LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სჭირდება თუ არა ყველა ბავშვს გრიპის აცრა – პედიატრი ეკა ყიფიანი სეზონის მთავარ კითხვას პასუხობს

10
eka-yifiani-stumrad-eqimtan

რა უნდა ვიცოდეთ გრიპის ვაქცინის შესახებ, რა ასაკიდან არის რეკომენდებული ვაქცინაცია, რა დროს არ შეიძლება აიცრას ბავშვი, რა ტიპის გართულებებისგან გვიცავს ვაქცინა და შესაძლებელია თუ არა, ბავშვი ავცრათ ბინაზე – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” ,,სასწრაფო პედიატრის” ხარისხის მართვის განყოფილების უფროსმა, პედიატრმა ეკა ყიფიანმა უპასუხა.

ეკა, დავიწყოთ მთავარი კითხვით, რა ტიპის გრიპის ვირუსს ველოდებით წელს და რამდენად აგრესიული იქნება ის ?

წინასწარ პროგნოზის გაკეთება, თუ როგორი და რა ტიპის ვირუსი გავრცელდება, რთულია.  გრიპის ვირუსს სახეცვლილების ძალიან დიდი უნარი გააჩნია. ჯერ არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს. ფაქტია, რომ ზამთრის სეზონი არ გადის ხოლმე გრიპის ვირუსის გარეშე, მაგრამ ის ფაქტი, რომ იმუნიზაციის სპექტრი წლიდან წლამდე იზრდება, უკვე კარგის ნიშანია და ამას მოწმობს ისიც, რომ  მძიმე რესპირაციული ვირუსი გადავავადეთ.

რა დროს არის რეკომენდებული გრიპის აცრა და რამდენ ხანში იწყებს ის მოქმედებას ?

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე წლებია შემოვიდა. ეს არის ყველაზე უსაფრთხო ტიპის დაცვა ამ მძიმე რესპირატორული ვირუსისგან. ვაქცინაციისთვის რეკომენდებული პერიოდია ოქტომბერი. წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ნოემბერში უკვე ფიქსირდება ხოლმე გრიპის ვირუსი.  ვაქცინაციიდან ორი კვირაა საჭირო, რათა ორგანიზმმა ანტისხეულები გამოიმუშაოს, ანუ გვქონდეს მზაობა კონკრეტული შტამის გრიპის ვირუსზე, რომელიც ყველაზე აგრესიულია თავისი მიმდინარეობით.ვაქცინაციის შემდეგ  მყარი იმუნიტეტი 6 თვიდან 1 წლამდე ნარჩუნდება.

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ 3 და 4 ვალენტიან ვაქცინაზე, რა უპირატესობა აქვს მას?

სართველოში ორი ტიპის ვაქცინა შემოდის, ფრანგული და ჰოლანდიური. ორივე მათგანი არის ძალიან მაღალი სტანდარტის,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ლიცენზირებული.

ზოგადად ოთხი ტიპის გრიპის ვირუსი არსებობს, (ა,ბ,ც,დ) ადამიანს ემართება ა და ბ ტიპის ვირუსი. თითოეული ეს ტიპი განიცდის მუდმივ ცვალებადობას, მათი დნმ სტრუქტურა არის ძალიან ცვალებადი, ამიტომ ყოველ წელს განახლებული ვაქცინა იქმნება.

3 ვალენტიანი ვაქცინა არის სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ იყოთ დაცული გრიპის ვირუსისგან.

ასაკობრივ შეზღუდვას რაც შეეხება, 4 ვალენტიან ვაქცინას ანოტაციაში უწერია, რომ 3 წლის ზემოთ უნდა გამოვიყენოთ. 3 ვალენტიანი ვაქცინა კი, 6 თვიდან ზემოთ უპრობლემოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ვის შეუძლია გრიპის ვაქცინის გაკეთება ბინაზე და ვისთვისაა ,,სასწრაფო პედიატრისეს სერვისი ?

სერვისი იმუნიზაცია ბინაზე ეხება მხოლოდ გრიპის ვირუსს, ჩვენ ვცდილობთ პატარებს შევუქმნათ კომფორტული და არა სტრესული გარემო. წინა წელს 1000-ზე მეტი ბავშვი ავცერით ბინაზე.  დაწყებულ სეზონსაც ვხვდებით მომზადებულად, უკვე 200-ზე მეტი ბავშვი აიცრა.

ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა იმის შესახებ,  რამდენად რეკომენდირებულია ბინაზე აცრა. ამ სერვისის გამოყენების საშუალებას გვაძლევს გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სრული ტექნიკით აღჭურვილი ექიმი და ასევე,  ექიმის თანაშემწე, რომლებიც იმყოფებიან ბინაზე ვაქცინაციის პროცესში. აუცილებელია იყოს დაცული ,,ცივი ჯაჭვი”. არ იფიქროთ, რომ შეგიძლია იყიდოთ ვაქცინა, წაიღოთ სახლში, და გაიკეთოთ, ეს ასე არ არის რა თქმა უნდა. აუცილებელია ბინაზე იყოს ექიმი, რათა პაციენტმა რისკ-ფაქტორების აცილებით, კომფორტულად მიიღოს ეს მომსახურება.

რა დროს არ შეიძლება აიცრას ბავშვი?

აცრის უკუჩვენებები ძალიან ცოტაა, შესაბამისად იშვიათ შემთხვევებში გვიწევს აცრის გადავადება. თუ უშუალოდ გრიპის ვირუსის ვაქცინაზე ვსაუბრობთ, ერთადერთი, როდესაც ვთვლით, რომ ბავშვი არ უნდა აიცრას, ეს არის ნებისმიერი სისტემის მწვავედ მიმდინარე დაავადება. ისეთი ნარჩენი მოვლენები, როგორიცაა ერთეული ხველა, ცხვირიდან გამონადენი, მთელი სეზონი რჩებათ ხოლმე ბავშვებს, ეს უკუჩვენება არ არის. ტემპერატურის ნორმალიზებიდან 48 საათის შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ ბავშვი აცრათ.

რა ასაკიდან უწევთ რეკომენდაციას აცრის გაკეთებას?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, რომელიც კვლევებით არის დადასტურებული, რისკ-ჯგუფებში, მოიაზრება 5 წლამდე ასაკის ბავშვები. განსაკუთრებით ჩაშლილია 2 წლამდე ასაკი, 6 თვემდე ბავშვებს ჩვენ ვერ ვცრით, რადგან ამის უფლებას ვაქცინის შემადგენლობა არ გვაძლევს. სწორედ 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდი არის ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფი, როდესაც   შეიძლება ბავშვს გრიპი გაურთულდეს. გართულების ყველაზე ხშირი გამოვლინება ამ ასაკობრივ ჯგუფში არის ოტიტი, პნევმონია, მენინგიტი. ეს არის ის მდგომარეობები, რომელიც შეიძლება ძალიან სავალალოდ დასრულდეს. რისკ-ჯგუფში შედიან ასევე რაიმე თანმხლები დაავადების მქონე ბავშვები, ასევე 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები და ნებისმიერი ასაკის ადამიანი, რომელსაც აქვს გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემა, დიაბეტი თუ სხვა ნებისმიერი ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გრიპის ვირუსის დროს ორმაგად იჩენს ხოლმე თავს და როგორც წესი, სამწუხაროდ ლეტალურია.

როდესაც ვსაუბრობთ ხშირად მოავადე ბავშვების აცრაზე, პირველ რიგში განვსაზღვროთ ხშირად მოავადე ბავშვის სტატუსი. თუ ბავშვმა წლის მანძილზე თორმეტჯერ იავადა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას სუსტი იმუნიტეტი აქვს, სჭირდება კვებითი დანამატები ან ვიტამინები. თუ ეს არის ბანალური ვიურსი, მას არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და ანტიბიოტიკო თერაპია. როდესაც ვსაუბრობთ სკოლის მოსწავლეზე, რომელსაც აქვს სოციალურ გარემოსთან შეხება და არსებობს რისკი, რომ მან აიღოს გრიპის ვირუსი, ის უნდა ავცრათ. ამ დროს ის დაცული იქნება იმ გართულებებისგან, რაც ამ ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს.

რა ძირითადი განსხვავებაა გრიპსა და გაციებას შორის?

მსგავსება არსებობს ყველა იმ ვირუსს შორის, რომელიც სეზონურად იწყება. ძირითადი განსხვავება შემდეგში მდგომარეობს. გრიპის ვირუსი იწყება მაღალი ტემპერატურით, 38 და ზემოთ, ამას ახლავს ძლიერი შემცივნება, რასაც პერიფერიულ სპაზმს ვეძახით. პატარებს აუჭრელდებათ ხოლმე ხელ-ფეხი, შეიძლება ფიბრილური გულყრაც განვითარეს, არის ძლიერი ინტოქსიკაცია, გულისრევა, თითქოს ხელის შეხებითაც კი თითოეული ადგილი მტკივნეულია ბავშვისთვის. ეს ყველაფერი ბანალურ სასუნთქი გზებით მიმდინარე დაავადებებს არ ახასიათებს. გრიპს ახასიათებს ორგანიზმში სწრაფად გავრცელების უნარი, გრიპის ვირუსი გრძელდება 5 დან 7 დღემდე, ბანალური ვირუსული ინფექციის დროს კი, 48 საათში უკვე დადებითი დინამიკა შეინიშნება.

როგორ დიაგნოსტირდება გრიპის ვირუსი?

გრიპის დიაგნოზი კლინიკური სიმპტომატიკით ისმევა, ასევე არსებობს გრიპის სწრაფი ტესტი, რომელიც არაინვაზიურია და 10 წუთში გვაქვს პასუხი, რომელი ტიპის გრიპის ვირუსთან გვაქვს საქმე. ეს ტესტი ვალიდურია და 90%-იანი სიზუსტე ახასიათებს.

როგორია გრიპის მკურნალობის სქემა და რა დროს ინიშნება ანტიბიოტიკები?

კარგია, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს მედიკამენტი, რომელიც ვიცით, რომ კარგად მოქმედებს ამ ვირუსზე. მართალია მისი ტოქსიკურობა საკმაოდ დიდია, მაგრამ თუ შევადარებთ ამ მედიკამენტის გვერდით მოვლენებს და გრიპის გართულებებს, აქ არჩევანი ძალიან მარტივია. გასათვალისწინებელია, რომ მედიკამენტს ყველაზე კარგი შედეგი პირველ 24-48 საათში აქვს, ანუ მკურნალობა უნდა დაიწყოს დროულად.

აქვს თუ არა რაიმე უკუჩვენება გრიპის ვაქცინას?

გრიპის ვაქცინა არის აბსოლიტურად უსაფრთხო, ამის დასტურია ის, რომ ჩვენ ვცრით ორსულებს, ნებისმიერი პერიოდის ორსულს. რაც შეეხება იმუნიტეტის გამომუშავებას, მშობლების ნაწილი თავს იკავებს არა მხოლოდ გრიპის, არამედ ზოგადად ვაქცინაციისგან, რაც ძალიან სამწუხაროა. კონკრეტულად გრიპს რომ შევეხოთ, ვაქცინას პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი ეფექტი,  გართულება არ ახასიათებს, ერთადერთი რაც მას უკუჩვენებებში უწერია, ეს გახლავთ მძიმე ალერგიული რეაქცია კვერცხის ცილაზე.ექიმები  გთავაზობენ, რომ ბავშვმა იმუნიტეტი ვაქცინის საშუალებით გამოიმუშაოს, ყოველგვარი 7 დღიანი ავადობის გარეშე, მოსალოდნელი გართულებების ალბათობით.

კიდევ რა ტიპის მომსახურებას მივიღებთ ბინაზესასწრაფო პედიატრისმეშვეობით?

სასწრაფო პედიატრის მთავარი განმასხვავებელი ნიშა ჩვეულებრივი 112-სგან გახლავთ ის, რომ ვემსახურებით მხოლოდ ბავშვებს და გამოძახებაზე მიდის კვალიფიციური, თანამედროვე მედიცინის მიმდევარი, გადამზადებული ექიმი პედიატრი. სერვისებს რაც შეეხება, თქვენ ბინაზე შეგიძლიათ გაიკეთოთ ანალიზები მარტივად, უმტკივნეულოდ,  ვალიდურ ლაბორატორიაში მიღებული პასუხები კი იმ დღესვე მისდის მშობელს შეტყობინების სახით. ასევე, გლუკომეტრია, პულსოქციმეტრია, ჟანგბადით გაჯერება როგორ ხდება სისხლში, ნებულაიზერო თერაპია, როდესაც ბავშვს სჭირდება საინჰალაციო პრეპარატი, ჭრილობის დამუშავება არა ქირურგიულად, თვალის დათვალიერება, ოტოსკოპია და ა.შ. პრაქტიკულად მიმღები, ემერჯენს განყოფილება გადავიტანეთ ბინაში. რიგ შემთხვევებში, როდესაც კლინიკას გვერდს ვერ ვუვლით და ასეთ დროს ბავშვი ჩვენს თავად გადაგვყავს საავადმყოფოში.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 112-სგან განსხვავებით სასწრაფო პერიატრის ექიმები სვამენ დიაგნოზს და წერენ დანიშნულებას, ასევე ვანხორციელებთ  მონიტორინგს სრულ გამოჯანმრთელებამდე. სასწრაფო პედიატრის მთავარი მიზანი და ნიშა გახლავთ სწორედ ის, რომ მშობელს არ ვტოვებთ მარტო და მხოლოდ 20 წუთიანი სასწრაფო დახმარებით არ შემოვიფარგლებით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები