LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო მასალებში აღმოჩენილი ტყვია, აზბესტი და სხვა საშიში ნივთიერებები, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს – ექიმის რჩევები

13
liza goderdzishvili show

რა ტიპის სამშენებლო მასალა შეიძლება აღმოჩნდეს განსაკუთრებით საშიში ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რომელი მასში შემავალი ნივთიერება შეიძლება გახდეს სხვადასხვა უარყოფითი პროცესების გამომწვევი ჩვენს ორგანიზმში, შეიძლება თუ არა მავნე სამშენებლო მასალების ზემოქმედება გახდეს  ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის წყარო, რა ტიპის პირველადი სიმპტომები იჩენს ხოლმე თავს, როდესაც სახეზეა ცუდი სამშენებლო მასალის გამოყენება, რატომ უნდა შევარჩიოთ სიფრთხილით ბავშვისთვის სათამაშოები – საინტერესო თემებზე  გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” პულმუნოლოგმა, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლიზა გოდერძიშვილმა ისაუბრა.

შეიძლება თუ არა გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის?

თემა ძალიან საინტერესო და აქტუალურია, ეს კითხვა ყოველთვის არსებობს და აწუხებთ ადამიანებს. ის საცხოვრებელი გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რასაკვირველია შესაძლოა იყოს ჩვენთვის საზიანო, რადგან ამ გარემოს შექმნა მოითხოვს ბევრი ახალი ნივთიერების, სუბსტანციის, ტექნიკის, ტალღის, ენერგეტიკის შემოტანას ჩვენს საცხოვრებელ გარემოში და მათ შორის შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის მავნე ფაქტორები.

რა ტიპის სამშენებლო მასალა შეიძლება აღმოჩნდეს განსაკუთრებით საშიში ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რომელი მასში შემავალი ნივთიერება შეიძლება გახდეს სხვადასხვა უარყოფითი პროცესების გამომწვევი ჩვენს ორგანიზმში?

სამშენებლო მასალებზე საუბარი ორი მიმართულებით შეიძლება გაიშალოს, ერთის მხრივ სამშენებლო მასალასთან უშუალო კონტაქტი და მათი გამოყენება მავნეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მშენებლობის პროცესში მონაწილეობენ, მეორეს მხრივ კი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე შემდეგში ამ აშენებულ სახლებში ცხოვრობენ. საშენი მასალების ზემოქმედება სხვადასხვა ხარისხით ხდება. იმისათვის რომ სამშენებლო პროცესში მონაწილე ადამიანების ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამას გარკვეულწილად კანონმდებლობაც განაპირობებს, ჩემი ღრმა რწმენით უნდა ხდებოდეს მასალების კონტროლი მასში შემავალ მავნე ნივთიერებებზე და ეს პროცესი ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად რეგულირდება.

რაც შეეხება სახლებს, რომლებშიც წლების განმავლობაში ვცხოვრობთ, მინიმალური ზემოქმედებაც კი დროში გახანგრძლივებულად, შესაძლოა  ჩვენი ორგანიზმისთვის მავნე გახდეს.

სამშენებლო მასალებში შესაძლოა იყოს მავნე სუბსტანციები, მაგალითად ცემენტი შეიძლება განვიხილოთ როგორც მტვერი და ასევე მავნე ნივთიერება, რომელიც სხეულზე კონტაქტისას მავნე ზემოქმედებას ანხორციელებს ორგანიზმზე. გარდა ამისა უნდა ვახსენოთ ტყვია, რომელზე მსჯელობაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ტყვია შედის საღებავებში, ტყვია შეიძლება ორგანიზმში მოხვდეს კანთან კონტაქტის შედეგად, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტით, სასუნთქი ორგანოებიდან და ა.შ.

ტყვია სხვადასხვა საღებავის გამოყენების შედეგად შეიძლება შედიოდეს შეუმოწმებელ ჭურჭელში, მინის წარმოებაში იყოს გამოყენებული ფერის მიცემის თვალსაზრისით. როდესაც ასეთ ჭურჭელში მჟავა გარემოს მქონე სითხე ხვდება განსაკუთრებით საშიშია.

საფრთხის შემცველია გამხსნელები, რომლებსაც მცირე მშენებლობების თუ რემონტების დროს ვიყენებთ, მათში ხშირად მავნე აქროლადი, ტოქსიური ნივთიერებები შედის.

60-იან წლებში მთელ მსოფლიოში იყო ბუმი მავნე მასალების ზემოქმედების, რადგან ახალი ტენდენცია და მოდა დაიწყო იმ წლებში, ადამიანები თავად აკეთებდნენ რემონტებს, არაპროფესიონალი მშენებლები თვითონ იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას მშენებლობის პროცესში, შედეგად კი ბევრი მავნე შედეგი დაგროვდა.

მიკროორგანიზმები-ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც შესაძლოა შედიოდეს სამშენებლო მასალებში და იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ”ბორელია” , რომელიც აქტიურად ცხოვრობს სავინტილაციო სისტემებში, წყალგაყვანილობაში და ა.შ.

შეიძლება თუ არა მავნე სამშენებლო მასალების ზემოქმედება გახდეს  ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის წყარო?

რა თქმა უნდა შესაძლებელია ონკოლუგიური დაავადებების გამომწვევი  გახდეს და მინდა ხაზი გავუსვა აზბესტის გამოყენებას, რომელთანაც მჭიდრო კავშირშია ონკოლოგიური დაავადებები, ეს  ბევრი წელია დადგენილია და მისი გამოყენება 70-იანი წლებიდან ცივილიზებულ მსოფლიოში კატეგორიულად იყო შემცირებული. აზბესტი სასუნთქ სისტემაზე ისეთ მძიმე ზემოქმედებას ახდენს, რომ შესაძლოა ადამიანი დაავადდეს,,მეზოთელიომით”, ეს არის ონკოლოგიური დაავადება, რომელიც სწრაფად პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნეა და ნაკლებად განკურნებადი დაავადებაა.

აზბესტი ჭარბად არის მაგალითად სამშენებლო მასალა შიფერში, რომლითაც საქართველოში ობიექტების დიდი ნაწილია გადახურული, ხშირად მის კორექციას თავად მობინადრეები აკეთებენ და ისინი არ სარგებლობენ რესპირატორებით, რაც გარკვეულწილად მაინც შეამცირებდა აზბესტის ნაწილაკების მოხვედრას სასუნთქ გზებში. აღსანიშნავია, რომ აზბესტის მავნე ზემოქმედება განსაკუთრებით გამოეხატებათ იმ ადამიანებს ვინც ეწევა სიგარეტს.

უხარისხო სამშენებლო მასალები ალერგიებს, გართულებებს და სიმსივნურ დაავადებებსაც კი იწვევს – ონკოლოგებისა და ექსპერტების დასკვნები

ცემენტის მტვერის შესუნთქვა იწვევს სასუნთქი გზების, ფილტვების ობსტრუქციულ ქრონიკულ დაავადებას და გარდა ამისა ფილტვების ინსტერტიციურ დაავადებას, რომელიც ფილტვების პარენქიმასაც აზიანებს. ასევე არსებობს სილიკატები, ეს არის ის მტვერი რომელიც ქვიშაში შედის, წვრილად დისპენსირებული სახით, სასუნთქ გზებში მოხვედრისას აზიანებს როგორც სასუნთქ გზებს ასევე ფილტვის ალვეოლებს და გარდა ამისა ის სპეციფიკური მიკრო ორგანიზმები, რომლებიც შესაძლებელია საშენ მასალაში იყოს გამრავლებული, აზიანებენ სასუნთქ სისტემას. საღებავის სუნი ძირითადად განპირობებულია აქროლადი ტოქსიკური ნივთიერებით, რომლებიც უშუალოდ სასუნთქ სისტემას შესაძლოა აზიანებდეს, მის ლორწოვანზე იქონიოს უშუალო გავლენა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების მსგავსი გამოვლინება და ა.შ.

რა ტიპის პირველადი სიმპტომები იჩენს ხოლმე თავს, როდესაც სახეზეა ცუდი სამშენებლო მასალის გამოყენება?

სასუნთქ გზებზე მავნე ზემოქმედებაზე საუბრისას, უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ  სამშენებლო მასალები, არამედ სახლში არსებული სხვადასხვა ნივთები და მათში არსებული მაპროვორცილებელი მიკროორგანიზმები ან მტვერი, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების სიმპტომატიკას.

სასუნთქ გზებზე ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად გამოწვეული სიმპტომები სპეციფიკურია, ხველა შეიძლება იყოს მშრალი ან ნახველიანი. დროში გახანგრძლივებული ხველა, რომელიც არ არის კავშირში გაციებასთან ან უკვე გამოვლენილ, სახელ დარქმეულ სასუნთქი გზების დაავადებებთან, აუცილებლად საჭიროებს დროულ რეაგირებას.

კონდინციონერები, გასათბობი საშუალებები, სამზარეულოს ღუმელები, გამწოვები ყურადღებით უნდა იქნას შერჩეული და შემდგომში ექსპლუატაციის პროცესში შესაბამისად მოვლილი.

საცხოვრებელ გარემოს ხშირად აბრალებენ ხოლმე სასუნთქი სისტემის პრობლემების გამოწვევას, მაგალითად ნესტიან გარემოში დაგროვებული ობის სოკო შეიძლება გახდეს ალერგიული ასთმის გამომწვევი, შესაძლოა შალის ან სხვა ფუმფულა  მასალის საძინებლის აქსესუარებში ჩაბუდებულმა მიკროორგანიზმებმა ალერგია გამოიწვიოს. შეშის წვის შედეგად წარმოქმნილი ჭვარტლიც შეიძლება ალერგიული რეაქციის მიზეზი გახდეს. გარდა ამისა შესაძლოა სასუნთქი სისტემისთვის არც ისე სპეციფიკური სიმპტომები გამოვლინდეს, მაგალითად საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება…

უნდა დავიმახსოვროთ, ნებისმიერი ახალი სიმპტომის დროს, რომელიც ცხოვრებაში გვიშლის ხელს და თავს ხშირად გვახსენებს უნდა მივიდეთ ექიმთან.

სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზი შესაძლოა გახდეს საშენი მასალა და შემდეგ უკვე ის სახლი სადაც ვცხოვრობთ, აქვს თუ არა მნიშვნელობა პერიოდულობას, რამდენი ხანი ვცხოვრობთ ამ გარემოში, განსაკუთრებით სენსიტიურია თემა, როდესაც სახლში ბავშვები ცხოვრობენ ?

მავნე ფაქტორების ბავშვებზე ზეგავლენა განსაკუთრებით აქტუალურია, აქვე უნდა ითქვას, რომ ზრდასრულებზეც აქტიური ზეგავლენა აქვს და ეს როგორც წესი  დროში გახანგრძლივებული პროცესია.

ბავშვებზე საუბრისას განსაკუთრებით აღსანიშნავია სათამაშოები, როგორც წესი მათი სათამაშოები უნდა იყოს მკვეთრი ფერის, რათა ამან განავითაროს მათი  გარემოსადმი ადაპტაცია, აღქმა. პატარები გარემოს ხელის შეხებით ეცნობიან, სათამაშოს იდებენ პირში, მიაქვთ თვალთან ახლოს, ამის აკრძალვა არ შეიძლება რადგან ეს ბუნებრივი პროცესია სამყაროს აღქმისა, ბავშვი გემოს უსინჯავს ყველაფერს, შესაბამისად სათამაშო უნდა იყოს აბსოლიტურად ჯანსაღი. ბავშვმა უმჯობესია ითამაშოს უვნებელი კოვზით და თეფშით ვიდრე უხარისხო სათამაშოთი, ამის გაკონტროლება ძალიან ძნელია და განსაკუთებით დედები უნდა იყვნენ ყურადღებით.

ბავშვი ზომითაც პატარაა, მისი ორგანიზმის ბროძოლის უნარი არ არის ჩამოყალიბებული, მიმღებია იმ მავნე ნივთიერებებისა, რომლებთანაც კონტაქტი აქვს და ხანმოკლე პერიოდში შესაძლოა მძიმე გამოვლინებები განვითარდეს, განსაკუთრებით ტყვიის ზემოქმედება არის მავნე ცენტრალური ნერვული სისტემისთვის, ასეთ დროს  შესაძლოა გამოვლინდეს კოგნიტიური დეფიციტი, ცნობიერების დათრგუნვა, ხანდახან კრუნჩხვაც შეიძლება განვითარდეს, გააჩნია რა დოზით მიიღო მავნე ნივთიერება ორგანიზმმა.

გვახსოვდეს, რომ ტყვიის შემცველობა განსაკუთებით დიდია საღებავებში, ბატარეებში, უნდა ეცადოს მშობელი რომ ბავშვს არ ჰქონდეს მათთან შეხება, განსაკუთრებით 3 წლის ასაკამდე, შემდეგ უკვე შეიძლება გავაგებინოთ, რომ პირში არ უნდა ჩაიდონ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ყველაფერს ვიწყებთ თავიდან?

ნებისმიერი საქმის დაწყებისას, რომელშიც ჩვენ არ ვართ პროფესიონალები, რჩევა უნდა ვკითხოთ პროფესიონალებს. საქართველოში ხარისხის კონტროლი არც ისეთი სანდოა, ჩვენი კანონმდებლობა იძლევა გარკვეულ საფუძველს, მაგრამ ჯერ კიდევ გარდამავალ პერიოდში ვართ. პროფესიონალების დეფიციტია საქართველოში. ადამიანები როდესაც ფიქრობენ, რომ მშენებლობა უნდა დაიწყონ, შესაძლოა ფინანსურად ვერ შეწვდნენ პროფესიონალებთან კონსულტაციას, მაგრამ ყველანაირად უნდა ეცადონ თავიდან მაინც აიღონ სწორი მიმართულება, სწორი რჩევები და ბოლომდე აკონტროლონ პროცესი. იმ შემთხვევაში თუ ფინანსური მდგომარეობა იძლევა იმის შესაძლობას, რომ თავიდან ბოლომდე პროფესიონალებს ჩააბარონ მშენებლობის პროცესი, ეს საუკეთესო შემთხვევაა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები