LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტკივილი მუცლის არეში საგანგაშო სიმპტომია!!! – გასტროენტოროლოგი ლია კორკოტაძე მიზეზებსა და მკურნალობაზე

71
ლია-კორკოტაძე

რა არის მუცლის არეში ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, რა არის გასტრიტი, როდის არის აუცილებელი გასტროსკოპიის ჩატარება და რა ინფორმაციას გვაძლევს აღნიშნული კვლევა, რა არის ჰელიკობაქტერია და რატომ არის მნიშვნელოვანი ორგანიზმში მისი დროული აღმოჩენა, რა კვებითი რეკომენდაციები უნდა დავიცვათ ახალი წლის პერიოდში, რომ თავიდან ავირიდოთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ჯანმრთელობის სახლის“ გასტროენტეროლოგმა, ენდოსკოპისტმა, ლია კორკოტაძემ ისაუბრა.

თქვენი დაკვირვებით, რა არის მუცლის არეში ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზი?

ვფიქრობ, მუცლის ტკივილი ყველასთვის ცნობილი, გავრცელებული სიმპტომია. ის შეიძლება იყოს სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა ლოკალიზაციის, მაგალითად, იყოს მწვავე, შეტევითი, ვრცელდებოდეს მხოლოდ ერთ უბანზე ან დიდ მონაკვეთზე იყოს, შეიძლება იყოს მოკლევადიანი, ერთჯერადი, უწყვეტი და გაგრძელდეს თვეების მანძილზე, რაც ექიმთან მიმართვის წინაპირობას წარმოადგენს. მუცლის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის მეტეორიზმი, ანუ შებერილობა, რომელიც გამოწვეულია აირების ჭარბი რაოდენობით დაგროვებით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მათი გამოყოფის გაძნელებით. გავრცელებული მიზეზებია ასევე: ყაბზობა, შეკრულობა, დიარეა, კვებითი ინტოქსიკაცია. ახალი წლის სადღესასწაულო სუფრის შედეგ ხშირად მოგვმართავენ მუცლის ტკივილით და კვებითი ინტოქსიკაციით.

რა არის გასტრიტი და თავად პაციენტს თუ შეუძლია სიმპტომურ დონეზე გაარჩიოს, საქმე აქვს კუჭის წყლულოვან დაავადებასთან, ეროზიულ დაავადებასთან თუ გასტრიტთან?

გასტრიტი ეს არის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გასტრიტის დროს შეიძლება იყოს ყრუ ტკივილი, გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში და ა.შ. ასეთი სიმპტომატიკა შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო გასტრიტმა, არამედ ქოლეცისტიტმა, პანკრეატიტმა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებამ. შესაბამისად, ჩივილების მიხედვით გასტრიტის გარჩევა ვერ მოხდება, თუ სადიაგნოსტიკო ღონისძიებები არ ჩატარდება. შემიძლია ვთქვა, რომ წყლულსა და გასტრიტს შორის არის სხვაობა და შეიძლება პატარა ზღვარი გავაჩინოთ იმ მხრივ, რომ წყლულის დროს არის ძლიერი ლოკალური ტკივილი, რომელიც უფრო ხშირად განთავსებულია მარჯვენა ფერდქვეშ არეში. წყლულს ახასიათებს ღამის და შიმშილის ტკივილები. ძალიან ხშირად ასეთი პაციენტები იღებენ სოდიან წყალს იმისთვის, რომ კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა გაანეიტრალონ. გასტრიტს ნაკლებად ახასიათებს ღამის და შიმშილის ტკივილი, მას უფრო ახასიათებს ყრუ ტკივილი და ეს ტკივილი უფრო გაშლილი ხასიათისაა, მთელი მუცლის ღრუს ზედა ნაწილი შეიძლება სტკიოდეს ადამიანს და ის შეიძლება მიმდინარეობდეს მდორედ და არა-მწვავედ. გასტრიტებიც სხვადასხვანაირი არსებობს, ზოგი გასტრიტი რკინადეფიციტით მიმდინარეობს, მაგალითად, ატროფიული გასტრიტები, რომელიც დაბალი მჟავიანობით მიმდინარეობს და გამოვლინდება იმით, რომ ადამიანის ორგანიზმში ანემია ვითარდება. შესაბამისად, იმისთვის, რომ გავარჩიოთ ეს არის გასტრიტი თუ წყლულოვანი დაავადება, ისევ და ისევ საჭიროა დიაგნოსტიკა და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაზე ინფორმატიული ენდოსკოპიური კვლევაა.

აღნიშნეთ, რომ პაციენტები ხშირად სვამენ სოდიან წყალს, ეს საშიში არ არის?

სოდიანი წყალი თავიდან, საწყის ეტაპზე საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ მერე და მერე, რა თქმა უნდა, საშიშია. სოდიანი წყალი კლინიკას შლის, რის გამოც ადამიანი ადუნებს ყურადღებას, არ მიმართავს ექიმს და შემდეგ საქმე მიდის იქამდე, რომ წყლული ღრმავდება, შეიძლება დაიწყოს სისხლდენაც და  მოხდეს პერფორაცია.

რა წარმოადგენს საგანგაშო სიმპტომს, რა სიმპტომის უგულებელყოფა არ შეიძლება და რა დროს არის ჩასატარებელი სასწრაფო, პირველადი და დამატებითი კვლევები?

საგანგაშო სიმპტომად ექიმებს მიგვაჩნია რკინადეფიციტური ანემია, რომელსაც თან ახლავს ყრუ ტკივილი, ასევე უმიზეზო წონაში კლება, მადის დაკარგვა, ყრუ ტკივილთან ერთად განვითარებული კანის საფარის სიყვითლე, მუცლის ტკივილი, რომელსაც თან სდევს ყლაპვის გაძნელება, უცხო სხეულის შეგრძნება ყელის, საყლაპავის არეში. თუ მუცლის ტკივილთან ერთად აღნიშნული სიმპტომებიც მიმდინარეობს ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ყველაზე გამორჩეული და საგანგაშო სიმპტომია მუცლის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს სისხლიანი ღებინება, საყურადღებოა ასევე კუპრისებრი განავლოვანი მასები, ეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენაზე მიგვითითებს.

რას შეიძლება უკავშირდებოდეს საყლაპავში უცხო სხეულის შეგრძნება?

არსებობს დიაფრაგმის ასეთი პათოლოგია, საყლაპავის მილის ხვრელის თიაქარი, რომელიც მეორადად ვითარდება გასტრიტების, წყლულოვანი დაავადების დროს. ამ დროს კუჭის ზედა ნაწილი ამოცურდება, ამოდის ხოლმე საყლაპავში და ეს იწვევს უცხო სხეულის შეგრძნებას. ეს ხდება იმიტომ, რომ კუჭში დიდი რაოდენობითაა აირების დაგროვება და წნევის ქვეშ მყოფი კუჭის ზედა ნაწილი საყლაპავში ამოდის. ამ ყველაფრის მკურნალობა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უნდა დარეგულირდეს ეს პროცესი და პაციენტს აღარ შეაწუხებს თიაქარი.

როდის არის აუცილებელი გასტროსკოპიის ჩატარება?

გასტროსკოპიის აუცილებლობის მთავარი ნიშანი, რა თქმა უნდა, არის მწვავე ტკივილი კუჭის არეში, განუწყვეტლივ ღებინება, გულისრევა, მწარე გემო პირის ღრუში, მადის დაკარგვა, წონაში კლება, უცხო სხეულის შეგრძნება საყლაპავში.

ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია გასტროსკოპიის ჩატარება, რა შეცვალა თანამედროვე მედიცინამ გასტროსკოპიის მიმართულებით, რით უმსუბუქებთ პაციენტს ამ პროცედურას?

პირველ რიგში, ახლა გასტროსკოპები ბევრად დახვეწილია, შესაძლებელი გახდა ერთდროულად რამდენიმე მანიპულაციის ჩატარება, დროში იკვეცება პროცედურის მსვლელობაც, შესაძლებელია, მასალის, უცხო სხეულის ამოღება, სისხლდენის შეჩერება, პოლიპის მოჭრა. რა თქმა უნდა, თვითონ პროცედურა დიდ დისკომფორტს იწვევს, რადგან არის გულისრევის შეგრძნება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად უმტკივნეულოა და სუნთქვაში ხელი არ ეშლებათ პაციენტებს. როდესაც დგება იმის საკითხი გასტროსკოპია ანესთეზიით უნდა ჩატარდეს თუ არა, რა თქმა უნდა, ამ დროს ბევრია დამოკიდებული ექიმზე, მან ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადოს პაციენტი, ის უნდა დაელაპარაკოს პაციენტს, აუხსნას ყველაფერი და ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტონ ანესთეზიით გააკეთებენ ამ პროცედურას თუ მის გარეშე. რა თქმა უნდა, ვენური ანესთეზიით ჩატარებული პროცედურა ბევრად კომფორტულია და ჩვენს კლინიკაში ეს წარმატებით ტარდება. ასეთ დროს საქმეში ერთვება ანესთეზიოლოგი, დისკომფორტს არ განიცდის თვითონ პაციენტი და ექიმიც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან დეტალურად ათვალიერებს ლორწოვან გარსს კუჭში, თორმეტგოჯაში და რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დადის შეცდომის ალბათობა და 100%-იანი დიაგნოზი შეიძლება გამოიტანოს ექიმმა ამ დროს.

რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ გასტროსკოპიით, რა ტიპის დაავადებები, პრობლემები შეიძლება აღმოვაჩინოთ, რა განსხვავებაა გასტროსკოპიასა და მუცლის ღრუს ექოსკოპიას შორის?

ექოსკოპია ვერ ხედავს ღრუ ორგანოებს. მუცლის ღრუს ექოსკოპიით, ულტრაბგერითი კვლევით შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი ორგანოების პათოლოგიები, როგორიცაა ღვიძლი, პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა. ასევე შემიძლია ვთქვა რენტგენოლოგიურ კვლევაზე, რომელსაც ხშირად მიმართავენ პაციენტები, გასტროსკოპიის თავიდან არიდების მიზნით. რენტგენოლოგიური კვლევა, რა თქმა უნდა, არის ინფორმაციული, ოღონდ ისეთი სულ მცირე ზომის პათოლოგიებს, როგორიცაა 1-2 მილიმეტრიანი პოლიპი, სტრუქტურულად შეცვლილი ლორწოვანი გარსი, ამას ვერ ხედავს, შესაბამისად, გასტროსკოპია, ანუ ენდოსკოპიური კვლევა პრიორიტეტულია ყველა შემთხვევაში. ექიმი ლორწოვანის ფერის შეცვლითაც ხდება, თუ რა პათოლოგიასთან აქვს საქმე, მერე, თვითონ აპარატს გააჩნია ისეთი რეჟიმები, სადაც შესაძლებელია დაახლოებით 10-ჯერ, 20-ჯერ გაადიდო ეს ლოკუსი, რომელიც იქცევს ყურადღებას და სტრუქტურული ცვლილებები აღმოაჩინო, ასევე შესაძლებელია ბიოფსიის ჩატარება, ანუ მასალის ამოღება საეჭვო უბნიდან და მერე უკვე მორფოლოგები გვეხმარებიან საბოლოო დიაგნოზის დასმაში.

რა ტიპის ბაქტერიაა ჰელიკობაქტერია და რატომ დგება კვლევის ჩატარების აუცილებლობა?

ჰელიკობაქტერია ეს არის პათოლოგიური ბაქტერია, რომელიც ბინადრობს კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიებს, გასტრიტს, გასტროდუოდენიტს, წყლულოვან დეფექტებს. ბოლო წლებში კვლევების საფუძველზე დადასტურებულია პირდაპირი კავშირი კუჭის კიბოს გაჩენის რისკებთან. ის ასევე კავშირშია გაურკვეველ ალერგიულ რეაქციებთან, კანის დაავადებებთან. დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ინფექციის მატარებელთან უშუალო კონტაქტის დროს, ნერწყვით, დაბინძურებული პროდუქტით, განვითარებად ქვეყნებში გადადის წყლითაც. თავიდან დაინფიცირების პერიოდი შეიძლება აბსოლუტურად უსიმპტომო იყოს. ცუდი კვება, კვების რეჟიმის დარღვევა, ეს ყველაფერი ააქტიურებს ჰელიკობაქტერიის გამრავლებას და აქტიურ ფაზაში შესვლისას ის იწყებს სერიოზულ დაზიანებებს ლორწოვან გარსზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და აუცილებელია მისი აღმოჩენა კუჭის ლორწოვანში. არსებობს მთელი რიგი პრეპარატებისა, რომლებიც ანადგურებენ ამ ბაქტერიას და ხდება გამოჯანმრთელება. მისი აღმოჩენა და აქტივობის განსაზღვრა საჭიროა, რადგან ანტიბიოტიკოთერაპია არის ისეთი თერაპია, რომელმაც შეიძლება პირიქით ზიანიც მიაყენოს ადამიანს თუ არასწორი დოზირებით და ხანგრძლივობით იქნება გამოყენებული. ჰელიკობაქტერიის განადგურება შესაძლებელია და შემდგომ უკვე საჭიროა ყველა ჰიგიენის ნორმის დაცვა. თუ აღმოჩნდება, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ინფიცირებულია, აუცილებელია ოჯახის სხვა წევრების სკრინინგი ამ მიმართულებით. ჩვენ ყოველი გასტროსკოპიული პროცედურის დროს ვატარებთ სწრაფ ურიაზულ ტესტს, რომელიც იქვე მომენტალურად აღმოაჩენს ბაქტერიას. ჩვენს კლინიკაში არის ასევე სუნთქვითი ტესტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას აღმოვაჩინოთ აღნიშნული ბაქტერია. მკურნალობის შემდგომ, დაახლოებით, ორ თვეში პაციენტი მოდის ისევ საკონტროლო სუნთქვით ტესტზე და ჩვენ ამით ვსაზღვრავთ მკურნალობის ეფექტურობას და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მკურნალობაც ინიშნება. არ არის სწორი, რომ ჰელიკობაქტერია ყველას ჰყავს.

ახალი წლის დღეებში ხშირია ინტოქსიკაციები, გადაჭარბებული კვება იწვევს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს და ა.შ. რა არის თქვი მთავარი რეკომენდაცია აღნიშნული პრობლემებისგან თავის ასარიდებლად?

ინფორმაციისთვის, მინდა, პატარა შესავალი გავაკეთო და გითხრათ, რომ ადამიანის კუჭი თავისუფლად ინელებს დაახლოებით 500 გრამ საკვებს. როდესაც ადამიანი ამაზე მეტი რაოდენობით საკვებს იღებს, რა თქმა უნდა, ვითარდება დისკომფორტი, რომელიც გამოიხატება შებერილობით, სუნთქვის გაძნელებით, შეიძლება განვითარდეს არითმია და ძილიანობაც. ძალიან ადვილია რამდენიმე ელემენტარული წესის დაცვა, დაიცავით რეჟიმი, მიიღეთ საკვები ისე, როგორც აქამდე იღებდით, 2-3 საათში პატარა შესვენებები გააკეთეთ და ბევრი იმოძრავეთ. აუცილებლად მიიღეთ წყალი კვების დროს, რომ არ დაირღვეს წყლისა და მარილების ბალანსი, რადგან ამ დროს ბევრი მარილიანი, ცხიმიანი, კერძია მაგიდაზე. ძალიან საინტერესოა ერთი თეფშის წესიც. წარმოიდგინეთ, თქვენი თეფში, ვიზუალურად 4 ნაწილად გაყავით და აქედან ორი მეოთხედი, ანუ თეფშის ნახევარი ბოსტნეულით შეავსეთ, დანარჩენი ნახევარი თქვენთვის სასურველ კერძს დაუთმეთ და შეეცადეთ სუფრაზე მხოლოდ ამ ერთ თეფშზე განაწილებული საკვები მირთვათ. უმჯობესია, ტკბილეული  დილით მიიღოთ. რაც შეეხება ალკოჰოლს, ცნობილია, რომ ალკოჰოლი ძალიან აღიზიანებს მადის მომგვრელ ცენტრს თავის ტვინში და ამიტომ, რა თქმა უნდა, იხსნება მადა და გინდებათ მეტის ჭამა. ალკოჰოლის შეზღუდვა თუ იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თუ მაინც მიირთმევთ ალკოჰოლს, უმჯობესია, მიიღოთ მშრალი წითელი ღვინო, რომელიც ძალიან დაბალკალორიულია და პლუს ამას, ასეთი ღვინო დაგეხმარებათ საკვების მონელებაში. ადამიანი ახალი წლის პერიოდში დაახლოებით 2-3 კილოგრამს იმატებს, მაგრამ მინდა, დაგამშვიდოთ, ეს არ არის ცხიმების დაგროვებას, ეს არის უბრალოდ სითხის შეკავება, რადგან ადამიანი დიდი რაოდენობით მარილიან და ცხიმიან საკვებს იღებს. ამ 2-3 კილოგრამის დაფერთხვა შესაძლებელია სეირნობით, ფიზიკური აქტივობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები