LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე საიმედო ვაქცინა და რომელი შემოვა საქართველოში –  ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

6
110318219-2865650983711409-7903784217981072790-n

გადაცემის ლაივი LIVE

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფორტუნას“ გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, მათ ტექნოლოგიასა და პერსპექტივაზე ისაუბრა.

ბატონო ბიძინა, იმ ექიმთა ასოციაციების შესახებ მინდა გკითხოთ, რომლის პრეზენტაციაც სულ ცოტა ხნის წინ შედგა. რა ტიპის ასოციაციაა და რა ინფორმაციის გაცემა მოხდება მისი საშუალებით?

ეს ასოციაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაარსდა, არის საერთაშორისო ქართველ ექიმთა ასოციაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის ყველაზე სანდო ექიმების მიერ ინფორმაციის მიწოდებას. ასოციაცია შედგება ყველაზე სანდო ექიმებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენ ქვეყანაში, პანდემიის მართვის პროცესში. ჩვენ ამ ექიმებისგან შევეცდებით მივიღოთ ყველაზე სანდო ინფორმაცია, „მტკიცებით მედიცინაზე“ დაყრდნობით. ასოციაციაში ჯერჯერობით 19 ექიმია გაწევრიანებული, ესენი არიან, ზურაბ გურული, გიორგი კანდელაკი, თამარ ჟამურაშვილი, მაია ბუწაშვილი, გიორგი კამკამიძე, ანი ქავთარაძე და ა.შ…

ჩვენ საზოგადოებას მივაწოდებთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც საჭირბოროტო იქნება, აქ იქნება არამხოლოდ მოკლევადიანი გეგმები, საუბარია გრძელვადიან გეგმებზეც. ასოციაციას ექნება საკონსულტაციო ფუნქცია, თავისი გზამკვლევი ალგორითმები, რომელსაც პირველ რიგში სამედიცინო საზოგადოებას შევთავაზებთ. ერთხელ და სამუდამოდ ექიმებს შორის დაპირისპირება უნდა დამთავრდეს, ყველა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც ამ დარგში მოღვაწეობს უნდა იყოს გათვალისწინებული.

ასოციაცია მალე ეცდება გამოაქვეყნოს კოვიდის მართვის თანამედროვე პროტოკოლი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ივლისის შემდეგ არ განახლებულა და აღსანიშნავია, რომ ივლისის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დაწყებული მედიკამენტებიდან და მიდგომებიდან, დამთვარებული ბევრი ნიუანსური თავისებურებით.

ასოციაცია უკვე თითქმის ერთი თვეა რაც მუშაობს. სანამ ამ პრესკომფერენციას გავმართავდით მთელი რიგი საკითხები გავიარეთ, რომელიც ეხება ჰოსპიტალში მოხვედრას და ასევე იქედან გაწერის საკითხებს.  ეს იქნება თემატურად დამუშავებული მასალა, რომლის გამოყენება ყველას შეეძლება. მთავარია ჩვენ ხალხს გამოვადგეთ, რომ ერთი სიცოცხლე მაინც გადავარჩინოთ.

ამ ეტაპისთვის მთავარი თემა გახლავთ ვაქცინა, რომელიც, როგორც გვეუბნებიან  ჩვენამდე მარტში უნდა მოვიდეს, რაც უკვე გავიგეთ ისაა, რომ „მოდერნას“ და „ფაიზერის“ ვაქცინა ჩვენამდე ვერ მოვა. სწორედ აქ გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, ჩვენ ველოდებოდით ვაქცინას, რომელსაც „ჯანმოს“ რეკომენდაცია ექნებოდა, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოებისთვის კიდევ უფრო რთული გახდა ამ საკითხის გაგება. რომელი ტიპის ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი და რა ტიპის აღიარება აქვს იმ ვაქცინას, რომელიც ჩვენი ტიპის ქვეყნებში უნდა შემოვიდეს?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ ყველა იმედით შევყურებთ 2021 წელს, ეს იქნება პანდემიის წელში გატეხვის წელი, თუ მისი დასრულების წელი არა. ამაში ლომის წვლილი უნდა შეიტანოს რა თქმა უნდა ვაქცინაციამ. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს მას, მით მეტი ადამიანი იქნება დაცული.

ვაქცინების შექმნა დაიწყო პანდემიის დაწყებიდან თითქმის ერთ თვეში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კორონავირუსის 4 მიმართულების ვაქცინებია შექმნილი, ეს არის ე.წ „მესენჯერულ ერენემზე“ დაფუძნებული ვაქცინა, როგორიცაა – „მოდერნას“ და „ფაიზერის“ ვაქცინა, „ვექტორული ვაქცინა“, როდესაც ადენოვირუსს იყენებენ, მასში ინტეგრირებულია კორონავირუსის ინფორმაცია, მისი სინთეზის  შესახებ, მესამე არის „ცილოვანი, პროტეინული სუბერთეულოვანი ვაქცინა“ და ასევე მეოთხე, „ატენოირებული“, ანუ დასუსტებული ვირუსით შექმნილი ვაქცინა.

დღეისათვის, ვაქცინის შექმნის შემდგომ აუცილებელია სამი ტიპის კვლევის ფაზის ჩატარება. პირველი, მეორე და მესამე – მესამე ტიპის ფაზა ნიშნავს, რომ თითქმის 20, 30 ათას და მეტ ადამიანზე ჩაატარო კვლევა და დიდ მოცულობაზე დააკვირდე, რაიმე პრობლემას ხომ არ შექმნის.

ჯერჯერობით, ბიო-სამედიცონო ტექნოლოგიამ და უზარმაზარმა ფინანსურმა მხარდაჭერამ, რომელიც ამერიკის ხელისუფლებამ, ასევე ბილ გეიტსის  და მისი მეუღლის, ლინდას სახელობის ფონდმა განახორციელა, მსოფლიოში დაწინაურდა ორი ვაქცინა, ეს არის „ფაიზერი“ და „მოდერნა“, ეს ორივე გახლავთ „მესენჯერული ერენემის“ მატარებელი, ანუ ისინი გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავენ, ჩვენს ორგანიზმში ცილის სინთეზს იწვევენ და შემდეგ უკვე ჩვენი ორგანიზმი პასუხობს მათ ანტისხეულების სინთეზით. რადგან მესენჯერული ერენემის სტაბილიზება რთულია, მას დამატებული აქვს ნივთიერებები. „ფაიზერის“ ვაქცინაში არის შედარებით დაბალი კონცენტრაციით ეს „მესენჯერლი ერენემი“, 30 მიკრო გრამი, მოდერნაში კი 100 მიკრო გრამია. ამიტომაც არის, რომ ვაქცინა „ფაიზერი“ სწრაფად რომ არ დაიშალოს და გაძლოს, მინუს -70-80 გრადუსში ჭირდება გაყინვა, ხოლო „მოდერნას“ 20 გრადუსი ყოფნის, ის გახსნიდან ერთი კვირა ინახება, „ფაიზერი“ კი მხოლოდ 3 დან 5 დღემდე.

ჩვენ, საქართველოში 1 500 000 დოზა გვჭირდება, რომ მოსახლეობის 20% მაინც ავცრათ. ამიტომ ეს ძალიან რთულად წარმოგვიდგენია, თუმცა, შესაძლებელია რაღაც ნაწილი ქვეყანამ მაინც შემოიტანოს, მოსახლეობის 1 %-თვის საკმარისი. ამიტომ ჯობია იმ ვაქცინებზე გავაკეთოთ აქცენტი, რომელიც ლოჯისტიკრად უკვე აწყობილია, ამ გზით ჩვენ ვაქცინის მიტანა უკანასკნელ დასახლებულ პუნქტამდე შეგვეძლება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დასრულებული კვლევა მხოლოდ „ფაიზერსა“ და „მოდერნას“ აქვს. ჩვენ დღეს არ ვიცით სხვა ვაქცინები დაასრულებენ თუ არა კვლევებს წარმატებულად.

ბატონო ბიძინა, რას ველოდებით მარტში?

„ასტრაზენეკა ოქსფორდის ვაქცინა“ უკვე მესამე ფაზის კვლევას ამთავრებს და მონაცემთა შეჯერების პროცესშია. ანუ, დეკემბრის ბოლოს იანვრის პირველ ნახევარში ჩვენ გვეცოდინება მათი საბოლოო შედეგები. თუ ეს ვაქცინა მარეგულირებელმა ორგანოებმა, ევროპის მედიკამენტთა ასოციაციამ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიარა, ეს იმას ნიშნავს, რომ „კოვაქსის“ პლატფორმაზე განთავსდება,  საიდანაც ღარიბი ქვეყნებისთვის გადაიცემა ეს ვაქცინები. დანარჩენი ვაქცინების კვლევები, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში დასრულდება. ორი ვაქცინა არის ყველაზე საიმედო, ეს არის „დოვაბაქსი“ და ასევე „ჯონსონ ენ ჯონსონი“, ამერიკული, რომელიც არის დეენემის შემცველი, ვექტორული ტიპის ვაქცინა. თუკი მათ კვლევებმა გაამართლა, „კოვაქსის“ პლატფორმას თითქმის 1 მილიარდამდე დოზა ექნება, რომელიც 97 ქვეყანას უნდა გაუნაწილოს. ჩვენი ქვეყანა ორმხრივ მოლაპარაკებას აწარმოებს ამ ვაქცინის მწარმოებლებთან. რათა არ დაგვჭირდეს „კოვაქსის“ პლატფორმაზე ვაქცინის განთავსების ლოდინი, იმისათვის, რათა ხელგაშვერილ პოზიციაში არ ვიყოთ და უფრო მალე შევძლოთ მისი მიღება.

ქართველ მოსახლეობას ეშინია, რომ რუსული ვაქცინა შემოვა. ჩვენ ვიცით, ამ ქვეყნის მოწყობა და მენტალობა, ამიტომ ჩვენ ვერ ვენდობით მას. მაგრამ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ის ოქსფორდის, ანუ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან თითქმის იდენტურია. ამიტომ რამდენიმე დღის წინ, „ასტრაზენეკამ“ განაცხადა, რომ ისინი რუსეთის იმ ინსტიტუტთან, რომელმაც ეს ვაქცინა შექმნა, იწყებენ ერთობლივ დამუშავებებს. კვლევების ნაწილს ისინი გადაიტანენ თავის ნაწილში, რათა ამ ვაქცინას გარკვეული რეპუტაცია ჰქონდეს. თუმცა ეს ძალიან სწრაფად ვერ მოხდება.

რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, „სინოვაკი“ ჰქვია მას, რომელშიც დასუსტებული შტამია წარმოდგენილი, მას ჩინეთში უკვე ძალიან წარმატებულად იყენებენ, ის საუდის არაბეთმა და ინდონეზიამაც იყიდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელი ცოფის ვაქცინა სწორედ ჩინური წარმოებისაა, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ყველა ვაქცინა ხარისხიანია. ამიტომ ჩვენ კვლევებსა დ აღიარებას უნდა დაველოდოთ, თუკი იქნება პლატფორმაზე არჩევანის საშუალება, რა თქმა უნდა ევროპულ ვაქცინას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.

მსოფლიოში დიდი შეჯიბრია, კანადას იმდენი წინასწარი შეკვეთა აქვს ამ ძლიერ კომპანიებთან გაკეთებული, რომ დასჭირდეს 2021 წელს, შეუძლია 5 ჯერ აცრას თავისი მოსახლეობა.  მას 37 მილიონი მოსახლე ჰყავს და 1560 მილიონი დოზა აქვს უკვე შეძენილი. ამერიკას სამჯერ მეტი აქვს შეძენილი. გერმანიას ორჯერ მეტი, ამიტომ, ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები ასეთ დროს იჩაგრებიან, ვინც ქმნის მეცნიერებას, პირველ რიგში ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობა აცრას.

ჩვენი ქვეყანა უნდა შეეცადოს, რომ ხარისხიანი და კარგი, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ვაქცინები შემოიტანოს, წლის პირველ ნახევარში მაინც. ჩვენ უნდა შევძლოთ მოწყვლადი ჯგუფების დაფარვა და ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ადამიანების ვაქცინაცია. ჩვენ ალბათ მთლიანი მოსახლეობის აცრას 2021 წელს ვერ შევძლებთ.

ვის მიერ უნდა იყოს საქართველოში შემოსული ვაქცინა აღიარებული?

მე ვფიქრობ, რომ თუ ვაქცინა, ეს იქნება რუსული თუ ტალანდური, ამას მნიშვნელობა არ აქვს,  იქნება აღიარებული ევროპის სამედიცინო სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, სანდოა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არამგონია, რუსულ ვაქცინას ვინმემ აღიარება მისცეს, ეს უტოპიის სფეროა, იმდენად არამყარი რეპუტაციის მქონე ქვეყანაა და კვლევების მეთოდოლოგია იმდენად მიჩქმალულია, რომ ისინი უბრალოდ დოკუმენტაციას ვერ წარადგენენ, მათ სანდოობა არ აქვთ, დაე თავიანთი მოსახლეობა აცრან და ექსპერიმენტებიც მათზე ჩაატარონ.

ბევრმა ქვეყნის ლიდერმა გაიკეთა ეს ვაქცინა იმისთვის, რომ  საზოგადოებისთვის  მაგალითი ეჩვენებინა. თვლით თუ არა, რომ აღნიშნული მეთოდი საქართველოში, სადაც ვაცქინაციის მიმართ ძალიან ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი გაამართლებს?

რა თქმა უნდა, თუკი ნორმალურმა ავტორიტეტებმა და საზოგადოებისთვის პატივცემულმა ადამიანებმა  ვაქცინა არ გაიკეთეს, ეს ყველაფერი ფუჭი იქნება. სხვათა შორის, ბევრმა სახელმწიფომ პირველები მთავრობის წარმომადგენლები აცრა, მეც მივცემ მაგალითს მოსახლეობას, ვისაც ჩემ მიმართ ნდობა აქვს, რომ აიცრას. ბატონმა ამირან გამყრელიძემაც განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ თავადაც გაიკეთებს. ეს იქნება დიდი კამპანია, იმიტომ რომ კვლევების მიხედვით საქართველოს, 41% ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებს. ბრიტანეთში მხოლოდ 30%  სკეპტიკურად განწყობილი, ამიტომ ჩვენ უნდა გავუწიოთ პოპულარიზაცია საზოგადოებაში სწორედ მსგავსი გადაცემებით, როგორიც თქვენია, ის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები