LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ფავორიტები და აუტსაიდერები – როგორი იქნება 2020 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

5
sofia-bzekalava

24 დეკემბერს წინა საახალწლო „ასტრომაგიაში“ სოფია ბზეკალავამ 2020 წლის პროგნოზი გააკეთა და დეტალურად განიხილა ზოდიაქოს ნიშნების პერსპექტივები.

რა თქმა უნდა, წლის ბოლოს ყოველთვის ვაჯამებთ შედეგებს, მადლიერებით ვაცილებთ ძველს და ვხვდებით ახალ წელს, მაგრამ წლევანდელი დეკემბერი მაინც განსაკუთრებულია, რადგან ჯერ დეკემბრის ბოლოს ემთხვევა მზის დაბნელება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, 10 იანვარს კი, კიდევ ერთი დაბნელების მოწმე გავხდებით. ამგვარ მოვლენას ასტროლოგები „დაბნელებების კორიდორს“ უწოდებენ, რაც ბევრს ძალიან აფრთხობს, რადგან მოვლენები განვითარების პიკს აღწევს, ძველი სრულდება და ახალი, ზოგჯერ რადიკალურად განსხვავებული იწყება. ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე მოვლენებს, რათა არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი ცვლილებები.

2020 წელი პრაქტიკული იდეალისტების წელია, ამიტომ ნაკლები უნდა იოცნებოთ და მეტი იმოქმედოთ. ზუსტად ჩამოაყალიბეთ გეგმები, განსაზღვრეთ მათი მიღწევის ხერხები და რესურსების სრული მობილიზაციით შეუდექით განხორციელებას! თეთრი ლითონის ვირთხის წელს განვითარების ახალი, 12-წლიანი ციკლი იწყება, რომელიც ბევრისთვის იქნება გარდამტეხი. მთავარია, ფეხი აუწყოთ, რადგან ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება, მიუღებლობის შემთხვევაში კი, ნაკლებად სასარგებლო აღმოჩნდება თქვენთვის.

წლის ფავორიტები 

თხის რქა – ბრწყინვალე წელია, რადგან სატურნს, რომელიც 2 წლის მანძილზე გამოცდებს უწყობდა თხის რქას, 2020 წლის მარტის ბოლოს იუპიტერი ჩაანაცვლებს, რომელიც მართალია, წარმატების შანსებით გაგანებივრებთ, მაგრამ მხოლოდ მონდომების, დაუღალავი შრომის წყალობით შეძლებთ მათ რეალიზებას. წლის პირველი ნახევარი დეკემბრის თვეში დაბადებულთათვის იქნება სასიკეთო, მერე ნახევარში კი, იანვრის თხის რქას გაუმართლებს.

მორიელი – წინსვლის და განვითარების უამრავი შესაძლებობა მოგეცემათ მაისის თვეიდან. მთავარია, ჩვეული შეუპოვრობით და მიზანდასახულობით მოჰკიდოთ ხელი იდეების განხორციელებას, იმოქმედოთ ინტუიციაზე დაყრდნობით და არ მოერიდოთ გარისკვას. გონივრულად შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, რადგან სატურნის ენერგეტიკით დატვირთულ წელს მხოლოდ დისციპლინირებულ, ორგანიზებულ ადამიანებს გაუმართლებთ, ვინც არასდროს ერიდება შრომას და არ ეზარება მიზნების ეტაპობრივად განხორციელება.

ქალწული – ზოდიაქოს ეს ნიშანი კეთილგანწყობილი იუპიტერის წყალობით შეძლებს პირადი და საქმიანი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას. მთავარია, დროებით უარი თქვას ჩვეულ პერფექციონიზმზე და სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე, ზედმეტი სიფრთხილის გარეშე შეხედოს სამყაროს და ფიქრის გარეშე შეუდგეს მიზნების განხორციელებას.

კურო – ფავორიტებს შორისაა მიწის სტიქიის წარმომადგენელი კუროც, განსაკუთრებით აპრილის თვეში დაბადებულები, რომელთაც რადიკალური ცვლილებების განხორციელება მოუწევთ, რადგან მართალია, სტაბილურობას შეეჩვივნენ, მაგრამ ტოქსიკური გარემო, რომელშიც ცხოვრობენ, ხელს უშლით წინსვლასა და განვითარებაში.

მშვილდოსანი – ფინანსურად წარმატებული წელია, რადგან აუცილებლად მოიძიებთ დამატებითი შემოსავლის წყაროს, მთავარია, ისწავლოთ სწორად ხარჯვა და ჩვეული უყაირათობით არ დახარჯოთ სოლიდური თანხა.

კირჩხიბი – მართალია, წარმატების უამრავი შანსი გექნებათ, მაგრამ მაინც მოგიწევთ კომპრომისზე, გარკვეულ დათმობაზე წასვლა. არ ღირს ილუზიებით ცხოვერება და საოცრების ლოდინი, რადგან 2020 წელს მხოლოდ პრაგმატულად მოაზროვნეები მიაღწევენ სასურველ შედეგს.

წლის აუტსაიდერები 

ვერძი – მართალია, ზოდიაქოს ამ ნიშანს არასდროს აფრთხობს გამოწვევები, პირიქით, ძალიან მოსწონს რისკი და ბრძოლა, მაგრამ 2020 წელს მაინც მოუწევს სიმშვიდის შენარჩუნება და რაციონალურად მოქმედება. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, ყურადღება და წინდახედულობა, რადგან აგრესია მხოლოდ თქვენს იმიჯს აზარალებს. არაა გამორიცხული ბევრმა სცადოს თქვენი რეპუტაციის შელახვა, თუმცა მაინც არ ღირს პროვოკაციას აყოლა.

მერწყული – პლანეტა სატურნის მერწყულის ზოდიაქოში გადასვლა, მარტის თვიდან ამ ნიშანსაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს წლის ბოლომდე. თუმცა მაინც არ ღირს ხელის ჩაქნევა, მთავარია, სრულად აამუშავოთ საკუთარი რესურსები და ღირსეულად დაძლიოთ გამოწვევები, შემოდგომიდან კი, პლანეტა იუპიტერი დაგეხმარებათ, რომელიც თქვენს ნიშანში გადმოვა და 2021 წელს იმ შრომას დაგიფასებთ, რომელსაც წლის მანძილზე გასწიეთ.

სასწორი – მართალია, ზოდიაქოს ეს ნიშანი სიფრთხილის და დიპლომატიის სიმცირეს არასდროს უჩივის, მაგრამ მომავალ წელს მასაც გარკვეული გამოწვევები ელის, რაც მეტი ყურადღების გამოჩენას და იმიჯის გაფრთხილებას აიძულებს.

ლომი – სირთულეების დაძლევა მოუწევს ივლისის თვეში დაბადებულ ლომსაც, რომელსაც სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება მოუწევს, რაც მის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას შეზრუდავს.

თევზები – საკმაოდ რთული აღმოჩნდა 2019 წელი თევზებისთვის, რადგან სწორედ მათ ზოდიაქოს ნიშანში იყო შავი მთვარე, რომელმაც საკმარისად დააფრთხო და ნეგატიური ემოციების გამოვლენა აიძულა. მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება მომავალი წელი, თუმცა თავშეკავების და სიფრთხილის გამოჩენა მასაც მოუწევს.

ტყუპები – ელოდებათ ახალი ნაცნობობა, ახალი ადამიანები და ახალი კონტაქტები, პირად ცხოვრებაში რაღაცეების გადაფასება მოუწევთ, ზოგიერთ მათგანს შეიძლება ქონდეთ გადამეტებული მოლოდინები ფინანსური და პროფესიული კუთხით.

გადაცემის აუდიჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები