LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ პროფესიაში იქნებით წარმატებული – ზოდიაქოს ნიშნები

7
sofia-bzekalava

1 ოქტომბერს საავტორო გადაცემა „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ HR ასტროლოგიას დაუთმო და ინტერესების სფეროს, საყვარელი საქმის მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მართალია, მსხვილი უცხოური კომპანიების უმეტესობა თანამშრომლებს სწორედ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით ირჩევს, მაგრამ ბევრად მართებული იქნებოდა პოტენციალური კანდიდატის პირადი ჰოროსკოპის გათვალისწინება, რადგან ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ორგანიზატორულ, ლიდერის მონაცემებს პლანეტა მერკური განსაზღვრავს, რომელიც ნებისმიერის ჰოროსკოპშია. ზოგს ხალხმრავლობა და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს, ზოგი კი, პირიქით, იზოლირებულ გარემოში უფრო პროდუქტიულია, ამიტომა საჭიროა მისი ინდივიდუალური თავისებურებების დადგენა და შესაბამის პოზიციას, გარემოს მორგება.  გასათვალისწინებელია ადამიანის პრიორიტეტებიც, რადგან ყველაზე მეტ ენთუზიაზმს სწორედ იმ სფეროში იჩენს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს და აინტერესებს.

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ ნიჭს, ტალანტს მორგებული საქმის მოძიება, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება მისი შეყვარება, მთელი გულით კეთება და წარმატების მიღწევა. საყვარელი საქმის კარგად კეთება ნებისმიერის თვითშეფასებას ზრდის და მატებს თვითრწმენას, მომაბეზრებელ სამსახურში იძულებით მუშაობა კი, რაც დღეს საკმაოდ ხშირია, ადამიანს უინტერესო რუტინაში ითრევს, ძალას ართმევს და ფუჭად აკარგინებს ენერგიას. სხვათაშორის, მხოლოდ მოვალეობის გამო, ნაკლებად სასიამოვნო საქმის კეთება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ჯანმრთელობის პრობლემებით სრულდება, რადგან ნებისმიერი ფსიქოლოგიური დისკომფორტი სწორედ ფიზიკური ტკივილით გამოიხატება.

რა თქმა უნდა, უმთავრესი საკუთარი თავის მიღება და შეყვარებაა, რაც სინამდვილეში მხოლოდ სათქმელადაა მარტივი, რადგან ის, ვისაც ობიექტურად შეფასების უნარი აქვს, მუდმივად ნაკლის გამოსწორებას, გაზრდას, დახვეწას ცდილობს და სულ საკუთარ თავზე მუშაობს, რაც სხვათაშორის ყველაზე მძიმე სამუშაოა, საკუთარი თავის შეყვარების საუკეთესო საშუალება კი, საყვარელი საქმის მოძიებაა, რადგან სწორედ ნიჭის, შესაძლებლობების სრულად გამოვლენით ახერხებს ადამიანი თვითრეალიზაციას და ამბიციების დაკმაყოფილებას.

ზოდიაქოს ნიშნების პროფესიული პრიორიტეტები 

ვერძი – ენთუზიასტი ვერძისთვის მთავარი ახლის შექმნის პროცესია, ინტერესის დაკარგვის შემთხვევაში კი, გუნება უფუჭდება და ვერც შესაძლებლობებს ავლენს სრულფასოვნად.  ყველაზე კომფორტულად ვერძი ლიდერის პოზიციაზე გრძნობს თავს, რადგან ძალიან უყვარს განკარგულებების გაცემა, თუმცა ხელმძღვანელის მცირე მინიშნებაც საკმარისია, რათა დამოუკიდებლად შეუდგეს მუშაობას. ამასთანავე, რაც უფრო რთულია სამუშაო, მით უფრო მეტი მოტივაცია უჩნდება და ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე.

კურო – სტაბილურობის მოყვარულ კუროს ნაკლებად ცვალებად გარემოში ურჩევნია მუშაობა, სადაც საკუთარი ადგილი ექნება და მუდმივად ერთხელ არჩეული კურსით იმოქმედებს, ზუსტად განუმარტავენ სამუშაოს, შესრულების ვადას დაუდგენენ და  გასამრჯელოსაც წინასწარ განუსაზღვრავენ.

ტყუპები – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ჭკვიანი და გამჭრიახი, სხარტად მოაზროვნე ტყუპებისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი რუტინა და ერთფეროვნებაა. საქმიანობის საუკეთესო სფეროდ საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი, პიარი და რეკლამა ითვლება, რადგან ძალიან უყვართ ლაპარაკი და ბრწყინვალედ გამოსდით შუამავლის, მომლაპარაკებლის როლის შესრულება. ამასთანავე, რაც უფრო დინამიურია გარემო, საქმე კი, მრავალფეროვანი და მობილური, მით უფრო მეტი ხალისით მუშაობს, მოწყენილი კი, სამსახურშიც ხშირად აგვიანებს და საკუთარი მოვალეობების შესრულებაც უარს ამბობს. სხვათაშორის, ტყუპებს შორის ძალიან ბევრი ჟურნალისტია, რომელიც სიამოვნებით აკეთეთებს საკუთარ საქმეს.

კირჩხიბი – მყუდროების და სტაბილურობის მოყვარული კირჩხიბისთვის მთავარი ფინანსური ანაზღაურება და „შავი დღისთვის“ დანაზოგის გაკეთებაა. სამსახურში ყოველთვის ოჯახური გარემოს შექმნას ცდილობს და არასდროს იღლება კოლეგებზე ზრუნვით, შინაურულ გარემოს მოკლებული კი, ნაკლებად პროდუქტიულია, ყველაფერზე ბრაზდება და სამსახურსაც ხშირად ტოვებს. თუ კირჩხიბთან თანამშრომლობა, მისი  კეთილგანწყობის მოპოვება გსურთ, ხშირად მოიკითხეთ მისი ოჯახის წევრები და აუცილებლად დაინტერესდით საშინაო საქმეებით.

ლომი – ლიდერობის ნიჭით დაჯილდოვებულ ლომს, არაჩვეულებრივად გამოსდის სხვათა ხელმძღვანელობა, პროფესიულ წარმატებას კი, მრავალფეროვანი ღონისძიებების ორგანიზებით, ადამიანთა მასების შეკრებით და მათი პატრონაჟით აღწევს, რადგან ძალიან უყვარს საკუთარი კომპეტენციის გამოვლენა და სხვისთვის რჩევის მიცემა, წამყვანი პოზიციის დაკავება და ხელმძღვანელობა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამბიციურს და თავმომწონეს ყოველთვის სტატუსი ურჩევნია მაღალ ანაზღავურებას.

ქალწული – რაციონალური და პუნქტუალური, პედანტი და დეტალებზე ორიენტირებული ქალწული საუკეთესო ინვესტიციაა ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის. მისთვის ნებისმიერი სირთულის პროექტის, რუტინული საქმის მინდობა შეიძლება, რადგან ყველა წვრილმანის დეტალურად შესწავლის და დამუშავების შემდეგ, იდეალურად ასრულებს დავალებას. სხვათაშორის, ქალწულს ნებისმიერი პირადი საქმის გადადება შეუძლია სამსახურის სასარგებლოდ, მთავარია გატაცებული იყოს იმ საქმით, რომელსაც აკეთებს. თუმცა ძალიან არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, საჯაროდ გამოსვლა და პუბლიკაზე თავის მოწონება, ბევრად პროდუქტიულია იზოლირებულ გარემოში, სადაც არავინ აწუხებს და მშვიდად, აუღელვებლად მუშაობის საშუალება ეძლევა. ამასთანავე, ყოველთვის წინასწარ აზუსტებს მუშაობის გრაფიკს და გასამრჯელოს ოდენობას.

სასწორი – თანდაყოლილი დიპლომატიით დაჯილდოვებული სასწორი ყველაფერს ორი პოზიციიდან აფასებს, ამიტომ ტყუპების მსგავსად, ისიც საუკეთესო შუამავალია, სხვებზე უკეთ გამოსდის გარშემომყოფთა კეთილგანწყობის მოპოვება, საკათურ მოსაზრებაში დარწმუნება  და ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში კომპრომისის მოძიება. სხვათაშორის, უნაკლო გემოვნების წყალობით სასწორებს შორის უმარავი სტილისტი და დიზაინერია, იურისტის პროფესიის არჩევის შემთხვევაში კი, ყოველთვის ბრწყინვალედ ასრულებს საკუთარ საქმეს. მას, ვისაც სასწორის დაქირავება სურს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს ნაკლებად ხიბლავს დამოუკიდებლად მუშაობა და აუცილებლად პარტნიორის დახმარება სჭირდება.

მორიელი – ამბიციური მორიელის სამსახურში დაქირავებით საკუთარ კარიერას რისკავთ, რადგან მუდმივი ტრანსფორმაციის, განვითარების მოყვარული,  ყოველთვის წინ მიიწევს და ლიდერის პოზიციასაც ხშირად იკავებს. არ უყვარს მონოტონური სამუშაო და სულ ახლის ძიებაშია, ჰაერივით სჭირდება გამოწვევები და კრიზისული სიტუაცები, რადგან სწორედ კრიზისია მისი მთავარი მოტივაცია. ბრწყინვალედ განკარგავს სხვის ფინანსებს, ამიტომ იდეალურად ერგება ნებისმიერ ფინანსურ ორგანიზაციას, თუმცა აუცილებელია მუდმივი კონტროლი, რადგან მხოლოდ მანამდე იცავს წესებს, სანამ მის პირად ინტერესებს ემთხვევა და ერთი შეხედვით უბოროტო, არც ვერაგობას ერიდება.

მშვილდოსანი – იუპიტერით მართული მშვიდოსანი ყველაფერში შესაძლებლობას ხედავს, განსაკუთრებული ოპტიმიზმით ხასიათდება, სულ კარგ ხასიათიაზეა და სხვებსაც კარგ განწყობას უქმნის, ყველაფერს მასშტაბურად აფასებს და გეგემებიც გრანდიოზული აქვს, თუმცა ხშირად კარგავს დროის შეგრძნებას, არ უყვარს პასუხისმგებლობა და დაპირებების შესრულება, რითაც ნაკლებად წუხდება. საქმიანობის საუკეთესო სფეროდ მშვილდოსნისთვის ტურიზმი და მოგზაურობა ითვლება, რადგან არაჩვეულებრივი კომუნიკატორი ყველასთან სწრაფად პოულობს საერთო ენას და  განსაკუთრებით უცხოელებთან, უყვარს ყველაფრის გაბუქვა და გაზვიადება, ამიტომ უსარგებლო პროდუქტსაც არაჩვეულებრივდ უწევს რეკლამას, ადვოკატის პროფესიის არჩევის შემთხვევაში კი, მთელი მონდომებით იცავს სამართლიანობას.

თხის რქა – საოცარად პასუხისმგებელ და ბრწყინვალე შემსრულბელ თხის რქას ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს დაწყებული საქმე თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ამიტომ საუკეთესო „შენაძენია“ ნებისმიერი კომპანიისთვის, თუმცა აუცილებლად წინასწარ უნდა განუმარტოთ საკუთარი მოთხოვნები, შეუქმნათ სტაბილური სამუშაო გარემო და დააკმაყოფილოთ მოთხოვნილი ანაზღაურებით.

მერწყული – არაორდინალურ მერწყულს თავისუფალი გრაფიკით მუშაობა ურჩევნია, რადგან ძალიან არ უყვარს შეზღუდვები და ჩარჩოში მოქცევა. საქმიანობის საუკეთესო სფეროდ პიარი და მარკეტინგი მიაჩნია, სადაც სრულად შეძლებს მდიდარი ფანტაზიის გამოვლენას, მთავარია ჰქონდეს თავისუფლად და საკუთარ ნებაზე მოქმედების საშუალება.

თევზები – ემპათიური თევზები ყოველთვის კარგი მრჩევლები არიან, რადგან ფსიქოლოგიის ნიჭით დაჯილდოვებულთ ძალიან უყვართ ადამიანები და მათთან ურთიერთობა, კარგად ესმით სხვების და არაჩვეულებრივად გამოსდის გარშემომყოფთა წაქეზება, მოტივირება. მოსწონთ შემოქმედებითი და კვლევითი პროექტები, ინფორმაციის შეგრიოვება და გაანალიზება. სხვათაშორის, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული არასდროს გამოთქვამს პრეტენზიას ღიად, ამიტომ თვითონ მოგიწევთ მისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე ზრუნვა, მთავარია, აგრძნობინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მისი კარგად ყოფნა, რადგან ძალიან აფასებს ადამიანში თანაგრძნობას და მეგობრულ დამოკიდებულებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები