საკუთარი თავის სიყვარული და წარმატება, რომელიც ამ ყველაფერს ავტომატურად მოაქვს ცხოვრებაში - ,,ასტრომაგია''

30 ივლისს სეზონის ბოლო “ასტრომაგია”  სოფია ბზეკალავამ ისევ ადამიანის პიროვნულ ზრდის, განვითარებას დაუთმო და საკუთარი თავის სიყვარულზე, დაფასების უნარის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ფსიქოლოგიის მსგავსად, ასტროლოგიაც საკუთარ თავში მანამდე უცნობი რესურსების აღმოჩენით კომფორტული ცხოვრების შექმნის და ბედნიერების მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. რა თქმა უნდა, ბევრს არ აკმაყოფილებს საკუთარი ყოფა, მუდმივად სტრესში უწევს ცხოვრება და არ იცის, რომ პირველ რიგში, ცხოვრების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების შეცვლაა საჭირო, რაც ავტომატურად სტრესის გაქრობასაც გულისხმობს,  რადგან ნებისმიერი პრობლემის დაძლევა შეიძლება თუ ადამინი საკმარის მორალურ ძალას მოიძიებს საკუთარ თავში.

დამოკიდებულება სამყაროს მიმართ 

სამყარო არც ცუდია, არც კარგი, ის ზუსტად ისეთია, როგორსაც ადამინი აღიქვამს, რადგან ნებისმირი პოზიტიურის და ნეგატიურის, ბედნიერების და უბედურების წყარო თვითონ ადამიანია. გამონათქვამი, „ბედნიერება მარტივია, რადგან ის ჩვენშია“, მართლაც მუშაობს, თუმცა, მცდარია მოსაზრება, თითქოს ის, ვინც ბალანსს მიაგნო და ჰარმონია მოიპოვა, ყოველთვის უდარდელი, ყველაფრით უზრუნველყოფილი ცხოვრებით ცხოვრობდა, რადგან სინამდვილეში, სწორედ მან გაიარა განვითარების ყველაზე მძიმე გზა და მხოლოდ სირთულეების დაძლევის შემდეგ შეძლო საკუთარი ცხოვრების “მართის პულტის” ხელში აღება. ადამიანის უკმაყოფილებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, უმთავრესი მათ შორის კი, ბავშვობის ტრამვაა – გარემო, რომელშიც ის გაიზარდა და მშობლების დამოკიდებულება, თუმცა მაინც არ ღირს სხვისი დადანაშაულება. მართალია, ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარი მარცხის მუდმივად სხვაზე გადაბრალება, მაგრამ შვებას ნაკლებად გრძნობენ, რადგან ასე მხოლოდ წყენა, აგრესია გროვდება, სასიკეთოდ კი, არაფერი იცვლება.

ვერ მოპოვებული სიმპათია 

თუ ვერაფრით მოიპოვებთ სასურველი ადამიანის სიმპათიას და მხოლოდ გულგრილობას იმსახურებთ, არ ღირს გაბრაზება, რადგან პრობლემა არა მასში, არამედ თქვენშია, რადგან ვერ შეძელით იმ თვისებების გამოვლენა, რომელთაც ის ეძებდა ან უბრალოდ განსხვავებული ფსიქოტიპი აღმოჩნდით. რა თქმა უნდა, არაა საჭირო სხვის “მონად ქცევა” და მუდმივად მისი კაპრიზების დაკმაყოფილება, რადგან პარტნიორის ემოციური მიჯაჭვულობისგან თავის დაღწევა ბევრად მძიმეა, ვიდრე მისი გულგრილობის მოთმენა. მსგავსი მორჩილება მეტწილად ქალბატონებს ახასიათებთ, როცა სრულად კარგავენ საკუთარ თავს და ნამდვილ კოშმარად აქცევენ ურთიერთობას, თუმცა, საბოლოო წერტილის დასმას მაინც ვერ ახერხებენ, რადგან არ ჰყოფნით გამდებაობა, საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეთ, რომ  არავინ ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით, ყველას თავისი მისია აქვს და პირველ რიგში, ჩვენი ნაკლოვანებების გამოსწორებას ცდილობს, შეცდომებზე მიგვითითებს და პიროვნულ ზრდაში გვეხმარება. ამიტომ, არ ღირს ერთი და იმავე შეცდომის გამეორება, ერთსა და იმავე ურთიერთობაში მრავალგზის გახვევა, რადგან მანამდე მივიზიდავთ მტანჯველ ადამიანებს, სანამ ჭკუას არ ვისწავლით და იმ ნაკლს არ გამოვასწორებთ, რისთვისაც კონკრეტულ ადამიანი დავიმსახურეთ “სასჯელად”.

მხოლოდ საკუთარი თავის იმედად 

ნაკლებად მომგებიანია მუდმივად მფარველის ძიება და სულ სხვის იმედზე ყოფნა, უმჯობესია საკუთარ რესურსებს დაეყრდნოთ, თუმცა მანამდე საკუთარი თავი უნდა გაიცნოთ, ობიექტურად შეაფასოთ დადებითი და უარყოფითი თვისებები, გულწრფელად აღიაროთ ძლიერი, სუსტი მხარეები და ზუსტად ისეთად მიიღოთ, როგორიც სინამდვილეშია, სცადოთ შეცდომების, ნაკლოვანებების გამოსწორება და ეტაპობრივად განვითარება, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება სიმშვიდის და ჰარმონიის მოპოვება.

რევანშზე უარის თქმა 

საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს ხელშია და ცხოვრების გზასაც თვითონ ვირჩევთ. მთავარია, ზუსტად განსაზღვროთ რა გვინდათ და არასდროს დავეჭვდეთ საკუთარ სურვილებში, რადგან  ფიქრებს მატერიალიზაცია ახასიათებთ და ყოველთვის ის ხდება, რასაც ვფიქრობთ.

სუსტი ადამიანი ყოველთვის გარემოს ემორჩილება. მაგალითად, ის, ვინც ადრეულ ასაკში ემსხვერპლა ძალადობას, ზრდასრული თვითონაც მოძალადე ხდება, რათა სხვას მიაყენოს ტკივილი, ძლიერი კი, ნებისმიერი ტრაგედიის მიუხედავად პოულობს ძალას, დაივიწყოს უსიამოვნებები და გააგრძელოს ცხოვრება. ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი გაჰყვეს ბოროტების გზას თუ სამუდამოდ შეცვალოს ცხოვრება. არ ღირს ბრაზის დაგროვება და მუდმივად რევანშზე ფიქრი, რადგან ეს მხოლოდ სხვისი ნეგატივის დუბლირებაა, რომელსაც არასდროს მოაქვს შვება. უმჯობესია, თვითონ შეიცვალოთ, გაძლიერდეთ და გახდეთ უკეთესი, რადგან სწორედ ესაა საუკეთესო შურისძიება, აგრესორს კი, სამყარო გასცემს საკადრის პასუხს. თუმცა, არც სხვისი უსიამოვნებების ლოდინი ღირს, თქვენთვის პრიორიტეტული საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება, კეთილი მიზნებისკენ სწრაფვა და წინსვლა უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება საკუთარი თავის შეყვარება და პატივისცემის დამსახურება.

ის, ვინც სხვისი დაცინვის და დამცირების ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას, სინამდვილეში, თვითონ იტანჯება კომპლექსებით, რადგან ღირსეული, საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანი, არასდროს ცდილობს სხვის ჩაგვრას. რა თქმა უნდა, არ არსებობენ იდეალური ადამიანები, ყველას თავისი ნაკლი და ტკივილი აქვს, რომელსაც განსხვავებულად გამოხატავს, თუმცა მაინც არ ღირს მათ ქცევას აყოლა, უმჯობესია დაივიწყოთ და სხვის პატიებასთან ერთად, საკუთარი თავის პატიებაც ისწავლოთ. ნუ მიეცემით თვითგვემას და ნუ გაბრაზდებით ყველა წვრილმანზე, გამოიჩინეთ ტოლერანტობა და მიეცით საკუთარ თავს სისუსტის გამოვლენის, შეცდომის დაშვების უფლება, თუმცა ნურც ზედმეტად გათამამდებით, ტოლერანტობა არ ნიშნავს მუდმივად შედომებით და მერე გამოსწორების იმედით ცხოვრებას, უმჯობესია წინა პლანზე წამოსწიოთ დადებითი თვისებები და სწორედ მათი გაძლიერებით დაამარცხოთ საკუთარ თავში ნეგატივი.

წარმატებული მომავალი წარსულის დავიწყებით 

ის, ვინც თვლის, რომ მის ცხოვრებაში პოზიტიური არაფერი ხდება, ყველაფერი კარგი წარსულში დარჩა და უბრალოდ „მიათრევს“ ერთფეროვან, უინტერესო ცხოვრებას, პირველ რიგში, ნოსტალგიისგან უნდა განთავისუფლდეს, რადგან წარსულზე ემოციურად მიჯაჭვულ ადამიანს არასდროს აქვს მომავალი, თუმცა არც მხოლოდ მომავლით ცხოვრება, მუდმივად საოცრების ლოდინი ღირს, რადგან ამგვარი მოლოდინი ნაკლებად ამართლებს. უმჯობესია, თვალი გაუსწოროთ დღევანდელ დღეს, შეიყვარეთ ისეთი, როგორიც არის და წარსულის გამოცდილებით, აწმყოს რესურსების გამოყენებით შექმნათ საკუთარი მომავალი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი