LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო გზა სასურველი ორსულობის მისაღებად – ქეთევან ქანთარიას რეკომენდაციები გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

20
qetevanqantariastumradeqimtan

რატომ არის მნიშვნელოვანი ასაკი ქალის რეპროდუქციული სტატუსის შესაფასებლად, რა იწვევს უშვილობას წყვილებში და რა როლი აქვს ინ ვიტრო განაყოფიერებას – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” კლინიკა ,,ინ ვიტროს” რეპროდუქტოლოგმა, გინეკოლოგმა და ვალენსიის უნივერსიტეტის მაგისტრმა ქეთევან ქანთარიამ ისაუბრა.

– ქალბატონო ქეთევან, მოგესალმებით და მადლობას გიხდით სტუმრობისათვის. მინდა საუბარი ძალიან საინტერესო კითხვით დავიწყოთ. კლინიკა „ინ ვიტრომ“ ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ აპირებს მომხმარებელს შესთავაზოს დამატებითი სერვისები, რაც გულისხმობს ინ ვიტრო განაყოფიერების გზით დამდგარი ორსულობის მართვას, ასევე ნეონატოლოგიურ და პედიატრიულ მომსახურეობას. რატომ დადგა დღის წესრიგში ისედაც უამრავ სერვისზე, რომელსაც კლინიკა „ინ ვიტრო“ გვთავაზობს, კიდევ რამდენიმე სხვა სერვისის დამატება? ექიმები ხშირად ამბობენ, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების გზით მიღებულ ორსულობას განსაკუთრებული მართვა არ სჭირდება.

პირველ რიგში გმადლობთ მოწვევისათვის. დიახ, კლინიკა „ინ ვიტრო“ მალე  ახალ სერვისებს შესთავაზებს პაციენტებს და ეს სიახლეები პირველ რიგში მიზნად ისახავს იმას, რომ პაციენტებმა მაქსიმალურ კომფორტში იგრძნონ თავი. უშვილობა ქალის ან მამაკაცის ინდივიდუალური პრობლემა არ არის, ეს არის წყვილის საერთო პრობლემა, რომელსაც ისინი ექიმთან ერთად წყვეტენ. ჩემი აზრით, წყვილს ექიმ-რეპროდუქტოლოგთან, რომელიც მათ ამ პრობლემის მოგვარებაში ეხმარება, გარკვეული ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა უყალიბდება და შემდეგ სხვა სპეციალისტთან გადანაცვლება უჭირთ. ეს იყო პირველი მიზეზი იმისა, რომ კლინიკამ გადაწყვიტა მომსახურების სპექტრის გაფართოება. პირველ რიგში მინდა შევეხო ამბულატორიულ მომსახურებას და ვთქვა, რომ ჩვენს კლინიკაში ფაქტიურად ყველა დარგის სპეციალისტი იქნება წარმოდგენილი და ჩვენს ყველა პაციენტს, იქნება ეს ორსული თუ უბრალოდ გინეკოლოგიური, ან გინეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიური დარღვევების მქონე პაციენტი, ადგილზე შეეძლება ყველა სპეციალისტის კონსულტაციის მიღება. ეს პაციენტებს დროს დაუზოგავს, რაც რასაკვირველია კომფორტული იქნება. რაც შეეხება უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ამ სერვისებს კლინიკა „ინ ვიტრო“ აქამდეც სთავაზობდა პაციენტებს. თუმცა ეს ყველაფერი კიდევ უფრო დახვეწილ სახეს მიიღებს. გაცილებით უფრო თანამედროვედ აღიჭურვება და გაფართოვდება ჩვენი ინ ვიტრო ლაბორატორია. ეს კლინიკაში მთავარი ადგილია, სადაც იქმნება ახალი სიცოცხლე. ლაბორატორია შეძლებს ორჯერ მეტი პაციენტის ერთდროულად მომსახურებას ვიდრე ადრე და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოხდება დროულად, შეყოვნების გარეშე. აღსანიშნავია ქირურგიული ნაწილის უმნიშვნელოვანესი გაფართოება, იქნება ეს ლაპარასკოპიური ქირურგია თუ ღია წესით გასამართი ქირურგიული ჩარევები. ჩვენს კლინიკაში აქამდეც ტარდებოდა არა მხოლოდ გინეკოლოგიური, არამედ ყველა სხვა სახის ქირურგიული ოპერაცია.

აუცილებლად მინდა შევეხო ენდოკრინულ მიმართულებასაც- ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგიური განყოფილება აქამდეც ფუნქციონირებდა, თუმცა მისი სერვისი ახლა ბევრად სრულყოფილი იქნება. როგორც მოგეხსენებათ,  ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რადგან ფარისებრი ჯირკვლის , ჭარბი წონის ან მასის დეფიციტის პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებები მჭიდრო კავშირშია როგორც ქალის, ასევე მამაკაცის უნაყოფობასთან. რაც შეეხება  ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დამდგარ ორსულობას, მე არ ვიტყოდი რომ მისი მართვა რთულია, მაგრამ ნამდვილად არის სპეციფიკური. გამომდინარე იქიდან, რომ უნაყოფობას გარკვეული პათოლოგიები განაპირობებდა, აუცილებელია მონიტორინგი ორსულობის დროს და ვთვლი, რომ მონიტორინგი უნდა დაიწყოს ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანის დღიდანვე. ორსულობის პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ენდოკრინული პროფილის მართვა იქამდე, სანამ პლაცენტა ჩამოყალიბდება და თავის თავზე აიღებს დამცველობით ფუნქციას. ინ ვიტრო ორსულობის დროს ექიმის მეთვალყურეობა აუცილებელია.

– ვისაუბროთ უშვილობაზე, რომელიც მძიმე თემაა, მაგრამ კითხვებზე პასუხები ძალიან საინტერესო. თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესისა და მედიცინის განვითარების ფონზე დღეს თითქოს შეუძლებელი უკვე აღარაფერია და გადაუჭრელი პრობლემები თითქოს აღარ არსებობს არც ამ კუთხით. მაგრამ უშვილობა აქტუალური პრობლემაა და მინდა გკითხოთ მის გამომწვევ ძირითად მიზეზებზე. გარდა ამისა, პირადად მე ბევრი ქალბატონისგან მსმენია, რომ ისინი იყვნენ ექიმთან და ყველაფერი რიგზე აქვთ, თუმცა ორსულობა მაინც არ დგება. არის თუ არა რამდენიმე კვლევა საკმარისი, რათა ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი რიგზეა?

იმედი მაქვს, ამ კითხვაზე პასუხი ბევრ ადამიანს დაეხმარება. პირველ რიგში მინდა წყვილებს ვურჩიო, რომ რეპროდუქტოლოგთან ერთობლივი ვიზიტი დაგეგმონ. სხვათა შორის, წინა წლებთან შედარებით ახლა ამ მხრივ უკეთესი ვითარებაა. ძალიან სასიხარულოა, რომ წყვილები ერთად მოდიან. უნაყოფობა არ არის არავისი ბრალი, ეს ოჯახის საერთო პრობლემაა. ძირითადად, უშვილობის გამომწვევი მიზეზები შეიძლება ოთხ ჯგუფად დაიყოს. დიაგნოზის დასმისას საშუალოდ შემთხვევების 30%  გამოწვეულია ქალის პრობლემით, 30% მამაკაცის პრობლემით. შემთხვევების 20-25 %-ში საქმე გვაქვს ორივეს პრობლემასთან, დანარჩენ შემთხვევებში კი გამომწვევი მიზეზის პოვნა ვერ ხერხდება. ეს ცალკე დიაგნოზია და იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზისის უნაყოფობა ეწოდება. ასეთ დროს ყველა კვლევის პასუხი ნორმალურია, ყველაფერი თითქოს კარგადაა, დადებითად ფასდება საკვერცხის ფუნქცია, მილების გამავლობა, სპერმის როგორც რაოდენობა, ასევე ხარისხი, მაგრამ ორსულობა არ დგება. პაციენტებს სულ ვუხსნით, რომ დაორსულება მექანიკური პროცესი არ არის, იქ მთელი რიგი გენეტიკური ფაქტორებია ჩართული. არის მთელი რიგი მექანიზმები, რომლებსაც გენეტიკური ფაქტორები აკონტროლებენ, ასე რომ მხოლოდ ჯანმრთელი კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი საკმარისი არ არის შედეგის დასადგომად.

მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ამ ყველაფრის მმართველი ქალის ასაკია. 35 წლიდან, განსაკუთრებით კი 38 წლის ასაკის ზემოთ თვითონ ასაკი ხდება დაორსულების შემაფერხებელი ფაქტორი მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ექოსკოპიური თუ ჰორმონალური მაჩვენებლები კარგი იყოს. ამიტომაცაა, რომ ქალბატონს, რომლის ასაკიც 35 წელს აღემატება და რომელიც 6 თვის განმავლობაში ცდილობდა დაორსულებას, რაც შეიძლება მალე ესაჭიროება საკვერცხეების რეზერვის განსაზღვრა. აუცილებელია  გავიგოთ რამდენი დრო გვაქვს, შესაძლებელია თუ არა მოცდა. იმ შემთხვევაში, თუ ფოლიკულების რაოდენობა არც ისე დიდია, პაციენტს უკვე ვურჩევთ რეპროდუქტოლოგის დახმარების მიღებას.  პრობლემა ამ დროს შეიძლება იყოს ასაკთან შეუსაბამოც, კერძოდ ფოლიკულების ნაადრევად შემცირება, ან სახეზე იყოს მილების პრობლემები. ასეთ დროს საჭიროა უკვე შესაბამისი დახმარების აღმოჩენა.

– თქვენ ენდოკრინოლოგიური პრობლემები ახსენეთ და მინდა ჩაგეკითხოთ. ხშირად ხომ ხდება პირიქითაც, როდესაც ადამიანს აქვს ენდოკრინოლოგიური პრობლემები, ჰორმონალური დისბალანსი, ჭარბი წონა და ა.შ მაგრამ ორსულობა დგება ფიზიოლოგიურად და საკმაოდ იოლად. ასეთ დროს რა ფაქტორები მუშაობს?

საქმე იმაშია, რომ ეს დარღვევები არ არის უშვილობის გამომწვევი 100%-იანი მიზეზები. ისინი მხოლოდ თანხმლები მიზეზებია. ზოგადად, რთული მეტაბოლური დარღვევები არასასურველ გარემოს უქმნის როგორც ქალთან კვერცხუჯრედის ხარისხს, ასევე მამაკაცთან სპერმის ხარისხს, ართულებს ემბრიონის მიმაგრებას, მაგრამ არა ყოველთვის. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ – ენდოკრინოლოგიური დარღვევები პრობლემას მხოლოდ დაორსულების კუთხით არ წარმოადგენს. მათ შეუძლიათ ნაყოფს ჩამოუყალიბონ წინასწარგანწყობა ენდოკრინოლოგიური დაავადებების მიმართ. თუ დედას მთელი ორსულობის განმავლობაში აქვს მსგავსი პრობლემები, დარღვეული აქვს მეტაბოლიზმი და ა.შ, ეს ნაყოფზეც აისახება. ერთ-ერთ თვალსაჩინო გამოხატულებად შემიძლია განსაკუთრებით დიდი წონის ნაყოფი დავასახელო. გარკვეული ხნის წინ ძალიან უხაროდათ 5 ან 6 კილოგრამიანი ბავშვის დაბადება, თუმცა ეს ნორმა არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ორსულობისას დედას ენდოკრინოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ასე რომ, ენდოკრინოლოგიურ გარემოს, რომელშიც ნაყოფი დაბადებამდე იმყოფებოდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– ქალბატონო ქეთევან, მინდა გკითხოთ ინ ვიტრო განაყოფიერების ჩვენებაზე. როდის ნიშნავენ ექიმები ამ პროცედურას? როდის ითვლება, რომ უკვე მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებაა გამოსავალი და მედიკამენტოზური მკურნალობა ვეღარ დაგვეხმარება?

ჩვენი კლინიკა „ინ ვიტრო“ გახლავთ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა წყვილი არ იტარებს ამ პროცედურას. ყველას უტარდება კვლევა  უშვილობის მიზეზის დასადგენად და მიზეზის აღმოჩენის შემდეგ ვირჩევთ პრობლემის მოგვარების კონკრეტულ მეთოდს. ამ დროს აუცილებლად ხდება ქალის ასაკის, უნაყოფობის ხანგრძლივობის და მთელი რიგი თანხმლები პრობლემების გათვალისწინება, რომლებიც შესაძლოა ჰქონდეთ ქალს ან მამაკაცს. შემდეგ კონკრეტული წყვილის პარამეტრებზე დაყრდნობით დგება უკვე მართვის ალგორითმის შედგენა. ასეთ დროს შეიძლება წყვილს ვუთხრათ, რომ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა გამოც უნდა იფიქრონ ინ ვიტრო განაყოფიერებაზე, თუმცა დადგეს ორსულობა ბუნებრივი გზით. მთავარი ფაქტორი აქ არის დრო. როდესაც სახეზეა საკვერცხის შეზღუდული რეზერვი, ყოველი თვე არის ერთი დაკარგული კვერცხუჯრედი. ასეთ დროს ხშირად ლოდინის დრო არ გვაქვს, დაგვიანება ძალიან ცუდად მოქმედებს ყველაფერზე. მცირდება არა მხოლოდ კვერცხუჯრედების რაოდენობა, არამედ ხარისხიც. პრობლემატური ხდება ორსულობის ბოლომდე მიყვანაც. ერთი კონკრეტული რეცეპტი ყველა წყვილისათვის არ არსებობს, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. შესაძლოა ენდოკრინოლოგიური პრობლემების მოგვარების, წონის კორექციის ან მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად მომართვიდან ორ-სამ თვეში ორსულობა დადგეს. შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, თუ სახეზეა შეხორცებითი პროცესი ან ენდომეტრიოზის საშუალო თუ მძიმე ფორმა, საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები და ა.შ.  მსგავსი პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ სრულიად შესაძლებელია დადგეს ორსულობა. თუმცა შეიძლება ინ ვიტრო განაყოფიერება გახდეს საჭირო.

მინდა პაციენტებს ვურჩიო, რომ თუ ექიმი მათ პირდაპირ ამცნობს  ინ ვიტრო განაყოფიერების საჭიროებაზე, პროცედურა არ გადადონ. მესმის, რომ ეს ძვირიანი პროცედურაა, ამიტომ პაციენტები  ცდილობენ გადაავადონ იმ გათვლით, რომ იქნებ სხვა მეთოდმა იმუშაოს. ასეთ დროს სხვადასხვა უფრო მარტივ საშუალებებს მიმართავენ, რომლებიც მათ ვერ ეხმარება და ამაში ხარჯავენ როგორც დროს, ასევე ფინანსებს. ასე რომ, მინდა ვუთხრა ასეთ პაციენტებს – იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის დადგომის სხვა გზა არ არის, ნუ გადადებთ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურას, ნუ დაკარგავთ დროს და ფინანსებს სხვა,  არაფრისმომცემ საშუალებებზე.

– ვისაუბროთ მამაკაცის უშვილობაზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე. თითქოს ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი უნდა იყოს, მაგრამ თქვენ ქირურგიული მეთოდები ახსენეთ…

ენდოკრინოლოგიური პრობლემები, ჰორმონალური დისბალანსი და ჭარბი წონა როგორც ქალის შემთხვევაში აფერხებს ფოლიკულის ნორმალურ განვითარებას, ასევე მამაკაცებში იწვევს პრობლემებს. ეს შეიძლება იყოს სპერმატოზოიდების ნორმალური განვითარების თუ ტრანსპორტირების უნარის შეფერხება. მას შემდეგ რაც შეფასდება სპერმის მაჩვენებლები, მამაკაცებთან როგორც წესი, ჰორმონალური და ულტრასონოგრაფიული კვლევები ტარდება. შემდეგ ხდება უკვე პრობლემის გადაჭრის გზის განსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ასაკი მამაკაცის შემთხვევაშიც ასრულებს გარკვეულ როლს, თუმცა არა ისეთ დიდ როლს, როგორც ქალის შემთხვევაში. ასაკთან ერთად ხდება სპერმის ხარისხის შემცირება და გარკვეული ცვლილებები დნმ-ში, თუმცა ეს ცვლილებები არ არის ისეთი გადამწყვეტი და დრამატული, როგორც ქალის შემთხვევაში. ქალის ასაკი გაცილებით უფრო მოქმედებს კვერცხუჯრედების ხარისხზე. სწორედ ამიტომ მაშინაც, როდესაც პრობლემა მამაკაცს აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია ქალის ასაკი. თუ ქალის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე არის მოცდის დრო, ვმუშაობთ მამაკაცის მეტაბოლური თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარებაზე და ველოდებით შედეგის დადგომას.

იმ შემთხვევაში, თუ სპერმალურ სითხეში სპერმატოზოიდები არ არის, შესაძლოა საჭირო გახდეს სპერმის ქირურგიული გზით აღება. მინდა მამაკაცებს ვუთხრა, რომ ეს უმტკივნეულო პროცედურაა. სპერმალურ სითხეში სპერმატოზოიდების არარსებობა არ წარმოადგენს უშვილობის განაჩენს, თუკი სახეზე არ არის რაიმე იშვიათი გენეტიკური პათოლოგია. უმეტეს შემთხვევაში ეს გადალახვადი პრობლემაა. ზოგჯერ საჭიროა სპერმის ქირურგიული გზით აღების დღესვე მოხდეს ქალის კვერცხუჯრედების აღება და მათი განაყოფიერება.

– მინდა გკითხოთ ხარჯებზეც, რისი გაღებაც საჭიროა ასეთ დროს. ვიცით, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება ძვირადღირებული პროცედურაა, თუმცა საინტერესოა დგება თუ არა შედეგი პირველივე ჯერზე ან არის თუ არა გარანტია, რომ ორსულობა დადგება? და თუკი გარანტია არ არის, მაშინ რა არის გამოსავალი?

სამწუხაროდ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში და მათ შორის, არც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგი გარანტირებული არ არის. ჩვენც ძალიან გვსურს, რომ ყველა წყვილი, რომელიც მოგვმართავს, საბოლოოდ შვილთან ერთად დაბრუნდეს სახლში. თუმცა ის, თუ რამდენად წარმატებული იქნება ინ ვიტრო განაყოფიერება, პირდაპირ კავშირშია ქალის ასაკთან. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ინ ვიტრო განაყოფიერების შანსები, რისი მიზეზიც კვერცუჯრედის ხარისხის დაცემაა. შესაბამისად, როგორი მაღალი ხარისხის ემბრიონიც არ უნდა იყოს მორფოლოგიური შეფასებით და როგორ საუკეთესო დროსაც არ უნდა მოხდეს მისი საშვილოსნოს ღრუში ჩანერგვა, ორსულობის დადგომის 100%-იანი გარანტია არ არსებობს.

რეპროდუქციული გენეტიკის განვიარებამ არაერთ ახალ ინფორმაციაზე მოგვცა წვდომა. ახლა უკვე ვიცით, რომ ქალის ასაკიდან გამომდინარე, ემბრიონების დაახლოებით 50-60%  არის ეუპლოიდური, ანუ მისი ქრომოსომული შიგთავსი არის ისეთი, რომ ემბრიონმა შეძლოს საშვილოსნოს ღრუში მიმაგრება და ორსულობის ბოლომდე მიყვანა. ყველა ემბრიონი არ არის ასეთი. ამიტომ ხდება რომ მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი კარგად არის, ზოგ წყვილს ორი თვე სჭირდება ორსულობის დასადგომად, ზოგს ერთი, ზოგს 12 და ა.შ. 35 წლის ასაკამდე დაორსულების შანსი ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში 15-17%-ია, 38 წლის ზემოთ ეს მაჩვენებელი 3-5 %-მდე ჩამოდის. ინ ვიტრო განაყოფიერებისას ჩვენ ვცდილობთ ავითვისოთ ქალის კვერცუჯრედების დარჩენილი მარაგი, რამენაირად ამოვარჩიოთ საუკეთესო და შეიქმნას საუკეთესო ხარისხის ემბრიონი. დღესდღეობით არსებობს ახალი ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში გადატანამდე ემბრიონის გენეტიკური მასალის შესწავლა და შეფასება გენეტიკური თვალსაზრისით. ამ დროს ხდება იმ ქრომოსომული პათოლოგიების აღმოჩენა, რომლებიც შესაძლოა ხელისშემშლელი იყოს ამ ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში ჩამაგრებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა, რადგან შესაძლოა ასეთი ემბრიონი მიემაგროს საშვილოსნოს, მაგრამ ორსულობა ვადამდე შეწყდეს. როგორც წესი, 8 კვირამდე შეწყვეტილი ორსულობების 60-70%-ში მიზეზი სწორედ ქრომოსომული პათოლოგიებია. ეს კვლევა კი საშუალებას გვაძლევს წინასწარ განვსაზღვროთ ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობის პოტენციალი. საშუალოდ, ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად ბავშვით სახლში წყვილების 35-45% მიდის. ორსულობა უფრო ბევრ შემთხვევაში დგება, თუმცა სამწუხაროდ, მისი ბოლომდე მიყვანა ყოველთვის ვერ ხერხდება. როგორც გითხარით, პროცედურის წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ესენია ქალის ასაკი, კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის ხარისხი, საშვილოსნოს მიმაგრების უნარი და ა.შ.

– ჩვენ ვსაუბრობდით ქალის ასაკზე და არ შემიძლია არ გკითხოთ იმ სასწაულებზე, რომელთა შესახებაც ბოლო პერიოდში გვესმის. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს 50-52 წლის ქალები აჩენენ. რასთან გვაქვს საქმე ასეთ დროს? ზოგჯერ ასეთი შემთხვევები ქალბატონებს ათამამებს და ისინი აგვიანებენ ექიმთან ვიზიტს.

ასეთი შემთხვევები ხდება, თუმცა ისინი იმდენად იშვიათია, რომ გეთანხმებით. ქალბატონები არ უნდა გათამამდნენ და არ უნდა ეგონოთ, რომ სწორედ მათ შემთხვევაში მოხდება სასწაული. ჩვენ დაორსულების გადადების მხოლოდ ფინანსური ფაქტორი ვახსენეთ, თუმცა ხშირია ამის გაკეთება კარიერული მიზნებიდან გამომდინარე. ძალიან ხშირად ქალბატონი შესაძლოა მოვიდეს და წარმოდგენა არ ჰქონდეს, რომ მისი რეპროდუქციული მარაგი ამოწურულია. შეიძლება ეს იყოს ასაკისმიერი, შესაძლოა ნაადრევი და ასაკის შეუსაბამო შედეგი. 40 წელი ზოგადად ახალგაზრდა ასაკია, მაგრამ არა რეპროდუქციული თვალსაზრისით. შესაძლოა ქალი ჯანმრთელია, მაგრამ აღარ აქვს რეპროდუქციული პოტენციალი. სწორედ ამიტომ ის ფაქტი, რომ მისმა მეზობელმა 50 წლის ასაკში ბავშვის გაჩენა შეძლო, არავის უნდა ამშვიდებდეს. ამ ასაკში ორსულობა რეპროდუქციულ ასაკს გაცდენილია და საჭიროა ორგანოთა ყველა სისტემის მუდმივი მონიტორინგი, მულტიდისციპლინური მიდგომა, ყველა სპეციალისტის შეკრება და ორსულობის ერთობლივი მართვა. ამ დროს ფასდება არა მხოლოდ გინეკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური სისტემები, არამედ ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსროვანი სისტემა და ა.შ. ბუნებრივია ასეთი პაციენტები გყოლია, თუმცა ეს იშვიათი შემთხვევებია და ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

რა ასაკის პაციენტმაც არ უნდა მოგვმართოს, რეპროდუქტოლოგები არ ვამბობთ, რომ არანაირი შანსი არ არსებობს, რადგან ეს არაეთიკურია. თუმცა ექიმმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ქალი და უთხრას, რომ ასაკიდან გამომდინარე ძალიან დაბალია არა მხოლოდ დაორსულების, არამედ ჯანმრთელი ემბრიონის მიღების და ორსულობის ბოლომდე მიყვანის შანსიც.

იმ შემთხვევაში, თუ საკვერცხის რეზერვი ბოლომდეა ამოწურული, ქალბატონები დამხმარე რეპროდუქციულ მეთოდს, კვერცუჯრედის დონაციას მიმართავენ. ასეთ დროს უფრო მაღალია როგორც ემბრიონის მიმაგრების, ასევე ორსულობის ბოლომდე მიყვანის შანსი, რადგან კვერცხუჯრედი ახალგაზრდა, გამართული რეპროდუქციული სისტემის მქონე ქალისაა. თუმცა მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არ არის ის ასაკი, როცა ქალმა ორსულობა უნდა დაგეგმოს.

– მინდა გკითხოთ ინსემინაციის, ანუ საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანის შესახებ. რას გვეტყვით ამ ცოტა მოძველებულ მეთოდზე, კიდევ თუ გამოიყენება ის?

ინსემინაცია დამხმარე რეპროდუქციული მეთოდია, რომლის  გამოყენების დროსაც საშვილოსნოში გადაიტანება არა ემბრიონი, არამედ დამუშავებული სპერმა. ვერ ვიტყვი,რომ ინსემინაცია მოძველებული მეთოდია, უბრალოდ მას აქვს თავისი ადგილი და დრო. თუ სახეზეა ის შემთხვევა, როდესაც ქალი ახალგაზრდაა, ანალიზები და მაჩვენებლები ნორმაში აქვს, თუ სპერმის მაჩვენებლებიც ნორმალურია, ასეთ დროს ინსემინაცია დიდად ვერ გაზრდის დაორსულების შანსებს. მას მკაცრი ჩვენებები აქვს. ინსემინაცია გამოიყენება მაშინ, როდესაც მამაკაცს აქვს მსუბუქი პრობლემები, თუმცა ქალის სისტემა გამართულია, მილები გამტარია, ფოლიკული ნორმალურად მწიფდება და ენდომეტრიუმის სისქე კარგია. ასეთ დროს ხდება უკეთესი სპერმატოზოიდების ამორჩევა და საშვილოსნოს ღრუში გადატანა, რითიც იზრდება ორსულობის დადგომის შანსი. ინსემინაცია გამოიყენება მაშინაც, როდესაც ვერ ხერხდება სრულფასოვანი აქტის ჩატარება. თუ ეს მეთოდი გამოიყენება იქ, სადაც მისი ჩვენებაა, მას თავისი ნიშა კვლავ უჭირავს. ყველა მეთოდის გამოყენებას თავისი დრო და ადგილი აქვს, მათ შორის ამ მეთოდის გამოყენებასაც. უბრალოდ საჭიროა პროცედურის სწორად დაგეგმვა და ჩატარება მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, ვისთვისაც ამას აზრი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები