LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქო, ჭარბი წონა და კიდევ რა უწყობს ხელს ვენების ქრონიკულ დაავადებას – მამუკა ბოკუჩავას რეკომენდაციები გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

22
mamukabokuchava

გადაცემის LIVE

რა უნდა ვიცოდეთ ვენების ქრონიკული დაავადების შესახებ, რა სიმპტომებით ვლინდება ის, ვინ შედის რისკ ჯგუფში და როგორ მიდის მკურნალობა – ამ თემაზე გადაცემაშისტუმრად ექიმთანბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა მამუკა ბოკუჩავამ ისაუბრა.

 – ბატონო მამუკა, პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ გადაცემაში სტუმრობისათვის, საუბარი კი მინდა ქრონიკული ვენური დაავადების მთავარი სიმპტომებით დავიწყოთ. ვიცით, რომ სიმპტომები, რომელსაც ყველაზე ხშირად უკავშირებენ ვენების ქრონიკულ დაავადებებს, არის სიმძიმე ქვედა კიდურებში,  შეშუპება, წვის და ტკივილის შეგრძნება… მეტყველებს თუ არა ეს სიმპტომები ყოველთვის იმაზე, რომ საქმე გვაქვს ვენების ქრონიკულ დაავადებასთან?

პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გეტყვით მოწვევისათვის. თვითონ ეს პათოლოგია, ქრონიკული ვენური დაავადება ძალიან გავრცელებულია, მას აქვს ექვსი სხვადასხვა კლასი, სტადიურობიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ პაციენტთა ძალიან დიდ ნაწილს, დაახლოებით 50-60%-ს ვიზუალური გამოვლინებები, მაგალითად ობობისებრი კაპილარები, ვარიკოზი ან პიგმენტაციის შეცვლა არ აღენიშნება, თუმცა აქვთ ის სიმპტომები, რომლებიც უკვე აღნიშნეთ. ეს სიმპტომები ზოგადად პაციენტთა პოპულაციას აღენიშნება, დაახლოებით 70%ს. სიმპტომების გაჩენისთანავე სასურველია მათ მიმართონ ექიმს, თუ კონკრეტულად ჩვენი სფეროს წარმომადგენელს არა, ზოგადი პროფილის ექიმს მაინც, რომელიც დაიწყებს დაავადების საწყისი სტადიის მართვას.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ძალიან გავრცელებული პათოლოგიაა. საიდან ჩნდება ეს დაავადება, საიდან იღებს სათავეს? აქვს თუ არა მნიშვნელობა გენეტიკურ განწყობას, არის თუ არა სტატისტიკა, რომელიც ამბობს, თუ რა ასაკის და სქესის ადამიანებში უფრო ხშირად გვხვდება ქრონიკული ვენური დაავადება? შესაძლებელია თუ არა გარკვეული ზომების მიღება მის თავიდან ასაცილებლად?

გენდერულ შეფარდებას აქვს მნიშვნელობა, რადგან ამ დაავადებით ქალები უფრო ხშირად ავადობენ, ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი კი ორსულობაა და რაც მეტია ორსულობების რაოდენობა, მით უფრო მეტია დაავადების განვითარების სიხშირე. რაც შეეხება რაოდენობას, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 70-80%-ს აღენიშნება ეს დაავადება რაიმე ფორმით მაინც და მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ბევრი რამ კეთდება მის ადრეულ სტადიაზე აღმოსაჩენად და ქრონიკულ ვენურ დაავადებასთან საბრძოლველად, დაავადება ძალიან გაახალგაზრდავდა. ძალიან მოიმატა ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობამ. გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანია, თუკი წინა თაობებში იყო ვინმე ამ პრობლემით, განსაკუთრებით დედა, დიდია მისი განვითარების რისკი. ქალბატონებთან, რომლებსაც აქვთ გენეტიკური განწყობა, შესაძლოა პრობელემები ორსულობის დროს გამოჩნდეს თვალსაჩინოდ. როგორც აღვნიშნე, სამწუხაროდ დაავადება გაახალგაზრდავდა. 13-14 წლის ბავშვებიც კი მოუყვანიათ ჩვენთან ამ პრობლემით, თუმცა თუ ეს არ არის რაიმე გადაუდებელი საჭიროება, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს, ამ ასაკში ჩარევებს ვერიდებით და პაციენტს ვაცლით გაზრდას 18 წლის ასაკამდე.

 

– მინდა გკითხოთ დაავადების ადრეული სტადიის და მისი მკურნალობის შესახებ. რა ტიპის მკურნალობაა ეს და როგორი შედეგი მოაქვს მას, პრობლემა აღმოიფხვრება მთლიანად თუ მუდმივად მართვა და ყურადღება უნდა?

ადრეულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სტატისტიკის თანახმად, თუ დაავადება დროზე არ იქნა აღმოჩენილი და ნამკურნალევი, დაავადებულთა 4% ყოველწლიურად უფრო შორს წასულ ფორმაში გადადის. ამიტომ თავიდანვე, როდესაც პაციენტს უჩნდება ეს სიმპტომები, თუნდაც არ ჰქონდეს არანაირი ვიზუალური გამოვლინება, მან უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს. როდესაც ოჯახის ექიმი ადრეულ სტადიაზე იწყებს დაავადების მართვას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებას და პაციენტისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის რეკომენდაციის მიცემას. გარდა ამისა, თუ პაციენტს აქვს ჭარბი წონა, მან აუცილებლად უნდა მოახდინოს ამ პრობლემის გადაჭრა. თუ სამსახურიდან გამომდინარე, ადამიანი მუდმივად ზის, მან სამსახურიდან თავისუფალ დროს ბევრი უნდა იაროს ფეხით, იყოს ფიზიკურად აქტიური, რომ სამსახურის დროს მუდმივი ჯდომა რამენაირად დააბალანსოს. უარი უნდა ვთქვათ მავნე ჩვევებზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე და ა.შ. ზოგადი პროფილის ექიმების გამოკითხვის სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დაავადების საწყისი ფორმების მართვას ისინი სწორედ ამ რეკომენდაციებით იწყებენ. ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს დაავადების პროგრესირების პრევენცია.

– ცხოვრების ჯანსაღი წესი მხოლოდ დაავადების პროგრესირების პრევენციას ახდენს თუ თავად დაავადების პრევენციასაც? თუ არ გვაქვს ქრონიკული ვენური დაავადება ცხოვრების ჯანსაღი წესი დაგვიცავს მისი განვითარებისგან? ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, უარის თქმა თამბაქოზე – ეს ყველაფერი მართლა მუშაობს?

რასაკვირველია, ეს რეალურად მუშაობს და ძალიან მნიშვნელოვანია. რასაკვირველია ფიზიკური დატვირთვა უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც სახეზეა პირველი სიმპტომები, მაგრამ ჯერ არ არის კლინიკური მანიფესტაცია. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე მეც ვცდილობ, რომ რაღაც თავისუფალი დრო გამოვნახო და ფიზიკურად დავიტვირთო. ფიზიკური დატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სისხლძარღვების დაავადებების პრევენციისათვის. აქტიური სპორტით დაკავებული ადამიანების რიცხვი სულ უფრო იმატებს და რასაკვირველია ეს ძალიან მისასალმებელია, რადგან მხოლოდ ჩვენ, სისხლძარღვთა ქირურგები ვერ გამოვასწორებთ ამ მხრივ არსებულ ვითარებას, გამომდინარე პაციენტების რაოდენობიდან. მნიშვნელოვანია, რომ მათ თავადაც შეგვიწყონ ხელი. ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ვარჯიშობენ და სპორტით არიან დაკავებული. მიხარია, რომ მათი რაოდენობა იზრდება.

– მინდა გკითხოთ იმ მომენტის შესახებ, როდესაც დაავადება უკვე ვიზუალურადაც ვლინდება, მაგალითად სახეზეა შეშუპებული ფეხები ან ამოწეული ვენები. ამ დროს რა გამოსავალი არსებობს, როგორ მიდის მკურნალობა და როდის ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა, როგორ ხდება მკურნალობა მედიკამენტებით, რათა მოხდეს იმის კორექცია, რაც დარღვეულია?

დაავადების დეფინიცია ანუ განმარტება არის ვენების ქრონიკული დაავადება. ძალიან ხშირად ჩვენთან მოსულ ადამიანებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ერთი ჩარევით დასრულდება ამ დაავადებასთან ბრძოლა, მაგრამ ეს ასე არ არის. ქრონიკული ვენური დაავადების მქონე პაციენტთა მხოლოდ 25-30% საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, დანარჩენები კი საჭიროებენ ე.წ. კომპლექსურ თერაპიას, რაც ითვალისწინებს როგორც მედიკამენტოზურ მკურნალობას, ასევე კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარებას, ადგილობრივ პროცედურებს და გარკვეულ ქირურგიულ მანიპულაციებს, მაგალითად მცირე ინვაზიურ ჩარევებს, სკლეროთერაპიას და ა.შ. თვითონ ოპერაციული ჩარევაც არ გულისხმობს პაციენტის სრულად განკურნებას, ოპერაციის შემდგომაც არის საჭირო გარკვეული დრო. დაავადება სამართავად ძალიან რთულია და მის დასამარცხებლად კომპლექსური მკურნალობაა საჭირო. თითოეულ პაციენტთან მიმართებაში ყველა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება, გამომდინარე ვითარების სიმძიმიდან. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ პაციენტს გაუკეთდება ოპერაცია და მოიშორებს ამ პრობლემას, არ შეუძლება. დაავადებასთან ბრძოლა საჭიროა კომპლექსურად, პაციენტმა უნდა იცხოვროს აქტიური ცხოვრების სტილით, უარი თქვას მავნე ჩვევებზე, მოიშოროს რისკ-ფაქტორები და შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. დაავადება არის ქრონიკული და მის მკურნალობას დიდი დრო სჭირდება, თუმცა ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ექიმის მითითებებს ემორჩილება და რეკომენდაციებს ასრულებს.

– რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ექიმთან მისვლის და მკურნალობის დაწყების გადავადებამ?

როგორც წეღან აღვნიშნე, ამ დაავადებას 6 სტადია აქვს. ყველაზე რთულ, ბოლო სტადიას თან ახლავს ღია ტროფიკული წყულული. საბედნიეროდ ასეთი ფორმა მხოლოდ დაავადებულთა 2%-ში ვითარდება. წყლული ხანგრძლივად შეხორცებადია, მისი მოვლა ძალიან დიდ დროს და მოთმინებას, ასევე ფინანსებს საჭიროებს. წყლულის მოვლას სჭირდება სპეციფიკური პირობები, კიდურების ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაჩერება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად წყლული ადამიანს და სავარაუდოდ მისი ოჯახის იმ წევრს, რომელიც მას უვლის, აკარგვინებს შრომისუნარიანობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმა, გარდა ამისა, არსებობს დაავადების გამწვავებული ფორმა, თრომბოზის განვითარება, რომელიც მეორე უკიდურესი გართულებაა. მან შეიძლება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და სამწუხაროდ ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს. ეს არ არის სახუმარო დაავადება. პაციენტების ძირითადი ნაწილი დაავადების ადრეულ სტადიაზეა, თუმცა ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მას ყურადღება არ მივაქციოთ, ეს ყველაფერი საყურადღებოა.

– არის თუ არა კაპილარული ქსელის არსებობა ოპერაციის ჩვენება? რა წარმოადგენს ქირურგიული ჩარევის საჭიროებას?

თუ პაციენტს კიდურებზე აქვს კაპილარული ქსელი, მას ესაჭიროება ერთი კვლევა, რომელიც ძირითად ინფორმაციას იძლევა სისხლძარღვოვანი სისტემის თუ მისი კონკრეტული უბნის მდგომარეობაზე და ქრონიკული ვენური დაავადების სტადიურობაზე. ეს არის დუპლექს-სკანირება, ანუ სისხლძარღვების ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, რომელიც იძლევა სრულ სურათს. სწორედ მის საფუძველზე წყვეტს ექიმი, საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი პაციენტი კვლევას და სპეციალისტის კონსულტაციას საჭიროებს. თუ პაციენტთან კანქვეშა ვენური სისტემა ნორმალურად ფუნქციონირებს და სარქვლოვანი აპარატი ნორმალურად მუშაობს, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ოპერაცია არ დაგვჭირდეს და მოხდეს მხოლოდ მცირე ინვაზიური ჩარევა. იმ შემთხვევაში, თუ სარქველების ნორმალური მუშაობა დარღვეულია, სახეზეა ე.წ.“რეფლუქსი”, ანუ სისხლის უკუდინება და სარქველი მხოლოდ ერთი მიმართულებით განაპირობებს სისხლის მოძრაობას ცენტრიდან პერიფერიისკენ, თუ ხდება სისხლის შეგუბება, ასეთ შემთხვევაში რასაკვირველია საჭიროა ოპერაციის ჩატარება. ამასთან დაკავშირებით რასაკვირველია ექიმი იღებს გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თუ პაციენტი პოსტოპერაციულ პერიოდში ექიმის დანიშნულებას და რეკომენდაციას არ ასრულებს, მას შესაძლოა რეციდიული ვენები განუვითარდეს არა იმ ადგილას, სადაც ოპერაცია გაკეთდა, არამედ სხვა მიდამოში. შესაბამნისად რეკომენდაციების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან დაავადება ქრონიკულია და თუ ექიმის მითითებეს არ დაიცავს, პაციენტს შესაძლოა კიდევ დასჭირდეს ქირურგიული ჩარევები.

– პროფილაქტიკური ღონიძიებების შესახებ რას გვეტყვით? ზოგჯერ ადამიანები პრევენციისთვის გარკვეულ საცხებს და მალამოებს იყენებენ…

ადგილობრივი საშუალებების გამოყენება შეიძლება მას შემდეგ, რაც ადამიანმა გაიარა კონსულტაცია სპეციალისტთან და თვალყურს ადევნებს საკუთარ მდგომარეობას, იცავს რეკომენდაციებს, რის ხარჯზეც მისი მდგომარეობა არ უარესდება და წელიწადის ცხელ სეზონზე იგი უბრალოდ ადგილობრივი საშუალებების გამოყენებით ინარჩუნებს სტატუს ქვოს. სპეციალისტის კონსულტაცია ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.

– თქვენ ბრძანეთ, რომ ოპერაციის ჩატარების შემდეგაც საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა და რეკომენდაციების დაცვა. რატომ კეთდება მაშინ ოპერაცია, რა შედეგი აქვს მას?

ძალიან ხშირად ოპერაციის ჩვენება კოსმეტიკურია. როდესაც ჩვენთან ახალგაზრდა ქალბატონები მოდიან, მათ ვიზუალური მხარის გამოსწორება სურთ. ამ დროს ჩვენ მათ აუცილებლად ვეკითხებით იმის შესახებ, თუ რამდენჯერ იყვნენ ორსულად ან გეგმავენ თუ არა ორსულობას კიდევ. როდესაც საქმე მხოლოდ ვიზუალურ პრობლემას ეხება, ჩვენ ვიცდით იქამდე, ვიდრე ქალბატონი არ გაივლის ორსულობების ეტაპს, რადგან ყველა მომდევნო ორსულობის შემდეგ შესაძლოა ახალი ვარიკოზული ვენები გამოჩნდეს.

არის ჩვენება, როდესაც ოპერაცია საჭიროა ჯანმრთელობის მდოგმარეობიდან გამომდინარე. როცა სახეზეა ტროფიკული წყლული, რომლის შეხორცებასაც ხელს შესაძლოა რეფლუქსია, ანუ სისხლის უკუდინება უშლიდეს, დაზიანებული ვენის ამოკვეთას წყლულის შეხორცების მნიშვნელოვნად დაჩქარება შეუზლია, ამიტომ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზია ვარიკოზული ვენები და ამას დამატებული შეშუპება. შეშუპების ერთ-ერთი მიზეზი სისხლის პათოლოგიური უკუდინებაა და ამ ფაქტორის მოშორება მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

– რას ცვლის ეს დაავადება ადამიანის ცხოვრებაში? რას გვიკრძალავს ვენების ქრონიკული დაავადება? მაგალითად იყო კითხვა შემოსული იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ამ დაავადების მქონე ადამიანისთვის გარუჯვა, თხილამურებით სრიალი ან აქტიური ფიზიკური ვარჯიში?

ვარჯიში და აქტიური დატვირთვა სასარგებლო და აუცილებელია. ცურვა, ვარჯიში, სირბილი, განსაკუთრებით ის აქტივობები, რომლებიც კანჭის კუნთების აქტიურ მუშაობას იწვევს, დიდ როლს ასრულებს ამ დაავადებასთან ბრზოლაში, რადგან სწორედ კანჭის კუნთები ასრულებს ტუმბოს როლს და ორგანიზმს ეხმარება ვენური სისხლის სწორი მიმართულებით, ანუ ტერფიდან გულისკენ გადასროლაში. ნებადართულია გარუჯვაც, თუმცა ეს არ უნდა იყოს კანის დამწვერობამდე მიყვანილი.

რაც შეეხება პირველ შეკითხვას გეტყვით, რომ სტატისტიკის თანახმად ქრონიკული ვენური დაავადების რთული ფორმები ნორმალური ცხოვრების უნარს და ხარისხს იმაზე მეტად აქვეითებს, ვიდრე ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორებიცაა გულის უკმარისობა, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში ავთვისებიანი სიმსივნეც კი. ეს დაავადება უფრო მეტად თრგუნავს პაციენტის შრომისუნარიანობას და ცხოვრების აქტიურ რეჟიმს, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც დაავადების რთული ფორმების ჩამოყალიბებას აგვაცილებს თავიდან.

– აქვს თუ არა ქრონიკულ ვენურ დაავადებას თანმხლები დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებით ართულებენ მის მართვას?

რასაკვირველია აქვს. ასეთი დაავადებაა მაგალითად შაქრიანი დიაბეტი. ასევე გულის უკმარისობა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები, დაავადებები, რომლებიც პაციენტს უზღუდავს გადაადგილებას, რაც მას შესაბამისად ხელს უშლის მოძრაობაში და აქტივობებს, რომლებიც პაცინეტს ესაჭიროება ვენური პრობლემებიდან გამომდინარე, ის ვერ ახორციელებს. თანხმლები დაავადება შეიძლება იყოს პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიები, რომლებიც ასევე საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.

– თქვენი საუბრის შემდეგ ჩვენ უკვე ვიცით, რომ პირველად სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მივმართოთ ექიმს, ვიცით, ვინ არის რისკ-ჯგუფში და რა ტიპის გამოსავალი არსებობს ამ დროს, ასევე გავიგეთ რა დროს შეიძლება ჩატარდეს ოპერაცია. როგორც მივხვდი თქვენ მაქსიმალურად ერიდებით ქირურგიულ ჩარევას…

მინდა რომ მსმენელმა სწორად გაიგოს , ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ეს სისხლძარღვთა ქირურგების აზრია მსოფლიოს მასშტაბით – ყველა პაციენტს ქრონიკული ვენური დაავადებით ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. ასეთი საერთო რაოდენობის მხოლოდ 25-30%-ია. თუმცა რასაკვირველია თუ არსებობს ჩვენება, ოპერაცია უნდა ჩატარდეს. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ერთი ოპერაციით ეს პრობლემა არ გვარდება, რადგან საქმე გვაქვს ქრონიკულ დაავადებასთან. პოსტოპერაციულ პერიოდშიც საჭიროა პაციენტმა დაიცვას რეკომენდაციები,  საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობა და ზოგადად, კომპლექსური მიდგომა. თუ პაციენტი ბევრს და ხანგრძლივად მოგზაურობს თვითმფრინავით, მატარებლით ან მანქანით, გარკვეული პერიოდი მას სპეციალური ტრიკოტაჟის ტარებაც დასჭირდება… ყველაფერი ინდივიდუალურია, შეიძლება პაციენტს პირველი მომართვის დროს ოპერაცია არ სჭირდებოდეს, თუმცა თუ შემდეგ დაავადება პროგრესირებით წავა, დასჭირდეს.

საბედნიეროდ დღესდღეობით საქართველოში შემოსულია ყველა თანამედროვე ჩარევის მეთოდი, მაგალითად ლაზერული ან რადიოსიხშირული აბლაცია, ქაფით სკლეროთერაპია, ვენური ობლიტერაცია და ა.შ. თუ რომელი მეთოდი სჭირდება კონკრეტულ პაციენტს, დგინდება ინდივიდუალურად. გადაწყვეტილებას ექიმი იღებს საჭირო კვლევებზე დაყრდნობით, ყველაზე მნიშვნლოვანი კი როგორც გითხარით, არის ულტრაბგერითი კვლევა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები