LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩანაცვლება არ მომხდარა და ვერც მოხდება, ბაბი ბაბია, მე მე ვარ… მას ძალიან ვაფასებ… არც ვიცოდი, თუკი ის ბენდში აღარ იყო…“ – როგორ გახდა ნინი ყულეჯიშვილი „ღამის შოუს ბენდის“ წევრი და რა მოლოდინები აქვს მომღერალს

5633
ნინი ყულეჯიშვილი

ახლახან მომღერალი ნინი ყულეჯიშვილი „ღამის შოუს ბენდის“ წევრი გახდა. მან შეთავაზება ბენდის ხელმძღვანელისგან, გელა გნოლიძისგან მიიღო მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრი, ბაბი კირკიტაძე მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, მათ გამოემშვიდობა.

ნინი ახლახან დაქორწინდა და ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ოჯახის დიდი ხელშეწყობით, ბენდის შეთავაზებას დათანხმდა და ახლა ძალიან ბედნიერია, რადგან მისი თქმით, საოცარ გარემოში მოხვდა.

ნინი ყულეჯიშვილი fortuna.ge-ს პირველ ემოციებს უზიარებს.

„ჩემი ბენდში მოხვედრა ძალიან სპონტანური და სრულიად მოულოდნელი იყო. არც კი ვიცოდი, რომ ბაბი კირკიტაძე „ღამის შოუს ბენდში“ აღარ იყო. ყოველ სამშაბათს ტელევიზიით, სამწუხაროდ, ვერ ვადევნებ თვალს, მაგრამ ვიდეოები სულ მხვდება სოციალურ ქსელში. ძალიან პრესტიჟული და რეიტინგული გადაცემაა. მაგრამ ბაბის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობდი. როცა ვიდეო დავდე, სადაც ერთ-ერთ მომღერალ ბიჭთან, ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად ვასრულებდი სიმღერას, რამდენიმე დღეში მან მომწერა, გელა გნოლიძეს სურს შენთან გასაუბრება და შენი ნომერი მომწერეო.

რადგან ბაბის წასვლის ამბავი არ ვიცოდი, საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ უნდოდა გელას ჩემი ნომერი. ვკითხე ლაშას, რა ხდება-მეთქი და არც მან იცოდა, ალბათ, გადაცემაში გიწვევენო. გელამ რომ დამირეკა, პირდაპირ მკითხა, თუ ხარ დაინტერესებული „ღამის შოუს ბენდში“ სიმღერითო. ისე დავიბენი, რომ არ მახსოვს რა ვუპასუხე. ალბათ,დავუტოვე შთაბეჭდილება, რომ ვერ ვსაუბრობ… მეგონა, სტუმრად მიწვევდნენ, მაგრამ შემდეგ ამიხსნა, სამწუხაროდ, ბაბი წავიდა და ვეძებთ გოგონას, აკმაყოფილებ კრიტერიუმებს და გვინდა, გასაუბრებაზე მოხვიდე „იმედშიო“.

ამასობაში მეორე ამბავიც უნდა გითხრა, რა ხდება სახლში. ქორწილის შემდეგ, ბათუმში გადავედი საცხოვრებლად. ბათუმი-თბილისის გზაზე ვცხოვრობთ, აქეთ-იქით დავდივართ. თბილისშიც გვაქვს ბინა. მარტო აღარ ვწყვეტ არაფერს ცხოვრებაში, ჩემი მეუღლისა და ჩემი ოჯახის აზრი იყო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. გელას ჯერ ვერ დავეთანხმე, რადგან ვთხოვე დრო, რომ ჩემს ოჯახთან ერთად გამევლო ეს თემა, მოვახერხებდი თუ არა. გელასგან თავიდანვე დიდი ხელშეწყობა დავინახე, მითხარი, რომ მაქსიმალურად შემიწყობდნენ ხელს. ჩემს მეუღლესა და ოჯახს იცი, როგორი ემოცია ჰქონდათ? მეც რომ არ ველოდი. არ მქონდა ლაპარაკი დასრულებული, რომ უკვე დამეთანხმნენ. ხომ ხვდებით, რამდენს ნიშნავს მხარდაჭერა, გამხნევება და იმედი? მეუღლისგან ასეთი გვერდში დგომა ძალიან დასაფასებელია. ოცნებისგან ერთი ნაბიჯი მაშორებდა და აღმოჩნდა, რომ ჩემს მეუღლესა და ოჯახსაც ისევე გაუხარდათ ეს ამბავი, როგორც მე…

ამიერიდან ბენდის წევრი ხარ… ბაბი რატომ აღარ არის, ამის მიზეზი არ გიკითხავს?

ალბათ, სოლოკარიერა უნდა და ასე გადაწყვიტა, არ მიკითხავს და არ ვიცი. ძალიან ვაფასებ ბაბის, სულ მომწონდა და ყოველთვის მომეწონება, ძალიან კარგი ადამიანია. რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი, თუმცა კარგად არ ვიცნობ. სოციალურ ქსელებში ახლა ამბავია, ხალხი მისტირის ბაბის, კითხულობენ, რატომ წავიდა. მე, რა თქმა უნდა, არ ვპასუხობ არავის და არც მაქვს უფლება. ერთი რამის თქმა მინდა – ჩანაცვლება არ მომხდარა და ვერც მოხდება, ბაბი ბაბია, მე მე ვარ…

პირველი ჩაწერის ემოციები გაგვიზიარე…

ძალიან ვნერვიულობდი, რადგან თათა არ იყო პირველ შეხვედრაზე, იყვნენ გელა, ზვიო და ხმის რეჟისორი. ვღელავდი, როგორ მიმიღებდა თათა, ყველაზე მეტად ვნერვიულობდი, მეტი კომუნიკაცია მასთან მომიწევს. პირველი შეხვედრა იყო დაუვიწყარი, ყველანაირი დარდი, ფიქრი და სტრესი გამიქრა. როგორი ლამაზიც არის ფიზიკურად, ისეთივეა სულიერად. ბევრ რჩევა-დარიგებასაც მაძლევს, რაც ძალიან მომწონს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ოჯახური გარემო დამხვდა, ძალიან შეკრულები არიან. ეს ჩემთვის გადამწყვეტია. თავიდანვე ასე ვთქვი, თუ კომფორტულ გარემოში არ ვიქნები, ვერ ვიმუშავებ-მეთქი. ჩემი იმედები გამართლდა. როგორ გარემოზეც მიოცნებია, ზუსტად ისეთი დამხვდა…

რა მოლოდინები გაქვს?

ძალიან გამიხარდება, რომ გამიცნობს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც აქამდე არ მიცნობდა. ამ გადაცემაში მხოლოდ სიმღერა არ არის, შეგიძლია გამოავლინო არტისტიზმი და ცეკვის ნიჭი. მიხარია, რომ ქართველი მაყურებელი ყველა კუთხით გამიცნობს… ასევე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მეც ისევე შემიყვაროს მაყურებელმა, როგორც ბაბი უყვარს. ძალიან ბუნებრივია, რომ მსმენელი ასეთ კომენტარებს წერს მისი მისამართით, რადგან ძალიან უყვართ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები