LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი დიდ ბრიტანეთს ელექტრომობილებზე დაწესებული გადასახადების გამო საპასუხო ზომებით ემუქრება

141
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ჩინეთმა დიდ ბრიტანეთს მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა და განაცხადა, რომ ლონდონის მიერ ჩინურ ელექტრომობილებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებას საპასუხო ზომებით უპასუხებს. პეკინის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ჩინური ავტომწარმოებლების წინააღმდეგ სავაჭრო პოლიტიკის შეთანხმების შესაძლებლობა განიხილა.

ჩინეთის კომერციის სამინისტრომ ბრიტანეთს მოუწოდა, არ გაიმეოროს ევროკავშირის ნაბიჯები და გადაწყვეტილებების მიღებისას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები გაითვალისწინოს. უწყების განცხადებით, თუ ლონდონი ჩინური ელექტრომობილების იმპორტს შეზღუდავს, პეკინი საკუთარი საავტომობილო ინდუსტრიის ინტერესების დასაცავად მკაცრ საპასუხო ზომებს მიიღებს. კონკრეტულად რა სახის ზომებზეა საუბარი, ჩინეთის მხარეს არ დაუკონკრეტებია.

დაძაბულობის მიზეზი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მცდელობაა, საერთო მიდგომა შეიმუშაონ ჩინური ავტომობილების მზარდი კონკურენციის საპასუხოდ. ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრმა ანას სარვარმა განაცხადა, რომ ლონდონმა და ბრიუსელმა ამ საკითხზე კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ. შესაძლო დამატებითი ტარიფების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მათი ოდენობა და ამოქმედების ვადა ჯერ განსაზღვრული არ არის.

ევროკავშირმა ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე დამატებითი საბაჟო გადასახადები 2024 წელს შემოიღო. ჩვეულებრივ, 10 პროცენტიანი იმპორტის ტარიფთან ერთად, გადასახადების საერთო განაკვეთი ზოგიერთ ავტომობილზე 45,3%-ს აღწევს. ევროპული მხარე მიიჩნევს, რომ ჩინური ავტომობილების მწარმოებლები სახელმწიფო სუბსიდიებით სარგებლობენ, რაც მათ ადგილობრივ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს.

დიდი ბრიტანეთი ჯერჯერობით მსგავს დამატებით ტარიფებს არ აწესებს. ბრიტანეთის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ ჩინეთის საპასუხო ნაბიჯებმა შესაძლოა ადგილობრივი ავტომწარმოებლები დააზარალოს, რადგან ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ექსპორტზე. 

ლონდონისთვის საკითხი დამატებით მნიშვნელობას იძენს ევროკავშირის ინიციატივის – „დამზადებულია ევროპაში“ გამოც. ბრიტანეთი ცდილობს, ამ პროგრამის ფარგლებში საკუთარი კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობები შეინარჩუნოს. ინიციატივა ევროპულ წარმოებას გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებს, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვებში, ხოლო ბრიტანული კომპანიების პროგრამის მიღმა დატოვებამ შესაძლოა მათი პოზიციები ევროპულ ბაზარზე გააუარესოს.