LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების დახასიათება – ასტრომაგია

81
bzekalava

12 მარტს „ავტორადიომ“ და სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემამ, რომელიც თევზების ზოდიაქოს ნიშანს მიეძღვნა, სწორედ ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონს, მოდელს ლალი ტოტიკაშვილს უმასპინძლა.

თევზების ზოგადი დახასიათება 

თევზები – ზოდიაქოს მე-12, ერთ-ერთი ყველაზე რთული, ღრმა და ემოციური ნიშანია, რომელმაც დანარჩენი 11 ნიშანის თვისებები გააერთიანა. საოცრად ნიჭიერი, თუმცა ქაოტური ბუნების თევზები ხშირად ვერ ახერხებენ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას, ეჭვი ეპარებათ საკუთარ თავში და ჰგონიათ, რომ არაფერი გამოუვათ.

ზოდიაქოს ამ ნიშნის გრაფიკული გამოსახულება – ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მცურავი, თუმცა ერთმანეთზე გადაბმული ორი თევზი – გაორების სიმბოლოა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მის რთულ ხასიათზე, რადგან ხშირად გულით ერთი უნდა, გონებით კი, აბსოლუტურად სხვას ფიქრობს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა უმეტესობა საოცარი მაქსიმალისტია და წარმატებასაც სწორედ საკუთარი მონდომების, შეუპოვრობის წყალობით აღწევს, რადგან მუდმივ ბრძოლას და დინების საპირისპიროდ ცურვასაა მიჩვეული.

ლალი, თქვენ რამდენად ხშირად გიწევთ დინების საპირისპიროდ ცურვა?

სიმართლე ვთქვა, წინააღმდეგობებს იშვიათად ვაწყდები, საკუთარ თავთანაც სრული ჰარმონია მაქვს, რადგან ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა მინდა და მაქსიმალურად ვცდილობ მიზნის მიღწევას.

თავგანწირული თევზები 

პლანეტა ნეპტუნის მიერ მართულ თევზებს იშვიათი თავგანწირვა ახასიათებთ,  რადგან ყოველთვის თავისუფლად შეუძლიათ საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა საყვარელი ადამიანების სასარგებლოდ. განსაკუთრებული თავგანწირვით ქალბატონები გამოირჩევიან, რომელთაც უამრავის მიტევება, მოთმენა და დათმობა შეუძლიათ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რაიმეს ვერ ხვდებიან, რადგან ბრწყინვალე ინტუიციის პატრონები სინამდვილეში არასდროს ტყუვდებიან, თუ რა თქმა უნდა, თვითონ არ მოიტყუეს თავი. ამასთანავე, ნეპტუნის თანამმართველი იუპიტერის წყალობით, თევზებს პოზიტიურის რწმენის მოთხოვნილება აქვთ და გარშემომყოფებშიც მხოლოდ დადებით თვისებებს ხედავენ, მათი დუმილი – საფირმო „პირში წყლის დაგუბება“ კი, მოლოდინი და იმედია, რომ ადამაინი თვითონ მიხვდება შეცდომას და აუცილებლად მოინანიებს. თუმცა როცა მოთმინების ფიალა ევსებათ, კონფლიქტის, სკანდალების გარეშე მიდიან და სამუდამოდ ტოვებენ პარტნიორს.

ლალი, თქვენ რამდენად მომთმენი ხართ და მსგავსი თავგანწირვა თუ გახასიათებთ?

– ზოგადად, თევზები ძალიან სენტიმენტალური, ემოციური ნიშანია, რომელიც საკუთარი სურვილების უგულველყოფით ყოველთვის ზედმეტად ბევრს ზრუნავს სხვაზე. მე მსგავსი თავგანწირვა ნაკლებად მახასიათებს, თუმცა ყოველთვის სწრაფად ვერგები ყველას და ყველაფერს, მართლაც ძალიან ბევრის მოთმენა შემიძლია და წყენასაც სწრაფად ვივიწყებ, ადამიანებში კი, საუკეთესოს ვეძებ და ყოველთვის იმ დამოკიდებულებას ველი, როგორიც მე მაქვს მათ მიმართ.

ბუტია თევზები 

მართალია, ნაკლებად აგრესიული თევზები არასდროს ჰყვირიან და ჩხუბობენ, არ გამოხატავენ წყენას და ბრაზს, თუმცა ძალიან უყვართ გაბუტვა და გარშემომყოფებსაც ხშირად აგრძნობინებენ თავს დამნაშავედ.

ლალი, თქვენ როგორ გამოხატავთ წყენას?

ძალიან არ მიყვარს კონფლიქტები, ყოველთვის ვერიდები დაპირისპირებას და საქმის გარჩევას. არც ბუტია ვარ, წყენას კი, დუმილით გამოვხატავ, რადგან ვფიქრობ, დუმილი ყველაზე გარგად გამოხატავს ჩემს განწყობას და მიანიშნებს ადამიანს საკუთარ შეცდომაზე.

ფანტაზიორი თევზები 

ნეპტუნი ყოველთვის ღრმა ქვეცნობიერით და ბრწყინვალე ფანტაზიით აჯილდოვებს საკუთარი მფარველობის ქვეშ დაბადებულებს, ამიტომ ბავშვებაში მშობლები ხშირად ადანაშაულებენ თევზებს სიცრუეში. თუმცა სინამდვილეში,  მათ არა ტყუილები, არამედ გამომგონებლობა ახასიათებთ, ძალიან მოსწონთ ზღაპრები და ფანტასტიკური ისტორიები, უყვართ ოცნება და სჯერათ საოცრების.

ბრძენი თევზები 

კარმული ასტროლოგიის მიხედვით, ადამიანი, რომელიც თევზების ნიშნით იბადება ბოლო ინკარნაციას განიცდის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უდიდესი გამოცდილების პატრონი, პრაქტიკულად გაზრდილი იბადება, საოცრად ჭკვიანი და ნამდვილი ბრძენია.

მელანქოლიური თევზები 

თევზების დიდი ნაწილი მელანქოლიისკენაა მიდრეკილი, თუმცა მოწყენილობაშიც შეუძლია სიამოვნების პოვნა, რადგან ძალიან უყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი თევზები, რომლებიც არასდროს აწუხებენ გარშემომყოფებს საკუთარი არსებობით, ხშირად შეუმჩნეველი არიან, თუმცა მათი არყოფნა ყოველთვის ძალიან შესამჩნევია, რადგან სწორედ მათ გამოსდით ყველაზე კარგად მშვიდი და კომფორტული გარემოს შექმნა.

მანიპულატორი თევზები 

თევზებს მანიპულირების უნიკალური უნარი აქვთ, რასაც ზოგჯერ კეთილად, თუმცა ზოგჯერ ბორიტადაც იყენებენ. მართალია, არასდროს წუწუნებენ და არ ითხოვენ ყურადღებას, მაგრამ ძალიან უყვართ მსხვერპლის როლის თამაში და შესაბამის „დეკორაციასაც“ ქმნიან, რათა თხოვნის გარეშე მიიღონ სითბო და მზრუნველობა.

მართალია, ბევრი თვლის, რომ თევზები საშინელი უჟმურები არიან და ყოველთვის გაურბიან ურთიერთობას, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან უყვართ საუბარი, თუმცა არასდროს არიან კომუნიკაციის ინიციატორები.

ლალი, თქვენ რამდენად გახასიათებთ მელანქოლია?

გუნებაც იშვიათად მიფუჭდება და დეპრესიაც ნაკლებად მიპყრობს. ძალიან არ მიყვარს სახლში ჩაკეტვა და ყოველთვის მეგობრების წრეში მირჩევნია გართობა.

თევზების მავნე ჩვევები 

პლანეტა ნეპტუნს დადებითთან ერთად საკმაოდ ბევრი უარყოფითი თვისებაც აქვს და მხოლოდ ადამიანზეა დამოკიდებული რას განავითარებს საკუთარ თავში. ნეპტუნი ილუზიების სიმბოლოდ ითვლება ამიტომ თევზები ხშირად გაურბიან რეალობას, რომელიც ზედმეტად სასტიკად ეჩვენებათ. სხვათაშორის, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა ჯანმრთელობის მთავარი პრობლემა სწორედ თვალები და ცუდი მხედველობაა, რადგან ყოველთვის ცდილობენ თვალი მოარიდონ არასასიამოვნო რეალობას.

გულჩვილი და მგრძნობიარე თევზები თავისებურად ცდილობენ ყოველდღიურობისგან თავის დაღწევას – ზოგი ხელოვნებით ანუ ალტერნატიული რეალობითა ინტერესდება, ის კი, ვისაც ხელოვნება არ იტაცებს, აუცილებლად ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში პოულობს გადარჩენას. სამწუხაროდ, თევზებს ძალიან უჭირთ დამღუპველი ჩვევისგან თავის დაღწევა და ხშირად ეწირებიან კიდეც მას.

ალკოჰოლით გატაცების კიდევ ერთი მიზეზი – საოცარი ტალანტის ვერ გამოყენებაა, რადგან მორცხვი და მორიდებული თევზები მუდმივად იმ ადამაინების ლოდინში არიან, ვინც ნიჭის გამოვლენაში დაეხმარება, მარტო დარჩენილებს კი, იმედი უცრუვდებათ და სასოწარკვეთას ეძლევიან.

თევზების რჩეული პროფესიები 

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა უმეტესობა იმ პროფესიას ირჩევეს, რომელიც სხვათა დახმარებას ითვალისწინებს. თევზებს შორის უამრავი ფსიქოლოგი, უფლებათა დამცველი და ღვთისმსახურია, რადგან ბრწყინვალედ ერკვევიან რელიგიურ პრინციპებში და მთელი გულით ემსახურებიან ადამიანებს, საოცრად უანგაროები არიან და არასდროს ელიან მადლიერებას სიკეთისთვის, რადგან საკუთარი მორალური ფასეულობები აქვთ და სჯერათ, რომ ყველა ასე უნდა ცხოვრობდეს. სამწუხაროდ, მათი სიკეთით და გულისხმიერებით ბევრი  სარგებლობს ბოროტად, რადგან ემპათიური თევზები ვერავის ეუბნებიან დახმარებაზე უარს, განსაკუთრებული ქველმოქმედები არიან, თუმცა არ უყვართ საქმიანობის აფიშირება, ყოველთვის უხმაუროდ ირჯებიან და უზარმაზარ სიამოვნებას ღებულობენ სხვათა დახმარებით.

მართალია, მრავალმხრივ განვითარებული თევზები თითქმის ყველა სფეროში პოულობენ საკუთარ თავს, თუმცა განსაკუთრებით ხელოვნება იტაცებთ, საოცარი მელომანები არიან და კარგად ესმით მუსიკა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უამრავი ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნით იბადება. არტისტული, თეატრის მოყვარული თევზების „საკუთრებაა“ ფერწერა და ქანდაკებაც, რადგან ბევრ სხვა უნართან ერთად, სილამაზის აღქმის თანდაყოლილი ნიჭიც აქვთ.

ქალბატონი თევზები 

თევზების ზოდოიაქოს ნიშნით დაბადებული ქალბატონი ყველაზე ნაზი, დახვეწილი და გემოვნებიანი, რბილი და დამთმობია, დიპლომატიის საოცარი უნარის წყალობით კი, ყოველთვის კარგად ერგება გარშემომყოფებს და მარტივად ატარებს მამაკაცებს საკუთარ ჭკუაზე, რომლებიც არასდროს ამბობენ უარს გამგებ და მგრძნობიარე თევზებთან ურთიერთობაზე, რადგან ყოველთვის კომფორტულად გრძნობენ მათ გვერდით თავს.

მართალია, თევზები მსუბუქი და თავქარიანი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში, საოცრად ჭკვიანი და გონიერია. სხვათაშორის, სწორედ თევზების და სასწორის მეუღლეები აღწევენ წარმატებას ყველაზე ხშირად, რადგან ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონი ყოველთვის საიმედო საყრდენია, თავისუფლად ამბობს უარს საკუთარ კარიერაზე, ეხმარება და ზურგს უმაგრებს საყვარელ მეუღლეს.

მამაკაცი თევზები 

რბილი ხასიათით, პასიურობით და დათმობის უნარით გამოირჩევიან ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცებიც, რომელთაც მართალია, აკლიათ ე.წ.  მასკულანურობა, მაგრამ საოცრად მოსიყვარულე პარტნიორები და საუკეთესო მეგობრები არიან, რადგან სხვისი პრობლემების მოსმენა და წუხილის გაზიარებაც კარგად გამსდით და საიდუმლოს შენახვაც. მამაკაც თევზებს აუცილებლად ძლიერი ქალბატონები მოსწონთ, რომლებიც ინიციატივას გამოიჩენენ და მათ ნაცვლად გადადგამენ პირველ ნაბიჯს.

თევზების იდეალური პარტნიორები 

იდეალურ პარტნიორად თევზებისთვის მორიელი და კირჩხიბი ითვლება, მარტივად პოულობს საერთო ენას თხის რქასთან, მშვილდოსანთან და ლომთან, რომელიც საკუთარ მეფურობას ივიწყებს და თევზების მორჩილად იქცევა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები