LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბორბალო“ – ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი და საერთაშორისო გაფართოების გეგმები

1953
კობა ჟღენტი

ერთი დავიწყებული ჯარიმით გამოწვეული პრობლემა „ბორბალოს“ შექმნის საფუძველი გახდა. დღეს აპლიკაციაში ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელია რეგისტრირებული, კომპანია კი სერვისების გაფართოებასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას გეგმავს.

როგორც „ბორბალოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა კობა ჟღენტმა რადიო „ფორტუნას“ ბიზნეს გადაცემაში ისაუბრა, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მამამისს ჯარიმის გადახდა დაავიწყდა, თანხა გაიზარდა და პრობლემამ უფრო სერიოზული სახე მიიღო. აპლიკაციაზე მუშაობა ოფიციალურ უწყებებთან ინტეგრაციის გამო რამდენიმე წელს გაგრძელდა. „ბორბალო“ მომხმარებლებისთვის 2022 წლის 11 ოქტომბერს გაეშვა.

აპლიკაცია მძღოლებს სხვადასხვა უწყების ჯარიმების ერთ სივრცეში ნახვისა და გადახდის, ვადების კონტროლის, ჯარიმის ექვს თვეზე განაწილების, ტექდათვალიერების ვადის შემოწმებისა და პარკირების მომსახურებების გამოყენების საშუალებას აძლევს. ასევე ხელმისაწვდომია კამერების მდებარეობის ნახვა, თბილისში კი მძღოლები ავტომობილის ევაკუაციის შესახებ შეტყობინებას იღებენ.

კობა ჟღენტის თქმით, მომხმარებელთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია იუმორსა და ყოველდღიური სიტუაციების წარმოჩენას ეფუძნება, რაც მომხმარებელს აპლიკაციის პრაქტიკული სარგებლის დანახვაში ეხმარება.

კომპანია საგზაო უსაფრთხოების შესახებ საგანმანათლებლო კონტენტსაც ავრცელებს, რომლის ნახვა აპლიკაციის გამოყენების გარეშეც შესაძლებელია.

სამომავლოდ „ბორბალო“ ახალი ფუნქციების დამატებას გეგმავს, მათ შორის ისეთი სერვისების, რომლებიც მესამე მხარეებთან ინტეგრაციაზე არ იქნება დამოკიდებული. ეს მიმართულება კომპანიის საერთაშორისო გაფართოების ერთ-ერთი საფუძველი უნდა გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები