LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ბავშვი ოჯახში, გენეტიკაში თავისებური “მესიჯია” სამყაროს მხრიდან – “ასტრომაგია”

25
sofia-bzekalava

23 აპრილს საავტორო გადაცემაში “ასტრომაგია” სოფია ბზეკალავამ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განიხილა ადამიანის ინდივიდუალური მისია და მისი ხასიათის ფორმირების თავისებურებები პოზიტიურ ან ნეგატიურ გარემოში.

ბავშვის ზოდიაქოს ნიშნის მნიშვნელობა 

ადამიანის ხასიათი, შიშები და კომპლექსები ბავშვობაში, მშობლებთან ურთიერთობით ყალიბდება. რა თქმა უნდა, მშობელს ყოველთვის საუკეთესო სურს შვილისთვის, თუმცა ზოგჯერ, მათი აზრით სასარგებლო მხოლოდ ზიანს აყენებს პატარას. გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება, მის თვისებებს და პრობლემებს, რომლებიც ადრეულ ასაკში მშობელთან ურთიერთობით ჩნდება პირველ რიგში, სწორედ ზოდიაქოს ნიშნანი განსაზღვრავს. ადამიანი დამოუკიდებელი ინდივიდია, კონკრეტულ ფსიქოტიპს მიეკუთვნება და აბსოლუტურად უნიკალური პირადი ჰოროსკოპი  აქვს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ერთის მოსაწონი, მეორეს აღიზიანებს, ერთისთვის საწყენი კი, მეორესთვის აბსოლუტურად სულერთია.

ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ბავშვის პირადი ჰოროსკოპის შედგენა, რაც სრულიად გამართლებულია, რადგან სწორედ ჰოროსკოპი იძლევა საჭირო ინფორმაციას ბავშვის  უნარებსა და შესაძლებლობებზე, რაც მშობელს მისი ინტერესების განსაზღვრასა და გარკვეულ სფეროში წახალისებაში ეხმარება, ბავშვს კი, მშობლის სურვილების იძულებით ასრულებისა და ზრდასრულ ასაკში ფსიქოლოგიური პრობლემებისგან იცავს.

არსებობს გამოთქმა “ბავშვის აღზრდას საკუთარი თავის აღზრდა ჯობია, რადგან ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში მშობელს ემსგავსება”, ასე რომ, თუ მშობელს კომპლექსებისგან თავისუფალი, სრულფასოვანი პიროვნების აღზრდა სურს, პირველ რიგში, სწორედ საკუთარ თავზე უნდა იმუშავოს.

კარმული კავშირები 

ზოგჯერ, მშობლისა და შვილის ურთიერთობა თავიდანვე განწირულია, რაც პირველ რიგში მათი ზოდიაქოს ნიშნით, რადიკალურად განსხვავებული ხასიათით და ინტერესითაა განპირობებული. ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის ცნობიერებაზე ახლობლები ახდენენ, რომელთა არსებობა მის ცხოვრებაში აბსოლუტურად კანონზომიერია და გარკვეულ მიზანს ემსახურება, რთული ურთიერთობა კი, პირველ რიგში სამყაროს სურვილზე მიანიშნებს, რომელიც სწორედ ასე ცდილობს გამოსწორებას და მათში საჭირო  თვისებების განვითარებას.

ბავშვის მისია 

აღსანიშნავია, რომ განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა, ყველა ბავშვი საკუთარი მესიჯით და კონკრეტული მისიით იბადება. ზოგადად, ზოდიაქოს ნიშანი იმ გარემოს განსაზღვრავს, რომელშიც ის იზრდება და ვითარდება, ამიტომ გასათვალიწინებელია ოჯახის სტატუსი და მდგომარეობა, რადგან ბავშვი პოზიტიური  ენერგეტიკის მატარებელიც შეიძლება იყოს და ნეგატიურიც, ერთდროულად სიტუაციის გაუმჯობესებაც შეუძლია და დამძიმებაც.

ვერძი – პოზიტიურ გარემოში დაბადებული ვერძის ნათესავი აუცილებლად ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი სპორტსმენი ან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია,  ნეგატიურ გარემოში დაბადებულის ოჯახში კი, მუდმივად კონფლიქტი და დაპირისპირებაა.  ამ შემთხვევაში პატარა ვერძის მისია საკუთარ თავში ანტაგონისტი ზოდიაქოს ნიშნის – სასწორის თვისებების, პირველ რიგში დიპლომატიის განვითარებაა, რადგან საოცრად კეთილი და გულწრფელი ვერძი, სინამდვილეში ძალიან უტაქტო და უხეშია. ამასთანავე, აგრესიულ გარემოში დაბადებულ ვერძს იმდენად მობეზრებული აქვს ჩხუბი და საქმის გარჩევა, რომ ყოველთვის სიმშვიდის და ჰარმონიის ძიებაშია.

კურო – პოზიტიურ გარემოში კუროს დაბადება ოჯახში ფინანსური კეთილდღეობის მოპოვების მეტ მოტივაციას აჩენს, როცა ახალი საქმის დაწყებით ან სამსახურში დაწინაურების მცდელობით, მშობლები მაქსიმალურად ცდილობენ შემოსავლის ალტერნატიული წყაროების მოძიებას,  ნეგატიურ გარემოში დაბადება კი, აუცილებლად ფინანსურ დავას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს, როცა მშობლები მუდმივად აკონტროლებენ და ერთმანეთის საყვედურობენ ზედმეტი ხარჯებისთვის.

ტყუპები – მანამდე კარჩაკეტილ ოჯახში ტყუპების დაბადებით სილაღე და თავისუფლება, ხალისი და იუმორი შემოდის, უფროსები ბევრად გახსნილი, უშუალო და კომუნიკაბელური ხდებიან. საუკეთესო ვარიანტი ტყუპებისთვის ნაკითხი და განათლებული მშობლების ოჯახში დაბადებაა, რადგან მისი მთავარი მისია ინტელექტუალების ფონზეც გონებით ბრწყინვაა, თუმცა, ნეგატიურ გარემოში ტყუპების დაბადება ყოველთვის ინტრიგების, სიცრუის და სიხარბის მიზეზი ხდება, როცა უფროსები არც სიყალბეს და ფარისევლობას ერიდებიან, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი ნეგატიური თვისება სწორედ სიცრუეა. ტყუპები ყოველთვის დახელოვნებული მატყუარები არიან და ნებისმიერის გაცურება შეუძლიათ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ ამ ნიშნით იბადება ჟურნალისტთა და რეკლამის შემქმნელთა დიდი ნაწილი, რომელთაც ყოველთვის კარგად გამოსდით ინფორმაციის ლამაზად შეფუთვა და სხვისთვის “შეტყუება”.

კირჩხიბი – ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი მეტწილად ქალების გარემოცვაში იზრდება და ბავშვობიდან განებივრებულია, ქალი კი, ან ადრეული ასაკიდან ზრუნავს უმცროს და-ძმაზე და იძულებით იღებს საკუთარ თავზე მამაკაცის მოვალეობას. უკეთეს შემთხვევაში კირჩხიბის დაბადება ოჯახის დაახლოებას უწყობს ხელს, უარეს შემთხვევაში კი, წყენის და ფარული პრეტენზიების მიზეზი ხდება. სხვათაშორის, ამ ნიშნით დაბადებული საკმაოდ ადრე იწყებს ოჯახის რჩენა, ამიტომ მყუდროებას მოკლებული  ყოველთვის კომფორტის ძებნაშია და არც ემიგრაციას ერიდება. აღსანიშნავია, რომ განურჩევლად სქესისა, კირჩხიბს ქალთა პერსონალის ნდობის მოპოვების საოცარი თანდაყოლილი ნიჭი აქვს, ამიტომ ყოველთვის თავისუფლად აღწევს წარმატების იქ, სადაც ქალბატონები ჭარბობენ.

ლომი – თუ ოჯახს ხალისი და დღესასწაული აკლია, მაშინ მას მხოლოდ ლომის ნიშნით დაბადებული ბავშვი გადაარჩენს, რომელსაც მზე მფარველობს და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მუდმივად ბრწყინავს და ანათებს. საუკეთესო ვარიანტი ლომისთვის ხელოვანთა ან სოციალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული მშობლების ოჯახში დაბადება, როცა ბავშვობიდან განებივრებული, ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს სამეფო ტახტზე და არასდროს ეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, თუმცა ზედმეტი თავდაჯერებულობა  ზრდასრულ ასაკში ხშირად გაუმართლებელი ეგოიზმით და ამპარტავნობით იცვლება. სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ლომს, ოჯახში უფროსი “მეფის”, თუნდაც დიქტატორი მამის არსებობა, რომელიც ყველას დამორჩილებას ცდილობს, რადგან ახალგაზრდა ლომს სერიოზული ბრძოლის გაწევა უწევს მზის ქვეშ საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად. სხვათაშორის, ნეგატიურად განვითარებული ლომი, სწორედ ტირან მშობელს ემსგავსება და იმ მარადიულ ბავშვად რჩება, რომელიც გარშემომყოფთა პატივისცემას, მორჩილებას და მატერიალურ უზრუნველყოფას მოითხოვს, რადგან ღრმადაა დარწმუნებული, რომ სამყარო მის ვალშია.

ქალწული – საუკეთესო ვარიანტია, თუ ქალწული ცნობილ მეცნიერთა ან მედიკოსთა, ბანკირთა ან არქიტექტორთა ოჯახში იბადება, ნეგატიურ გარემოში მისი დაბადება კი,  აუცილებლად კონფლიქტის მიზეზი ხდება, როცა ერთმანეთს ჩასაფრებული მშობლები მუდმივად ნაკლოვანების ძიებაში არიან. ყველაზე ცუდი ვარიანტი ახალდაბადებული ქალწულის ოჯახში ქრონიკული სნეულის არსებობაა, თუმცა სწორედ ამ შემთხვევაში ირჩევს ის საკუთარ მისიად ადამიანებზე ზრუნვას და მათ დახმარებას, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ყოველთვის კარგი მედიკოსია. ზოგადად ქალწულს ძალიან უყვარს სხვისთვის სიკეთის კეთება და სარგებელის მოტანა, ამასთანავე, მისი დახმარება არა მორალური, არამედ ყოველთვის პრაქტიკულია. საკმაოდ ხშირია ქალწულის იმ ოჯახში დაბადება, სადაც შინაური ცხოველია, რაც ხშირად მის მომავალსაც განსაზღვრავს, რადგან სწორედ ცხოველების სიყვარულით ირჩევს ვეტერინარის პროფესიას.

სასწორი – პოზიტიურ გარემოდ სასწორისთვის ერუდირებული, გემოვნებიანი და გარეგნული მომხიბვლელობით გამორჩეული მშობლების, მეტწილად იურისტების და დიპლომატების ოჯახი ითლება, როცა უფროსებს საერთო ინტერესები აქვთ და ბრწყინვალედ ესმით ერთმანეთის, თუმცა ბევრის მოთმენა უწევთ ჩუმად. ასეთ ოჯახში სასწორი მშვიდად საუბრის, საკუთარი წყენის გულწრფელად გამოთქმის და ზედმეტი ხათრიანობის დაძლევის მისიით იბადება, რადგან თვითონაც ძალიან ხათრიანია და ყოველთვის უჭირს უარის თქმა, რაც პირველ რიგში მის ჯანმრთელობაზე აისახება ნეგატიურად. ნაკლებად სახარბიელო გარემოში დაბადებული სასწორის მთავარი მიზანი დაბალანსება და ოჯახში წონასწორობის აღდგენაა, როცა ორმაგ თამაშში ჩაბმული მშობლები არც ერთმანეთის ღალატს ერიდებიან.

მორიელი – უცნაურია, მაგრამ ხშირად მორიელის დაბადებას უფროსი ნათესავის დაღუპვა ახლავს თან, ზუსტად ისე, როგორც მორიელის გარდაცვალების შემდეგ იბადება ოჯახის ახალი წევრი. უკეთეს შემთხვევაში, მორიელი მედიკოსების ან სარისკო პროფესიის – სამხედროს ან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის ოჯახში იბადება და აუცილებლად ტრანსფორმაცია მოაქვს, რომელიც ნეგატიურ გარემოში აუცილებლად ფინანსურ პრობლემებს, უძრავი ქონების დაკარგვას და იმ საფრთხის მატერიალიზაციას იწვევს, რომელსაც ოჯახი წლების მანძილზე გაურგოდა. ზოგადად, მორიელი ტრანსფორმაციის ნიშანია, ამიტომ მისი დაბადებით გაბედნიერებული ოჯახი აუცილებლად სერიოზული ცვლილებებისა და ღირებულებების გადაფასებისთვის უნდა ემზადოს.

მშვილდოსანი – ზოდიაქოს ამ ნიშნის დაბადება ცოდნის შეძენას და განვითარებას მოასწავებს, არაა გამორიცხული ოჯახი ზედმეტად ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრებდეს,  მობილურობა აკლდეს და სწორედ მშვილდოსნის დაბადების შემდეგ გადაწყვიტოს სხვა ქვეყანაში ემიგრირება. საუკეთესო ვარიანტი ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის მაღალი სტატუსის, ცნობილ მეცნიერთა ოჯახში დაბადებაა, ყველაზე ცუდ ვარიანტად კი, ყალბი მშობლების ოჯახში დაბადება ითვლება, რომლებიც მხოლოდ სხვისი თვალის მოსაჭრელად ბრწყინავენ. ამ შემთხვევაში მშვილდოსნის მისია ცოდნის მიღება, სოციალური სტატუსის ამაღლება და ელიტარულ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებაა. სხვათაშორის, მშვილდოსანს ძალიან უნდა იყოს ლომი და ხშირადაც ბაძავს, თუმცა ნაკლებად გამოსდის. სამაგიეროდ, ყველაფრის გაბუქვის და გაზვიადების უნიკალური ნიჭი აქვს, სხვებზე უკეთ შეუძლია ლამაზად შეფუთული სიცრუის გასაღება და არც ჰაერის გაყიდვა უჭირს არასდროს.

თხის რქა – ზოდიაქოს ამ ნიშნის დაბადება მის მშობლებს კარიერული წინსვლისა და სოციალური სტატუსის ამაღლებისკენ უბიძგებს, რადგან ყოველთვის მოკლებული არიან პროფესიულ ამბიციებს. პოზიტიურ გარემოდ თხის რქისთვის ცნობილი წინაპრების ოჯახში დაბადება ითვლება, რომელთაც საზოგადოებაც პატივს სცემდა და თვითონაც ხშირად სარგებლობს მათი სახელით, ნეგატიურ გარემოდ კი, სნობების, ნაკლებად განვითარებული მშობლების ოჯახი ითვლება, როცა თვითონ უამრავი ნაკლის პატრონი, მუდმივად სხვას აკრიტიკებენ. ამგვარ გარემოში თხის რქის მთავარი მისია მოძველებული შეხედულებების დაძლევა და თანამედროვე სამყაროში ადგილის დამკვიდრებაა.

მერწყული – მეტწილად, მერწყულის მშობლები კლიშეებისგან და კომპლექსებისგან თავისუფალი ადამიანები არიან, რომლებიც ხშირად არც დაქორწინებას ჩქარობენ, რადგან სწორედ ასე გამოხატავენ საკუთარ პროტესტს საზოგადოდ დადგენილი ნორმების მიმართ. პოზიტიურ გარემოდ მერწყულისთვის ოჯახი ითვლება, სადაც ბევრი ავიატორი, პოლიტიკოსი და უფლებადამცველია.

თევზები – საუკეთესო ვარიანტად თევზებისთვის ზღვაოსნების, ფსიქოლოგების ან ხელოვანთა ოჯახში დაბადება ითვლება, ყველაზე ცუდი ვარიანტი კი, ქალაქიდან შორს, მიყრუებულ ადგილას, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე მშობლების ოჯახია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თევზების მთავარი მისია სწორედ თვითრწმენის მოპოვება და სოციუმში ადგილის დამკვიდრებაა. სხვათაშორის, თევზები ძალიან ხშირად კარგავენ ერთ ან ორივე მშობელს ადრეულ ასაკში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები