LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ ძველი Toyota Corolla „მოსაწყენად“ მოიხსენია და კრიტიკა დაიმსახურა

653
ქირიას NEWS შაბლონი (1)

BMW სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სარეკლამო პოსტის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. კომპანიამ 1990-იანი წლების Toyota Corolla-ს დიზაინი „მოსაწყენად“ შეაფასა და ის ახალი BMW X5-ის გარეგნობას შეადარა, თუმცა მომხმარებლების რეაქცია მარკეტინგული კამპანიის ავტორების მოლოდინებისგან განსხვავებული აღმოჩნდა.

BMW-ის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული გამოსახულება იყო წარმოდგენილი, რომელზედაც 1990-იანი წლების იაპონური სედანი ჩანდა. ავტომობილი Toyota Corolla-ს მეშვიდე თაობას, E100-ს ჰგავდა, რომელიც 1991-1997 წლებში იწარმოებოდა. სურათს თან ახლდა წარწერა „Boring“ – „მოსაწყენი“.

მომდევნო ფოტოზე კომპანიამ ახალი BMW X5-ის წინა ნაწილი აჩვენა და საკუთარი დიზაინი ბრენდის ხასიათისა და ინდივიდუალობის მაგალითად წარმოადგინა. პოსტს თან ჰქონდა სლოგანი: „ჩვენ მხოლოდ ავტომობილებს არ ვქმნით – მათ ხასიათს ვანიჭებთ. ადვილად საცნობი BMW. განსხვავებული შექმნილია განსხვავებული შეგრძნებისთვის“.

თუმცა, სოციალურ ქსელში გამოხმაურებების დიდი ნაწილი Toyota-ს სასარგებლოდ იყო. მომხმარებლებმა ძველი Corolla-ს მარტივი და კლასიკური დიზაინი დაიცვეს. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ავტომობილის გარეგნობა მოსაწყენი კი არ იყო, დროის გამოცდას გაუძლო და დღემდე ცნობადია. ზოგიერთმა კომენტატორმა ხუმრობით ისიც კი შესთავაზა BMW-ს, ფოტოებზე წარწერები ადგილების მიხედვით შეეცვალა.

კრიტიკის ნაწილი უშუალოდ BMW-ის ახალ დიზაინსაც შეეხო. მომხმარებლებმა ახალი X5-ის გარეგნობა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ შედარებამ გერმანული ბრენდის სასარგებლოდ არ იმუშავა. ზოგიერთი მათგანი კომპანიის მარკეტინგულ გუნდს აუდიტორიის განზრახ პროვოცირებაშიც ადანაშაულებდა, რათა პოსტს მეტი კომენტარი და გაზიარება მოეგროვებინა.

დისკუსიაში BMW-ს ერთგული გულშემატკივრებიც ჩაერთნენ, თუმცა მათი ნაწილი უპირატესობას ბრენდის ძველ მოდელებს, მათ შორის E30 და E39 თაობებს ანიჭებდა. BMW-მ რამდენიმე მხარდამჭერ კომენტარს თავადაც უპასუხა და მომხმარებლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები