LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ფაქტები მშვილდოსნის ზოდიაქოს შესახებ – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”

32
sofia-bzekalava

27 ნოემბერს სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემამ “ასტრომაგია”, რომელიც ამჯერად მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს მიეძღვნა, სწორედ ამ ნიშნით დაბადებულ მუსიკოსს აჩი ფურჩელაძეს უმასპინძლა.

– აჩი, რამდენად ხართ გატაცებული ასტროლოგიით?

– ვფიქრობ, ასტროლოგია დამოუკიდებელი მეცნიერებაა, რომელსაც სერიოზული შესწავლა სჭირდება. სხვათაშორის, თითქმის 20 წლის წინ, როცა რადიო “ფორტუნას” წამყვანი ვიყავი, მსმენელს ჟურნალში ამოკითხულ ასტროლოგიურ პროგნოზს ვთავაზობდი და ხშირად ზოდიაქოს ნიშნები მერეოდა, რაზეც მსმენელთან ერთად ვხალისობდი, თუმცა, მოგვიანებით მივხვდი, რომ ეთერში სიცრუის თქმა მიუღებელი იყო და ბატონი მიხეილ ცაგარელი მოვიწვიეთ, რომელიც შესანიშნავად საუბრობდა მსმენელისთვის საინტერესო თემებზე.

– მშვილდოსანმა თავისი ხალისიანი, მუდამ პოზიტიური განწყობით გაითქვა სახელი, საინტერესოა, თქვენ როგორ ებრძვით უგუნებობას?

– პოზიტიური განწყობის შექმნაში მუსიკა მეხმარება. წლების წინ, როცა საკმაოდ მძიმე 6-თვიანი პერიოდი მქონდა, მუსიკის გარეშე დავრჩი,ძალიან გამიჭირდა და მართლა ცუდად ვიგრძენი თავი, თუმცა მაინც მოვნახე გამოსავალი და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრების დაკვირვება, მათი ხასიათის შესწავლა დავიწყე.

რამდენიმე დღის წინ, ასტროლოგების საყვარელი, ყველაზე კეთილი და პოზიტიური პლანეტა იუპიტერი, საკუთარი მმართველობის ქვეშ მყოფი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა.

მშვილდოსნის ზოგადი დახასიათება 

ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე იღბლიან და ოპტიმისტ მშვილდოსანს, რომელიც ყოველთვის იმედიანად უყურებს მომავალს და არასდროს იპყრობს დეპრესია, დანარჩენებისგან მოუსვენარი ხასიათი, უშრეტი ენერგია და ბრწყინვალე იუმორის გრძნობა გამოარჩევს, მუდამ ხუმრობის გუნებაზეა  და გარშემომყოფებსაც ყოველთვის ხალისიან განწყობას უქმნის, ამიტომ ძალიან რთულია მისი ვერ შემჩნევა და შეუძლებელია დავიწყება.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ მშვილდოსანსაც უფუჭდება განწყობა, თუმცა არასდროს გამოხატავს, მეტიც, სწორედ მაშინ ხალისობს, ხუმრობს და იცინის ყველაზე მეტს, როცა განსაკუთრებით ცუდადაა, რადგან ძალიან არ უყვარს წუწუნი, სხვისთვის თავის შეცოდება და არასასიამოვნო წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება.

მშვილდოსნის ღირსება და ნაკლოვანება

მართალია, მშვილდოსნის ნიშნით დემაგოგები და სასტიკი დიქტატორებიც იბადებიან, მაგრამ მაინც ძალიან იშვიათია ავი ზნის, დეპრესიული, წარუმატებელი ან ასოციალური მშილდოსანი.

ზოდიაქოს ამ ნიშნის მატარებელი მეტწილად პუნქტუალური ადამიანია, რადგან სამყარო  სწორედ სიზუსტეს მოითხოვს მისგან, კარმულ მისიად კი, მეთოდურობის, შრომისუნარიანობის და წინასწარ შემუშავებული გეგმით ცხოვრების უნარის გამომუშავებას უწესებს, რაც საკმაოდ თრგუნავს მშვილდოსანს, რომელსაც ოცნებით, ილუზიებით,  იდეალებით უყვარს ცხოვრება და შესაძლოა ბევრჯერ გაუცრუვდეს იმედი, მაგრამ ყოველთვის შექმნის ახალ იდეალს, რომელსაც მანამდე ეთაყვანება, სანამ ისევ თვითონ არ მობეზრდება.

მშვილდოსანი საუკეთესო დიპლომატი და კარგი მედიატორია, რომელსაც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოსდის დაპირისპირებულ მხარეებთან საერთო ენის მოძიება და “სამშვიდობო” მოლაპარაკების გამართვა.

შეყვარებული მშვილდოსანი 

იდეალების შექმნა მშვილდოსანს განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში ახასიათებს, რადგან მრავალფეროვნების მოყვარული საკმაოდ ხშირად იცვლის პარტნიორს, ყველა ერთნაირად გულწრფელად, მთელი გულით უყვარს და სწორედ ამიტომ ითვლება ნაკლებსაიმედო პარტნიორად. მართალია, ყოველთვის სწრაფად პოულობს ტრფობის ახალ ობიექტს, მაგრამ ინტერესსაც სწრაფად კარგავს მის მიმართ, რადგან ყველაფერს მაინც საკუთარი თავისუფლება და ლაღად ცხოვრება ურჩევნია.

მშვილდოსანი თუ გველმჭერი 

ზოგადად, ასტროლოგები ერთმანეთისგან მიჯნავენ ჩვეულებრივ მშვლდოსანს და ე.წ. გველმჭერს, რომელიც საოცრად ქარიზმატული, თუმცა მეტად რადიკალურია და ყოველთვის რთული ცხოვრება აქვს, რადგან ან ძალიან წარმატებულია ან პირიქით – საოცრად მარცხიანი, თუმცა დაცემის შემთხვევაში ყოველთვის პოულობს ფეხზე დადგომის ძალას.

მშვილდოსნის სუსტი წერტილი 

უბოროტო, საოცრად კეთილი მშვილდოსნის გაბრაზება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მასშტაბურად აზროვნებას ჩვეულს, საშინლად არ უყვარს წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება და ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, ძალიან ბევრის პატიება და დავიწყება შეუძლია,

მშვილდოსნისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი მისი კომპეტენტურობის ეჭვქვეშ დაყენება, საჯაროდ დამცირება და მოტყუებაა, რადგან თვითონ გულწრფელი, ვერაფრით გუობს სიცრუეს და ყოველთვის სიმართლის თქმა და მოსმენა ურჩევნია.

მოხეტიალე მშვილდოსანი  

მოუსვენარ მშვილდოსანს, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია, ძალიან მოსწონს მოგზაურობა და ყველაფერი უცხო, რაც მისგან შორსაა და მიუწვდომელია, ნაკლებად მეოჯახეა და ოჯახურ გარემოსაც მეგობრებთან დროს ტარება ან ხეტიალი ურჩევნია ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, რადგან ყოველთვის სჯერა, რომ სამყარო შესაძლებლობებითაა სავსე და ერთხელ თუ არ გაუმართლა, მეორედ მოსინჯავს და აუცილებლად გაუმართლებს.

რჩევები მშვილდოსანთან ურთიერთობისთვის 

მშვილდოსნის სიმბოლოდ კენტავრი – ნახევრად ადამიანი, ნახევრად მხეცი ითვლება, ამიტომ ზოდიაქოს ეს ნიშანიც ორივე ენერგიის მატარებელია. ადვილად ებმება ხიფათში და გაუგებრობაში, ცოტა მოუქნელი და ტლანქია, ერთდროულად უხეშიცაა და დიდსულოვანიც.

თუ ესიმპათიურებით, მაქსიმუმს გააკეთებს, რათა საკუთარ მეგობრებსაც შეგაყვაროთ, მაგრამ თუ გული დაწყვიტეთ, არაფერს მოერიდება თქვენი რეპუტაციის შესალახად და საჯაროდ დასამცირებლად.

მშვილდოსნის პოზიტიური და ნეგატიური პერიოდი 

მართალია, 2015-2017 წლები საკმაოდ რთული იყო მშვილდოსნისთვის, რადგან 2015 წლის შემოდგომაზე წესრიგის, დისციპლინის და რაციონალიზმის კურატორმა პლანეტა სატურნმა მშვილდოსნის ნიშანში დაიწყო ტრანზიტი, რაც 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდა და განსხვავებულად აისახა ყველა მშვილდოსნის ცხოვრებაზე – ზოგმა პროფესიულ საქმიანობაში განიცადა მარცხი, ზოგს კი – პირად ცხოვრებაში შეექმნა პრობლემები, რადგან  ქაოტურობით და სპონტანურობით ცნობილ მშვილდოსანს, რომელიც ყველაფერს განწყობის შესაბამისად აკეთებს, ძალიან გაუჭირდა წესრიგის დაცვა. თუმცა, რთული პერიოდი დასრულდა და დამდეგი 2019 წელი მართლაც იღბლიანი იქნება ყველა მშვილდოსნისთვის.

წარმატებული პერიოდი, რომელიც უკვე დაიწყო ნოემბრის მშვილდოსნებისთვის, მალე კი, დეკემბრის მშვილდოსნებიც გაიხარებენ, 2019 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება და მართლაც ბრწყინვალე წელი იქნება, ამიტომ მშვილდოსნებიც უნდა გააქტიურდნენ, არ დაიშურონ ძალა და ენერგია, უარი არ თქვან ახალ გამოწვევებზე და თამამად მოსინჯონ ძალა ნებისმიერ სფეროში. მთავარია, დაემშვიდობოთ ილუზიებს და ობიექტურად შეხედოთ რეალურ სამყაროს!

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები