LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სამწუხაროდ, ქართულ სკოლებში ძალიან მარტივად უყურებენ ჩაგვრის და ძალადობის ფაქტებს” – ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

10
maiajibuti

რატომ ჩნდება პრობლემები მოზარდებში, რა როლი აქვთ ამ დროს მშობლებსა და პედაგოგებს, რა უნდა გავითვალისწინოთ რთული ქცევის მქონე მოზარდებთან ურთიერთობისას და როდის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის ფსიქოლოგს – ამ თემებზე გადაცემში „სტუმრად ექიმთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ფსიქოლოგმა, მაია ჯიბუტმა ისაუბრა.

– ქალბატონო მაია, რა თქმა უნდა, ყველა ასაკს თავისი პრობლემები აქვს, თუმცა საინტერესოა, როდის ეცვლება მოზარდს ხასიათი და როდის სჭირდება მშობელს განსაკუთრებული ყურადღება?

– გარდატეხის ასაკი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ყოველთვის მრავალრიცხოვანი პრობლემებით ხასიათდება. ფიზიოლოგიური ძვრები 10-11 წლის ასაკში იწყება  და რამდენიმე წელი გრძელდება. რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიური გარდატეხა სერიოზულ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს პროვოცირებს, მძიმე შედეგების შემთხვევაში კი, მშობელი ყოველთვის საკუთარ შეცდომებს ხედავს. ვფიქრობ, შვილის გარდატეხის ასაკს ყველა მშობელი მომზადებული უნდა შეხვდეს და კარგად გაერკვეს ფიზიოლოგიური ცვლილებების თავისებურებებში, რადგან პირველ რიგში სწორედ ჰორმონალური ძვრები განსაზღვრავს ხასიათის ფორმირებას. ბავშვობის დასრულება და მოზარდობაში გადასვლა ნებისმიერისთვის სერიოზული გამოწვევაა, რასაც ყველა თავისებურად ერევა, თუმცა აუცილებლად სჭირდება უფროსების ხელშეწყობა და დახმარება.

– რას გულისხმობს ხელშეწყობა, როგორ შეიძლება დაეხმაროს მშობელი შვილს და რა შეცდომებს უშვებენ უფროსები ბავშვისთვის გარდამტეხ ეტაპზე?

– მშობლების როლი გადამწყვეტია მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, ისაა პასუხისმგებელი კარგ და ცუდ შედეგზე, რადგან სწორედ მშობელი ასწავლის ბავშვს სამყაროს მიღებას, კომუნიკაციას და სოციუმში თვითდამკვიდრებას. ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ მშობლები, როცა მუდმივად ცდილობენ ბავშვის გაკონტროლებას, თავისუფლების შეზღუდვას და მხოლოდ საკუთარი სურვილის შესაბამისად აიძულებენ მოქმედებას, რადგან ასე მხოლოდ ართმევენ ბავშვს თვითგამოხატვის, სუბიექტური აზრის ჩამოყალიბების საშუალებას. თუმცა, არსებობს მეორე უკიდურესობაც, როცა მშობელი სრულ თავისუფლებას და საკუთარ ჭკუაზე სიარულის უფლებას აძლევს ბავშვს. ვფიქრობ, ყველაფერში ბალანსის დაცვაა საჭირო, მათ შორის ლიბერალურ და ავტოკრატულ აღზრდის მეთოდებს შორისაც. გარდატეხის ასაკს ფსიქიქტრები ხშირად ფსიქიკური აშლილობის მოსაზღვრე მდგომარეობასაც უწოდებენ, როცა ნაკლებად გაწონასწორებულ მოზარდს განსაკუთრებით უჭირს საღად აზროვნების შენარჩუნება, სწორი გადაწყვეტილების მიღება და სწორედ მაშინ სჭირდება ყველაზე მეტად მშობლის სიყვარული და მზრუნველობა, დეფიციტს კი, ყოველთვის მტკივნეულად განიცდის.

– ბოლო დროს მოზარდები სულ უფრო ხშირად ამჟღავნებენ აგრესიას სხვადასხვა ფორმით, რაც მეტწილად ფიზიკური ძალადობით სრულდება. საინტერესოა, რა პროვოცირებს არასრულწლოვანებში აგრესიას და რთული ხასიათის ჩამოყალიბებას?

– ყველაფერი ოჯახიდან მოდის. ჰარმონიულ ურთიერთობაში გაზრდილი ბავშვი არასდროს იქცევა აგრესორად, ისე როგორც აგრესიულ გარემოში გაზრდილს უჭირს სოციუმში ორიენტირება, რადგან მუდმივად თავდაცვაშია, საუკეთესო თავდაცვა კი, თავდასხმაა, ამიტომ მოზარდებსაც სრულიად ნორმალურად ეშვენებათ მუდმივი კონფლიქტები.

– არის შემთხვევები, როცა მშვიდ გარემოში გაზრდილი ბავშვი თანატოლების ქცევის მანერას კოპირებს და ისიც მათსავით აგრესიული ხდება. როგორ უნდა დავიცვათ ბავშვი ცუდი გავლენისგან?

– პირველ რიგში, სკოლამ უნდა შექმნას უსაფრთხო გარემო. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი განიცდის გავლენას, რადგან სწორედ ამ ასაკში დისტანცირებს მშობლებთან და უახლოვდება მსგავსი ინტერესების მქონე თანატოლებს. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მოზარდები საოცრად ცნობისმოყვარეები არიან, ყველაფერი აინტერესებთ და ყველაფრის შეცნობა უნდათ, ამიტომ ძალიან მარტივად ექცევიან შთაბეჭდილებების ქვეშ. არანაკლებ მნიშვნელოვანია თვითდამკვიდრების პრობლემა, როცა მოზარდი ხმამაღლა აცხადებს საკუთარი თავის შესახებ და ცდილობს გაშემომყოფთა მოწონების დამსახურებას. ვფიქრობ, აუცილებელია ბავშვის ხშირად შექება და წახალისება, რათა არ გაუჩნდეს არასრულფასოვნების კომპლექსი.

– მთელ მსოფლიოში აქტუალურია ბულინგის თემა, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ქართულ სკოლებშიც. როგორ უნდა ავღზარდოთ ბავშვი, რომ ის არც მჩაგვრელი გახდეს, არც ჩაგვრის მსხვერპლი?

– ვფიქრობ, მთავარი კომუნიკაციაა. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ბავშვისთვის ყველაფრის ახსნა, თუმცა ყოველთვის შეიძლება სასურველ თემაზე საუბრის ფილმთან, მულტფილმთან ან წაკითხულ მოთხრობასთან დაკავშირება და პარალელების გავლით დისკუსიის გამართვა. აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ ჩაგვრის შემთხვევაში არ ღირს ყველაფრის საკუთარ თავში დამალვა და საჭიროა ყველაფრის მშობლისთვის მოყოლა. სამწუხაროდ, ქართულ სკოლებში ძალიან მარტივად უყურებენ ჩაგვრის და ძალადობის ფაქტებს, არადა სწორედ პედაგოგები უნდა აცნობდნენ ბავშვებს ნამდვილ ფასეულობებს, ასწავლიდნენ ქცევის ნორმებს და უნერგავდნენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას შეგრძნებას.

– რა სიმპტომებით შეიძლება მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს?

– მართალია, მოზარდები გარკვეულ ეტაპზე დისტანცირებენ უფროსებისგან, მაგრამ თუ მშობელი მეგობრობს ბავშვთან, მაშინ გაუცხოება მინიმალური და ნაკლებად მტკივნეული იქნება. ფსიქოლოგიური პრობლემების პირველი ნიშნები საკუთარ თავში ჩაკეტილობა და ნაკლები კომუნიკაბელურობა, უძილობა, შფოთვა და ერთი შეხედვით შემთხვევით ნათქვამი ღრმად ფილოსოფიური ფრაზებია. ყველა ბავშვისთვის აუცილებელია მშობლისგან დადებითი ემოციების მიღება, ამიტომ ჯერ უფროსებმა უნდა ისწავლონ ემოციების გამოხატვა და მერე ასწავლონ ბავშვებს. ამასთანავე, ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა შეეჩვიოს დამოუკიდებლად მოქმედებას, გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა აუცილებელია გარკვეული ზღვარის დაცვა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები