LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ალბათ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე თბილისში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ და მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს სტალინის ძეგლები და სტალინის კულტის განდიდება საქართველოში“ – ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

135
ნიკოლოზ სამხარაძე

„საერთოდ როგორ შეგვიძლია რომელიმე ამ ჩანაწერზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ?! ეს უკვე აღარც სამარცხვინოა და საერთოდ არაფერში წერია. მსგავსი სისულელეების ერთად თავმოყრილი დოკუმენტი ნამდვილად არასოდეს მინახავს და არასოდეს წამიკითხავს“– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის რეზოლუცია შეაფასა და დოკუმენტში გაკეთებულ რამდენიმე ჩანაწერზე გააკეთა კომენტარი:

„მე ძალიან გამიჭირდება ამ რეზოლუციაზე სერიოზულად საუბარი და ალბათ, ჩემი პარლამენტში 4-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ყველაზე არასერიოზული კომენტარი მექნება, იმიტომ რომ უბრალოდ, წარმოუდგენელია სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ იმ ჩანაწერზე რაც იქ იყო.

დავიწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებით – მე მართლა იმედი მქონდა, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციაში მოუწოდებდა, რომ „ვივამედის“ ექიმები ნობელის პრემიაზე წარედგინათ მედიცინის დარგში, რადგან მათ მოახერხეს შეუძლებელი და განკურნეს დემენციით დაავადებული ადამიანი. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, შესაბამისად, იმედი მქონდა, რომ ევროპარლამენტი ამას გააკეთებდა, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი.

რაც შეეხება ტერიტორიების აღიარებას – ჩვენ არა მხოლოდ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, არამედ გურიის, სამეგრელოს, კახეთის, იმერეთის [აღიარებას] ვაპირებთ და ერთადერთი მიზეზი, რატომაც აქამდე არ გაგვიკეთებია ეს და გაგვიგრძელდა არის ის, რომ ვერ გადავწყვიტეთ რაჭა და ლეჩხუმი ცალ-ცალკე ვაღიაროთ თუ ერთად.

მსგავსი სისულელეები წერია რეზოლუციაში. სტალინის კულტზე კიდევ ერთხელ ჩანაწერი გაკეთდა.

ჩვენ ალბათ, საქართველოს მოქალაქეები ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს, რომლებიც დგას თავისუფლების მოედანზე თბილისში, სპორტის სასახლის წინ, აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ და მხოლოდ ევროპარლამენტარების ბასრი და მახვილი მზერით ჩანს ეს სტალინის ძეგლები და სტალინის კულტის განდიდება საქართველოში. კიდევ საბჭოთა ნოსტალგიაზეც ეწერა იქ.

ჩანაწერი იყო, რომ ჩვენ თურმე საბჭოთა ნოსტალგიით ვართ შეპყრობილები. მე მაგალითად, 10 წლის ვიყავი საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და ჩვენი წევრების დიდი ნაწილი საერთოდ დაბადებულიც არ იყო. მათში, ალბათ, ყველაზე ძალიან არის მომძლავრებული საბჭოთა ნოსტალგია, ვინც ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირს.

საერთოდ როგორ შეგვიძლია რომელიმე ამ ჩანაწერზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ?! ეს უკვე აღარც სამარცხვინოა და საერთოდ არაფერში წერია. მსგავსი სისულელეების ერთად თავმოყრილი დოკუმენტი ნამდვილად არასოდეს მინახავს და არასოდეს წამიკითხავს”, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

სამხარაძის თქმით, იმ ადამიანების უმრავლესობას, ვინც რეზოლუციას ხმა მისცა, დოკუმენტი საერთოდ წაკითხულიც არ აქვს.

მისი განცხადებით, ხშირად რეზოლუციას ხმას პარტიულად აძლევენ და ეს გუშინდელმა დებატებმაც დაადასტურა:

„ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მსგავსი რეზოლუციის მიღება პირდაპირი ჩარევაა საქართველოს საარჩევნო პროცესში. ისიც ითქვა, რომ დამკვირვებლების დელეგაციას რომ გამოაგზავნიან, ქართულმა მხარემ როგორ უნდა მიიღოს, როგორც ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებელიო. ამ პოზიციას სრულიად ვეთანხმები. რა თქმა უნდა, თუ პრეტენზია აქვთ, რომ მიუკერძოებელი და ნეიტრალური დამკვირვებელი არიან, ასეთი რეზოლუციით არ უნდა გამოდიოდნენ.

ევროპარლამენტი დიდი ორგანიზაციაა, თუმცა ამ ადამიანების უმრავლესობას, ვინც რეზოლუციას ხმა მისცა, ეს რეზოლუცია საერთოდ წაკითხულიც არ აქვს. ეს ასე ხდება ხოლმე. ხშირად რეზოლუციას ხმას პარტიულად აძლევენ და გუშინდელმა დებატებმაც დაადასტურა. დარბაზი ცარიელი იყო და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამოვიდა. ქართული საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, თუ რა პრეტენზიებს უყენებენ საქართველოს ხელისუფლებას და ეს პრეტენზია დაკავშირებულია სწორედ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან“ – განაცხადა სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g