, მით უფრო, რომ სილამაზის მმართველი პლანეტის – ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფის მისია სწორედ მატერიალური სილამაზის შექმნაა.

– (კახა მამულაშვილი) კერძების კეთება ნაკლებად მხიბლავს, თუმცა ძალიან კარგი შემფასებელი ვარ, რადგან კვების რამდენიმე ობიექტს ვხელმძღვანელობდი. საბედნიეროდ, მე შევძელი სასურველი პროფესიის, საკუთარი თავის პოვნა, მომწონს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და ვფიქრობ, კარგადაც გამომდის.

კუროს ჯანმრთელობა 

კუროს სუსტი წერტილი ყელია, ადვილად ცივდება და ნაკლებად უფრთხილდება ჯანმრთელობას, ნერვიულობისას კი, იოგები ეჭიმება და ხმას კარგავს. მართალია, ნაკლებად უჩივის ჭარბ წონას, მაგრამ გამხდარი კუროც დიდი იშვიათობაა.

ხელმძღვანელი კურო 

მას, ვისაც სამსახურში კურო ხელმძღვანელობს, ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ კუროს შეუმჩნეველი არაფერი რჩება. შესაძლოა ჩათვალოთ, რომ წვრილმან გადაცდომებს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს ხედავს და იმახსოვრებს, ამიტომ არ ღირს მისი მოთმინების გამოცდა, რადგან ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ცუდად აფეთქდება.

კახა მამულაშვილი, როგორც კურო 

მართალია, ჰაერის ნიშნების გავლენით, ტიპიურ კუროსთან შედარებით კახა ბევრად ენერგიული, აქტიური და მხიარულია, მაგრამ მის ხასიათშიც მრავლადაა კუროს ძირითადი მახასიათებლები – მეტად გულღია და გულწრფელი, სტაბილური და საიმედო პარტნიორია.

კარმული წყვილი 

მეუღლესთან, ქალბატონ ლელა წურწუმიასთან, რომელიც მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, კახა კარმულ წყვილს ქმნის, რადგან რადიკალურად განსხვავდება, თუმცა სწორედ მისი ნიშნის გავლენას განიცდის. როგორც ჩანს, წინა ინკარნაციაში წყვილი უკვე იცნობდა ერთმანეთს, თუმცა ვერ შეძლო საერთო მისიის შესრულება და ამიტომ, შემდეგ ინკარნაციაში ისევ შეხვდა ერთმანეთს.

პროგნოზი კუროსთვის 

იმ კუროსთვის, რომელსაც არ ეშინია სიახლეების და რადიკალური ცვლილებების, კომფორტის ზონის დატოვება და მზადაა თავით გადაეშვას თავგადასავლებში, მომდევნო შვიდი წელი საინტერესო, პერსპექტიული და მოულოდნელობებით სავსე იქნება, რადგან პლანეტა ურანი სწორედ ახლა გადავიდა მის ზოდიაქოს ნიშანში.

სხვათაშორის, ურანი არა მხოლოდ კუროს ცხოვრებაზე მოახდენს სერიოზულ გავლენას, არამედ თავდაყირა დააყენებს მსოფლიო ეკონომიკას და საბანკო სისტემას. უნიკალური აღმოჩენებია მოსალოდნელი ეკოლოგიასა და მედიცინაშიც, რადგან სწორედ ამ პერიოდში გამოგონილი პრეპარატების წყალობით შეძლებენ მედიკოსები უკურნებელი დაავადებების განკურვნას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები