LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინასწარ სქესის დაგეგმვა შეუძლებელია“ – რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი

10
manana mgaloblishvili

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ დაიცვან თავი ორსულებმა COVID19-ის ინფექციის დროს და რა ტიპის რისკს წარმოადგენს ვირუსი ორსულებისთვის. რა უნდა ვიცოდეთ ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, როდის უნდა მივმართოთ ექიმს და რა ძირითადი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. საზოგადოების მხრიდან ხშირად დასმულ კითხვებს გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „რეპროდუქციული მედიცინისა და უშვილობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ექიმმა- რეპროდუქტოლოგმა, მანანა მგალობლიშვილმა უპასუხა. ის ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იმყოფებოდა და გადაცემის დასაწყისში ამ ვიზიტით მიღებულ შთაბეჭდილებებზეც ისაუბრა.

– ქალბატონო მანანა, ვიდრე უშუალოდ იმ ძალიან საინტერესო საკითხებზე ვისაუბრებდეთ, რაზე სასაუბროდაც შევიკრიბეთ, მინდა გკითხოთ თქვენი მოგზაურობის შესახებ აფხაზეთში. ცოტა ხნის წინ თქვენ აფხაზეთში იმოგზაურეთ და ძალიან საინტერესო ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელეთ სოციალურ ქსელში. ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი, გააშუქეს სააგენტოებმა, ბუნებრივია ჩვენც. თქვენი საშუალებით შევძელით კიდევ ერთხელ გვენახა ბევრი ჩვენგანისათვის საყვარელი და მონატრებული ადგილები საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში. რას გვეტყვით თქვენი მოგზაურობის შესახებ აფხაზეთში? რა ნახეთ იქ და რა შთაბეჭდილებით დაბრუნდით?

პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. მინდა ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობა ჩვენს ქვეყანაშიც და მთელ მსოფლიოშიც. ასევე მინდა ყველას მოვუწოდო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულებისაკენ.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დიახ, მე ვიმოგზაურე აფხაზეთში და ეს ჩემთვის იყო განსაკუთრებული, ზღაპრული მოგზაურობა იმ მიწაზე, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის აფხაზეთში წასვლა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი თვით ადრე ვიწყებ ხოლმე მზადებას. იქიდან მქონდა ბევრი ლაივი, ბევრი ფოტო და ჩემს ფეისბუქ-გვერდზე განთავსებულია ეს მასალა, მათ შორის უნიკალური კადრებიცაა, ისეთები, რომლებიც ბოლო 27 წელი არ გადაღებულა.

– მინდა გკითხოთ ხალხის განწყობის შესახებაც, თქვენს ვიდეოებში ჩანდა, რომ კონტაქტი გქონდათ მეგობრებთან და ჩანდა, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა. რას გვეტყვით ხალხის განწყობაზე, ხომ არ შეცვლილა სიტუაცია დადებითისკენ?

ჩვენ პოლიტიკაზე არ ვსაუბრობდით, პოლიტიკა იყო დახურული თემა, თუმცა მე იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, შევიძინე ახალი მეგობრებიც, იქ მყავს აფხაზი ნათესავებიც, რომლებმაც არაჩვეულებრივად მიმასპინძლეს. განწყობა კი, იქაც ყველა ადამიანს სხვადასხვანაირი აქვს, როგორც ჩვენთან არის კარგი და ცუდი განწყობები რაიმე კონრეტულ საკითხზე, ასევეა იქაც.

თუმცა, მინდა აღვნიშნო ერთი რამ – აფხაზები ძალიან ემადლიერებიან ქართველ ექიმებს, რომლებიც მათ უფასოდ მკურნალობენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და იმ პროექტის დამსახურებით, რომელიც არ ვიცი ზუსტად რომელი მთავრობის ინიციატივით დაიწყო. ვერც კი წარმოიდგენთ ეს რამხელა დახმარებაა მათთვის, მე არც კი მეგონა, თუ ეს პროექტი მათთვის ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

– რას გვეტყვით იქაური მედიცინის მდგომარეობაზე? თქვენ ხართ ექიმი, რომელიც ჩართულია თანამედროვე მსოფლიო მედიცინის პროგრესში, ხელმძღვანელობს თანამედროვე ჰაიდლაინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით. რა მდგომარეობაა იქ ამ თვალსაზრისით? არის თუ არა ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროები ხელმისაწვდომი?

სიმართლე გითხრათ ამაში ჩახედული არ ვარ, რადგან მე იქ არ ვყოფილვარ როგორც ექიმი, უბრალოდ სტუმრად ვიყავი ჩასული. მიუხედავად იმისა, რომ მყავს პაციენტები აფხაზეთიდან და მათ ვმკურნალობ, რამდენიმე მათგანს იქ ყოფნის დროსაც გავუწიე კონსულტაცია, თუმცა ეს იყო არაოფიციალური. მე ვერ შევაფასებ იქ რა დონეზეა მედიცინა, რადგან იქაურ სამედიცინო დაწესებულებაში არ ვყოფილვარ. თუმცა ფაქტია, რომ საქართელოში მედიცინა ძალიან მაღალ დონეზეა და ამას აფხაზეთშიც აღნიშნავენ.

– დიდი მადლობა ამ ძალიან საინტერესო ინფორმაციისათვის, ახლა კი უკვე მთავარ თემაზე გადავიდეთ. რა იქნება თქვენი რეკომენდაციები ორსული ქალბატონებისათვის ახლა, როდესაც მსოფლიოში ცირკულირებს ვირუსი, რომლის შესახებაც ფაქტიურად არაფერი ვიცით? Covid-19-ს მსოფლიო ახლა სწავლობს, ახლა ვცდილობთ გავიგოთ თუ რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე, რა ტიპის გართულებები შეიძლება გამოიწვიოს მან და როგორ დავამარცხოთ ის ერთხელ და სამუდამოდ. რამდენად საშიში შეიძლება იყოს ორსულებისათვის ეს ვირუსი და რა რეკომენდაციები გექნებათ კონკრეტულად ორსულებისათვის ამ პერიოდში?

ჯერჯერობით ორსულებზე ამ ვირუსის გავლენა შესწავლილი არ არის, ამის მიზეზი კი ბუნებრივია ისაა, რომ ჯერჯერობით ბევრი შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული. ვინაიდან ჯერჯერობით ვირუსი შესწავლილი არ არის, ბუნებრივია მის მიმართ არის შიში მსოფლიოში.

რაც შემიძლია ზუსტად გითხრათ ის არის, რომ ორსულობის პერიოდში ქალის იმუნური სისტემა შედარებით სუსტდება, ამიტომ მას ზედმიწევნით მოეთხოვება დაიცვას ჰიგიენის ნორმები, რეკომენდაციები გარშემომყოფებთან ურთიერთობის შესახებ და ამის გაკეთება ახლა კიდევ უფრო მეტად საჭიროა. ჯერჯერობით აღრიცხულია მხოლოდ ორი შემთხვევა, როდესაც ახალი კორონავირუსით ორსული დაინფიცირდა, ორივე მათგანმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა და შემდეგ, ბუნებრივი გზითაც გამოკვება, თუმცა ბავშვებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, მას Covid-19 დედისგან არ გადასდებია და უცნობია მისი ინფიცირების წყარო.

– კიდევ ერთი საინტერესო კითხვა მაქვს, რომელიც გვიან ორსულობას ეხება. როგორც წესი, ექიმები ქალებს ურჩევენ იმ ასაკში დაორსულებას, როდესაც ფერტილობის მაჩვენებელი მაღალია, რადგან ეს მაჩვენებელი 35 წლის ასაკიდან თანდათან იკლებს და ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო მცირდება შანსები იმისა, რომ მივიღოთ ფიზიოლოგიური ორსულობა. თუმცა დღევანდელი ცხოვრების ტემპი განსაკუთრებით საქმიან ქალებს არ აძლევს საშუალებას, რომ ორსულობა ადრეულ ასაკში დაგეგმონ. მინდა გკითხოთ გვიანი ორსულობის დადებით მხარეებზე – ხომ აქვს გვიან ორსულობასაც თავისი დადებითი მხარეები?

ორსულობა ზოგადად ძალიან პოზიტიური მოვლენაა ნებისმიერ ასაკში. დადებითი შემიძლია ვთქვა ის, რომ გვიან ასაკში ქალში უკეთაა მომწიფებული დედა, იგი ამ ასაკში უკეთაა მომზადებული დედობისათვის. ხშირად მსმენია, რომ ქალებს, რომლებმაც პირველი შვილი 20-25 წლის ასაკში გააჩინეს, მეორე კი 35 წლის ასაკის შემდეგ, უთქვამთ, რომ დედობა სწორედ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ გააცნობიერეს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური მზაობის კუთხით ამ ასაკში უფრო კარგი შედეგებია.

თუმცა მიუხედავად ამისა, არავისთვისაა საიდუმლო, რომ 35 წლიდან ორსულობა რისკებთან არის დაკავშირებული. გვიანი ორსულობისას დიდია ორსულობის თვითნებურად შეწყვეტის შანსი. გარდა ამისა, დაბალია თვითონ ორსულობის დადგომის შანსი და შანსი იმისა, რომ ნაყოფს რაიმე პათოლოგია ან ანომალია განუვითარდეს. ასეთია სტატისტიკა და სტატისტიკიდან გამომდინარე ვამბობთ ამას, თუმცა ეს არ უნდა გაიგოს მსმენელმა ისე, რომ თუ ქალი 35 წლის ან უფრო მაღალ ასაკში დაორსულდება, აუცილებლად ექნება ეს პრობლემა. უბრალოდ 35 წლის ზემოთ ამ პრობლემების წამოჭრის შანსი უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც 20-30 წლის ასაკში.

– მინდა გკითხოთ ისეთ მნიშვნელოვან პობლემაზე, როგორიც არის ჭარბი წონა. რა შეიძლება ავნოს ჭარბმა წონამ ქალის რეპროდუქციულ სისტემას და რატომ არის ის საშიში?

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჭარბი წონა დაავადებად არის მიჩნეული, რადგან ჭარბი წონა შესაძლოა იყოს როგორც შედეგი ორგანიზმში მიმდინარე ენდოკრინული ან სხვა პროცესების დარღვევის, ასევე მათი მიზეზი. რაც შეეხება უშუალოდ რეპროდუქციულ სისტემას, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ჰორმონალური დისბალანსი. შეიძლება ჰორმონალური დარღვევა ფარისებრ ჯირკვალთან იყოს დაკავშირებული, ან საკვერცხესთან, რომელიც გამოიმუშავებს ქალის ჰორმონს ესტროგენს.

ესტროგენი საჭირო ჰორმონია, მაგრამ როგორც იცით, დიდი რაოდენობით არაფერი ვარგა. ესტროგენის ჭარბი რაოდნეობა იწვევს ორგანიზმში დისბალანსს სხვა ჰორმონებთან მიმართებაში და საერთო ჯამში ჯაჭვური რეაქციის პრინციპით მივდივართ ჰორმონალური ბალანსის დარღვევასთან, რაც ხელს უშლის საკვერცხეების მუშაობას და ოვულაციას. ეს კი როგორც მოგეხსენებათ, მთავარი ფაქტორია ოსულობის დასაგდგომად.

საკვერცხე არის ენდოკრინული ორგანო, ანუ ორგანო, რომელიც გამოყოფს ჰორმონს. როდესაც დარღვეულია ჰორმონალური ბალანსი, არ ხდება ოვულაცია. ეს ჭარბი წონის მქონე ქალებში ძალიან გავრცელებული პრობლემაა.

როდესაც არ ხდება ოვულაცია, ანუ კვერცხუჯრედი არ გამოდის საკვერცხიდან, შესაბამისად ორსულობაც არ დგება.

რასაკვირველია, არიან ჭარბწონიანი ქალები, რომლებიც ადვილად ორსულდებიან, მაგრამ სტატისტიკიდან გამომდინარე, ჭარბი წონა პრობლემატური საკითხია რეპროდუქციული სისტემისათვის.

გარდა ოვულაციასთან დაკავშირებული პრობლემისა, შესაძლოა სახე იყოს კვერცხუჯრედის ხარისხის პრობლემა, შეიძლება ის ძნელად განაყოფიერდეს. ასე რომ პაციენტებს, რომლებიც მოგვმართავენ, პირველ რიგში წონაში დაკლებას ვთხოვთ. ეს არის ერთ-ერთი უპირველესი რეკომენდაცია. როდესაც საქმე ეხება ხელოვნურ განაყოფიერებას, ამ პროცედურას არ ვატარებთ იქამდე, ვიდრე ქალის წონა არ იქნება დამაკმყოფილებელი და მთლიანი სისტემა არ მოვა მწყობრში. რადგან ჩვენი მთავარი მიზანია დაორსულების შანსი იყოს მაღალი და შემდეგ უკვე ორსულობის პერიოდში იყოს ნაკლები გართულებები, მაგ: მაღალი წნევა და ა.შ.

– მინდა გკითხოთ იმის შესახებ, რაზეც შესაძლოა გაგეცინოთ, როგორც მედიკოსს. ფორუმებზე და სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებით კითხვებს სქესის დაგეგმვაზე, ხშირად ასახელებენ ექიმებს, რომლებიც გასცემენ რეკომენდაციებს, რაც თითქოს გვეხმარება სქესის დაგეგმვაში და ა.შ. არის თუ არა ეს შესაძლებელი, რას გვეტყვით, როგორც ექიმი?

პირდაპირ გეტყვით, რომ ეს შეუძლებელია. რასაკვირველია მსმენია, რომ ექიმბაშები ურჩევენ პაციენტებს რაღაც ცხრილებს და გრაფიკებს, ეუბნებიან, რომ შესაძლებელია სქესის დაგეგმვა. ამ ყველაფრის იმათ სჯერათ, ვისაც უთხრეს, რომ ეყოლებოდა გოგო და ეყოლა გოგო, ან პირიქით. სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ ბავშვი იქნება გოგო ან ბიჭი, ალბათობა 50%-ია და შესაძლებელია, რომ დაიბადოს მართლა ბიჭი, თუ გვსურდა ბიჭი, ან გოგონა, თუ გვსურდა გოგონას დაბადება. თუმცა ამის დაგეგმვა შეუძლებელია ასეთი გრაფიკებით, ეს არის უბრალოდ ექიმბაშის მიერ სქესის გამოცნობა, დამთხვევა.

ერთადერთი გზა მედიცინაში, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სქესის “დაგეგმვა”, ეს არის პრე-იმპლანტაციური გენეტიკური ანალიზი, ემბრიონის გენეტიკური ანალიზი, რომელსაც ვღებულობთ ინ-ვიტრო განაყოფიერებისას. შესაძლოა ემბრიონს ჩაუტარდეს ანალიზი და დადგინდეს მისი სქესი, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ბუნებრივი გზით დამგდარ ორსულობაზე, სქესის დაგეგმვა შეუძლებელია.

– ვისაუბროთ ვირუსებზე და მათ გავლენაზე. რა საფრთხეს წარმოადგენენ ვირუსები ორსული ქალის და ნაყოფის ჯანმრთელობისათვის? საუბარია ამ შემთხვევაში უკვე არა Covid-19-ზე, არამედ იმ სეზონურ ვირუსებზე, რომლებიც შეიძლება შეხვდეს ორსულს. სად გადის ზღვარი ძალიან სახიფათო ვირუსებსა და იმ ვირუსებს შორის, რომლებმაც შესაძლოა გართულების გარეშე გაიაროს?

სად გადის ზღვარი, ამის თქმა ძალიან რთულია. შეიძლება ქალმა ერთი შეხედვით მარტივად გადაიტანოს სეზონური ვირუსი, თუმცა შემდეგ ამან პრობლემები შეუქმნას ნაყოფს. შეიძლება სეზონური ვირუსი ძალიან რთულად გადაიტანოს, მაგრამ ბავშვი დაიბადოს ჯანმრთელი. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, თუმცა თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, დავინახავთ, რომ იმ ორსულებს, რომლებმაც ორსულობის პერიოდში გადაიტანეს ვირუსი, უფრო მეტი პრობლემა აქვთ ორსულობის დროს და უფრო ხშირად ნაყოფსაც აქვს პრობლემა. თუმცა რასაკვირველია ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება.

სამწუხაროდ იყო პერიოდი დიდი ხნის წინ, როდესაც სეზონური ვირუსის გადატანის შემდეგ ექიმები ორსულებს აბორტის რეკომენდაციას აძლევდნენ, თუმცა საბედნიეროდ, ეს დრო წარსულში დარჩა. დღეს მსგავსი რეკომენდაციები არ გაიცემა.

– მინდა გკითხოთ კონტაცეპტივებზე. რომელია ყველაზე ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი, რომლის გამოყენებაც იწვევს ნაკლებ სტრესს და რაიმე სხვა ტიპის გართულებას არ მოუტანს ორგანიზმს?

არსებობს ბევრი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება, მათი ნაწილი ხშირად გამოიყენება, მცირე ნაწილს კი პრაქტიკულად არავინ იყენებს. იმის თქმა, თუ რომელია უკეთესი ძნელია, რადგან ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სოციალურ გარემოზე და რასაკვირველია ფინანსებზეც. ნებისმიერ შემთხვევაში ქალმა, რომელსაც სურს დაიწყოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, უნდა მიმართოს ექიმს, გაიაროს კონსულტაცია, ჩაიტაროს გამოკვლევები და ამის შემდეგ ექიმი დაეხმარება მას შესაბამისი საშუალების შერჩევაში.

– მინდა გკითხოთ კვლევებზე. რა ტიპის კვლევებია საჭირო იმისათვის, რათა შევაფასოთ ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა? რა ტიპის კვლევები გვეუბნება, რომ ყველაფერი რიგზეა? თუ შეგიძლიათ გამოყოთ სამი ძირითადი კვლევა, რომელიც გვაჩვენებს, რომ ქალს ყველაფერი რიგზე აქვს?

ეს არის ის პროფილაქტიკური გინეკოლოგიური კვლევები, ომლებიც უნდა ჩაიტაროს ყველა ჯანმრთელმა ქალმა წელიწადში ერთხელ. ეს კვლევა მოიცავს გინეკოლოგიურ ექოსკოპიას, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიას და პაპ-ტესტს. სწორედ ეს არის სამი ძირითადი კვლევა, თუმცა დღესდღეობით ვნიშნავთ ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევასაც, რომელიც შესაძლოა იყოს კავშირში რაიმე სახის რეპროდუქციულ პრობლემასთან.

– ძალიან ხშირად, როდესაც ქალს აწუხებს ჭარბი წონა ან თუნდაც, აქვს დაორსულების პრობლემა, მას ეკითხებიან ხომ არ აქვს ჰორმონალური დისბალანსი და ურჩევენ კვლევის ჩატარებას ჰორმონებზე. თუ შეიძლება განგვიმარტოთ, რა არის ჰორმონალური დისბალანსი?

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ორგანიზმში არსებობს უამრავი ჰორმონი და არსებობს ჰორმონების გარკვეული დოზა, რომელიც ნორმად ითვლება. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ჰორმონის წარმომქმნელ ორგანოში მოხდა რაიმე ცვლილება, მაგალითად სტრუქტურული ცვლილება, თუ გაჩნდა კვანძი ან რაიმე წარმონაქმნი და ეს ორგანო ვეღარ გამოყოფს ჰორმონს საჭირო ოდენობით ან გამოყოფს ჭარბად, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს სხვა ჰორმონებზეც. ეს არის ძალიან რთული სისტემა, ორგანიზმში ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ამიტომ ერთი ჰორმონის სიჭარბემ შეიძლება მეორის ნაკლებობა გამოიწვიოს და სწორედ ამ მოვლენას ვუწოდებთ მედიკოსები ჰორმონალურ დისბალანსს, იმიტომ, რომ პაციენტებისათვის უფრო გასაგები იყოს, რასთან გვაქვს საქმე.

– ბოლო კითხვა მექნება წამლებთან დაკავშირებით: ყველა ქალი და ზოგადად ადამიანი, მთელი ცხოვრება იღებს რაიმე წამალს, იქნება ეს ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, გასახდომი აბები თუ ა.შ. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა რომელიმე წამალმა ან რაიმე მავნე ჩვევამ არ დაანგრიოს ჩვენი ჯანმრთელობა? რა ტიპის პრეპარატებს უნდა ვერიდოთ?

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ წამლების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე გამართლებული არ არის. გასაგებია, რომ ჩვენს რეალობაში თავის ტკივილისას ექიმთან ვერ ჩაეწერები, სანამ ვიზიტზე მიხვალ, შეიძლება გაგიაროს, მაგრამ თუ თავი ხშირად გტკივათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და არ ეცადოთ უბრალოდ გამაყუჩებლის მიღებით გადაჭრათ ეს პრობლემა.

რაც შეხება პრეპარატებს, რომლებსაც უნდა ვერიდოთ, ვიტყოდი რომ თვითნებურად ნებისმიერი პრეპარატის მიღებას უნდა ვერიდოთ. დღესდღეობით ძალიან გავრცელებულია ფსიქოლოგიური პრობლემები, ადამიანებს უწევთ ცხოვრება მუდმივ სტრესში. შესაძლებელია, რომ ნერვიულობამ გამოიწვიოს ნებისმიერი ორგანოს ტკივილი, სხვადასხვა სახის ჩივილები, გულის წასვლაც კი. ასეთ დროს ადამიანები თვითნებურად იღებენ წამლებს უშუალოდ სიმპტომებისათვის, ექიმების ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ეს ძალიან არასწორია და ძალიან მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია. წამლები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა ვსვათ.

გადაცემის აუდიჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები