LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ხელოვნური ინტელექტისა და ჩიპების კომპანიების აქციები მკვეთრად დაეცა – დანაკარგი 480 მილიარდი დოლარია

158
რობოტები

ჩინეთში ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების სექტორის კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად შემცირდა. ოთხ თვეზე ნაკლებ დროში ტექნოლოგიური კომპანიების მთავარმა ინდექსმა STAR50-მა დაახლოებით 40% დაკარგა, ხოლო ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 480 მილიარდი დოლარით შემცირდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ვრცელებს.

ვარდნის მიზეზებს შორის სახელდება აქციების მაღალი შეფასება, ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის პერსპექტივებთან დაკავშირებული ეჭვები და ჩინური ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტზე შესაძლო შეზღუდვები. დამატებითი რისკია აშშ-ის გეგმები, შეზღუდოს ჩინური მოწყობილობების გამოყენება ამერიკულ მონაცემთა ცენტრებში. ჩინეთის მსხვილი კომპანიების CSI300 ინდექსიც ივნისის მაქსიმუმთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული.

განსაკუთრებით დაზარალდნენ ინვესტორებს შორის პოპულარული კომპანიები. რობოტების მწარმოებელი Unitree-ს აქციების ფასი აგვისტოში ბირჟაზე გამოსვლის შემდეგ განახევრდა, ხოლო ჩიპების მწარმოებელმა CXMT-მ ბოლო ერთ თვეში ღირებულების მეოთხედზე მეტი დაკარგა. სხვა ნახევარგამტარული კომპანიების აქციებიც მკვეთრად გაიაფდა. ამან მცირე ინვესტორებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა და ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ნდობა შეამცირა.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ აქციების ფასები ხელოვნური ინტელექტის მიმართ გადაჭარბებულმა მოლოდინებმა გაზარდა. STAR50-ის კომპანიები კვლავ მაღალი შეფასებით ივაჭრება: ინდექსის ფასი კომპანიების ბოლო 12 თვის მოგებას დაახლოებით 100-ჯერ აღემატება, მაშინ როცა Nasdaq 100-ის ანალოგიური მაჩვენებელი დაახლოებით 30-ია. ეს ზრდის შიშს, რომ ვარდნა შესაძლოა გაგრძელდეს და ტექნოლოგიურ კომპანიებს კაპიტალის მოზიდვა გაურთულდეთ.

ჩინეთის ხელისუფლება ბოლო პერიოდში ცდილობდა საფონდო ბაზარზე მკვეთრი რყევების შემცირებას და უფრო სტაბილური ზრდის უზრუნველყოფას. თუმცა, ბაზრის ზოგიერთი მონაწილე მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიური კომპანიების ზედმეტმა წონამ ინვესტიციები სხვა სექტორებიდან გადაიტანა და ცალკეულ მიმართულებებში ბუშტის წარმოქმნას შეუწყო ხელი.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია ჩინურ ტექნოლოგიურ აქციებში გრძელვადიან შესაძლებლობებს კვლავ ხედავს. სხვა ინვესტორები კი დამატებით გაიაფებას ელოდებიან. ბაზრის მონაწილეთა ნაწილის შეფასებით, ჩიპებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოქმედ კომპანიებს მომავალში ფასების კონკურენციაც გაუძლიერდებათ, რაც მათ მოგებიანობაზე ზეწოლას მოახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები