ჩინეთის ნანკინის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის უჩვეულო სასწავლო კურსი მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც მათ შემთხვევით შერჩეულ უცნობ ადამიანებთან დარეკვა და სატელეფონო ინტერვიუს ჩატარება უწევთ. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებისთვის კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება, თავდაჯერებულობის ამაღლება და სხვებთან ურთიერთობის შიშის დაძლევაა.
როგორც South China Morning Post-ი წერს, კურსი სახელწოდებით „ზეპირი მეტყველება“ 2015 წელს ყოფილმა ტელეპროდიუსერმა და რეჟისორმა სუი კაიმ შექმნა. წლების განმავლობაში ის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არჩევით კურსად იქცა.
დავალება ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა სტუდენტებისთვის ხშირად ნამდვილ გამოწვევად იქცევა: მათ უცნობ ნომერზე უნდა დარეკონ და ადამიანს ტელეფონით გაესაუბრონ. ზოგი სტუდენტი თავდაპირველად მეგობრებსა და ოჯახის წევრებს სთხოვს, უცნობების როლი მოირგონ, სხვები კი სოციალურ ქსელებში ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ინტერვიუზე დათანხმდებიან.
ერთ-ერთმა სტუდენტმა, ჰონგ იმინმა, 30-ზე მეტ ნომერზე დარეკა, თუმცა ტელეფონს მხოლოდ ხუთმა ადამიანმა უპასუხა. სამმა საუბარი მაშინვე შეწყვიტა, ერთმა კი იფიქრა, რომ ზარი თაღლითისგან იყო. საბოლოოდ, მხოლოდ ერთი ადამიანი დათანხმდა ინტერვიუს. ის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდა და სტუდენტს კარიერული დაგეგმვისა და ნანკინში თავისუფალი დროის გატარების შესახებ ესაუბრა.

დავალების შესრულებას ისიც ართულებს, რომ ადამიანები უცნობი ნომრებიდან შემოსულ ზარებს ხშირად არ სცემენ პასუხს – თაღლითური ზარებისა და არასასურველი შეთავაზებების ეშინიათ. ამის გამო ზოგიერთმა სტუდენტმა კურსიც კი მიატოვა.
სუი კაის განმარტებით, კურსის მიზანი მხოლოდ გამართულად საუბრის სწავლება არ არის. ის სტუდენტებს თავდაჯერებულობაში, კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ემპათიის ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროს. ლექტორის აზრით, ადამიანთან საუბრის დაწყება მარტივი არ არის, ამიტომ ახალგაზრდებმა სხვისი დახმარების დაფასებაც უნდა ისწავლონ.
სუი კაი მიიჩნევს, რომ ჩინურ საზოგადოებაში გავრცელებულმა მიდგომამ – „ნაკლები საუბარი, მეტი საქმე“ შესაძლოა, ადამიანების თავშეკავებულობას შეუწყოს ხელი, თუმცა ამავე დროს პიროვნულ განვითარებასა და სოციალური უნარების ჩამოყალიბებასაც შეუშალოს ხელი. მისი თქმით, ბევრი ახალგაზრდა საკუთარ თავს ინტროვერტად ან სოციალური შფოთვის მქონე ადამიანად მიიჩნევს, თუმცა ზოგჯერ პრობლემა უბრალოდ კომუნიკაციის პრაქტიკისა და სწავლის შესაძლებლობის ნაკლებობაა.
კურსის ფარგლებში სტუდენტები არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობასაც სწავლობენ, მათ შორის ჟესტებისა და სხეულის ენის გამოყენებას. ლექტორს იმედი აქვს, რომ ეს გამოცდილება განსაკუთრებით დაეხმარება პირველკურსელებს ახალ გარემოსთან ადაპტაციაში.