LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საქართველოს ჯანდაცვა ახლა კი არ დაინგრა, ბოლო 20 წელია ინგრეოდა, ეპიდემიამ გამოაშკარავა ყველა ჩავარდნა” – გიორგი ფხაკაძე

7
giorgifxalkadze2011

გადაცემის ლაივი LIVE

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI)მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველოს საკმაოდ მძიმე დეკემბრის თვე და ახალი წელი ელოდება. ამის შესახებ მან ,,ფორტუნას” გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” ისაუბრა.

-ბატონო გიორგი, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბოლო პერიოდში თქვენ აქტიურად ხართ ჩართული კონსულტაციებში, რომლებიც მიმდინარეობს მთავრობის წარმომადგენლებს, ჯანდაცვის ექსპერტებს, ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს შორის. რა არის თქვენი მთავარი რჩევა არსებული სიტუაციიდან გამოსავლის თვალსაზრისით?

გიორგი ფხაკაძე: იმაზე, რაც საქართველოში ხდება, უკვე ბევრი ითქვა და ახალს ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ უკვე ყველა წითელი ხაზი გადავლახეთ. კალკულაციის გაკეთებისას მე და ჩემმა კოლეგებმა დავინახეთ, რომ ქვეყანაში შემთხვევების არანორმალური ზრდა შეინიშნება. ფაქტიურად მეორე ტალღა საქართველოში დაიწყო 24 აგვისტოდან. მე ჯერ კიდევ სექტემბრიდან ვამბობდი, რომ ქვეყანა უნდა ჩაკეტილიყო, რათა არ მივსულიყავით იქამდე, სადაც ახლა ვართ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში კლასტერები დაიკარგა, საჭირო იყო უმკაცრესი ზომების გატარება. დღეს კლასტერებზე აღარავინ საუბრობს, რადგან ქვეყანა ერთი დიდი კლასტერია. თუ დროზე არ გადაიდგა არაპოპულარული ნაბიჯები, შედეგი იქნება საკმაოდ სავალალო. რადგან ვირუსი არის აბსოლუტურად ყველგან. რაც შეიძლება მწარე ლოკდაუნია საჭირო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

თუ ლოკდაუნი არ გამოცხადდა, 10 დღეში ვიხილავთ ჯანდაცვის სისტემის სრულ კრახს: გიორგი ფხაკაძე

ბატონო გიორგი, ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ფრაზა: „გადაიტვირთა ჯანდაცვის სექტორი“, ექიმები ამბობენ იმასაც, რომ არამიზნობრივად და არასწორად მოხდა პაციენტების გადაყვანა კლინიკაში, რადგან გადაყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის საჭირო, თუ საჭიროა რეანიმაცია, ჟანგბადის მიწოდება, ან უარეს შემთხვევაში ინტუბაცია. რამ გადატვირთა ჯანდაცვის სექტორი, ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა კლინიკაში, ვისაც იქ ყოფნა არ სჭირდება?

გიორგი ფხაკაძე: საქართველომ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც ევროპულმა ქვეყნებმა, უფრო კი აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა. სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი მიმართულებით გადავაჭარბეთ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. საქართველოს ჯანდაცვა ახლა კი არ დაინგრა, ბოლო 20 წელია ინგრეოდა. ეპიდემიამ გამოაშკარავა ყველა ის ჩავარდნა, რაც წლებია გვქონდა ჯანდაცვის სისტემასი და რაზეც მე წლებია ვლაპარაკობდი, დაწყებული ექთნების განათლებით, ექიმების გადამზადებით, გაგრძელებული წამლებით, საავადმყოფოების მენეჯმენტით, ხარისხის კონტროლით და დამთავრებული დაბალი ხელფასებით. სისტემა შიგნიდან იყო დამპალი, ექიმები ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, მაგრამ სისტემა გარედან ლამაზია, შიგნით კი არაფერს წარმოადგენს. სისტემა ბოლო 20 წელია განვითარების მაგიერ ლპება, შიგნით არის აბსოლუტურად დიდი სიცარიელე. როგორ უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, რომ ინფექციის კონტროლი არის მთავარი? საავადმყოფო, რომელიც იძახის, რომ ვერ მივიღებ კოვიდპაციენტს, არ ვარ მზადო, დასახურია. ჩვენ არ გვინდა 415 სავადმყოფო, რომელიც ატვირთულია პორტალზე. ექიმი, რომელიც ადამიანს ეუბნება, რომ ის კოვიდიანია და კლინიკაში ვერ შეუშვებს, არ არის ექიმი. ასეთ ექიმს ლიცენზია უნდა ჩამოერთვას, კლინიკა კი დაჯარიმდეს და დაიხუროს. ეს არ არის საავადმყოფოები, ეს არის გარკვეული სახის სამედიცინო დაწესებულებები.

-კიდევ ერთი კითხვა რომელიც მუდამ არის, ეხება ექიმების გადამზადებას. თუ ადამიანს, რომელსაც სჭირდება რეანიმაცია, სჭირდება რეანიმატოლოგი, როგორ უნდა გადამზადებულიყვნენ სხვა ექიმები რეანიმატოლოგებად? მოკლე ხანში ეს ხომ შეუძლებელია?

გიორგი ფხაკაძე: ექიმების გადამზადებაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია, თუმცა გადამზადება მუდმივი პროცესია. სწავლა სიბერემდეაო და ექიმებიც მუდმივად შესწავლასა და კითხვაში უნდა იყვნენ. მე რამდენიმე ქვეყანაში მაქვს პრაქტიკოსი ექიმის ლიცენზია. ყველგან გავდივარ ლიცენზიით გათვალისწინებულ საათებს. საქართველოში კი ერთხელ აიღებ ლიცენზიას და მორჩა. დიდი ხნის წინ ავიღე ქართული ლიცენზია და ის დღემდე მოქმედებს.

დღეს პირველი, რაც უნდა მოხდეს, გამოცხადდეს ლოკდაუნი. დღეს სიკვდილობა ისეთ ნიშნულზეა, რომ ჩვენს მიერ გაკეთებულ ყველა კალკულაციას ინფიცირებულთა მაჩვენებელიც და სიკვდილობის მაჩვენებელიც  3-4-ჯერ აღემატება. უნდა გავაკეთოთ ყველა სამედიცინო დაწესებულების მობილიზაცია. გამოყენებული უნდა იქნას სრული რესურსი ქვეყნის. ყველა საწოლი უნდა იყოს გამოყენებული ორი მიმართულებით: კოვიდ პაციენტებისათვის და არა კოვიდპაციენტებისათვის, ანუ მიმდინარე სხვა მწვავე დაავადებებისათვის. გეგმიური ოპერაციები, რომელთა გადატანაც შესაძლებელია, აუცილებლად უნდა იქნას გადატანილი 3-4 თვით.

90%-ს კოვიდპაციენტებს არ სჭირდებათ ექიმი და საავადმყოფო, დარჩით სახლში, თუ გართულდა მდგომარეობა, დაურეკეთ ოჯახის ექიმს. თუ ასე გაგრძელდება, მწარე რაღაცას ვიტყვი, თუ ლოკდაუნი არ გამოცხადდა, 10 დღეში ვიხილავთ ჯანდაცვის სისტემის სრულ კრახს.

-ფაქტია, რომ მთავრობა არ ჩქარობს სრულ ლოკდაუნს და აქცენტი არის ისევ წერტილოვან შეზღუდვებზე. მთავარი, რასაც ლოკდაუნი ურტყამს, არის ეკონომიკა, როგორ ფიქრობთ, გაუძლებს თუ არა დეკემბერს ჯანდაცვის სისტემა და შეძლებს თუ არა გაძლოს იანვრამდე, რათა დეკემბერში არ დაიკარგოს ის ეკონომიკური სარგებელი, რომელიც სხვა თვეებთან შედარებით ყველაზე მაღალია?

გიორგი ფხაკაძე:  უკაცრავად, ვის ვუცხადებთ იანვარში ლოკდაუნს, თუ დაგეხოცათ მოსახლეობა? გზას ვის უკეტავთ? სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები რომ ამბობენ, უნდა გავყიდოთ ჩვენი გასაყიდიო, ვის უნდა მიყიდონ? დღეში 10-15000 ადამიანი ინფიცირდება, ის არის მყიდველიც, თანამშრომელიც. როგორ იმუშავებს ინფიცირებული ადამიანი? თითოეული გარდაცვლილის უკან მისი ოჯახი დგას, დღეში 50 გარდაცვლილს მიუმატეთ 3-4 ოჯახის წევრი, რომლებიც მაღაზიებში არ ივლიან. ახლა ეს 50 კიდევ გაამრავლეთ 30-ზე. ეს არის თქვენი რიცხვი. არ გეშინიათ ამ რიცხვების? მე როცა კალკულაციას ვაკეთებ, ღამე არ მძინავს, ვერ ვიძინებ. ერთი წუთი ლოკდაუნის დაგვიანება არის ერთი ადამიანის სიცოცხლე. და ეს ადამიანი ვიღაც არ არის, ეს არის თქვენი დედა, ბებია, ახლობელი, მეზობელი. საუბარი არ არის ვიღაც უცხოპლანეტელებზე, თქვენს ოჯახებზე ვსაუბრობთ! ასე თუ გაგრძელდა ახალ წელს საზეიმო არაფერი იქნება, ახალი წელი იქნება შავი! მთელი ევროპა ჩაკეტილია და ჩვენ რა ვართ ასეთი, ან რა ეკონომიკა გვაქვს? რა ბიზნესი გვაქვს ასეთი? სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია ამ ქვეყანაზე. დავანებოთ ყველაფერს თავი, მითხარით თქვენი დედის ფასი, თქვენი ბებიის ფასი, რა ფასობს უფრო ძვირად, ფული თუ დედის სიცოცხლე? მე არა ვარ ეკონომისტი, მაგრამ ჯანდაცვის ექსპერტი ვარ. ჩემი მოსაზრება ძალიან მკაფიოა და დაფუძნებულია მტკიცებულებაზე.  ძალიან მწარეა, როცა იცი რეალური ინფორმაცია, ცდილობ გაუზიარო ხალხს, მაგრამ სამწუხაროდ ასეთ სიტუაციაში ვართ.

საავადმყოფო, რომელიც იძახის ვერ მივიღებ კოვიდპაციენტს, არ ვარ მზადო, დასახურია – გიორგი ფხაკაძე

-ბატონო გიორგი, უკვე ვიცით, რომ სრული და ხისტი ლოკდაუნის მომხრე ხართ. საინტერესოა თქვენი მოსაზრება იმაზე, თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ლოკდაუნი იმისათვის, რომ მინიმალური შედეგი მაინც დაიდოს?

გიორგი ფხაკაძე: პირველმა ლოკდაუნმა მსოფლიოში გვაჩვენა, რა მუშაობს და რა არა. 130 ქვეყანაში იყო ლოკდაუნი და მონაცემებზე დაყრდნობით ვიცით, რა გამოიღებს შედეგს და რა არა. სრული ლოკდაუნის შედეგს ჩვენ ვხედავთ 14 დღის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი შეჩერდება. თუ დღეს სიკვდილობა 50 ადამიანია დღეში, ეს მაჩვენებელი ჯერ გაიზრდება, 2 კვირის შემდეგ ჯერ შენარჩუნდება და მერე ნელ-ნელა დაბლა დაიწევს. დაახლოებით ორი თვე არის საჭირო, რომ საწყის მაჩვენებლებზე დავბრუნდეთ. ბევრი ქვეყანა სრულ ლოკდაუნს ვერ აცხადებს, რადგან სახეზე აქვს მთელი რიგი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. თუმცა დღეს სხვა გზა არ არის. ვიფიქროთ მედპერსონალზეც. როცა ამბობთ, რომ 112-ში დარეკეთ და არ მოვიდნენ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ იქაც ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც დასვენების დრო არ აქვთ. ეს გმირი ადამიანები 24 საათი მუშაობენ. ლოკდაუნი სისტემას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

რატომღაც ზოგს ჰგონია, რომ ძალიან მიხარია ლოკდაუნის გამოცხადება, თუმცა ეს ასე არ არის. მე, როგორც ექიმმა ვიცი, რომ ლოკდაუნში ყოფნა დაკავშირებულია მთელ რიგ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. თუ რაიმე შეფარული ფსიქოლოგიური პრობლემა არსებობდა, ყველაფერი დღის სინათლეზე გამოდის. ადამიანების ფსიქიკა ვერ უძლებს, იზრდება დეპრესიების, სუიციდების რიცხვი.. გარდა ამისა, ლოკდაუნი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზეც, რადგან იმუნურ სისტემას აქვეითებს. თუ ადამიანს რამე ქრონიკული დაავადება აქვს, ის მწვავდება. თუმცა დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, არჩევანის გაკეთება გვიწევს ცუდსა და უარესს შორის. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება დაბალი დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ვითარებიდან. სამწუხაროდ, არაფერი აღარ დაგვრჩა ამის გარდა. როგორც იცით, მე პოლიტიკისაგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ყველა დამნაშავეა. ვერაფერს დავაბრალებთ ადამიანთა ერთ ჯგუფს. დამნაშავეა ყველა, ვინც პირბადეს არ იკეთებდა, არ იბანდა ხელებს, არ იცავდა დისტანციას, ვინც ქორწილებში და ქეიფებში დადიოდა, ვინც რეგულაციებს არ იცავდა. სხვა დამნაშავეს ნუ ეძებთ, დამნაშავე ხართ თქვენ!

-ლოკდაუნის გარდა თუ დგას დღის წესრიგში სხვა სახის რეკომენდაციები, მაგალითად მასიური ტესტირება, საწოლფონდი და ა.შ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დიდი პრობლემაა ტესტირებაც, რადგან ადამიანებს ტესტირებაზე ხელი არ მიუწვდებათ, ზოგ შემთხვევაში ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული, ზოგ შემთხვევაში 112 ვერ მოდის ადგილზე და არ ხდება ტესტირება…

გიორგი ფხაკაძე: ბევრი რამ უკვე ძალიან დაგვიანებულია, ამიტომ მოდით ვისაუბროთ იმაზე, რისი გაკეთებაც დღესაა შესაძლებელი. პირველი, რაც უნდა მოხდეს – უნდა გააქტიურდეს „დარჩი სახლში“ კამპანია. დღესაც რომ ჩავიკეტოთ, მომდევნო ორი კვირა უმძიმესი იქნება. უკვე 10 დღეში იქნება სავალალო მდგომარეობა. სტატისტიკა და მეცნიერება ამას ამბობს. 1+1=2, ამას გვეუბნება მეცნიერება.

ერთი საკითხია ლოკდაუნი, მეორეა ლოკდაუნის აღსრულება. აკრძალული იყო სილამაზის სალონები, მაგრამ სტილისტები ხალხთან სახლში დადიოდნენ. თუ ლოკდაუნია, წესები უნდა დაიცვას ყველამ. რაც შეეხება სამედიცინო სფეროს, ჩემი მოსაზრება მარტივია – ჩვენ ახალ საავადმყოფოს ვერ ავაშენებთ. მე არაერთ ქვეყანაში ამიშენებია, დამიგეგმავს და მიმართავს საველე ჰოსპიტალი და ვიცი, რომ ეს მარტივი არ არის. იქ ბევრი ტექნიკური საკითხია. თანაც, საქართველოში არ არის საველე ჰოსპიტალის საჭიროება –  ჩვენ გვაქვს საწოლფონდი, ჩვენ გვაქვს საავადმყოფოები. თუმცა მე ვგულისხმობ აბსოლუტურად ყველა სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის ტერიტორიაზე და არა კონკრეტულ საავადმყოფოებს, მათ შორის ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს, პოლიკლინიკებს, პატარა კლინიკებს. აბსოლუტურად ყველა კლინიკა უნდა იყოს კოვიდმიმღები. არასწორია დამოკიდებულება რომ პაციენტს უთხრა – “წადი კოვიდცენტრში, მე ვერ მიგიღებ”. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, უნდა მოახდინოს ყველა საწოლის ნაციონალიზაც ია და ეპიდემიის პერიოდში ყველა ეს საწოლი უნდა განკარგოს სახელმწიფომ. ყველა სასწრაფო მანქანის ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს, რომელიც ქვეყანაშია. თუმცა ეს ვერ ხერხდება, რადგან კერძო სექტორი წინააღმდეგია. ჩვენ ომში ვართ, ახლა არ არის იმის დრო, რომ 3000 საწოლიანმა კერზო კლინიკამ 50 საწოლი დაუთმოს სახელმწიფოს და თან ისე მოიქცეს, თითქოს დიდ პატივი დასდო. არ შეიძლება პაციენტს კარი მიუხურო ცხვირწინ. ბევრმა ქვეყანამ მოახდინა კლინიკების ნაციონალიზაცია. ამ დროს არ შეიძლება ფულის კეთებაზე ფიქრი, ეს დანაშაულია ერის წინაშე. მორჩეს პანდემია და მერე აკეთონ ფული, ახლა არ არის ამისი დრო.

-როგორ ფიქრობთ, მზადაა სახელმწიფო და მთავრობა ლოკდაუნის გამოსაცხადებლად? გამომდინარე კომუნიკაციიდან რომელიც გქონდათ მთავრობის წევრებთან.

გიორგი ფხაკაძე: მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტენ თბილისში. თუმცა მე კარგად ვიცი საქართველოს ჯანდაცვა, მე ვმართავდი 70-მდე კლინიკას და ვიცი, რასაც ვამბობ. მე მქონდა რამდენიმე შეხვედრა, საუბარი ძირითადად ტექნიკურ საკითხებზე იყო და მივაწოდე რეკომენდაციები. ამ შეხვედრების დროს მე დავინახე, რომ მისვამენ ძალიან კონკრეტულ და პრაგმატულ კითხვებს. კითხვაზე რა შეიძლება გაკეთდეს, ბუნებრივია ჩემი პოზიცია გავაცანი მათ. მთავრობა ვერ იტყვის, რომ რამე არ იცოდა, რადგან ყველა ჩვენთაგანმა თქვა თავისი სათქმელი და ადამიანები, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ინფორმირებულნი არიან. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები