LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს ნიშნების სტრესისადმი მიდრეკილება და მისი დაძლევის ყველაზე ოპტიმალურ მეთოდები – “ასტრომაგია”

15
bzekalava_1

16 აპრილს გადაცემაში “ასტრომაგია”, რომელიც სტრესის მართვის ხელოვნებას მიეძღვნა, სოფია ბზეკალავამ დეტალურად ისაუბრა ზოდიაქოს ნიშანთა სტრესისადმი მიდრეკილებასა და მისი დაძლევის ყველაზე ოპტიმალურ მეთოდებზე.

სტრესის გამომწვევი მიზეზები 

21-ე საუკუნეში ადამიანს ზედმეტად სწრაფი ტემპით, ე.წ. დედლაინის პირობებში უწევს ცხოვრება, რაც ხშირად სტრესის და ფსიქოლოგიური დათრგუნვის მიზეზი ხდება. სამწუხაროდ, სწორედ სტრესი იწვევს ონკოლოგიურ და ნერვულ დაავადებებს, რადგან ონკოლოგია პირველ რიგში, გადაყლაპული ნეგატიური ემოციებია, რომელთაც ადამიანი წლების მანძილზე აგროვებს და თავისდაუნებრურად ჩაკეტილ წრეში ექცევა, საიდანაც ძალიან უჭირს თავის დაღწევა. მართალია, თეორიულად ადამიანი ყოველთვის ხედავს გამოსავალს სტრესული გარემოდან, თუმცა ვერ ბედავს გარისკვას და გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას, რადგან, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ ესაა მისი კომფორტის ზონა, რომელზეც გენეტიკურად ან ბავშვობიდანაა დაპროგრამებული. სინამდვილეში, მთავარი არა პრობლემის სირთულე, არამედ ადამიანის აღქმა, კონკრეტული სიტუაციის მიმართ დამოკიდებულებაა, რადგან ზოგისთვის პრობლემა მხოლოდ სტრესის და დეპრესიის მიზეზია, ზოგისთვის კი, ახლის აღმოჩენის და ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ნიშნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ სტრესზეც განსხვავებულად რეაგირებენ – ზოგი ზედმეტად მძიმედ და მტკივნეულად განიცდის, ზოგი კი, თანდაყოლილი ბრძოლის უნარით იბადება, ამიტომ ყველაფერს ოპტიმიზმით უყურებს და უსიამოვნებებსაც სხვებზე მარტივად ერევა.

 ყველაზე “სტრესგამძლე” ზოდიაქოს ნიშნები 

ყველაზე “სტრესგამძლე” ზოდიაქოს ნიშნებად ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები – ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ითვლებიან, რომლებიც თანდაყოლილი ოპტიმიზმის წყალობით ნებისმიერ მარცხში არა კატასტროფას, არამედ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის შანსს  ხედავენ.

ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშანს ომის პლანეტა მარსი მართავს, ამიტომ უზარმაზარი სასიცოცხლო პოტენციალის პატრონია და განსაკუთრებული ბრძოლის უნარით გამოირჩევა. მეტიც, სტრესი მისთვის მხოლოდ გამოწვევა, ცვლილებების, ახლის დაწყების შანსია, რომელსაც ყოველთვის აზარტით ხვდება. ვერძს ძალიან არ უყვარს რუტინა და ერთფეროვნება, ამიტომ მუდმივ მოქმედებაშია და არც  ბრძოლას, გარისკვას ერიდება, სტრესს კი, სპორტითა და ფიზიკური დატვირთვით ერევა.

ლომი – მზის შვილად წოდებული ლომი ადრეული ბავშვობიდან აცნობიერებს, რომ ის უნიკალური და ყველასგან გამორჩეული, ნამდვილი მეფე ან დედოფალია, ამიტომ, არც თვითრწმენის სიმცირეს უჩივის. ზოდიაქოს ამ ნიშანს ყოველთვის თავისუფლად შეუძლია სითბოს და სიყვარულის სხვისთვის გაზიარება, მთავრია, იმ საქმით იყოს დაკავებული, რომელსაც მისთვის ბედნიერება მოაქვს, რადგან შეზღუდვის შემთხვევაში, მასში აგრესია იღვიძებს, ნაკლებად კომფორტულად გრძნობს თავს  და ჯანმრთელობის – მეტწილად გულ-სისხლძარღვთა, ხერხემლის და მხედველობის სერიოზული პრობლემებით იტანჯება. სტრესის დაძლევაში ლომს ყველაზე უკეთ მზის სხივები ეხმარება, თუმცა არც შოპინგსა და ახალი იმიჯის შექმნაზე ამბობს უარს.

მშვილდოსანი – იუპიტერით მართული მშვილდოსანი განსაკუთრებული ოპტიმიზმით, იღბლიანობით გამოირჩევა და  ყოველთვის უკეთესი მომავლის მოლოდინშია. ზოდიაქოს ამ ნიშანს სხვებზე მეტად უმართლებს, რაც პირველ რიგში ისევ მისი მმართველი პლანეტის დამსახურებაა, თუმცა, სამყაროსგან ბონუსებით განებივრებულს, საკუთარი ოპტიმიზმის და სიცოცხლის სიყვარულის სხვებისთვის გაზიარების მისია აკისრია, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მშვილდოსანი აუცილებლად კარგი პედაგოგი, ტრენერი და ქოუჩია, სტრესს კი, მორიგ მოგზაურობაში გამგზავრებით ამარცხებს.

მორიელი – ყველაზე “სტრესგამძლე” ნიშნებს შორისაა, პრინციპული და ფსიქოლოგიურად ძლიერი მორიელიც, რომელიც თვითგადარჩენის საოცარი ინსტიქტის წყალობით ნებისმიერ უსიამოვნებას ნაკლები დანაკარგით აღწევს თავს, შესაძლოა გარეგნობა შეიცვალოს ან ფსიქოლოგიური გარდატეხა განიცადოს, რადგან ტრანსფორმაციის მმართველი – პლანეტის პლუტონის მფარველობის ქვეშაა, თუმცა ყოველთვის გადარჩება იქ, სადაც სხვა აუცილებლად დაიღუპება. სხვათაშორის, კატასტროფებსა და ექსტრემალურ სიტუაციებში ცოცხლად გადარჩენილთა შორის სწორედ მორიელი პირველობს, რომელსაც ნაკლებად ხიბლავს მშვიდი ცხოვრება და მუდმივად ცეცხლს ეთამაშება, არასდროს ერიდება რისკს და სტრესულ გარემოშიც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. თუმცა, ყველაფერი განვითარებაზეა დამოკიდებული, რადგან სულიერად და მორალურად ნაკლებად განვითრებული მორიელი უბრალოდ დესტრუქციული და ხშირად საშინლად აუტანელი ადამიანია. ზოდიაქოს ამ ნიშანს სტრესისგან განთავისუფლების საკმაოდ უცნაური მეთოდი აქვს, რადგან ერთი უსიამოვნებიდან თავის დაღწევას ახალი უსიამოვნების შექმნით, საკუთარი თავის გამოწვევით და შიშის დაძლევით ცდილობს.

თხის რქა – მართალია, პლანეტა სატურნის მიერ მართული თხის რქა თანდაყოლილი ბრძოლის უნარით იბადება, საოცრად გამძლე და ამტანი, ჯიუტი და პრინციპულია, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ნაბიჯის გააზრება და დეტალურად გათვლა, რადგან იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის მარცხით სრულდება, რასაც ძალიან მტკივნეულად განიცდის და ხშირად დეპრესიშიც ვარდება, თავის დასაღწევად კი, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. თუმცა, თხის რქას თავისუფლად შეუძლია როგორც ფსიქოლოგიური წნეხის, ისე ფიზიკური დათრგუნვის გაძლება, მეტიც ხშირად სხვის პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს და შეგნებულად ითრგუნება, რაც ხანგრძლივი ავადმყოფობის და განწყობის დამძიმების მიზეზი ხდება. სხვათაშორის, პლანეტა სატურნი შიშების და კომპლექსების მმართველი პლანეტაა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს ოპტიმიზმის სრული დაკარგვა და საკუთარ თავში ჩაკეტვა ახასიათებს, თუმცა, მას არა სირთულეები აშინებს, არამედ მარცხი და სოციალური სტატუსის დაკარგვა, რადგან იმიჯის ნიშანია და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საზოგადოებრივ აზრს. თუ თხის რქას სტრესისგან სურს თავის დახსნა, მაშინ აუცილებლად ფიზიკურად უნდა დაიტვირთოს, რადგან მხოლოდ ფიზიკურ შრომას შეუძლია მისი დამშვიდება.

კირჩხიბი –  მართალია, ბევრს კირჩხიბი ძალიან სუსტად, დაუცველად და ხშირად ისტერიულად ეჩვენება, რადგან ემოციური ბუნების პატრონისთვის ყველა მოულოდნელობა პანიკით სრულდება, ბევრს წუწუნებს და სწორედ ასე ცდილობს მორალური მხარდაჭერის მიღებას, მაგრამ სინამდვილეში, კირჩხიბი საკმაოდ კარგად უძლებს სტრესს, მარცხის შეფასების, გააზრების და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ კი, ისევ იბრუნებს სტაბილურობას. სხვათაშორის, კირჩხიბი არასდროს უშვებს ერთიდაიგივე შეცდომას, რადგან ყოველთვის ითვალისწინებს მწარე გამოცდილებას და განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს მოქმედებისას, მისთვის უმთავრესი ოჯახის წევრთა კეთილდღეობაა,  ნებისმიერ სხვა პრობლემას კი, უზარმაზარი შინაგანი რეზერვის წყალობით უმკლავდება. ამასთანავე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული საოცარი პატრიოტია, ამიტომ არც სითამამე აკლია, თუ საქმე სამშობლოს დაცვას ეხება. სტრესის დაძლევაში კირჩხიბს ბავშვებთან ურთიერთობა, მათთან გართობა ეხმარება.

ნაკლებად “სტრესგამძლე” ნიშნები 

არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან არ უყვართ დაუგეგმავი ცვლილებები, ამიტომ ყველაფრის წინასწარ გათვლას ცდილობენ, თუმცა სამყარო მოულოდნელობებითაა სავსე და ხშირად მათაც უწევთ მოვლენებს სწრაფად მორგება, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის და ხშირად სტრესის მიზეზიც ხდება.

კურო – ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან ეშინია ცვლილებების, რაც ხშირად სტრესის, ფსიქოლოგიური წნეხის ტოლფასია, ამიტომ წვრილმან, სხვისთვის უმნიშვნელო ცვლილებებსაც ერიდება. კუროს ამოჩემება ახასიათებს, ვერასდროს ელევა შეჩვეულ ადგილს, ნივთებს და სერიოზულად აფრთხობს სიურპრიზები, რადგან ცხოვრების საკუთარი რიტმი აქვს, ყველაფრის ნელა კეთება ურჩევნია და ძალიან არ უყვარს აჩქარება. სხვათაშორის, კურო, რომელიც მუდმივ სტრესს განიცდის, აუცილებლად ჭარბი წონით იტანჯება, რადგან არასტაბილურ გარემოში მხოლოდ გემრიელად მირთმევით იმშვიდებს თავს, რასაც ასტროლოგები “ვენერას მეთოდით თავდაცვას” უწოდებენ, კუროს კი, სწორედ პლანეტა ვენერა მართავს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისთვის  სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალება – კულინარიით ან მებაღეობით გატაცებაა.

ტყუპები – ჰაერის ნიშნებს შორის, სტრესს ყველაზე კარგად სწორედ ტყუპები უძლებენ, რადგან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ მარცხს და დიდხანს არასდროს განიცდიან, თავისუფლად შეუძლიათ სტრესის დროს ყურადღების ახალ საქმეზე, გატაცებაზე კონცენტრირება და ნებისმიერი წარუმატებლობის მარტივად გადატანა. სხვათაშორის, ტყუპებისთვის სტრესისგან განთავისუფლების საუკეთესო გამოსავალი ახლის შესწავლა და ცოდნის გაღრმავებაა.

მერწყული – ზოდიაქოს ეს ნიშანი მხოლოდ გლობალურ საკითხებზე ნერვიულობს და არასდროს ღელავს წვრილმანებზე, ამიტომ სტრესსაც ნაკლებად განიცდის. მართალია, მერწყული ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენელია, იშვიათად ღალატობს საკუთარ პრინციპებს, შეხედულებებს და სწორედ ესაა მისი პრობლემების მთავარი მიზეზი, მაგრამ თუ ბევრი მეგობარი ჰყავს, მაშინ სირთულეებსაც მარტივად ერევა, რადგან კოლექტივისტი ნიშანია და სტრესის დაძლევასაც სწორედ ახლობლების დახმარებით ცდილობს.

სასწორი – ამ ნიშანით დაბადებული ადამიანი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ სტატუსს და საზოგადოებრივ აზრს, ამიტომ დიპლომატის უნიკალური ნიჭის წყალობით, ყოველთვის ახერხებს კონფლიქტისგან, მარცხისგან თავის არიდებას. რა თქმა უნდა, არასასიამოვნო მოულოდნელობები მის ცხოვრებაშიც ხშირია, რასაც საკმაოდ მტკივნეულად განიცდის და გარკვეული პერიოდით ჩვეულ სიმშვიდეს, წონასწორობასაც კარგავს, თუმცა, მასაც შეუძლია აგრესიის გამოვლენა, განსაკუთრებით თუ უსამართლობას ეჯახება. სასწორისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საიმედო პარტნიორის მხარდაჭერა, რადგან სწორედ მისი დახმარებით შეუძლია სტრესის დაძლევა, ამასთანავე, ძალიან უყვარს სხვისთვის კონსულტაციის გაწევა და თვითრწმენის სწორედ ასე აღდგენა.

ქალწული – პერფექციონისტ ქალწულს ძალიან ეშინია შეცდომის დაშვება, ნაკლებად გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით და გამძლეობით, ამიტომ ყოველთვის ბევრს ფიქრობს და ყველაფერს აანალიზებს, მარცხს კი, მძიმედ განიცდის, რადგან ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ წვრილმანებს, რომელთაც სხვა საერთოდ ვერ ამჩნევს.

თევზები – ზედმეტად ემოციურ თევზებს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა, მელანქოლიური განწყობა ახასიათებთ, ამიტომ სტრესსაც სხვებზე ხშირად განიცდიან. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის სტრესის დაძლევის საუკეთესო თერაპია ხელოვნება და პირველ რიგში მუსიკაა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თევზებს შორის ყველაზე მეტი მელომანია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები